თამო კეშელავა, ალია
ჩვენ უკვე წლებია გვეუბნებიან რომ რუსეთთან ჰიბრიდულ ომში ვართ. 2022 წელს კი ისე გვეკითხებიან, აბა, ომი გინდა? – თითქოს თვითონ არ ამბობენ, რომ ჰიბრიდულ ომიში ვართ.
ამერიკელი სამხედრო ანალიტიკოსის ფრენკ ჰოფმანის თანამედროვე კონფლიქტების სხვადასხვა ფორმის ანალიზში ჰიბრიდული საფრთხეები შემდეგნაირად არის განსაზღვრული: “ჰიბრიდული საფრთხეებია, როდესაც ნებისმიერი მოწინააღმდეგე ერთდროულად იყენებს კონვენციური იარაღის, არარეგულარული ტაქტიკის, ტერორიზმისა და კრიმინალური ქცევის შესაბამის კომბინაციასა და საომარი მოქმედებების სივრცეს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად”. ახლა თავად დაფიქრდით, ნიშნავს, თუ არა, ჰიბრიდული ომი ომს და ვართ, თუ არა, წლებია ომში.
რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის წინაშე სიტყვით წარსდგა თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელმაც ისევ გაიმეორა, რომ წლებია რუსეთი ჰიბრიდული ომის მეთოდებით გვეომება და ისაუბრა საქართველოს თავდაცვაზეც – მოკლედ რომ გითხრათ, ნატო გაგიჟებულა ჩვენი სამხედრო სკოლები რომ უნახავს, გადარეულა ჩვენი სამხედრო ინფრასტრუქტურა რომ უნახავს, ერთი-ერთში ჯდება ნატოს სტანდარტშიო, უთქვამს. აქეთ სამხედროებს ბინებს ვუშენებთ, იქეთ, “დელტა”-ს წარმოებულ მანქანებით ვამარაგებთ ჯარს და მოკლედ, ძალიან ძლიერი და კარგი თავდაცვა გვაქვს.
რაც შეეხება დეტალებს, მინისტრმა ხაზგასმით ისაუბრა საჰაერო თავდაცვაზე. რუსეთ-უკრაინის ომმა კარგად გვაჩვენა, რა დატვირთვა აქვს საჰაერო თავდაცვას და ბავშვმაც კი იცის უკვე, რომ უკრაინას რომ შეძლებოდა ცის ჩაკეტვა – გაცილებით ნაკლები მსხვერპლი ექნებოდა, გაცილებით ნაკლები ქალაქი დანგრეული, რადგან კონტაქტურ, პირისპირ შეჯახებაში, ყველგან წააგო რუსის ჯარმა.
– ამხელა უკრაინამ ვერ ჩაკეტა ცა და ჩვენ როგორ ჩავკეტავთ? – მკითხავენ ახლა ჩასაფრებულები.
კი, რუკას მეც დავხედე და ნამდვილად ბევრად დიდ ტერიტორიაზეა გადაჭიმული უკრაინა, ლოგიკურია, რომ ჩვენზე მეტი მოქალაქის სიცოცხლე აქვს დასაცავი და ისიც ლოგიკურია, რომ ჩვენზე დიდი ცა აქვს, ანუ, ჩვენ უკრაინაზე ბევრად პატარა ცა გვაქვს და ჩვენ გაცილებით ნაკლები ტექნიკა დაგვჭირდება ჩვენი ცის დასაცავად, ვიდრე უკრაინას. სხვათა შორის, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გაცილებით პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენი ცის დაცვა გაცილებით მნიშვნელოვანია – ჩვენი რელიეფი მრავალრიცხოვან მტერს გაშლის საშუალებას ისედაც არ აძლევს, ეს თავადაც კარგად იცის, ამიტომ იმუქრება ჩვენი მეზობელი მუდამ ცით, ამიტომ დაბომბა გორში საცხოვრებელი სახლები, შესაბამისად, ცის დაცვას ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
რა ხდება ამ კუთხით საქართველოში?
თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, 2022 წელი, ივნისი:
“საომარი ვითარების დროს საჰაერო სივრცეში მოწინააღმდეგის დომინირების შეზღუდვა უმნიშვნელოვანესია თავდაცვითი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად. ამიტომ, აუცილებელია შესაბამის პროფესიონალებთან ერთად ადეკვატური ტექნიკის არსებობაც. 2020 წლიდან ისრაელის უმსხვილესი სამხედრო ინდუსტრიის, “რაფაელის” წარმომადგენლებთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, დავიწყეთ “რაფაელის” წარმოებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განახლება და მოდერნიზაცია, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება. დაგეგმილია არსებული რადიოლოკაციური სისტემების აღდგენა და საშუალო და შორი რადიუსის მქონე საზენიტო-სარაკეტო საშუალებების შეძენა: ასევე, უკვე დასრულდა ფრანგული კონტრაქტის მეორე ეტაპისათვის გათვალისწინებული საშუალებების მიღებაც და ამჟამად მიმდინარეობს პირადი შემადგენლობის მომზადება სისტემის შემდგომი ექსპლუატაციისათვის. დაწყებულია მუშაობა საჰაერო თვალთვალის გაერთიანებული ცენტრის შექმნისა და აღჭურვის კუთხით.“
თავდაცვის სამინისტრო, 2021 წელი, 31 მაისი:
“წელს სრულდება პროგრამა ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარების, მობილური საკომანდო პუნქტის და მისტრალ-3 ტიპის რაკეტების საცეცხლე მანქანებით. გრძელდება მუშაობა საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენასა და მოდერნიზაციასთან დაკავშირებით, რომელზეც მუშაობა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრობისას დაიწყო, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ისრაელის უმსხვილეს სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენელთან, კომპანია “რაფაელთან”, მიმდინარე წლის ბოლომდე არსებულ სისტემებს ჩაუტარდებათ მოდერნიზაცია, ასევე იგეგმება თანამედროვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების შეძენა.”
როგორც ხედავთ, სტაბილურად ვრჩებით, 2021 წელსაც დასრულებული იყო ფრანგული პროგრამა, 2022 წელსაც დასრულებულია, 2021 წელსაც იგეგმებოდა საზენიტო სარაკეტო დანადგარების ყიდვა, 2022 წელსაც იგეგმება, 2021 წლის ბოლოსაც უნდა დასრულებულიყო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მოდერნიზაცია და 2022 წლის ბოლოსაც უნდა დასრულდეს იგივე კომპანიის იგივე პროგრამა. კარგია, ასეთი სტაბილურობა, თუ ცუდია, თავად განსაჯეთ.
2022 წელი, ივნისი, თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე:
“მიმდინარეობს მუშაობა თანამედროვე ჯავშანსაწინააღმდეგო ერთჯერადი და მრავალჯერადი ყუმბარმტყორცნების შეძენაზე. შერჩეულია კონკრეტული მწარმოებლები და ახლო მომავალში იგეგმება მათი შესყიდვა.”
2020 წელი, ირაკლი ღარიბაშვილი:
“2021 წელს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობით იგეგმება ჯაველინების დამატებითი პარტიის შეძენა. ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებების გაზრდის მიზნით, დაგეგმილია ახლო რადიუსის თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების შეძენა.”
როგორც ჩანს, ჯაველინებს ყოველ წელს ვყიდულობთ, სულ ახალს და ახალს, თანამედროვე მოდელებს.
2022 წელი, ივნისი, ჯუანშერ ბურჭულაძე:
“ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მოხდეს უპილოტო საფრენი აპარატების საქართველოში წარმოების დაწყება. ამ ეტაპზე შექმნილია ერთობლივი საწარმო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უპილოტო თვითმკვლელი და სადაზვერვო საფრენი აპარატების წარმოებას უზრუნველყოფს. აღნიშნული ქართულ-პოლონური საწარმო აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით. გეგმის მიხედვით, კომპანია შპს “დელტა ვებე” წლის ბოლომდე უკვე გამოუშვებს ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს.”
2020 წელი: ირაკლი ღარიბაშვილი:
“2021 წელს საქართველო ოპერატიულ და ტაქტიკურ უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო დრონებს შეიძენს.”
როგორც ხედავთ, აქ მცირედი ცვლილებაა, თან ვყიდულობთ და თან მალე წარმოებას დავიწყებთ. კარგია, რაც მეტი – უკეთესი.
იგივეა რადიო-ელექტრონული სადაზვერვო და სათვალთვალო საშუალებების შეძენის კუთხითაც, წინა მინისტრიც ამბობდა, რომ იყიდდა და ახალი მინისტრიც გვპირდება ყიდვას. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, თერმული სადაზვერვო-სათვალთვალო საშუალებები უკვე გვაქვს, წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში კი, იგეგმება სახმელეთო თვალთვალის რადარების კომპლექტების შეძენა, ასევე მოხდება ელექტრონული და რადიო-სადაზვერვო საშუალებების შეძენა და არსებული სისტემების განახლება. რა უცნაური რამეა ეს სამხედრო ტექნიკა, ყიდვას ვერ ასწრებ, უკვე გასაახლებელია.
2022 წელი, ივნისი, ჯუანშერ ბურჭულაძე:
“თბილავიამშენისა” და “დელტას” მხარდაჭერით, აქტიურად გრძელდება არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის სამუშაოები. შესრულებული სამუშაოს შედეგად, უკვე გაიმართა 6 ერთეული სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავი, ასევე 4 ერთეული მი-24, 3 ერთეული იროკეზი უჰ-1 და ან-2 ტიპის თვითმფრინავები. ეს პროცესი გრძელდება და დაგეგმილია დანარჩენი საავიაციო საშუალებების მოდერნიზება/განვითარება, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საცეცხლე, საარტილერიო საშუალებების განვითარებას და შესაბამისად, უკვე დაწყებულია მუშაობა არსებული თვითმავალი საარტილერიო სისტემების რემონტისა და განახლების კუთხით. მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული საარტილერიო დანადგარების თანამედროვე ცეცხლის მართვის სისტემაში ჩართვის მიმართულებით: აღნიშნული ცეცხლის მართვის სისტემა საშუალებას იძლევა გავზარდოთ დაზიანების სიზუსტე და შემცირდეს ცეცხლის წარმოების დრო. მიმდინარეობს მუშაობა ნაღმმტყორცნების, მათ შორის მობილური/თვითმავალი ნაღმმტყორცნების წარმოებასა და შეძენაზე.”
2021 წელი, თავდაცვის სამინისტრო:
“ირაკლი ღარიბაშვილის თაოსნობით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით, მინისტრის ინიციატივით, მალე საქართველოს თავდაცვის ძალებს განახლებული და მოდერნიზებული საავიაციო პარკი ექნება; განვითარდა სამხედრო მრეწველობა; მოძველებული ტექნიკა უახლესი ბრენდების ტექნიკით ჩანაცვლდა.”
საავიაციო პარკის მოდერნიზებას ორივე ისევ ერთ ხმაში და სხვადასხვა პერიოდში გვპირდება, თუმცა, მოძველებული ტექნიკის უახლესით ჩანაცვლება უკვე მოუსწრია ღარიბაშვილს და ამჟამინდელი მინისტრიც რატომ იმეორებს ამ ჩანაცვლება/გაახლებას, უცნობია.
2022 წელი, ივნისი, ჯუანშერ ბურჭულაძე:
“ნატოს სტანდარტების ავტომატური ჯი4 ტიპის შაშხანების წარმოებისთვის საწარმო მუშაობს სატესტო რეჟიმში და მიმდინარეობს უკვე დამზადებული 5 ერთეული ნიმუშის ტესტირება სხვადასხვა მეთოდით. იარაღების გამოცდის შემდეგ საწარმო დაიწყებს სრულყოფილ ფუნქციონირებას, რაც საშუალებას მოგვცემს ვაწარმოოთ წელიწადში რამდენიმე ათასი ჯი4 ტიპის შაშხანა”
ბატონო მინისტრი, ყველანი მოუთმენლად დაველოდებით, როდის დავიწყებთ შაშხანების წარმოებას.
2022 წელი, ივნისი, ჯუანშერ ბურჭულაძე:
“გარემონტებულია ყველა მოქმედი ყაზარმა, სასადილო, მოეწყო ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდა შიდა სივრცე. ინფრასტრუქტურის განვითარება და მშენებლობა კვლავ აქტიურად მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება, – მიმდინარეობს ლოჯისტიკური და ტექნიკური საშუალებების მოდერნიზებაც.”
2021 წელი, თავდაცვის სამინისტრო:
“ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში – 60 ლოკაციაზე 250-მდე სამხედრო ობიექტი გარემონტდა და ჩაუტარდა რეაბილიტაცია; სამხედროებისთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფის მიზნით, გაუმჯობესდა სამხედრო მოსამსახურეების ეკიპირება და თავდაცვის ძალები აღიჭურვა ნატოს სტანდარტის უმაღლესი ხარისხის ფორმებითა და ფეხსაცმლით.”
წინა მინისტრიც არემონტებდა, ახალიც არემონტებს, მომავალიც გაარემონტებს, ბოროტი ენები ამბობენ, მშენებლობაში ბლომად ფული რჩებათო მავანთო და რა გითხრათ… ახალმა მინისტრმა განაცხადა, რომ კიდევ უფრო გაძლიერდა პარტნიორული ურთიერთობები დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, ბალტიის, სკანდინავიისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან, ასევე, აღნიშნა თავდაცვის ძალების მხარდაჭერის მიმართულებით თურქეთის ძალისხმევა და საქართველო – აზერბაიჯანი – თურქეთის სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები. ვნახოთ, ვნახოთ, გასულ წელს ამ სიაში უკრაინა პირველ სამეულში იყო და ვინ იცის, მომავალ წელს, რომელ ქვეყანას დაესხმება თავს რუსეთი.
ხო, მართალია, ახლა ახალი ტრენდია, ევროკავშირი გვითრევს ომშიო, მოთქვამენ, მაგრამ…
ჯუანშერ ბურჭულაძე:
“ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებული განაცხადი, დაკმაყოფილების შემთხვევაში, არა მხოლოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ერის პოლიტიკურ-ღირებულებითი არჩევანის გზაზე, გაზრდის საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობას, არამედ, გააძლიერებს უსაფრთხოების კომპონენტს.”
მოკლედ, ასეა ჩვენი ჯარის, ცის და მიწის საქმე, ვაშენებთ, გვირიცხავენ ფულს, ვყიდულობთ ტექნიკას, მერე კიდევ ვყიდულობთ, თან ვაახლებთ, მერე ვყიდულობთ, თან ვაწარმოებთ, მერე ვაახლებთ და მაინც:
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ზალკალიანი, 2022 წელი:
“როდესაც 40 კილომეტრში, აი, აქვე დგანან, მათ არ სჭირდებათ დამატებითი მობილიზაცია. ის მობილიზაცია, რაც განახორციელეს უკრაინასთან მიმართებაში – თვეობით, ჯარებისა და კონტინგენტის მიყვანა. აქვე არიან, ავტობანიდან ჩანს მათი ოკუპაციის შედეგი. რამდენიმე წუთი დასჭირდება, რათა მთლიანად საქართველო თავდაყირა დააყენონ. როგორ გგონიათ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რას აპირებენ ან როგორ აპირებენ?”
სად მიდის ეს იარაღი, მაშ, მიწამ ჩაყლაპა, ჩიტმა წაიღო? ითამაშეთ და გაფუჭდა? არ გვიყიდია სინამდვილეში? აბა, ვიომეთ? ვაჩუქეთ ვინმეს? აბა, ცის დაცვის საშუალებებიც თუ გვაქვს, ჯარისკაცებს თუ იარაღიც აქვს, დაზვერვის ნაირნაირი საშუალებებიც გვაქვს, სარაკეტოც საზენიტო დანადგარებიც და საარტელერიო საშუალებებიც თავზე გვაყრია, რამდენიმე წუთში როგორ აგვიღებენ? აგვიღებენ, თუ ვნებდებით? ამ დაფინანსებით მართლა ვიყიდეთ იარაღი, თუ ბწკენა-ბწკენაში დედოფალი დაორსულდა და ზღვა კოვზით დაილია?
გაგრძელება იქნება
კომენტარები