• რეკლამა
  • კონტაქტი
19:11, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

რა შეიცვალა საქართველოს ეკონომიკისთვის ახლო აღმოსავლეთის შეთანხმებიდან ორი კვირის თავზე?

ალია ავტორი - ალია
17:48 06-29-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
18

აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო ოპერაციების ფორმალურად დასრულებიდან ორი კვირის თავზე, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ბაზრების რეაქცია გამოკვეთილად ოპტიმისტურია, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელი დარჩა და შემდგომი მოლაპარაკებებისთვის დამატებით 60-დღიანი პერიოდია განსაზღვრული. ბაზრების განწყობა მნიშვნელოვნად არც გასულ ორ დღეში მდგომარეობის კვლავ დაძაბვას შეუცვლია. ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 25 ივნისს კონფლიქტამდე პერიოდის მაჩვენებელს ჩამოსცდა და, ორშაბათს დილის მდგომარეობით, დაახლოებით, 72.5 აშშ დოლარად ივაჭრება. მკვეთრად შემცირდა სასუქების, ინდუსტრიული და ძვირფასი მეტალების, აგრეთვე სოფლის მეურნეობის სასაქონლო პროდუქციის ფასებიც.

როგორც წინა განახლებაში აღინიშნა, თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი, რომელიც 2026 წელს 7.4%-იან ეკონომიკურ ზრდას ითვალისწინებს, შედარებით ხანმოკლე კონფლიქტსა და დამატებითი მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტების არარსებობას მოიაზრებდა. ამდენად, ამ მხრივ პროგნოზი არსებითად უცვლელი რჩება. მართალია, კონფლიქტის მოგვარება სასაქონლო ფასებისთვის უარყოფითი ფაქტორია, თუმცა ექსპორტის დანაკლისს, დიდი ალბათობით, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენა დააბალანსებს, ისევე როგორც გასულ თვეებში დააკომპენსირა ტურიზმის დანაკლისი სასაქონლო ექსპორტმა.

არარეზიდენტების უნაღდო ხარჯებისა და ავიამიმოსვლის მონაცემებზე დაყრდნობით, მსგავსი დინამიკა უკვე შეინიშნება მაისში, როდესაც სტუმარმასპინძლობის სექტორში ზრდამ, წინა თვესთან შედარებით, შემცირებული საქონლის ექსპორტი დააბალანსა. გარკვეულწილად გაიზარდა რეზიდენტების ხარჯვაც. ამავდროულად, უახლესი ინდიკატორების თანახმად, ივნისში როგორც რეზიდენტების, ასევე არარეზიდენტების დანახარჯების მხრივ, მაისთან შედარებით, ჯერჯერობით გარკვეული შენელება იკვეთება.

ინფლაციის კუთხით, სასაქონლო პროდუქციის ფასების მკვეთრი კლება მოლოდინების გადახედვის საფუძველია. თიბისი კაპიტალის წინა პროგნოზი, რომლის მიხედვითაც წლის ბოლოს ინფლაცია 6%-ს მიაღწევდა, დეკემბრისთვის ბრენტის ტიპის ნავთობის ფასს 80-85 აშშ დოლარის დიაპაზონში მოიაზრებდა, რისკის პრემიის გარკვეულწილად მაღალ დონეზე შენარჩუნების დაშვების ფონზე. თუმცა, ბაზრების ზემოაღნიშნული ოპტიმიზმის პარალელურად, რისკის პრემია მკვეთრად შემცირდა – ფასების დინამიკაზე დაყრდნობით, ესკალაციამდე პერიოდთან შედარებითაც კი.

ამდენად, მიუხედავად იმისა, ეს ოპტიმიზმი მომავალშიც შენარჩუნდება თუ არა, რაც ღია საკითხად რჩება, მიმდინარე ტენდენციები ინფლაციურ ზეწოლას ამცირებს. ამ მხრივ, ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ნავთობისა და სურსათის ფასებია, რომელთა შემთხვევაშიც მსოფლიო ფასების გადმოცემის მექანიზმი საკმაოდ განსხვავებულია. საწვავის ადგილობრივი ფასები გლობალურ ბაზრებზე ცვლილებაზე მხოლოდ მცირედი ჩამორჩენით რეაგირებს. 29 ივნისის მდგომარეობით, მსხვილ სადგურებში ბენზინის ფასი ჯერჯერობით არ შეცვლილა, ხოლო დიზელის შემთხვევაში გარკვეულწილად კლება ფიქსირდება. თუ ბირჟაზე ვითარება არ შეიცვალა, მოსალოდნელია, რომ ივლისიდან ბენზინის ფასები შემცირებას დაიწყებს.

რაც შეეხება სურსათს, გადმოცემის მექანიზმი უფრო სუსტია. ამასთან, მართალია, სასუქების ფასი შემცირდა, თუმცა მასშტაბი სხვადასხვა ინდექსის მხრივ საკმაოდ განსხვავდება, და ყველა მათგანი შარშანდელ პერიოდთან შედარებით ჯერ კიდევ მაღალ ნიშნულზე რჩება. აგრეთვე, ბოლო თვეებში გაძვირებული სასუქების გამოყენება საკვების ფასებში მომდევნო თვეებში აისახება. ამინდის მკვეთრი ცვალებადობის გათვალისწინებითაც, სურსათის ინფლაციის კუთხით სურათი ნაკლებად გამოკვეთილია, თუმცა, მოსალოდნელია, რომ წინა დაშვებებთან შედარებით ფასებზე ზეწოლა შედარებით სუსტი იქნება. საერთო ჯამში, თიბისი კაპიტალის პროგნოზით, წლის ბოლოს ინფლაცია 5.1%-ს მიაღწევს, იმ დაშვებით, რომ კონფლიქტის ესკალაცია აღარ მოხდება და ბრენტის ტიპის ნავთობი დეკემბრისთვის, დაახლოებით, 70 აშშ დოლარი ეღირება.

ინფლაციური ზეწოლის შემცირებასთან ერთად, მცირდება გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ხანგრძლივად შენარჩუნების ალბათობაც. უფრო მეტიც, რადგან ინფლაციამ, სავარაუდოდ, პიკურ მაჩვენებელს აპრილში უკვე მიაღწია, მეტია განაკვეთის კვლავ 8%-მდე შემცირების არგუმენტებიც. მეორე მხრივ, როგორც სებ მიუთითებს, განაკვეთის შემცირება მხოლოდ მას შემდეგაა მოსალოდნელი, რაც ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. მიმდინარე პროგნოზით, ფასების ზრდა წლის მეორე ნახევარში საშუალოდ 5% იქნება, მიზნობრივ 3%-იან ნიშნულამდე კი 2027 წლის მეორე კვარტლიდან შემცირდება.

სხვა თანაბარ პირობებში, უფრო დაბალი ინფლაცია ლარისთვის ნეგატიური ფაქტორია, რადგან უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთებსაც მოიაზრებს. მიუხედავად ამისა, თიბისი კაპიტალი წლის ბოლოს აშშ დოლარი/ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზს 2.60-2.65-ის ფარგლებში ინარჩუნებს, რასაც ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს. პირველი, 2026 წელს შედარებით გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებაა მოსალოდნელი. ამასთან, გასულ თვეებში, ინფლაციის ზრდის პარალელურად, ლარი მხოლოდ მცირედით გამყარდა.

მეორე, უცხოური ვალუტის ბაზარზე კვლავ სიჭარბე ფიქსირდება, რაც მიმდინარე პერიოდში ლარის ძირითადი მხარდამჭერი ფაქტორია. 2026 წლის პირველ ხუთ თვეში ექსპორტი 19.8%-ით გაიზარდა, სასაქონლო პროდუქციის ხარჯზე, ხოლო იმპორტი – მხოლოდ 5.4%-ით. შედეგად, იანვარი-მაისის პერიოდში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი მშპ-ის 26.6%-მდე შემცირდა, რაც წინა წლების მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. შემოდინებებს ხელი შეუწყო მაისში სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციის გამოშვებამაც – ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ემისიის 65% უცხოელმა ინვესტორებმა შეიძინეს, რის შედეგადაც თვის ბოლოს სახაზინო ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტი მფლობელების წილი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაიზარდა და 7.1% შეადგინა, ბოლო ერთ წელიწადში საშუალოდ 2.5%-თან შედარებით.

აღნიშნული ფაქტორების ფონზე, სებ-მა მაისში რეკორდულად მაღალი 633 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა, რაც ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია. თიბისი კაპიტალის შეფასებით, სავალუტო ბაზარზე სიჭარბე ივნისშიც ნარჩუნდება – შესაბამისად კვლავ აქტიურია ინტერვენციებიც. აღსანიშნავია, რომ სებ-მა ივნისში დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ოქრო შეიძინა, რის შედეგადაც ოქროს წილი რეზერვებში 15.5%-მდე გაიზარდა. მაისის ბოლოს, მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა 7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) შესაბამისობის ნორმის 114.8%-ია. სსფ-ის შეფასებით, საქართველოსთვის ოპტიმალური ნიშნული შესაბამისობის ნორმის, დაახლოებით, 145-150%-ს აღწევს. ამდენად, მოსალოდნელია, რომ ინტერვენციები წლის დარჩენილ პერიოდშიც გაგრძელდება, თუმცა შედარებით ზომიერად.

სავალუტო ბაზარზე არსებული სიჭარბე საყურადღებოა საბანკო სექტორისთვისაც. მარტის შემდგომ მნიშვნელოვნადაა გაზრდილი უცხოური ვალუტის დეპოზიტები. მკითხველს ახსოვს 2024 წლის დოლარიზაციის ეპიზოდი, როდესაც სენტიმენტების გაუარესების ფონზე ლარის დეპოზიტები მასობრივად უცხოური ვალუტის დეპოზიტებში დაკონვერტირდა და ე.წ. „კარგი დროის ბუფერის“ შექმნა გამოიწვია. საპირისპიროდ, მიმდინარე წელს უცხოური ვალუტის დეპოზიტების ზრდას თან არ ახლავს ლარის დეპოზიტების კლება, რაც მიუთითებს, რომ ძირითადი ფაქტორი არა კონვერტაციები, არამედ წმინდა სავალუტო შემოდინებებია, ჩვენი შეფასებით, ერთჯერადი ფაქტორების გარეშე, ეს ტენდენცია ივნისშიც ნარჩუნდება.

და ბოლოს, აშშ დოლარის კუთხით, ბოლო რამდენიმე დღეში განვითარებული მოვლენების ფონზე, მოსალოდნელია, რომ მოკლევადიან პერიოდში დოლარი შედარებით გამყარებული დარჩება. თებერვლის შემდგომ, აშშ დოლარის გამყარებას აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების ზრდა უწყობდა ხელს, რაც, თავის მხრივ, ინფლაციური მოლოდინების ზრდით იყო განპირობებული. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ინფლაციური მოლოდინები კვლავ შემცირდა. თუმცა საპროცენტო განაკვეთების მოლოდინები არათუ არ შემცირდა, არამედ გაიზარდა კიდეც. შედეგად, აშშ დოლარი, სავაჭრო პარტნიორების მიმართ, გასულ ერთ წელიწადში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გამყარდა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.

პირველი, ფედერალური სარეზერვო სისტემის ახალი თავმჯდომარის 17 ივნისის პრესკონფერენცია ბაზრებისთვის ოპტიმისტური გამოდგა. გაიზარდა მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება არა მეტად პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური ფაქტორების გაანალიზების შედეგად იქნება მიღებული. სანამ ბაზარზე ეს მოსაზრება დომინირებს, რაც, შესაძლოა, ძალზე სწრაფად შეიცვალოს, მოსალოდნელია, რომ აშშ დოლარი შედარებით მყარი დარჩება. მეორე, ფედერალური სარეზერვო სისტემის საბჭოს 18 წევრიდან ცხრა ელის, რომ წლის ბოლოსთვის საპროცენტო განაკვეთი მინიმუმ ერთხელ გაიზრდება, მათ შორის ექვსი კი მინიმუმ ორ ზრდას უჭერს მხარს. მესამე, აშშ-ის ეკონომიკის სიძლიერის ფონზე, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების კუთხით მოქნილობის მეტი სივრცეა.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურისთვის? საშუალო და გრძელვადიანი ფაქტორები კვლავ აშშ დოლარისთვის ნეგატიურია, თუმცა მოკლევადიან პერიოდში დოლარის გამყარების ალბათობა გაიზარდა. ამდენად, მოკლევადიანი პოზიციების შემთხვევაში აშშ დოლარში ნაკლები სესხებაა ოპტიმალური. კონკრეტულად რამდენი უნდა ვისესხოთ, ამ შეკითხვაზე პასუხისთვის ინდივიდუალური, კომპანიაზე მორგებული შეფასება, რასაკვირველია, ყველაზე ზუსტია, თუმცა ორიენტირად მარტის „ერთგვერდიანი შეჯამება“ და მაისის „მკითხველის კომენტარებზე პასუხები“ გამოდგება.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007567-macro-update-georgia

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved