საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა, ათობით საჩივარია სასამართლოში, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისათვის და როგორც „ალიას“ ადვოკატი, ნინო შავგულიძე უყვება, პრეზიდენტის ხელმოწერილი არაერთი აქტი, გინდ საქალაქო და გინდ სააპელაციო სასამართლომ უკვე სცნო ბათილად.
სასამართლო პროცესები უკვე წლებია გრძელდება, იხარჯება თუ ფინანსები, თუ დრო, თუ ადამიანური რესურსი, და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ გომელაურის უწყებამ რაღაცა აიხირა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი უსიტყვოდ დაუდასტურა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ხედავენ, რომ იმ საქმეებში, რომლებსაც გამოცდილმა ადვოკატებმა მოკიდეს ხელი და სწორად დაასაბუთეს საჩივარი, მოსამართლები ერთმანეთის მიყოლებით უბათილებენ პრეზიდენტს აქტებს, ისმენენ ერთი და იგივე პასუხებს – ბათილია, ბათილია, ბათილია, დაგეკისროთ ბაჟი, დაგეკისროთ ადვოკატის მომსახურება, აქტი იყო უკანონო და ნაცვლად იმისა, რომ აღიარონ დანაშაული, ჯიუტად ცდილობენ თავისი გაიტანონ, ასაჩივრებენ, კიდევ მეტ დროს აკარგვინებენ ადამიანებს, ვის წინააღმდეგაც გამოიტანეს უკანონო აქტები და მეტ რესუსრს და ფინანსებს აკარგვინებენ სახელმწიფოს.
საქმე ისა გახლავთ, რომ შსს–ს კრიმინალურმა პოლიციამ, 2020 წელს მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და წარუდგინა მას ათობით პირის საქმე, სადაც ითხოვს მათთვის მოქალაქეობის შეწყვეტას. საქმეები, უმეტეს შემთხვევაში ერთმანეთს ჰგავს, მათ თან ახლავს გაურკვეველი სიაც, რომელიც ასევე კრიმინალურმა პოლიციამ წარადგინა და ამ სიაში ადამიანების სახელების და გვარების გასწვრივ წარწერაა – კანონიერი ქურდი. იმ საქმეებიდან, რომლებსაც ჩვენ გავეცანით, არც ერთ პირს, სასამართლოს წესით, არ აქვს დადგენილი რომ ან რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა, ან ნასამართლობა აქვს საქართველოში, შესაბამისად, სრულიად გაუგებარია, საიდან აღმოჩნა ეს სია, ვინ დაადგინა, რომელი მოსამართლის განჩინება უდევს საფუძვლოდ და საერთოდ, რა კავშირშია ეს სია, მართალიც რომ იყოს, მოქალაქეობის ჩამორთმევასთან? თუ არაფერ შუაშია მოქალაქეობის ჩამორთმევასთან, როგორ მოხვდა ეს სია საქმეში? მორალური ზეწოლისათვის სასამართლოზე? არანაირი კანონიერი საფუძველი ამ სიის ან მოპოვების, ან მისი ნამდვილობის დადასტურების, ან მისი კავშირის, არსებულ საქმესთან, მოქალაქეობის ჩამორთმევასთან არ არსებობს – და მაინც, ის დევს საქმეში და პრეზიდენტის ადმინისტრაციაც, უკაცრავად, მაგრამ სასამართლოს დადგენილ ფაქტზე ვსაუბრობ, უსიტყვოდ, გაურკვევლად, ხბოს მორჩილებით არტყამს ბეჭედს და ამ სიასაც საქმეში აკრავს, შემდეგ კი, მოსამართლეებზე მორალურ ზეწოლას სწორედ ამ უსახური, გაუგებარი „დოკუმენტით“ ხსნის.
რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა არაა დადასტურებული და ასეც რომ იყოს, ყველა დანაშაულზე რომ მოქალაქეობას უწყვეტდნენ ადამიანს, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს მოქალაქეობა აღარ ექნებოდა, შესაბამისად, იმას ვერ იტყვიან, ამ სიის, ან რამე სხვა მიზეზით ვართმევთ მოქალაქეობასო და კრიმინალური პოლიცია ამბობს, მე გავიგეო, რომ ეს პირი, სხვა ქვეყანაში იყენებს რუსეთის პასპორტს და სწორედ ამიტომ უნდა ჩამოვართვათ მას საქართველოს მოქალაქეობაო.
სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ასეთი ათობით საქმე გადაეგზავნა 2020 წლის 4 ივნისს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ იგივე წლის 5 ივნისს, 1 კალენდარულ დღეში, არასრულ 24 საათში, რადგან, მეეჭვება 24 საათი ძილის, კვების გარეშე მუშაობდნენ, თურმე, შეისწავლა ყველა საქმე და დაადგინა, რომ გომელაურის უწყების მოწოდებული ინფორმაცია მას კითხვის ნიშანს არ უჩენს, წყალი არ გაუვა, ცამდე მართალია და 5 ივნისს ბეჭედი დაარტყა და ათობით მოქალაქეს მოქალაქეობა შეუწყვიტა. იმიტომაც ბათილდება, იქნებ დღეს პრეზიდენტის ხელმოწერილი ამდენი აქტი, „ყურადღებით“ რომ გაეცნო ადმინისტრაცია თავის დროზე, რა გითხრათ.
საქმის მასალების მიხედვით, კრიმინალური პოლიცია კი ამტკიცებს მე ვიცი ეს პირები სხვა ქვეყნებში რუსეთის პასპორტით სარგებლობენო, მაგალითად, ერთი საბერძნეთში ცხოვრობს და იქ გადაადგილდება რუსეთის პასპორტითო, მაგრამ არ უთითებს, საიდან აქვს ეს ინფორმაცია, საბერძნეთის პოლიციამ მიაწოდა? ვინმემ დაურეკა და საიდუმლოდ უთხრა? დაესიზმრა? მსგავსი ტიპის მტკიცებულება საქმეში არ დევს.
კრიმინალური პოლიცია ამტკიცებს და მას სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტო (რომლის თანამშრომლებზეც ბიუჯეტიდან ამდენ ფულს ვხარჯავთ თუ ხელფასებზე, თუ ტრენინგებზე და თუ პრემიებზე) და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასე ბრმად ეთანხმებიან, რომ ჩვენ გვაქვს აგერ ერთი დოკუმენტიო და წარმოდგენილი აქვთ, რაღაცის ასლი, რომელსაც ვერავინ ხვდება რისი ასლია, არავინ იცის, რა გზითაა მოპოვებული, ვერც ნამდვილობა დგინდება.
სამმა უწყებამ – კრიმინალურმა პოლიციამ, სერვისების განვითარების სააგენტომ და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წარადგინა ერთი ფარატინა ქაღალდი, რომელსაც არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია კი არა, საერთოდაც, ნამდვილია, თუ არა, ისიც არ დასტურდება. თუმცა, იმ შემთხვევაშიც, ნამდვილობა რომ დადასტურებულიყო, საჭირო იყო დამატებითი მტკიცებულება, როგორც უთითებს სასამართლო.
კრიმინალურმა პოლიციამ, თავისი ჭკუით, კარგად „გათვალა“ და პრეზიდენტიც, როგორც ჩანს, დაეთანხმა, იქ სია წარადგინა, რომ თითქოსდა კანონიერი ქურდია, იქ, ამბობს, რუსეთის მოქალაქეაო, მთავარია, ხომ თქვა? ეს ორი რამ ერთად ხომ თქვა? რუსეთის მოქალაქე და კანონიერი ქურდი და ვინ დაიცავს, ვინ დაინტერესდება, ვინ დაიწყებს ახლა კანონის მიხედვით სიმართლის დადგენას?
საქართველოს სასამართლოები, სამწუხაროდ, დიდი ნდობით არ გამოირჩევიან, მაგრამ ამდენად უსაფუძვლო აქტებსაც ვერ ცნობს კანონიერად, ყველა ეს ათობით საქმე, რომლებიც წლებია მიდის სასამართლოებში, დაახლოებით ერთ პერიოდში მორჩება და თუ ქართული სასამართლო არ ცნობდა ამ აქტებს ბათილად, ყველა ეს საქმე ერთ პერიოდში წავიდოდა სტრასბურგში.
ჩვენი პრეზიდენტი კი იძახის, პროევროპელი ვარ და სამართალი და კანონი უზენაესიაო, მაგრამ იმ ევროპაში ნეტავ იციან, სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით, ამდენ უკანონო აქტზე რომ აქვს ხელი მოწერილი? ასე თვალდაუხახამებლად რომ დაუჯერა შსს–ს? და მაინც დაუჯერა, თუ რამით დავალებული იყო გომელაურის უწყებისგან? ამდენად უვიცი იურისტები ჰყავს? ამდენად არ იცნობს საქართველოს კანონს ქალბატონი სალომე? თუ სთხოვეს და უარი ვერ უთხრა? ორივე დანაშაულია, მინდა გითხრათ, მხოლოდ ის მაინტერესებს, გულგრილობით, უვიცობით ჩადენილია ეს დანაშაული, თუ განზრახ? სად გაუგია, რომელ ქვეყანაში უნახავს ათობით აქტი გამოსცეს პრეზიდენტმა უკანონოდ და ერთი ბოდიშიც არ თქვას? არც ერთზე აიღოს პასუხისმგებლობა?
გვინდა, ადვოკატთან ერთად, რამდენიმე კონკრეტული საქმის დეტალებზეც გიამბოთ.
ალიას ესაუბრება ადვოკატი, ნინო შავგულიძე:
–ამ ე.წ. სიიდან არაერთ საქმეში ვარ ადვოკატი, უკვე 11 საქმე მოვიგე, უკვე 11 პირის წინააღმდეგ გამოცემული აქტი სცნო სასამართლომ უკანონოდ. უკვე ზეპირად ვიცი ყველა არგუმენტი, მომზადებაც აღარ მჭირდება ლამის პროცესებისათვის, იმდენად ჰგავს ყველა საქმე ერთმანეთს. მოსამართლეებმაც დაიზეპირეს უკვე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც იმეორებენ ყველა პროცესზე ასე ერთი და იგივეს და რაც მეტ საქმეს აგებენ, მით უფრო ბრაზდებიან, კი ვერ ვხვდები, იქეთ ისინი რატომ ბრაზდებიან, რა გითხრათ, მგონი, ეს ადამიანები და მათი ოჯახის წევრები არიან შეურაცხყოფილნი, უსამართლობის მსხვერპლნი და ესენი უნდა ბრაზობდნენ, არა?
ნინო შავგულიძე
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ის დოკუმენტიც კი ვერ წარმოადგინა, რომ რომელიმე პირს, ვისაც მოქალაქეობა შეუწყვიტა, შეატყობინა მაინც ამის თაობაზე, ამბობს, მე წერილი კი გავუგზავნე, მაგრამ ჩაბარდა, თუ არა, არ ვიცი, ჩაბარების დამამტკიცებელი დოკუმენტაცია არ მაქვსო. ეს კი არაფერს შეცვლიდა, მაგრამ როცა ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, ადამიანს ტოვებ მოქალაქეობის გარეშე, ჰაერში, ელემენტარული ნორმა ხომ მაინც უნდა დაიცვა? როცა ასე არღვევ ადამიანის უფლებებს, ერთი კანონიერი, ლოგიკური, ობიექტური არგუმენტი მაინც ხომ უნდა გქონდეს?
პირველი საქმე რომ ავიღე, მართლა წარმოუდგენელი იყო, ვერ ვხვდებოდი რას ვკითხულობდი, ეს რა იყო საერთოდ. ვერც ერთ პირზე ვერ ამტკიცებენ, რომ რუსეთში ნამყოფია და საზღვარი აქვს გადაკვეთილი. ერთ პირზე, ამტკიცებდნენ, ამა და ამ რიცხვში აიღო რუსული პასპორტი რუსეთშიო, და ამ დროს მტკიცებულების მოპოვება შევძელით, რომ ამ დროს სრულიად სხვა ქვეყანაში იმყოფებოდა. ჩემ ხელში იყო საქმე, სადაც ოჯახმა იცით როგორ შეიტყო, რომ მოქალაქეობა აქვს შეჩერებული პირს? საოცრად ნიჭიერ ბავშვს ცეკვის სტუდიიდან უცხოეთში უნდოდა წასვლა და მშობლის ნებართვა რომ გახდა საჭირო, მაშინ გაიგეს, რომ თურმე, შეწყვეტილი აქვს მამას მოქალაქეობა. ამ ადამიანებს, მათ ოჯახებს, წლებია უზარმაზარი მორალური და მატერიალური ზიანი მიადგა და არათუ ანაზღაურებაზე არ უზრუნია ვინმეს, ბოდიშიც კი არ უთქვამთ მათთვის.
საერთოდ გაუგებარია, ან რას ცვლის ის ფურცელი, ის ერთი ფურცელი, რასაც ასე დაატარებენ პროცესიდან პროცესზე, რაღაცის ასლი, რომ თითქოს ამ პირებს აქვთ რუსეთის მოქალაქეობა. ერთხელ მე მოვახერხე გამოთხოვა ინფორმაციის რუსეთიდან, ე.წ. პასპორტის გამცემი ორგანოდან და არ დამიდასტურეს, მომწერეს, მსგავსი დოკუმენტი არ გაგვიცია, ყალბიაო. საბუთს, რომელსაც ასე დაატარებენ ქართულ სასამართლოში პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და გვიმტკიცებენ, ვიცით, რომ ნამდვილად რუსეთმა გასცაო – იგივე რუსეთი უარჰყოფს და ყალბიაო ამბობს, მე ხომ არ მომიტანია ეს რაღაცის ასლი პროცესზე და მე ხომ არ დამიწყია მტკიცება, ვიცი, რუსეთის გაცემულიაო? ხომ თავად მოიტანეს? და როგორ მოხვდა ყალბი დოკუმენტი ჯერ კრიმინალურ პოლიციაში, მერე კიდევ ორ სახელმწიფო უწყებაში და ბოლოს სასამართლოში? ყალბი საბუთით, ისიც რუსულ ენაზე შედგენილით, ადამიანს მოქალაქეობა ჩამოართვა სად გაუგიათ?
სახელმწიფო ამბობს, მე რუსეთთან შეწყვეტილი მაქვს ურთიერთობა და დოკუმენტებს ვერ გამოვითხვო. არც ერთი ამ ფურცლის ავთენტურობა არ დადასტურებულა და ვერც დადასტურდება, ავთენტურობა არ დასტურდება, ესე იგი არ ვიცით, ნამდვილია, თუ არა. თუ მისი ნამდვილობა ეჭვქვეშ დგება და ვერ დასტურდება, ესე იგი, არაფერს წარმოადგენს ეს ფურცელი, ან უარესი, ყალბია, ან კიდევ უფრო უარესი, სპეციალურადაა გაყალბებული. არც ამაზეა ვინმე პასუხისმგებელი.
ასევე, პირველად ვნახე, სახელმწიფოს მოქონდეს სასამართლოზე სია, სადაც ჩამოწერილია სახელები გვარები და გვარედით უწერია – კანონიერი ქურდი. ჯერ, ასეც რომ იყოს, დანაშაულიც რომ ჰქონდეს რამე სახის ჩადენილი, ეს როდის მერეა მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი? – არა, ეგ არ არის მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი, ეს საბუთი ისე მოვიტანეთო. წამოყვათ? გამოატანა ვინმემ? ჩაუდეს? – ვერც ეგ გავიგეთ. მესმის, სასამართლოზე წარადგინო სხვა სასამართლოს განჩინება, მესმის წარადგინო, რამე დოკუმენტი და რაღაცა სია მოიტანო, რომელი სიის შედგენის სამართლებრივი საფუძველიც კი არ იცი, ასე მიაკერო ადამიანებს სტატუსები და მერე ამ სტატუსების გამო, მოქალაქეობა შეუწყვიტო, რომელ ევროპულ ქვეყანაში ხდება? რომელ ქვეყანაში უუქმებენ მოქალაქეობას პირს, რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია? მხოლოდ იდეის გამო? და მაგ იდეასაც რომ ვერ უმტკიცებენ ზოგს, ეგაც ცალკე დიდი ამბავია.
სასამართლო პრეზიდენტს, როცა მის აქტს აბათილებს, პირველ რიგში უთითებს კონსტიტუციაზე და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებზე და თავისუფლებაზე, ასევე კონსტიტუციის იმ მუხლებზე, რომლითაც განსაზღვრულია მოქალაქეობა. მე მართლა მრცხვენია, გულწრფელად, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სასამართლო უთითებს კონსტიტუციაზე და მის დარღვევაზე. ასევე მოსამართლები უთითებენ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონზე, სასამართლო განჩინებაში წვრილად უწერს პრეზიდენტს, რა შემთხვევაში შეეძლო მოქალაქეობის შეწყვეტა. სასამართლო პრეზიდენტს უთითებს ასევე ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსზეც და პრეზიდენტს ეუბნება, რომ სავალდებულოა უფლებამოსილება განახორციელოს სამართლებრივად და არ შეიძლება იმ მტკიცებულებებს დაეყრდნოს, რომელიც არ არის გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. მოსამართლეები, პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაწყვეტილებების სარეზოლუციო ნაწილებში, წვრილად უხსნიან, რომ ვალდებულნი იყვნენ გამეკვლიათ საქმეში არსებული ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღოთ ამ გარემოებათა შეფასებით და ურთიერთშეჯერებით და რომ დაუშვებელია, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს დაედოს საფუძვლად გამოუკვლეველი გარემოებები.
პრეზიდენტი ვალდებული იყო, ვალდებული და არა უფლებამოსილი, რომ პასუხისმგებლობა გამოეჩინა და ზემიწევნით სრულყოფილად გამოეკვლია, არსებობდა თუ არა მოქალაქეობის შეწყვეტის წინაპირობა და სასამართლო ამბობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევებში, საფუძველი, წინაპირობა მოქალაქეობის შეწყვეტის არ არსებობდა და არ არსებობს.
სასამართლო იმასაც წერს, რომ არ დასტურდება, თითქოს პირს, რუსეთში მიეღოს მოქალაქეობა და პასპორტი და იქვე, აღნიშნავს, რომ ამატებს ჩანაწერს, სპეციალურად პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის და წერს – „მოქალაქეობის შესაწყვეტად, საკმარისი არ არის პირის მიმართ სხვა ქვეყნის პასპორტის არსებობა“, სხვა ქვეყანასთან სამართლებრივი კავშირის დამდასტურებელ უტყუარი საბუთი რომ არის ამისათვის საჭირო, ამასაც „ახსენებს“.
მოსამართლეები პირდაპირ უწერენ პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას, რომ ისინი „ყოველგვარი შეფასების გარეშე დაეყრდნენ შსს–ს ინფორმაციას“ და საკითხი რამდენად მნიშვნელოვანი იყო, ეგაც არ გაითვალისწინეს. სასამართლო იძულებული გახდა, პრეზიდენტისთვის და მისი ადმინისტრაციისთვის ისიც მიეთითებინა, რომ პირები, ვისაც მოქალაქეობა შეუწყვიტა, უნდა გაეფრთხილებია, ზეპირ მოსმენის სხდომებში მაინც ჩაერთო, რამე სახის ინფორმაცია მაინც მიეწოდებინა. საბოლოოდ, არაერთმა მოსამართლემ გააუქმა პრეზიდენტის აქტები და აღნიშნა, რომ კანონდარღვევითაა მიღებული.
რატომ აიძულებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სასამართლოს, მოსამართლებს, კანონის ასეთ უხეშ დარღვევებზე მიუთითოს და რატომ „აგროვებს“ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, საკუთარ თავზე ამდენ კომპრომატს სრულიად გაუგებარია. შესაძლოა, იმედი ჰქონდათ, რომ ეს პირები არ უჩივლებდნენ? ვერ გეტყვით. ფაქტია, ეს ისეთი საქმეებია, სადაც გამოცდილი ადვოკატი, ქვას ქვაზე კი არა, ფურცელს ფურცელზე არ დატოვებს. კანონი და კონსტიტუცია იმდენად უხეშადაა დარღვეული, ასეთ ცხად დარღვევებზე ქართველმა მოსამართლეებმა რომ დახუჭონ თვალი, სტრასბურგის სასამართლოში ათეულობით საქმე წავა და მეეჭვება, რომელიმე მოსამართლემ ასეთ ცხადად წაგებული საქმის „გამართლება“ და საკუთარი სახელის ლაფში ამოსვრა მოინდომოს. ჩემი აზრით, ყველა ამ პირმა, მისმა ოჯახმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიყენებული ზიანისთვის აუცილებლად უნდა უჩივლოს.
კომენტარები