„ომი უხილავ მტერთან“ ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ჩანაწერებს აქვეყნებს:
მარიამი სულ პატარა იყო, დიაბეტის დიაგნოზი რომ დაუსვეს. ამის შემდეგ ნანიკოს ცხოვრება მთლიანად მარის დიაგნოზის ირგვლივ იყო კონცენტრირებული. ბავშვს დღეში რამდენჯერმე ინსულინის გაკეთება ჭირდებოდა და ამიტომ ნანიკოს ფაქტიურად მთელი დღის გატარება სკოლაში უწევდა, რომ რამდენიმე საათში ერთხელ მარისთვის ინექცია გაეკეთებინა. ნანიკო, რომელიც ძალიან ჭკვიანი და მშრომელი გოგო იყო და საუკეთესო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, სამსახურს საკმარის დროს ვერ უთმობდა და თანამშრომლების ხელშეწყობა რომ არა, საერთოდ მოუწევდა თავის დანებება. მარიამის დიაგნოზმა ნანიკოს მეორე შვილის ყოლაც გადააფიქრებინა, ბავშვს ყურადღება დააკლდებაო.
მარიამს ძალიან ცხვენოდა კლასელების და მიუხედავად იმისა, რომ დედამაც და მასწავლებლებმაც ბევრჯერ აუხსნეს, რომ დიაბეტის დიაგნოზში სამარცხვინო არაფერი იყო, მაინც მუდმივად წუწუნებდა და ნანიკოს ეხვეწებოდა, სკოლაში აღარ გამიკეთო ნემსებიო. ბავშვების სასახელოდ უნდა ითქვას, მარიამს არასოდეს უგრძვნია მათგან რაიმე ისეთი, უხერხულობას რომ აგრძნობინებდა.
მარიამი საუკეთესო მოსწავლე იყო და თავისი დიაგნოზის გამო მკაცრად ქონდა გადაწყვეტილი, ექიმი უნდა გამოვიდე და დიაბეტიანი ბავშვები მოვარჩინოო. ეს მიზანი სწავლის მოტივაციას კიდევ უფრო უმძაფრებდა.
მოუთმენლად ელოდებოდა 13 წლის დაბადების დღეს. „რა მაგარია, თინეიჯერი ვხდები“, იმეორებდა ხშირად და თან ნანიკოსთან ერთად უკვე მერამდენედ გეგმავდა, როგორი უნდა ყოფილიყო მისი დაბადების დღე.
თუმცა პანდემიის გამო მარიამს ეს გეგმები ჩაეშალა და თინეიჯერობაში ფეხი მხოლოდ სანთლებიანი ტორტით, ბრჭყვიალა წვეტიანი ქუდით და ონლაინ მოლოცვებით შედგა. მარი გულს არ იტეხდა და უკვე შემდეგი დაბადების დღის დაგეგმვა დაიწყო, პანდემია რომ მორჩებოდა.
ნანიკოს სამსახური ონლაინ რეჟიმზე იყო გადასული და მარიამთან ერთად, რომელსაც ასევე ონლაინ გაკვეთილები ქონდა, ფაქტიურად სულ სახლში იყო.
„ხმამაღლა თქმისაც კი მერიდება, მაგრამ კორონამ კაი საქმე გამიკეთა, ამ ბავშვის სკოლაში დევნა აღარ მიწევს“, ეუბნებოდა ნანიკო თავის დას, რომელიც ასევე სახლში იყო გამოკეტილი და ნანიკოს და მარის მონატრებას მესენჯერით იმსუბუქებდა.
გიგი, მარის მამა, სუპერმარკეტის მენეჯმენტში მუშაობდა და ამიტომ სახლში მისი ჩაკეტვა შეუძლებელი იყო. გარე სამყაროსთან ოჯახს მხოლოდ გიგი აკავშირებდა.
ნანიკოს ეჩვენებოდა, რომ კორონას გამო ჭკუიდან იშლებოდა. მანიაკალურად ატარებდა ყველაფრის დეზინფექციას. გარედან შემოსულ გიგის, რომელსაც დაღლილობისგან ფეხზე დამდგარს ეძინებოდა და ერთი სული ქონდა, ორ ლუკმას როდის შეჭამდა და დივანზე მიეგდებოდა, სანამ სრულ დეზინფექციას არ ჩაუტარებდა, ფეხსაცმელს და ტანსაცმელს აივანზე არ დაატოვებინებდა, დერეფნის აქეთ ფეხს არ ადგმევინებდა.
„ამ ბავშვს კორონა რომ დაემართოს, არ ვიცი როგორ გადაიტანს“, სულ ეს ეკერა პირზე ნანიკოს.
„ბებო, ძალიან მომენატრე, აიცერი რა, და გნახავ ხოლმე“ – ეტიტინებოდა მარიამი ბებიამისს ტელეფონზე.
„არა მაკუნი, ვერ ავიცრები, ეგ რაღაც ეშმაკების მოგონილი ნემსია, კაციშვილმა არ იცის, შიგნით რა არის“.
„კარგი რა, ბებო, შიგნით რა უნდა იყოს, ჩვეულებრივი ვაქცინაა, მე ხო ვიკეთებ ინსულინს, თანაც დღეში რამდენჯერ, შენ სულ ერთი ნემსი უნდა გაიკეთო და მერე ჩემი ნახვა შეგეძლება“, არ თმობდა პოზიციებს მარიამი.
„დე, ბებოს აცრა არ უნდა და შენც უთხარი რა, აიცრას, მე არ მიჯერეეეებს“, გასძახა მარიამმა ნანიკოს და ყურმილი მიაჩეჩა. ქალაქის ტელეფონი ბებოს ხათრით შემორჩათ, მობილურს განსაკუთრებული აუცილებლობის დროს იყენებდა მხოლოდ, ქალაქის ტელეფონი ერჩივნა და ყოველ დილით და საღამოს აუცილებლად ურეკავდა ნანიკოს.
„დედა, რა გჭირს რა, მართლა, ეს ბავშვი უნდა გასწავლიდეს ჭკუას ამხელა ქალს, რა ვეღარ შეიგნე, რო უნდა აიცრა“, წაიჯუჯღუნა ნანიკომ.
„თქვენ, შეგნებულები იყავით კარგად და მე როგორმე მივხედავ ჩემ თავს“, გაბრაზდა ბებო და ტელეფონი გათიშა.
„დე, შენ თვითონ რატომ არ იცრები, ბებოს რომ ეჩხუბები?“ – ეშმაკურად მოჭუტა თვალები მარიამმა.
„მე ფაიზერს ველოდები, ეს ჩინური არ ვარგა“, კომპეტენტურად განმარტა ნანიკომ.
„აბა ბებომ რატო უნდა გაიკეთოს, თუ არ ვარგა?“.
„ბებო მოხუცია და დაცდის დრო არა აქვს, მაგას კოვიდი რო დაემართოს, შეიძლება ვერ გადარჩეს. რაც არის, იმით უნდა აიცრას“.
„დე, შენ ხო ექიმი არა ხარ, საიდან იცი, რა ვარგა და არ ვარგა“, ჩვეული შემართებით უტევდა მარიამი.
„ნუ მეტლიკინები შენ, მაგას ექიმობა არ ჭირდება, ყველა მაგას ამბობს. ჩინური სხვა არაფერი ვარგა და რაღა ვაქცინა იქნება კარგი. მთელი ევროპა და ამერიკა ფაიზერით იცრება“ – ბეჭედდასმული დასკვნა დადო ნანიკომ.
„და მამა რო ჩინურით აცრეს?!“, არ თმობდა პოზიციებს მარიამი.
„რა ვქნა, არ დამიჯერა, თორე მე ვეუბნებოდი, ფაიზერს დაელოდე-მეთქი“ – თავი იმართლა ნანიკომ.
მოკლედ, საოჯახო კონსილიუმი შედგა კოვიდის ვაქცინებთან დაკავშირებით და საბოლოო შეთანხმების გარეშე, რომელი ვაქცინა ჯობია, დაიშალნენ.
მარიამმა გადაწყვიტა მეტი ინფორმაცია მოეპოვებინა ვაქცინების და ზოგადად კოვიდის შესახებ და ინტერნეტს საფუძვლიანად ჩაუჯდა. ძებნის პროცესში გაარკვია, რომ დიაბეტი კოვიდის გართულებების რისკს ზრდის და სერიოზულად ჩაფიქრდა. ასევე მიხვდა, რომ ბებო თუ არ აიცრებოდა, კოვიდს შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნა და ამან კიდევ უფრო მეტად შეაშფოთა. მკაცრად გადაწყვიტა, ყველა ღონე ეხმარა, რომ ბებო აცრაზე დაეთანხმებინა.
“დედიკო, ბავშვები კონცერტზე მიდიან და მეც წავალ რაა“, აფერისტული ხმით შეეხვეწა მარიამი ნანიკოს, როგორც ზოგადად აკეთებდა, როცა რამე ძალიან უნდოდა, „დედიკოც“ამ სქემის ნაწილი იყო, თორემ ისე ძირითადად ნანიკოს ეძახდა. ნანიკო ძალიან იშვიათად წამოეგებოდა ხოლმე ამ ხაფანგს, ძირითადად მედგრად იდგა და მარიამის სურვილების დიდ ნაწილს უარით ისტუმრებდა. ახლაც ეს შემთხვევა იყო. რაც არ უნდა საყვარელი ინტონაცია შეეძინა მარიამს, ეს ის თხოვნა იყო, რასაც შესრულება არც ერთ შემთხვევაში არ ეწერა.
„გამორიცხულია მარი, ამ კორონობის დროს რა დროს კონცერტია. საერთოდაც, იმის ტვინში ჩამახედა, კონცერტების ნებას რომ იძლევა, რა უბედურებაა …“, გააგრძელა ნანიკომ რეგულაციების კრიტიკული ანალიზი, მაგრამ მარიამს ეს ნაწილი აღარ აინტერესებდა. მთავარი იყო, რომ უარი მიიღო და გაბუტული მიწვა დივანზე და მობილური მოიმარჯვა, როგორც ჭეშმარიტმა თინეიჯერმა, რომელიც მშობლებზეა გაბრაზებული.
მერე ვერ მოითმინა და პროტესტი განაგრძო: „გოგისაც დიაბეტი აქვს და ყველგან დადის“ (გოგი მარიამის ბიძა იყო, რომელსაც ასევე ინსულინდამოკიდებული დიაბეტი ჰქონდა).
„გოგი აცრილია და არ მოკლავს კოვიდი“, – გამოსძახა ნანიკომ.
„მაშინ მეც ამცერით და არც მე მომკლავს“, – გასძახა მარიამმა.
„შენ ჯერ პატარა ხარ და არ აგცრიან“, – გრძელდებოდა საოჯახო სამედიცინო გადაძახილ-გადმოძახილი.
„ტატაც ყველგან დადის რაა, თან აცრილი არ არი“, – ახალი, მყარი არგუმენტი მოიშველია მარიამმა.
„ტატას რა მოკლავს, მთელი ცხოვრება ვარჯიშობს და მთელი დღეები თავის მენიუს დასტრიალებს, რამე არაჯანსაღი არ შემყვეს საჭმელშიო“, – უპასუხა ნანიკომ.
„ეგ რა შუაშია, კოვიდმა რა იცის, ჯანმრთელია თუ ავადმყოფი“, – უკვე ჩუმად ჩაილაპარაკა მარიამმა, მიხვდა, რომ მის არგუმენტებს ნანიკო არ იღებდა.
„აი მაინც წავალ“, ისევ ჯიუტად ჩაილაპარაკა და მობილურს მიუბრუნდა.
მარიამს ურჩობა ნაკლებად ახასიათებდა, ძირითადად დამჯერი და მოწესრიგებული ბავშვი იყო, მაგრამ პანდემიის პერიოდში აშკარად შეეცვალა ხასიათი, სულ გარეთ გასვლაზე წუწუნებდა. ნანიკო თავს იმშვიდებდა, სხვებიც ასე არიანო. მართლაც, ნანიკოს მეგობრების შვილები, მანამდე „კარგი“ ბავშვების სტატუსი რომ ჰქონდათ, ოჯახების პრობლემებად გადაიქცნენ. სკოლების ონლაინ რეჟიმზე გადასვლის მერე ზოგი საკუთარ თავში ჩაიკეტა, ზოგი სულ ჯუჯღუნებდა. ზოგიერთს ფსიქოლოგის დახმარებაც დასჭირდა, მაგრამ ეს კონსულტირებაც ონლაინ ხდებოდა და ბავშვები ამაზეც ზუზუნებდნენ.
„ეს კორონა მალე თუ არ მორჩება, მე ფსიქიატრი დამჭირდება, ეს ბავშვიც საერთოდ გადამერევა“, თავის მხრივ ჩუმად აგრძელებდა ბუზღუნს ნანიკო სამზარეულოში.
ამ დროს გოგა შემოვიდა სამზარეულოში.
„კაი რა, ასე პირდაპირ რო შემოაჭრი ხოლმე, ჯერ მოწესრიგდი დერეფანში“, – ეცა ნანიკო.
„მოწესრიგება“ ნამდვილი ტანჯვა იყო გოგასთვის. ნანიკოს მიერ დაწესებული მოწესრიგების რიტუალის შესრულებას მინიმუმ 20 წუთი სჭირდებოდა, რაც, დაღლილი გოგასთვის უსასრულოდ გრძელდებოდა. თუმცა იცოდა, რომ ნანიკოსთან ჭიდაობა მაინც მისი მარცხით დასრულდებოდა და დროულად რომ დამთავრებულიყო „მოწესრიგება“, მორჩილად დაბრუნდა დერეფანში.
„წუხელ ნოდარი გარდაცვლილა კოვიდით“, – შემოიტანა სამწუხარო ამბავი გოგამ.
„ვაიმე, რას ამბობ“, – შეჰკივლა ნანიკომ.
„ხო, განადგურებულები ვართ მთელი სამსახური. კი ვეუბნებოდი, ნუ გაუთამამდი ამ კორონას, ხო იცი, შენთვის კატასტროფა იქნება-მეთქი. რაც პირველი აცრა გაიკეთა, ნიღაბი ნიკაპზე ჰქონდა მოგდებული. აბა რა ჯანდაბად მინდოდა ეს აცრა, თუ მაინც ამით უნდა ამოვიხუთოო, გაიძახოდა. კი ვუმტკიცებდი, შენი სტენტების პატრონმა თავს უნდა მოუარო-თქო, მაგრამ ისე იყო დაღლილი ამ ერთწლიანი ჩაკეტვით, აღარავის უჯერებდა“, – ჰყვებოდა გოგა.
„აღარ შემიძლია ამდენი უბედურების ატანა. პანაშვიდები როდის არის?“ – იკითხა ნანიკომ.
„გადავწყვიტეთ, არ წავიდეთ, ჭირისუფალს ვაცალოთ დარდი. ისედაც მალეა დაკრძალვა. ამდენი ხალხი რო მივადგებით, რამე არ მივუტანოთ. ხო იცი, ცოლიც რა მძიმე ავადმყოფია. ხან რა ჭირს, ხან რა. თან აცრილიც არ ყოფილა. გამოუბრუნებიათ აცრაზე მისული, როცა უთქვამს, ნევროპათოლოგის წამლებს ვსვამო. ამ აცრის კაბინეტებმა კიდევ რა ვეღარ ისწავლეს, ზუსტადაც ეგეთი ხალხი რო უნდა აცრან“, – აგრძელებდა გოგა.
გაგრძელება იქნება…“
კომენტარები