ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:
“ჩემს „ქოცობასთან“ დაკავშირებით ჩემი „ნაცობის“ ისტორია უნდა მოგიყვეთ.
2003 წლიდან 2008 წლამდე ტელეკომპაია „იმედში“ ვმუშაობდი. გახსოვთ, „ვარდების რევოლუციის“ დღეებში ეს ტელევიზია რ2-ისგან განსხვავებით მხარს არ უჭერდა რევოლუციას. იგივე განწყობა იყო „ახალი ამბებების“ სამსახურის თითქმის ყველა თანამშრომელში. სულ ორი, თუ სამი ადამიანი ვიყავით, ( დიანა ტრაპაძეც მათ შორის.) ვინც ღიად ვგულშემატკივრობდით „რევოლუციას“.
მოგეხსნებათ, რევოლუციის გამარჯვების მერე „იმედი“ ოპოზიციური არხი გახდა და „ვარდების ხელისუფლებას“ მწვავედ აკრიტიკებდა (ნუ დასაწისში ნელ-თბილად). 2006 წლის მერე ამ კრიტიკამ ისეთი სახე მიიღო, რომ „იმედის“ საინფორმაციოს რომ ჩართავდით, იფიქრებდით ქვეყანა თავზე გვენგრევა, მარტო ცუდი ხდება და ვიღუპებითო. (პათოსი დაახლოებით ისეთივე იყო, რაც დღევანდელ ოპო არხებზე, უბრალოდ ტონი არ იყო მთლად ასეთი ისტერიული). ჰოდა, როგორც ახლა მაშინაც მიმაჩნდა, რომ მედია ობიექტურობას უნდა ცდილობდეს და არა ცალმხრივობას, ამიტომ ჩვენს საინფორმაციო პოლიტკას შიგნით ხშირად ვაპროტესტებდი: ვამბობდი ყველა ცუდი ამბავი უნდა გავაშუქოთ, მაგრამ მარტო ცუდი ამბები ხომ არ ხდება, მნიშვნელოვანი რეფორმები ტარდება და ა. შ, და ესეც დავინახოთ-მეთქი.
სწორედ, მაშინ დამერქვა „ნაცი“. შენ ნაცი ხარო, მითხრეს. მეუბნებოდნენ, რა დროს ობიექტურობაზე და მედია სტანდარტებზეა ლაპარაკი, ვერ ხედავ ქვეყანა ვის ხელში ჩავარდა, თავზე გვენგრევა, ვიღუპებით, მალე სამშობლო აღარ გვექნება და შენ რაღაც სტანდარტებზე გველაპარაკებიო.
არადა, ნაცების მმართვლეობის პირველი პერიოდი, მართლაც არ იყო მხოლოდ ნეგატივი (მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მოხდა რობაქიძის საქმე, გირგვლიანის საქმე) პარალელურად მნიშვნელოვანი რეფორმების და მოდერნიზაციის ხანა იყო (მეორე პერიოდისგან განსხვავებით, როცა სააკაშვილი 2007 წლის ნოემბრის მოვლენებმა და ხელისუფლების დაკარგვის რეალურობამ ისე შეაშინა, რომ ერთადერთი რასაც აკეთებდა ჭანჭიკების მოჭერა და ავტორატირაზმისკენ სრული სვლა იყო). ჰოდა, მიუხედავად ამისა „იმედის“ თანამშრომლებისთვის მაშინ ქვეყანა ინგრეოდა და იღუპებოდა და ობიქტურობის დრო არ იყო. უმეტესობა მათგანი დღესაც იგივეს ფიქრობს უკვე „ოცნების“ მმართველობაზე. ეკრანიდანაც ამას ამბობენ: „ოცნება“ გვღუპავს, ქყვეყანას ვკარგავთ, რუსეთის ტრაკში გვტენის, გადასარჩენია და ა.შ. და რაც მთავარია ახლა მე მათთვის ალბათ უკვე „ქოცი“ ვარ, რადგან ისევ ბალანსს და ობიექტურობას ვითხოვ.
თუმცა ყველაზე საინტერესო ისაა, რომ რამდენიმე მათგანს ვუსმინე და დღეს ნაცების მმართველობაზე ზუსტად ისე მსჯელობენ, როგორც მაშინ მე ვმსჯელობდი ანუ ცუდთან ერთად კარგიც ხდებოდაო, მაშინ ქვეყნის მოდერნიზაცია მოხდაო და ა. შ.
მოკლედ, პოსტი იმაზეა, რომ ობიექტურობის დრო ყოველთვის არის.
p. s. ვიცი, კომენტარებში მკითხავთ, დღეს რაღატომ შეიცვალე აზრი ნაცებზეო. არ შემიცვლია, დღესაც იგივეს ვამბობ, როცა მათ მმართვლეობას ვაფასებ, დღესაც ზუსტად ისე გავაშუქებდი მათ მმართველობას, როგორც მაშინ ვითხოვდი, უბრალოდ ხმას არ ვაძლევ. ეს ორი სხვადასხვა რამეა. ხმას რატომ არ ვაძლევ, ამაზე ბევრჯერ ვთქვი: ჩემთვის გაკეთებული საქმეები დანაშაულს ვერ გადაფარავს, (პლუს 2008 წლის მერე სრული ავტორიტარიზმის დამყარება). მოკლედ, არჩევნებზე ხმის მიცემის და მედიაგაშუქების დროს სხვადასხვა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობ. სულ ესაა.”
კომენტარები