იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილი:
გადავწყვიტე ჩემი მოსაზრება შემოგთავაზოთ შეთანხმების დოკუმენტის იმ ნაწილზე, რომელიც სასამართლოს ეხება.
პირველ რიგში ცალსახად მინდა ვთქვა, რომ მისასალმებელია საერთოდ სასამართლოს ნაწილი, რომ არსებობს შეთანხმების დოკუმენტში, რაშიც მგონია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დიდი წვლილია შეტანილი, რისთვისაც უდიდესი მადლობა მათ! პირადად მე მთელი ამ წლების განმავლობაში ყოველთვის ვგრძნობდი უდიდეს მხარდაჭერას, რაც ძალას, ენერგიას და მოტივაციას მაძლევდა. და უფრო მეტსაც ვიტყვი, რაც აქამდე არ მითქვამს, რომ არა ეს მხარდაჭერა, ვფიქრობ რომ დღესაც ეწერებოდა კანონში ის მუხლი, რომლითაც ჩემი ციხეში გაშვება ჰქონდა განზრახული ე.წ. კლანს.
მაგრამ ჩვენც ხომ უნდა ვაკეთოთ საქმე, ავიღოთ პასუხისმგებლობა და განვსაზღვროთ რა გვჭირდება სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმისთვის? და შევთანხმდეთ იმაზე, რომ კლანის მოსმართლეები რჩებიან 2040-43-45 წლამდე თანამდებობებზე თუ არა?
მე მიმაჩნია, რომ თუ კლანური მმართველობა არ დამთავრდება, ეს ცვლილებები იქნება თუნდაც სრულყოფილად შესრულდეს, უშედეგო.
რაც შეეხება კონკრეტულ პუნქტებს:
ა) პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევა, განსაკუთრებით მოსამართლეების დასანიშნად კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციის კრიტერიუმებზე დაფუძნებული წერილობითი დასაბუთების გამოქვეყნების გზით.
განვიხილოთ თითოეული ნაწილი ცალ-ცალკე და რეალური მაგალითებით.
„გაიზარდოს გამჭვირვალობა“:
2012 წლიდან დღემდე გამჭვირვალობა არა მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში, არამედ სასამართლოებში გაიზარდა, გაიხსნა საბჭოს სხდომები და გაიხსნა სასამართლო დარბაზები მედიისთვის. და რა შეიცვალა ამით? კლანი ვეღარ იღებს გადაწყვეტილებას ისე როგორც უნდა თუ ნინო ჩახნაშვილს ან სხვებს უჭირთ მესიჯად მიწერილი გადაწყვეტილებების გამოტანა?
2018 წელს გიორგი მიქაუტაძემ აბსოლუტურად გაუმჭვირვალე პროცესით წარმოადგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია ფურცლის ნაგლეჯზე. მერე ლამის 1 წელი გავიდა, რა პერიოდშიც რეალურად გამჭვირვალობა ერთი შეხედვით გაიზარდა და პროცესი დაიხვეწა. გაიხსნა გასაუბრება, ინფორმაცია კანდიდატების შესახებ შედარებით ხელმისაწვდომი გახდა etc. მაგრამ ისმის კითხვა: რა მოგვცა ამ გამჭვირვალობის გაზრდამ? საზოგადოებას არ ვიცი, მაგრამ ე.წ. კლანს ბევრი რამ. მათ მიერ კაბინეტებში მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციის ხარისხი გაიზარდა.
მაგალითად, ნინო ქადაგიძე, რომელიც უზენაესი სასამართლოს კანდიდატი იყო ფურცლის ნაგლეჯზე 2018 წელს, მოგვიანებით, 2019 წელს, საგრძნობლად გაუმჯობესებული გამჭვირვალე პროცესით ჯერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა, ხოლო 2020 წელს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
საბჭოს საქმიანობა ოფიციალურად დღესაც გამჭვირვალე უნდა იყოს, მაგრამ კანონის მინიმალური მოთხოვნა, რომ 3 დღით ადრე (რაც ადრე 7 დღე იყო) უნდა გამოქვეყნდეს დღის წესრიგი ასე არ ხდება. ანუ ე.წ. კლანი კანონს არღვევს, დავითვალე და ჩემი საბჭოს წევრობის დროს იყო დაახლოებით 160-ზე მეტი სხდომა, სადაც ოფიციალურად საბჭომ ანუ მაგრამ რეალურად ე.წ. კლანმა კანონი დაარღვია. თქვენ წარმოიდგინეთ და ზემოთხსენებულ თავმჯდომარესაც, ასევე ყოფილსაც, მოქმედ მდივანსაც და ყოფილებსაც არ აინტერესებთ რა წერია კანონში. 160 შემთხვევა ცოტა არაა მგონი. როგორ წარმოგიდგენიათ აიძულოთ კლანი, რომ თუნდაც ეს მინიმალური მოთხოვნა შეასრულოს, ბოლო-ბოლო enter-ს ხომ არ დააჭერ მის კომპიუტერში რომ დღის წესრიგი დადოს?
„დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევა განსაკუთრებით მოსამართლეების დასანიშნად კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციის კრიტერიუმებზე დაფუძნებული წერილობითი დასაბუთების გამოქვეყნების გზით“
მოსამართლე დღესაც, ორგანული კანონით ასეა, ინიშნება კეთლსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმების საფუძველზე.
კანონში დღესაც წერია, რომ მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება მისი, როგორც მოქალაქის, პატიოსნება, კეთილსინდისიერება, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისი შეგნება, გამჭვირვალობა, კორექტულობა და სიზუსტე სამსახურებრივი ან სხვა მოვალეობების, ფინანსური ან სხვა ვალდებულებების შესრულებისას (მაგალითად, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებისას, ბანკის ან სხვა ვალის გადახდისას, კომუნალური ან სხვა გადასახადის გადახდისას, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის ჯარიმის გადახდისას) და სხვა. დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის მახასიათებლით მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება მისი პრინციპულობა, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი და ზეგავლენის მიმართ მედეგობა, პიროვნული სიმტკიცე, შეუვალობა და სხვა. პიროვნული და პროფესიული ქცევის მახასიათებლით მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება მისი კორექტულობა კოლეგებთან და სხვა პირებთან ურთიერთობისას, თავდაჭერილობა, საკუთარი ემოციების მართვის უნარი, სასამართლოში წარმართული დავები, რომლებშიც იგი მონაწილეობდა, როგორც მხარე, მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი ბრალდების არსებობა და სხვა. პიროვნული და პროფესიული რეპუტაციის მახასიათებლით მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება მისი საქმიანი და მორალური რეპუტაცია და ავტორიტეტი იურიდიულ წრეებსა და საზოგადოებაში, იურიდიულ წრეებთან ურთიერთობის ხასიათი და სხვა.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე არ ვფიქრობ რომ ფუნდამენტური პრობლემა კანონს აქვს, პრობლემა იმ ადამიანებშია, რომლებიც კიდევ ერთხელ ვიტყვი, მოსამართლის დანიშვნაზე გადაწყვეტილებას კაბინეტებში იღებენ ანუ ე.წ. კლანში.
რაც შეეხება წერილობით დასაბუთების საკითხს. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს თუ კიდევ რამე ჩაიწერება, მაგრამ დღევანდელი კანონით საბჭოს მდივანი, რომელსაც ჩინჩალაძესთან მუშაობის გამოცდილება აქვს ჯერ კიდევ პროკურატურის სისტემაში და მიმაჩნია, რომ დღესაც ჩინჩალაძის დიდი ნდობით სარგებლობს ეს ადამიანი, უკვე აქვეყნებს წერილობით დასაბუთებას.
და რა შეიცვალა ამით?
ერთ მაგალითს მოგიყვანთ.
2020 წლის ზაფხულში ჩავატარე ბრიფინგი სადაც ვთქვი, რომ მოსამართლე რევაზ ნადარაიასთან დაკავშირებული პირი, რომელსაც ის აშკარა იყო რომ პროტექციონიზმს უწევდა წლების განმავლობაში, მოსამართლე გახდებოდა. ასეც მოხდა, რამდენიმე თვეში კობა ჩაგუნავა მოსამართლე გახდა, რაზეც საბჭოს მდივანმა დასაბუთება დაწერა და გამოაქვეყნა. რა პრობლემაა მათთვის, დამიჯერეთ ამით აპარატს ემატება საქმე, სხვა შინაარსობრივად არაფერი იცვლება. თვალსაჩინოებისთვის აქვე ვდებ კობა ჩაგუნავას დანიშვნის დასაბუთებას: http://hcoj.gov.ge/Uploads/2021/2/148-2020.pdf
ამიტომ ჩემი პოზიცია ასეთია: მივესალმებით თუ გაიზრდება გამჭვირვალობა, დასაბუთების ხარისხი, დანიშვნებზე დამსახურების გათვალისწინება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ე.წ. კლანის გარეშე!
რომ არ გვქონდეს 15 წლიანი გამოცდილება იმის, თუ როგორ შეიქმნა და გაძლიერდა კლანი, და რისი გაკეთება შეუძლიათ მათ, ან როგორ იყენებენ კანონის ნორმებს თავის სასარგებლოდ, როგორ მოთარგმნიან საერთაშორისო რეკომენდაციებს, ან როგორ კარგად თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან საკუთარი ინტერესების გატარების მიზნით ან როგორ გაიდგეს ფესვები თვითონ, მათმა მეგობრებმა, ნათესავებმა და ოჯახის წევრებმა სასამართლო სისტემაში, ამას არ ვიტყოდი.
ბ) პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას;
ეტაპობრივი მიდგომა ცუდი არ არის, კარგია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ 14 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უკვე დანიშნულია უვადოდ. მაგალითად ქეთევან ცინცაძე, რომელიც ჩინჩალაძესთან მუშაობდა აპარატში, უზენაეს სასამართლოში, 2053 წლამდე არის დანიშნული მოსამართლედ. მიქაუტაძესაც გაგახსენებთ და კიდევ ბევრს, რომლებიც 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა დარღვევებით სავსე პროცესის საფუძველზე აირჩა. ანუ ესეც გავიარეთ? ჩავყლაპეთ? აქციები მოვაწყვეთ, ვიბრძოლეთ და მერე რა?
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროება საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვილებები შევიდა აპრილის დასაწყისში და იქ უკვე წერია, რომ საბჭოს წევრი იდენტიფიცირებული ფორმით ასაბუთებს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ღია კენჭისყრის კომპონეტიც არის უკვე კანონში (შეიძლება სრულყოფილად არა მაგრამ არის) და გასაუბრების საჯაროობაც, და კიდევ ბევრი რამ. დასაბუთების ნაწილი მაინც უცნაურია, რომ ამ შეთანხმების დოკუმენტშ მოხვდა – ლამის ბოლდით წერია, რომ ვასაბუთებთ ჩვენს მიერ ინდივიდუალურად მიღებულ გადაწყვეტილებას და ყველა დაინტერესებული პირი იგებს ვის დავუჭირე მხარი და ვის არა და რატომ.
დამერწმუნეთ ეს ნაწილიც არაფერს შეცვლის, რადგან ე.წ. კლანი თვითონ ან აპარატის დახმარებით ჩამოწერენ დასაბუთებას, როგორც ეს აქამდე ხდებოდა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნისას.
ამას წინათ ერთ-ერთი კანდიდატი იყო გამოსული გასაუბრებაზე. აბსოლუტურად სპონტანურად გადავხედე მის განაჩენებს, 20-ზე მეტს. პირველი რომ წავიკითხე მომეწონა, გამიკვირდა ისე კარგად ჰქონდა რეფერირებული ევროპული სასამართლოს მსჯელობა სხვადასხვა საქმეებიდან. მაგრამ რომ გავაგრძელე სხვების კითხვა, აღმოჩნდა რომ ეს მოსამართლე ევროპული სასამართლოს რამდენიმე იდენტურ “ქეისებს” იყენებდა ყველა საქმეში. და უფრო ღრმად რომ დავიწყე ქექვა და ძებნა, აღმოვაჩინე რომ ერთ-ერთი ლიტერატურიდან ჰქონდა “გადმოკოპირებული”. განაჩენებში შაბლონურობის პრობლემა მხოლოდ ამ შემთხვევით არ იწყება, ერთ-ერთმა სასამართლომ ეს თვითონაც აღნიშნა განცხადებაში.
ამიტომ აქაც ისმის კითხვა, რას შეცვლის საბჭოს წევრის დასაბუთების ვალდებულება (რომელიც ისედაც წერია კანონში), რომლის უმრავლესობა ჩინჩალაძის გარემოცვისგან შედგება? იქამდე ვიდრე, სასამართლო არის ე.წ. კლანის ხელში, არაფერს.
გ) უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს; ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ, რაც ახალი კანონი ძალაში შევა.
აბსოლუტურად ვეთანხმები ამ ნაწილს, რაზეც მეც მოვუწოდე რამდენიმე თვის წინ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ახლა ამ კონკრეტულ დროში საჭირო და აუცილებელია.
ჩემი იმედი არის ეს ნაწილი, თუმცა მაქვს კითხვები:
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა, რათა გაიზარდოს გამჭვირვალობა, კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება, მათ შორის განისაზღვროს დანიშვნის, შეფასების, დაწინაურების, გადაყვანის, დისციპლინური გადაწყვეტილებების და დავების საკითხები.
რას გულისხმობს სიღრმისეული რეფორმა, ანუ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს საბჭოს რეფორმა? მე ვიტყოდი, რომ თუ არ მოხდება შემადგენლობის ცვლილება, გარდამავალ პერიოდში მაინც, და უმრავლესობაში ისევ დარჩებიან ის მოსამართლეები, რომლებიც ჩინჩალაძე-მურუსიძეს უჭერენ მხარს, სამწუხაროდ მაინც არაფერი შეიცვლება. სხვა ძალა, მექანიზმი და შესაძლებლობა ე.წ. კლანის შეჩერების ვფიქრობ არ არსებობს.
რაც შეეხება დანიშვნის, შეფასების, დაწინაურების, გადაყვანის, დისციპლინური გადაწყვეტილებების და დავების საკითხების გადაწყვეტას – ესეც კარგია, მაგრამ თუ დანიშვნებზე, დაწინაურებაზე, გადაყვანაზე და დისციპლინურ საკითხებზე გადაწვეტილებას მიიღებს ისევ ე.წ. კლანი, აქაც არაფერი შეიცვლება.
აქაც გაგახსენებთ ერთ მაგალითს. დისციპლინურ სამართალწარმოებაში ბევრი რამ შეიცვალა, კანონმდებლობა დაიხვეწა და ა.შ. ასევე შემოვიდა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი. იცით ვინ გახდა დამოუკიდებელი ინსპექტორი? ადამიანი, რომელიც ჩინჩალაძის აპარატში მუშაობდა, ხოლო მოგვიანებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა. და შემდგომში, მეორე ინსპექტორი გახდა ის პირი, რომელსაც ასევე უნდოდა უზენაესის მოსამართლეობა (მასთან დაკავშირებით ეუთოს ანგარიშიც კია რის საუბარი), მაგრამ მოგვიანებით იწყებს მუშაობს იუსტიციის სკოლაში და ბოლოს ხდება ინსპექტორი. ჩინჩალაძის ნდობით და მხარდაჭერით ესეც სარგებლობს.
და კიდევ ერთი, კანონის იმპლემენტაცია როგორ უნდა მოხდეს არ ვიცი, როდესაც დისციპლინურ საკითხებზე სხდომები ძალზედ იშვიათად ტარდება ანუ მაშინ, როდესაც ეს ე.წ. კლანს გაუხარდება ანუ პროცესი მკვდარია.
2018-ში 8 სხდომა ჩატარდა, 2019-ში 2 სხდომა, 2020-ში 4, 2021-ში საერთოდ არ გვქონია სხდომა.
მოქალაქეთა საჩივრები კი ბევრია.
სულ ეს არის შეთანხმების დოკუმენტში. ვიმედოვნებ ის ნაწილი რომელიც საბჭოს რეფორმირებას ეხება ფართოდ განიმარტება, და სურვილი მაქვს გზაში დაემატოს კლანური მმართველობისგან სასამართლო სისტემის გაჯანსაღების იდეაც, სხვანაირად ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება, კიდევ ერთხელ, ამჯერად უფრო დიდი ხნით, 2040 – 2053 წლებამდე.
კომენტარები