“წარმატებული ქალი”
როგორია წარმატებული, ძლიერი, შემდგარი ქალების გზა, როგორ მიაღწიეს კარიერულ წინსვლას, რის ფასად, რა პრობლემები ხვდებათ გზად და როგორ უმკლავდებიან? – დღეს, “ალიას” რუბრიკის, “წარმატებული ქალი”, სტუმარია, იურისტი, ადვოკატი, ნინო შავგულიძე, რომელსაც პროფესიულ წრეებში და არამხოლოდ პროფესიულ წრეებში, კარგად იცნობენ, როგორც ძლიერ, მებრძოლ, სამართლიან პროფესიონალს. მის სახელს უკავშირდება არაერთი მოგებული საქმე, მათ შორის, იმ შემთხვევებშიც, როცა მოწინააღმდეგე მხარეს სახელმწიფო ინსტიტუტებია.
მამას გოგო და „მერთა მერი“ – „დირექტორის კაბინეტის გვერდით მოვაწყობინე კაბინეტი“
ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ რთულ პერიოდში მომიწია ბავშვობის გატარება, მართლა არაფერი მახსენდება ცუდად. საერთო გაჭირვება იყო, ზოგჯერ, ტკბილეულს საყიდლადაც ვერ ნახავდი, მაგრამ დედა ისეთი კარგი კულინარი იყო, არაფრისგან შეეძლო კულინარიული შედევრების შექმნა.
გავიზარდე ოჯახში, სადავ ვხედავდი, როგორ უყვარდა ჩემ მშობლებს ერთმანეთი. ჩემი ბავშვობის მთავარი მოგონება, ალბათ, ესაა.
დედა ფილოლოგია, სკოლაში მუშაობს, არაერთი თაობა ჰყავს აღზრდილი. როცა დედა კითხულობდა, წერდა, მუშაობდა, მოსწავლე ჰყავდა, მამა ცდილობდა არაფერზე შეეწუხებინა, ხელი შეეწყო. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მამასთვის დედა იყო ქალბატონი.
ერთადერთი რამ, რაც ცუდად მახსოვს ბავშვობიდან, იყო მამის წასვლა, ბიზნესიდან გამომდინარე, ზოგჯერ 1 თვით, ან ცოტა მეტითაც უწევდა ქვეყნის დატოვება, ესაა ჩემი ყველაზე ცუდი მოგონება, როგორ მენატრებოდა, როგორ ველოდებოდი, როგორ ვპარავდი დედას იმ ძველებურ, ღილაკებიან ტელეფონს, სადაც ნაყიდი ბარათით უნდა გაგეაქტიურებინა თანხა და როცა ამოწურული ხვდებოდა ნომერზე ფული, დედაც როგორ მყისიერად ხვდებოდა, რომ მე მოვპარავდი ტელეფონს მამასთან დასარეკად.
–გამოდის, მამას გოგო იყავი?
–მამა მყავდა ყველაზე კარგი ადამიანი სამყაროში, ჭკვიანი, წინდახედული, თბილი, მეგობრული, მოსიყვარულე. ბიზნესის ნიჭი ჰქონდა, თავისი ბიზნესი ჰქონდა, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული. ყველაფერს თავად აკონტროლებდა, პროდუქციის მიღება იქნებოდა, დახარისხება, თუ ტრანსპორტირება. დედაც ძალიან მიყვარდა, ცხადია, დედა, ყველაზე ღირსეული ქალია, ვისაც ვიცნობ, გარდა იმისა, რომ ძალიან კარგი სპეციალისტია, იმდენად კარგი ადამიანია, რომ არც ერთ მის მოსწავლეს არ ავიწყდება ათეულობით წლის მერეც კი. მშვიდი და გაწონასწორებულია დედა.
კი, მე მამას გოგო ვიყავი ყოველთვის, ახლაც კი, როცა უკვე გარდაცვლილია, ახლაც მამას გოგო ვარ, დღემდე, ყველა მამაკაცს მამაჩემის თამასით ვაფასებ. კიჭორიას ვეძახდი, მამას, ერთ მოთხრობას მიყვებოდა ხშირად ბავშვობაში, სადაც მთავარ გმირს კიჭორია ერქვა და ამიტომ. შეიძლება ითქვას, რომ მკაცრი იყო, მაგრამ სამართლიანი. თავისი შეხედულებები ჰქონდა, როგორი უნდა იყოს ადამიანი, როგორ უნდა იქცეოდეს ამა თუ იმ ვითარებაში და ცხოვრებაში ხშირად გამომდგომია მისი მაგალითები. მამა არასოდეს მიიღებდა გადაწყვეტილებას გაბრაზებული, სულ მიკვირდა, როგორ ახერხებდა სიმშვიდის შენარჩუნებას, მეუბნებოდა ხოლმე, ცხელ გულზე, არ უპასუხო, არ მიაქციო ყურადღება, მერე ინანებო და მართლაც, რამდენჯერაც არ გავითვალისწინე, ვინანე, იმიტომ კი არა, რომ პასუხი არ ეკუთვნოდა, იმიტომ რომ თუნდაც, რომ განერვიულებულზე, შესაძლოა სრულფასოვანი პასუხი ვერ გასცე, შემდეგ, დამშვიდებული, ამომწურავად შეძლებ პასუხის გაცემას, ან სულაც დაფიქრდები და მიხვდები, რომ ეს ადამიანი შენი პასუხის ღირსი არ არის. ახლა მეც ასე ვიქცევი და ისე კარგად მესმის მამას, ისე გიადვილებს, თურმე, ეს ხერხი, ცხოვრებას.
–ცელქი იყავი?
–უჰ, ახტაჯანა (იცინის), მაგრამ ყოველთვის მქონდა მიზნები და ზუსტად ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა ამ მიზნის მისაღწევად. ლიდერი ვიყავი ყოველთვის. მაშინ, სკოლებში ირჩევდნენ სკოლის მერს და შემდეგ, რაიონის სკოლების მერებიდან ირჩევდნე, რაიონის მერს, ანუ, სკოლების მერების მერს და იცით, რატომ მინდოდა მე ავერჩიე? – იმიტომ, რომ ამ „მერთა მერისთვის“ სკოლა ვალდებული იყო კაბინეტი მოეწყო სკოლაში.
ცხადია, ყველაფერი გავაკეთე, რომ კი, მე ვყოფილიყავი არჩეული და სკოლის დირექტორის კაბინეტის გვერდით ოთახს დავადე ხელი და იქ გავაკეთებინე ჩემი, როგორც სკოლის მერი ნინო შავგულიძის კაბინეტი, რასაკვირველია, კარზე წარწერით.
–კარგად სწავლობდი?
–კი, კარგად ვსწავლობდი ნამდვილად. ყველაზე მეტად ქართული ლიტერატურა მიყვარდა. კითხვა მიყვარდა ძალიან. ჩვენი, ჩემი და ჩემი და–ძმების მთავარი „საქმე“ წიგნი იყო. თუ სადმე რამე ღონისძიება ტარდებოდა და მონაწილეობას ვიღებდი, ყველა შემთხვევაში, დიპლომი და სიგელი მომქონდა სახლში. დედა, როგორც ვთქვი, ფილოლოგია, ძალიან კარგად წერს. ჩვენ სოფელში ტაძარი იყო, რომელიც ძალიან იყო დაზიანებული და მაშინ არ ფუნქციონირებდა, ამ ტაძრის წინ იდგა უკვე დაბზარული, რაღაცნაირად საწყლად მობუზული და მარტოსული ხე, რომელზედაც დედამ ნოველა დაწერა და მახსოვს, როცა მხატვრული კითხვის კონკურსზე ეს ნოველა წავიკითხე და დასავლეთ საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი ავიღე, ყველა, ვინც დარბაზში იყო, ტიროდა.
შეგეჯიბრონ, აბა, ბიჭები, შეგეჯიბრონ, მა!
წლების წინ მამას მძიმე სენი შეეყარა, სიმსივნე, საქართველო მითხრეს 3 თვის სიცოცხლე აქვს დარჩენილიო, ამ ინფორმაციის მიღება არ შემეძლო, ვერ შევეგუებოდი, მოვკიდე ხელი და თურქეთში წავიყვანე სამკურნალოდ. ყველა დეტალი მე უნდა გამერკვია პირადად, და ვერავის ვანდობდი, უცნაურია, მაგრამ ვერც დედას, ვერც დედმამიშვილს. თურქეთში, თავდაპირველად, რთულად იყო სიტუაცია და მახსოვს, მძიმედ რომ სუნთქავდა, არ ვიძინებდი, ვიჯექი საათობით გაუნძრევლად და მის სუნთქვას ვდარაჯობდი, მის სუნთქვას ვუსმენდი, ოთხწელიწადნახევარი ვაცოცხლე. 3 თვის სიცოცხლე იყო პროგნოზი და 4,5 წელი ვაცოცხლე.
პირველი, 7 თვიანი მკურნალობის შემდეგ, თურქეთში, ექიმმა გვითხრა, რომ ისეთივე ჯანმრთელია მამა, როგორც მე, რომ ეს მძიმე სენი დავამარცხეთ. მამას ვუმალავდით დიაგნოზს, ვეუბნებოდით, რომ ფილტვებში სითხე აქვს, მაგრამ, ხვდებოდა, ძალიან ჭკვიანი კაცი იყო.
ექიმმა რომ უთხრა, გამოჯანმრთელებული ხართ და სახლში დაბრუნება შეგიძლიათო, უკანა გზაზე, საქართველოსკენ რომ წამოვედით, გადმომხედავდა ხოლმე იმ ამაყი ღიმილით, როგორც იცოდა ხოლმე ყურება და მეტყოდა: – შეგეჯიბრონ, აბა, ბიჭები, შეგეჯიბრონ, მა!
მე ოჯახში მესამე გოგო ვარ, ჩემამდე ორი გოგო ეყოლა დედას და ჩემზე რომ იყო ფეხმძიმედ, უთხრეს, ბიჭიაო, ელოდნენ ბიჭს და გავჩნდი გოგო, ამიტომ მეუბნებოდა ხოლმე კმაყოფილი ხშირად ამ სიტყვებს – შეგეჯიბრონ, აბა, ბიჭები, მა და ბიჭებად და გოგოებად კი არა, სამყაროს ვეჯიბრებოდი ამ სიტყვების და მისი იმ ამაყი გამოხედვის შემდეგ.
მაშინ დამთავრდა ჩემი ერთი ცხოვრება!
მამა 5 წლის წინ გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ის მძიმე და ვერაგი დაავადება მეორედაც დაბრუნდა, ამჯერად კიდევ უფრო ცუდი გზით. ბოლომდე ვიბრძოლეთ, ისევ მქონდა იმედი, რომ დავამარცხებდით და მოვერეოდით, ისევ ვცდილობდი, ყველაფერი მე გამეკეთებინა, ყველაფერი მე მეკონტროლებინა, სულ ვყოლოდი გვერდით, გადავედი სოფელში, რათა გვერდიდან არ მოვშორებოდი. ისე გახდა ბოლოს, ისე დაუძლურდა, საწოლიდან ვერ დგებოდა, ისე შეიცვალა ჩემი მხარბეჭიანი, ჩემი სიმპათიური მამა, რომ მნახველები ავკრძალე, არ მინდოდა ასეთი ენახათ. მინდოდა ისეთი დამახსოვრებოდათ, როგორც ამ საშინელ დაავადებამდე იყო. დედა მეტყოდა, ხოლმე, სირცხვილია, უნდათ სანახავად მოსვლა და უხერხულიაო, მაგრამ მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი მაშინ, რომ ჩემი ძლიერი მამა ასეთი უძლური არ უნდა ენახათ ადამიანებს.
ჩემ ხელებში დალია სული, იმდენი წელი ვუდარაჯე მის სუნთქვას და მაინც ერთ დღეს ბოლოჯერ ამოისუნთქა. მეგონა, სამყარო ჩამომენგრა. მაშინ დამთავრდა ჩემი ერთი ცხოვრება, მამასთან ერთად, მამას გოგოს ერთი ცხოვრება მაშინ დამთავრდა და დაიწყო მეორე, მამის გარეშე ცხოვრება, სადაც მე ისევ მამას გოგო ვარ და სადაც, ყველაზე მაღალი თამასა ადამიანების შესაფასებლად, ისევ მამაჩემია, სადაც, როცა რაღაც პრობლემას ვაგვარებ, თვალებს დავხუჭავ ხოლმე და წარმოვიდგენ, როგორი ამაყი გამოხედვით მეტყოდა მამა:
– შეგეჯიბრონ, აბა, ბიჭები, შეგეჯიბრონ, მა.
როგორი ბავშვი იყო ნინო შავგულიძე და როგორი შვილია? – ამ კითხვაზე ნინოს დედა, ნინა ჭუმბურიძე ერთი სიტყვით გვპასუხობს დაუფიქრებლად: – მეამბოხე და იცინის.
როგორი ბავშვი იყო? ერთი სიტყვით რომ ვთქვა, მეამბოხე – რთულია საკუთარ შვილზე საუბარი, მაგრამ ყოველთვის განსაკუთრებული ბავშვი იყო, ძლიერი, მებრძოლი, ყოველთვის ახერხებდა ყოფილიყო ყველგან და ყველასგან გამორჩეული. პროფესიასაც ისეთი აქვს, მის ხასიათს რომ უხდება, მიუხედავად იმისა, რომ როგორც დედას, ცხადია, მიჭირს, ვნერვიულობ, როცა ვიცი, რამდენი ბრძოლა უწევს, როცა ვხედავ, რამდენ დროს უთმობს თავის პროფესიას, მაგრამ გულახდილად ვიტყვი, ვერც ერთ სხვა პროფესიაში ვერ წარმომიდგენია.
მე არ მგავს, მე წყნარი ვარ, უკანაც ხშირად ვიხევ, განსაკუთრებით, თუ საწინააღმდეგო აზრი მხვდება, ვერიდები ადამიანების წყენინებას, ნინომ უკან დახევა რა არის არ იცის, ბოლომდე გაიტანს თავის სიმართლეს, ბოლომდე დაიცავს იმ ადამიანის უფლებებს ვინც მას ენდო. პრინციპებს რომ არ ღალატობს, ძალიან კარგია, მაგრამ ვეუბნები ხოლმე, ზოგჯერ, სხვა საკითხებში მაინც ხომ შეიძლება დაიხიო უკან? – მაგრამ ნინო ასეთია, შემტევი, მებრძოლი, იტყვის და გააკეთებს, ბებიას ჰგავს, ის იყო ასეთი მებრძოლი. წინააღმდეგობა პირიქით, აძლიერებს, მეტად ბრძოლისუნარიანს ხდის.
როგორი შვილია? ყურადღებიანი, მზრუნველი, ჩემი მეუღლე რომ ავადობდა სიმსივნით, ყველა და ყველაფერი მიატოვა, ყველგან ის დაჰყვებოდა, სულ თავზე ედგა, ყველაზე დიდი ტვირთი თავად აიღო მამის გადასარჩენად და წლობით ზიდა კიდეც ეს ტვირთი, ვიცი, რომ დამჭირდეს, ჩემთვისაც იმავეს გააკეთებს, ზოგადად ოჯახისთვის ყველაფერს გააკეთებს. შეუძლია ოჯახის მთელი სიმძიმე თავის, ერთი შეხედვით, ნაზ მხრებზე აიღოს და ესეც ისევე გაიტანოს ბოლომდე, როგორც პროფესიული საქმე.
ყველაფერი მისი შექმნილია, რაც კი აქვს, ადრე შექმნა ოჯახი, შემდეგ ისწავლა, კარიერა ააწყო, ყველაფერი ნულიდან დაიწყო, ვერ ვიტყვი, რომ ვინმემ მისი გასაკეთებელი გააკეთა და რამე მზამზარეული დახვდა ცხოვრებაში, ცხადია, ვეხმარებოდით, მე და ჩემი მეუღლე, დედამთილი, ქმარი, ფიზიკურად, შვილების გაზრდაში, მაგალითად, რათა სწავლა შესძლებოდა.
როცა შეხედავ როგორია პროფესიაში, შეიძლება ვერც წარმოიდგინო, როგორია ოჯახში, ამბობენ, რომ მე კარგი მეოჯახე და კულინარი ვარ, ის ჩემზე მეტია ამ კუთხით, ერთი დატრიალდება ქარბობალასავით და დალაგებული აქვს, დასუფთავებული, სადღესასწაულო სუფრა გამზადებული, დიზაინსაც თავად მოიფიქრებს წამებში. არ ვიცი, როგორ ახერხებს, პარალელურად, შეიძლება საქმეზეც საუბრობდეს, მისი ტელეფონი მგონი არასოდეს ჩერდება და ხშირად ვსაყვედურობ, როცა სახლში ხარ, მაშინ მაინც გამორთე ტელეფონი და დაისვენე, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებს.
ბევრს ვერ ვისაუბრებ, „საქმემან შენმან უნდა გამოგაჩინოს“, ასეა ჩემთვის, ყველა ხედავს რას აკეთებს და მე, როგორც დედა, არ დავიწყებ ყელყელაობას, ეს გააკეთა ჩემმა შვილმა, თუ იმას მიაღწია, საქმე თავად იტყვის სათქმელს.
ექიმი, თუ იურისტი? – “არც ერთი დღე მინანია”
ნინო შავგულიძე:
ამბობენ, რომ მამის დედას, ანიკო თუთბერიძეს ვგავარ ხასიათით, ისიც ძალიან მებრძოლი ქალი იყო. ჩემს გამზრდელ ბებოს სიმსივნე ჰქონდა, ძალიან იწვალა ამ სენით, ყოველთვის თვალწინ მიდგას და ვფიქრობდი, ექიმი გამოვსულიყავი, რათა ბებოს მსგავს პაციენტებს დავხმარებოდი, სასწაულები მომეხდინა, გადამერჩინა ადამიანები. მამამ მითხრა, შენ იმდენად შემტევი, მებრძოლი, ძლიერი ხასიათი გაქვს, შენგან, ჩემი აზრით კარგი იურისტი დადგება, სფერო არ ვიცი, სადაც შენი ეს ხასიათი ასე მოუხდებაო, როგორც იურისტობასო, დავფიქრდი და მალევე დავეთანხმე. არც ერთი დღე მინანია, თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, ისევ იგივე პროფესიას ავირჩევდი.
რიგით მეცამეტე და ნომერი პირველი – პირველი საქმე
პირველი საქმე ძალიან კარგად მახსოვს, სამოქალაქო საქმე იყო ერთ–ერთი დიდი სააქციო საზოგადოების. ეს საქმე რომ მომიტანეს, ჩემამდე, 12 ძლიერი, გამოცდილი იურისტი ჰყავდათ გამოცვლილი. გამიკვირდა, დამწყებ იურისტს, ახალგაზრდა გოგოს, რატომ მომანდეს საქმე, სადაც უკვე 12–მა მოქმედმა ადვოკატმა შედეგს ვერ მიაღწია. მიპასუხეს, ამ საქმიდან მაინც არაფერი გამოვა, ხომ ხედავ, ვერც ერთმა ადვოკატმა ვერაფერი შეძლო, უბრალოდ, ფორმალურად იყავი ადვოკატიო. მასალები ვითხოვე გასაცნობად და დრო დასაფიქრებლად. მომიტანეს და რა მომიტანეს, ორი სამუშაო მაგიდა გადაივსო, 20 ტომი იყო, ძველებურ, მოყვითალო ფურცლებზე ნაწერით, ყველა ფურცელს გავეცანი, შიგადაშიგ, იუსტიციის სახლში მივდიოდი, კონსულტაციებს ვიღებდი, განცხადებებს ვწერდი, გეგმას ვადგენდი – რამდენი თვეში შედეგი დავდე, შედეგი, რომელიც მანამდე ვერც ერთმა ადვოკატმა დადო, საქმეში, რომელზედაც, ყველას ჩაქნეული ჰქონდა ხელი და ფორმალურად ეძებდნენ მხოლოდ იურისტს.
სასიამოვნო განცდა იყო, თუ არა? – არა, ეს არ იყო ემოცია, ან განცდა, ეს იყო სიხარულის წვიმა, ეს იყო ოლიმპოს დაპყრობა, პატარა გოგო, პირველი საქმე, რომლის მოგების იმედი არავის აქვს, ფორმალურად უნდა ყოფილიყავი იურისტი, ფეხი ფეხზე გადაგედო და ჰონორარი აგეღო და მე – მოვიგე. მახსოვს, კომპანიის დირექტორი, რომელიც დღემდე წარმატებული ბიზნესმენია, ჩემ თვალწინ ურეკავდა იმ 12 ადვოკატს და ეუბნებოდა: – იცით, მე მყავს ადვოკატი, რომელმაც ეს საქმე მოიგო და მე მუდამ მეყოლება ჩემი კომპანიის იურისტად ის, თან საქმე მოიგო ისე, ჰონორარიც არ აუღია. და მართლაც იმ ბიზნესმენის არაერთი ბიზნესის იურისტი დღემდე ვარ
რაკი პირველი საქმე იყო, ჰონორარი არ მომითხოვია, მოგების შემდეგ, ჰონორარიც გადამიხადა და მაჩუქა 500 დოლარი, ის 500 დოლარი არ დამიხარჯავს, შენახული მაქვს ფიზიკური სახით დღემდე, არასოდეს დავხარჯავ, მინდა ასე დარჩეს – როგორც იმ სიხარულის წვიმის სახსოვარი და მოსაგონარი..
ყველაზე ემოციური საქმე
სამი არასრულწლოვანი იყო დაღუპული ერთად, ყველა პროცესზე ცრემლი თავისით მომდიოდა, ვერაფერს ვუხერხებდი.
– შენზე ამბობენ, ხიფათიან, „საშიშ“ საქმეებს გაურბის კი არა, ეტანება, პირიქითო და მართალია?
–კი, ნამდვილად მართალია, ხშირად მოაქვთ საქმეები, რომლებიც სხვას არ გამოუვიდა, ან საშიშია და სხვამ ხელი ვერ მოკიდა, სადაც მეორე მხარეს სახელმწიფო ინსტიტუტებია, ამ ბოლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ მქონდა არაერთი პროცესი და უკვე 17–0–ია ჩემ სასარგებლოდ. კანონიერ ქურდებს უწყევტდნენ საქართველოს მოქალაქეობას სხვადასხვა გამოგონილი მიზეზებით, 17 საქმე მოვუგე პრეზიდენტის ადმინისტრაციას. არც ამ საქმეებს მოკიდებდა ბევრი ხელს. არ შემიძლია უკან დახევა, როცა კანონია დასაცავი, როცა ადამიანი ჩემგან შველას ელის. თუ უკან დავიხევ ოდესმე, მაშინ ავდგები და წავალ პროფესიიდან და დავრჩები ლეგენდად. არ ვიცი რა არის შიში, თუ ვინმე ჩემ შეშინებას ცდილობს, პირიქით, მიმძაფრდება საქმის მოგების სურვილი. ჩემი წარსული მაძლევს საშუალებას, უკან მოხედვისას, არ შემეშინდეს, მხოლოდ ბრძოლა, შეუპოვრობა და შემდგარი ადამიანის გზა მაქვს უკან.
ყველაზე სახიფათო საქმე
„მემუქრებოდნენ, რომ მომკლავდნენ, ან მანქანაში რამეს ჩამიდებდნენ“
ერთი უცხოელი ინვესტორი დამიკავშირდა, რომელიც ჩვეულებრივად ჩამოდიოდა, თურმე, საქართველოში, რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციაც გააკეთა აქ, შემდეგ კი, უმიზეზოდ, უბრალოდ აღარ უშვებდნენ ქვეყანაში, როგორც ჩანს, ვიღაც პირების დაინტერესება იყო, რომ ამ ადამიანს ეს რამდენიმე მილიონი დაეკარგა და ქვეყანაში მაგიტომაც აღარ უშვებდნენ. ამ ბიზნესმენს, უკვე აღარ ჰქონდა იმედი, ხელი ჰქონდა ჩაქნეული, ამ საქმეშიც, ჩემამდე, სხვა ადვოკატები იყვნენ ჩართულნი, მაგრამ ურჩიეს და გადაწყვიტა, ჩემთანაც ეცადა ბედი.
დავიწყე თუ არა საქმეზე მუშაობა გავლენიანი, თანამდებობაზე მყოფი პირებისგან დაიწყო ირიბი გზებით მუქარები, იყო სიცოცხლის ხელყოფის მუქარა, შვილების სიცოცხლის მუქარა, ირიბად მითვლიდნენ რომ მანქანაში რაღაცას ჩამიდებდნენ და ითხოვდნენ გავჩერებულიყავი. ოჯახში ვთქვი და დედამაც და მამამაც მთხოვეს, თავი დაანებე მაგ საქმესო. მოვიტყუე, რომ დავანებე და სინამდვილეში, თავი დავანებე კი არა, თავით გადავეშვი, ყველა დეტალი შევისწავლე, ყველა წვრილმანი, ყველა ის ადამიანი, ვინც ირიბად თუ პირდაპირ იყო საქმეში ჩართული. ყველა ზარის, საიდანაც ირიბი მუქარა მივიღე, სქრინები ამოვბეჭდე და წერილთან ერთად სეიფში შევინახე, რადგან, რამე თუ დამემართებოდა, სცოდნოდათ, რა საქმეზე ვმუშაობდი და რა შეიძლებოდა გამხდარიყო მიზეზი.
მთელი ეს პერიოდი, „პიკაპით“ დამყვებოდნენ უკან მუდმივად, ერთხელ ოფისშიც მომადგნენ. ურთულესი 3 თვე იყო, მაგრამ ზუსტად 3 თვეში, ამ ბიზნესმენს 6 თვიანი ვიზა ჰქონდა უკვე და მუდმივმოქმედი ბინადრობა საქართველოში. საქმის მასალების მიხედვით, საელჩოს თითქოს ჰქონდა საიდუმლო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ამ ინვესტორის ქვეყანაში შემოშვება სახიფათო იქნებოდა. იმდენს მივაღწიე, რომ სასამართლოს გამოვათხოვინე ეს ე.წ. საიდუმლო ინფორმაცია, სადაც არაფერი აღმოჩნდა.
როცა ამ ინვესტორის საქმეს დავთანხმდი, ჩემი პირობა იყო, ცხადია, გარდა ჰონორარისა, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ქვეყანაში შეძლებდა საქმის კეთებას, უნდა დახმარებოდა ლეიკემიით დაავადებულ და უპატრონო ბავშვებს და დღემდე ასრულებს ამ პირობას.
დღეს უკვე არაერთი ინვესტიცია აქვს განხორციელებული და დღესაც მისი იურისტი ვარ, როცა შეხვედრებზე აქებენ, მადლობას ეუბნებიან ინვესტიციებისათვის, ქველმოქმედებისათვის, ყოველთვის ამბობს, რომ არაფერი ეს არ იქნებოდა, რომ არა ნინო შავგულიძე, ერთი გოგო, რომელიც ერთი შეხედვით იმდენად პატარაა, შეიძლებოდა საკუთარი ლანდისაც კი შეშინებოდა, მაგრამ იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ვერც სიცოცხლის მოსპობის მუქარით შეაშინეს, ვერც მუდმივი თვალთვალით და დევნით.
შანტაჟი – „მივხვდი, ამას მარტო ვერ გაბედავდა, ვკითხე ვინ „კრიშავდა“
ძლიერი და წარმატებული როცა ხარ, ვიზუალურადაც კარგად გამოიყურები, თავს უვლი, კარგად გაცვია, ფეშენებელური სახლი გაქვს და აგარაკი, ძვირადღირებული მანქანები, საკუთარი ოფისი – გიყურებენ და როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი თავისით მოვიდა. არა, არაფერი მოსულა შრომის, ჯაფის გარეშე, არ უნდა გამოგეპაროს არც ერთი დეტალი კლიენტის საქმეში, ათეულობით ტომები უნდა შეისწავლო, იარო პროცესებზე, მუდმივად იბრძოლო, არ უნდა გეშინოდეს, ბოლომდე უნდა შეძლო დაცვა შენი დაცვის ქვეშ მყოფნის და ეს იმდენ დროს და ენერგიას მოითხოვს, გადმოცემა შეუძლებელია.
ამ ბოლოს იყო ასეთი შემთხვევა, ერთმა ქალმა, რომლის ძმა, კიდევ ორ პირთან ერთად, რამდენიმეწლიან ციხეს გადავარჩინე, ოფისში პირველი სტუმრობისას, თურმე, თანმხლებს უთხრა, ნახე, რა კარგად ცხოვრობსო. პირველივე შეხვედრაზე არ მომეწონა ეს ქალი, ბილწსიტყვაობისთვის შენიშვნის მიცემაც მომიწია, მაგრამ გადავწყვიტე ბიჭებს დავხმარებოდი. 6 თვეში დაკავებიდან, ბიჭები გარეთ გამოვიდნენ, ციხეს გადარჩნენ და ამ ქალმა გადაწყვიტა ჩემი დაშანტაჟება, რაღაც საიტი მაქვს, იქ დავწერ შენზე ცუდ რაღაცებს და რეპუტაციას შეგილახავო. ამდენი წელი ასე სუფთად რეპუტაციისთვის ვმუშაობ, ამდენი წელია ამ ჩემ რეპუტაციას ვაშენებ და ცხადია, რეპუტაციის შელახვა, არ არის მარტივი ამბავი ჩემთვის, თორემ, ვისაც არ აქვს რეპუტაცია ან ცუდი რეპუტაცია აქვს, მისთვის სულ ერთი იქნებოდა.
რაიმე პრეტენზია კი არ ჰქონდა, ან რაიმე სამართლებრივი მოთხოვნა, უბრალოდ ფულს მთხოვდა, დავუშვათ 10 000 ის საფასურად, არ დამიწერდა ცუდს. მივხვდი, ამას მარტო ვერ გაბედავდა, ვკითხე ვინ „კრიშავდა“, იმ პერიოდში რამდენიმე სერიოზული საქმე მქონდა, როგორც ყოველთვის, მათგან რამდენიმე ისეთი, სადაც ინსტიტუციურად მაღალი თანამდებობის პირთა ინტერესები იკვეთებოდა, და ჩავთვალე, ვიღაც იდგა მის უკან. მართლაც დამიწერა რაღაცები, ცხადია ფაქტების გარეშე. მიეცა პასუხისგებაში. ისევ მე შემეცოდა მისი ამ გაუთვლელი ნაბიჯის გამო და დავინდე, არ დასჯილა კანონის სრული სიმკაცრით. მთავარია, სიმართლე გავარკვიე და დავანახე, რომ სამართლებრივად შემიძლია თავის დაცვა – ჩემი მიზანიც ეს იყო და არა სამაგიეროს გადახდა.
როგორც ზემოთ ვთქვი, მამამ ერთი დიდი წესი დამიტოვა ცხოვრებაში, რომელსაც არ ვარღვევ, ჩემ თავს არასოდეს ვკარგავ, არავისთან ურთიერთობაში, არასოდეს ვიმოქმედებ იგივე გზებით, ასე ვთქვათ, არ დავალ მათ დონემდე, ჩემი გზებითაც მივაღწევ შედეგს.
მიამიტური ღიმილით „შეცდენილი“ გამომძიებელი
ერთ სასამართლო პროცესზე, გამომძიებლის დაკითხვა დავიწყე მარტივი კითხვებით, ზოგადად, საქმეში, ყველა დეტალი მნიშვნელოვანია, ერთი შეხედვით უმნიშვნელოც კი და თუნდაც, დროს, წუთებს, ამინდს, ყველაფერს მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. კითხვებს ვსვამდი, ცხადია, მშვიდად, წყნარად, ღიმილით, ან რატომ უნდა მეჩხუბა, გამომძიებელმა, რატომღაც ჩათვალა, რომ გამოუცდელი ვარ, მოდუნდა, მივხვდი, რომ რატომღაც ჩემგან საფრთხეს ვერ ხედავს და კიდევ მეტად ვუღიმი. როცა უკვე ფეხების მონაცვლეობა დაიწყო და ხელით დაეყრდნო იმ ადგილს, საიდანაც კითხვებს უნდა უპასუხონ ხოლმე სასამართლოში, მივხვდი, რომ დაიღალა, მაშინ დავსვი უკვე რთული კითხვები, უკვე სრულად იყო მოდუნებული, არ აღმიქვამდა საშიშ მოწინააღმდეგე, აირია–დაირია, მოულოდნელობისგან ზოგ კითხვაზე სიმართლე მიპასუხა, მერე გამოსწორება სცადა და ისე აიხლართა, უკვე მართლა მეცინებოდა. მოსამართლემ უყურა რა გამომძიებლის ‘საცოდაობას“, უთხრა: რა იყო ბატონო გამომძიებელო, ქალბატონი ნინოს მიამიტურმა ღიმილმა შეგაცდინა, ხომ?
რთულია იყო იურისტი, დედა, ქალი, შვილი?
“საკუთარ თავს ვთხოვ მაქსიმუმს”
რთულია კი, ძალიან რთულია. თან სასიამოვნოც. რაც მეტს აკეთებ, მით მეტად ძლიერდები. მე პირადად, არასოდეს ვყოფილვარ არავის შემყურე, არც მეუღლის, არც დედის, არც მამის, როგორც არიან ხოლმე ზოგნი, სხვისი გამოგზავნილით ან მიცემულით რომ ცხოვრობენ და კლავიატურის ლომები არიან, არა, შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, პირიქით, სულ მინდა ასეთ ადამიანებს ვუთხრა – იპოვეთ საკუთარი თავი. არ არსებობს ადამიანი, ვისაც რაღაც ნიჭი არ აქვს, არ მეგულება ასეთი ადამიანი, შესაძლოა, არ ხარ მეცნიერებათა დოქტორი და გაქვს დიზაინერობის ნიჭი, შესაძლოა, არ ხარ მუსიკოსი, მაგრამ გაქვს კომუნიკაციის კარგი უნარი და მომსახურების სფეროში სცადო ბედი. ყველამ უნდა გამოცადოს თავი, ყველას შეუძლია წარმატებას მიაღწიოს, თუ საკუთარ ნიჭს იპოვის და სწორად დაგეგმავს მის გამოყენებას.
მე ჩემ თავს ვთხოვ მაქსიმუმს, არაჩვეულებრივი კულინარი ვარ, როგორც ამბობენ, რასაც ვაკეთებ, ყველაფერში ბოლომდე ვიხარჯები, ყველა კლიენტს აინტერესებს, რა სიახლეები მის საქმეზე და ალბათ, საღამოს, როცა სახლიდან მათ საქმეზე ვესაუბრები, ჰგონიათ, ფეხი ფეხზე მაქვს გადადებული და სავარძელში ვარ ჩაფლული, არადა, ყურსასმენებით და მიკროფონით ვსაუბრობ, ტელეფონი ჯიბეში მაქვს, ამ დროს, ან ვხეხავ, ან ვალაგებ, ან ვაცხობ. კი, ჩემ თავთან მაქვს პრეტენზია, რომ ლიდერი ვიყო არა მხოლოდ პროფესიულად, ვიყო საუკეთესო მეოჯახე, საუკეთესო დედა, საუკეთესო კულინარი, ჩემი შვილები იყვნენ საუკეთესოდ მოვლილნი. მომწონს, როცა ყველაფერს თავად ვაკეთებ, პროდუქტებსაც თავად ვარჩევ, ბაზარშიც თავად დავდივარ, სახლის საქმეებსაც თავად ვართმევ თავს.
ზოგჯერ, რამდენიმე დღე ზედიზედ მაქვს პროცესები, ზოგჯერ სხვა ქალაქშიც, ამ დროს ჩემ შვილებს, კარგი მეთვალყურეობით, ცხადია, ვტოვებ და უკან დაბრუნებული, უკვე ვცდილობ ამ დაკარგული დროის ანაზღაურებას.
გიყვარს? – ჩაეხუტე!
–როგორია შეყვარებული ნინო? იქაც ლიდერია? იქაც მებრძოლია?
–ხოო, (იცინის), შეყვარებული ნინო, სხვანაირია, ნაზი, მორცხვი, მიამიტიც კი, შეყვარებული ნინო რომ ნახო, მას მერე, რაც პროფესიულ საქმეში ნახავ, იფიქრებ, რომ ორი განსხვავებული ადამიანია, ფიცხია, კი, მაგრამ ამავდროულად ძალიან თბილი. გადაწყვეტილებას აქაც მხოლოდ თავად იღებს, აქაც შანსი არაა დათმოს, კი, მებრძოლია, თუ საქმე მისი გრძნობების დაცვას ეხება და აქაც გამორიცხულია ვინმემ ან რამემ შეაშინოს, თუ ვინმე და რამე ცუდად დაემუქრება, უყვარს სიურპრიზები, რომანტიკა.
იკითხავთ, როგორ ახერხებს ნინო შავგულიძე, პირად ურთიერთობებში იყოს ასეთი მიამიტი და ბავშვური, როცა ყოველ დღე ამდენ ცუდთან, ამდენ სიბინძურესთან უწევს შეხება – პირიქით, ყოველ დღე რომ უწევს ამდენი ცუდის გაგება და ნახვა, იმიტომაც ცდილობს შეინარჩუნოს ბავშვურობა, გულწრფელობა, ჩემი აზრით, სიბინძურესთან ერთად, ხელოვნურობაც ღუპავს ადამიანებს, სიმართლეს არ სჭირდება ხელოვნურობა, თამაში, რადიკალიზმი, არ უნდა სიყვარულს შეფუთვა და გადაფუთვა, არც მაკიაჟი, არც ნიღაბი, იყავი ის, ვინც ხარ. ტირილი გინდა? – იტირე, სიცილი გინდა? – იცინე, გიყვარს? – ჩაეხუტე, არ გიყვარს? – წადი. შეიძლება დაგეგმო საქმე, დაგეგმო ფინანსების განკარგვა, მაგრამ პირად ურთიერთობებს არ სჭირდება გეგმა – აქ მთავარი სულის თავისუფლებაა.
„ერთად გაზრდილები“, „ჩამოყალიბებული ადამიანი“ და „სულის დამაწიოკებელი“
– როგორი დედა ხარ?
–ბევრს, ხასიათიდან გამომდინარე, მკაცრი დედა ვგონივარ, მაგრამ ალბათ, ყველაზე ლმობიერი და დემოკრატი დედა ვარ, არასოდეს, არც ერთი შვილისთვის ხელიც კი არ მომიქნევია, დარტყმაზე ხომ საუბარიც ზედმეტია, ყველა პრობლემას ვაგვარებთ საუბრით. სამი შვილი მყავს, სამივე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის, სხვადასხვა მისწრაფებებით, და კი, არ არის მარტივი, მაგრამ ისეთი სასიამოვნოა ყოველი დღე, როცა ხედავ, კიდევ რაღაც ისწავლეს, კიდევ მეტად გემეგობრებიან, კიდევ მეტად იზრდებიან. განსაკუთრებით, ივლიტა, როცა პროცესებიდან ვბრუნდები, ერთად ვსხდებით და რამდენიმე ახალ კითხვას ერთად დამაყრის, ვხვდები, რომ ამ ორ–სამ დღეში, კიდევ მეტად გაიზარდა. ვცდილობ, ვაპოვნინო სამივეს საკუთარი თავი და მუდამ ჰქონდეთ იმედი, რომ გვერდით ვარ და დავეხმარები.
ლუკა, ჩემი უფროსი შვილი, ჩემი 17 წლის ვაჟი, ხასიათით ძალიან მგავს, უჭკვიანესია, დედა უყვარს ძალიან, მე როცა მეხება საკითხი, შეუვალი, მტკიცე ხდება და ეს კიდევ მეტ ძალას მაძლევს. მე და ლუკა ერთად გავიზარდეთ. 17 წლის ვიყავი რომ გავაჩინე და ახლა ისაა 17 წლის. ჩემი ყველაზე დიდი მეგობარია. ზოგჯერ ისეთ რჩევას მომცემს, ვეხუმრები, რომ მგონი ისაა მშობელი და მე შვილი. დიდი ადამიანია შინაგანად და ასაკითაც ისე გაზრდილა, რომ უკვე თაყვანისმცემლებიც ჰყოლია (იცინის). გოგოები, რომლებსაც მოსწონთ, მეც მეპრანჭებიან და რომ ვიცი, იმიტომ ცდილობენ ჩემთან დაახლოებას ლუკას დედა რომ ვარ, რაღაცნაირად ძალიან სასიამოვნოა.
როგორი დედამთილი ვიქნები?
ყველაფერს გავაკეთებ, რომ რძლის მეგობარი ვიყო, ზუსტად ვიცი, რომ ნამდვილად კარგი მეგობარი ვიქნები ჩემი რძლისთვის, ისევე, როგორც ზუსტად ვიცი, რომ ჩემთან ერთად არ იცხოვრებენ, ცალკე იცხოვრებენ. დავეხმარები და ყოველთვის ექნებათ ჩემი, როგორც მეგობრის, როგორც დედის იმედი, მაგრამ პასუხისმგებლობას ჩემ თავზე არ ავიღებ, რადგან ადამიანებად ყალიბდებიან პასუხისმგებლობით, მე რომ ავიღო მათ ცხოვრებაზე, მათ შვილებზე, მათ მომავალზე პასუხისმგებლობა, დათვურ სამსახურს გავუწევ, მათ ცხოვრებას ვავნებ და ამას არასოდეს გავაკეთებ.
მინდოდა ლუკა იურისტი გამოსულიყო, ძალიან მგავს ხასიათით და ჩემ თავს ვხედავ მასში, უშიშარია, ვაჟკაცია, მაგრამ ჯერ არ არის ჩამოყალიბებული საბოლოოდ გადაწყვეტილებაში, თუმცა, ამ ეტაპზე, ცოტა სხვა პროფესიებისკენ იხრება. მე პატივს ვცემ მის არჩევანს და რა გზაც უნდა აირჩიოს, გვერდით დავუდგები.
ხატია, ჩემი მეორე შვილი, 12 წლის, სახელს ამართლებს, მართლა დახატული გეგონება, ისეთი ლამაზია, შეიძლება, ვინმე თვლის, რომ შვილებზე ასე საუბარი უხერხულია, მაგრამ როგორცაა ისე ვამბობ. ხატია უკვე ჩამოყალიბებული ადამიანია, მისთვის უცხოა ზედმეტი ემოციის გამოხატვა, ამჩატება, ზუსტად იცის რა უნდა, რა უნდა გააკეთოს იისათვის რაც უნდა, საზღვრები აქვს საკუთარი ყველასთან თავისებურად და იცავს ამ საზღვრებს. შემდგარი პიროვნებაა ხატია ჩემთვის, პატივს ვცემ და არასოდეს, არც ერთხელ მქონია შიში მისი მომავლის გამო, მგონია, რომ ზუსტად ისე იცხოვრებს, როგორც წარმოუდგენია და როგორც სურს.
ივლიტა, ჩემი ნაბოლარა ქალიშვილი, ჩემი სულის ამწიოკებელი, გულის დამპყრობელი, სამყაროს თავდაყირა დამყენებელი, ივლიტას თვალებში რომ ვიხედები და მისი ჭიკჭიკი მესმის, ყველაფერი მავიწყდება. წმინდანის სახელი ჰქვია, ჩემ სოფელში ეკლესიაა ამ წმინდანის სახელობის, ბავშვების მფარველი წმინდანია, ძალიან მოსწონს მისი სახელი.
5 წლისაა და ახლა, ამ დროისათვის, ზუსტად იცის, რომ იურისტი უნდა რომ გამოვიდეს, უფრო სწორედ, როგორც თავად ამბობს, ნინო უნდა გამოვიდეს შავგულიძე (იცინის). თამაშობს ხოლმე იურისტობანას, ჩაჯდება ჩემ სავარძელში და ვითომ, მე კლიენტი ვარ და საქმეს განვიხილავთ, რატომღაც ჰონორარი ერთი და იგივე აქვს ამოჩემებული, და ყოველი თამაშის ბოლოს 580 ლარს „მთხოვს“.
ივლიტა ახტაჯანა, ქარიშხალია, გამოკვეთილი ლიდერია, რასაც უნდა ყოველთვის აღწევს, თუ ტირილით, თუ ღიმილით, თუ მოლაპარაკების გზით. ათასობით ბავშვში რამე ერთი რომ იყოს, მისი იქნება და არ გეგონოთ, მე დავეხმარები ამაში, არა, ამას თავად აღწევს. არ ვიცი, მართლა იურისტი გამოვა, თუ არა, მაგრამ უკვე ვიცი, რა პროფესიასაც უნდა გაყვეს, ლიდერი იქნება, ძლიერი, შემტევი, მებრძოლი.
წარმატების საიდუმლო
„იცხოვრე ისე, რომ მოსაყოლად ღირდეს შენი ცხოვრება“ – ამიერიდან, რომც არაფერი გავაკეთო, მგონია, რომ უკვე ვიცხოვრე ისე, რომ მოსაყოლი მაქვს, ჩემი ისტორია მე უკვე დავწერე, უკვე შევქმენი, ჩემს შვილებს შევუქმენი უზრუნველი ბავშვობა, ვარ შემდგარი პროფესიონალი, ასე რომ, კი, ჩემი ცხოვრება უკვე მოყოლილია და იმედი მაქვს, მომავალშიც ბევრჯერ ვიტყვი ჩემ სიტყვას.
ყოველთვის ვცდილობ, არაფერი მოვირგო ხელოვნური და ვიყო ის, ვინც ვარ. ამან გამაძლიერა. ძლიერი ქალს არ აქვს ხოლმე მარტივი წარსული, რადგან ძლიერები უმეტესად მაინც რთულ გზას ირჩევენ ხოლმე, სწორედ ამიტომაც მას შეუძლია ღიად და თამამად თქვას, რომ კი, იცხოვრა ისე, რომ მისი ცხოვრება მოყოლად ღირს.
გულწრფელად, ყველა ადამიანს ვუსურვებ, საკუთარი თავის რეალიზებას, არავისი ცხოვრების განხილვა არ გაგაძლიერებთ, მხოლოდ საკუთარ თავს შეუძლია გაგაძლიეროთ, იპოვეთ საკუთარი ადგილი ცხოვრებაში ყველაფერი გააკეთეთ ამ ადგილის შესანარჩუნებლად, იბრძოლეთ სიმართლისთვის, სიყვარულისთვის, ბედნიერებისთვის, იბრძოლეთ ღირსეული გზებით, რადგან, ერთ დღეს, აუცილებლად მოგიწევთ თქვენი ცხოვრების მოყოლა და უნდა ღირდეს, მოყოლადაც უნდა ღირდეს და მოსმენადაც.
თამო კეშელავა, ალია
555 46 08 04
კომენტარები