„ალიას“ ესაუბრება „ნიუ ჰოსპიტალსის“ ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრს ხერხემლის ქირურგი, ტრისტან ნიშნიანიძე, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება მიღებული აქვს საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის, ჩინეთის, ყაზახეთის, აფრიკის და ისრაელის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში, მისი სპეციალიზაცია მოიცავს ხერხემლის ქირურგიას, ხერხემლის დეფორმაციებს, სქოლიოზს, ორთოპედიას და ტრავმატოლოგიას.
–ხერხემლის რა ტიპის დეფორმაციები არსებობს და როგორ შეიძლება მისი ამოცნობა საწყის ეტაპზე?
–ხერხემლის დეფორმაციის ორი ტიპი არსებობს: სქოლიოზი და კიფოზი, სქოლიოზი ხერხემლის გამრუდების ყველაზე გავრცელებული სახეა. ყველაზე ხშირად გვხვდება მოზარდებში. ბავშვის ჩამოყალიბებისას, ზოგჯერ კუნთოვანი მასა ვერ ეწევა ძვლების ზრდის პროცესს, ეს კი ხერხემლის კუნთების და იოგოვანი აპარატის სისუსტეს განაპირობებს. გარდა კუნთების სისუსტისა, არაჯანსაღი კვება ასევე შეიძლება გახდეს ხერხემლის გამრუდების საფუძველი. უნდა იცოდეთ, რომ ბრტყელტერფიანობაც ძალიან ხშირად ხდება ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი, ტერფის დეფორმაცია იწვევს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემებს. ამიტომ, აუცილებელია ამას დიდი ყურადღება ბავშვობის ასაკიდანვე მიექცეს. სქოლიოზი ვლინდება პირდაპირ პოზიციაში გადახრით. კიფოზის, რომელსაც ასევე შერმანის სინდრომსაც უწოდებენ, დროს კი, წინ არის ადამიანი მოხრილი, ზურგის ზედა სეგმენტში. ამ დროს ადამიანი მოხრილია და მხრები წინ აქვს დაშვებული.
ძალიან ბევრ ქვეყანაში, სკოლებში მუდმივად ტარდება სასკოლო სკრინინგები, რომელიც დროსაც, ექიმი, ადვილად მიხვდება, თუ მოზარდს რომელიმე პრობლემა უვითარდება. სასკოლო სკრინინგების არქონა, უნდა ჩავანაცვლოთ პედიატრით, რომელმაც, წესით, მუდმივად უნდა აკონტროლოს სკრინინგებით მოზარდი და პრობლემის შემთხვევაში, გადაამისამართოს შესაბამის ექიმთან. ნიშნები ხერხემლის დეფორმაციის ასეთია: მხრების ასიმეტრია, ბეჭის ასიმეტრია, ზურგზე ნაოჭების არასწორი „დგომა“, მენჯის ფრთების არასწორად „დგომა“.
–რამდენად საშიშია სქოლიოზის საწყისი პერიოდი?
–განასხვავებენ სამ ჯგუფს:
0–3 წლები – თანდაყოლილი სქოლიოზი – ვითარდება ხერხემლის ფორმირების დეფექტის ან ნეკნების შეწებების გამო. აუცილებელია ადრეულ ეტაპზევე მოხდეს მისი იდენტიფიცირებადა მკურნალობა. დეფექტის ტიპიდან გამომდინარე, მას შეუძლია სწრაფი პროგრესირება.
3–10 წლები – ნერვ-კუნთოვანი სქოლიოზი – ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ნევროლოგიურ დაავადებასთან ასოცირებული კუნთოვანი დამბლით, ისევ და ისევ, ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა პროგრესირებად დეფექტებს მოაგვარებდა.
10–17 წლამდე – იდიოპათიური სქოლიოზი – ამ ტიპის სქოლიოზი არის ყველაზე გავრცელებული. ბოლო პერიოდის სამეცნიერო პუბლიკაციებში სჭარბობს მოსაზრება, რომ დაავადება არის მემკვიდრეობითი. ხშირად ვლინდება ახალგაზრდა გოგონებში, სწრაფი განვითარების პერიოდში. ამიტომაცაა აუცილებელი მუდმივი სკრინინგი, სანამ მოზარდი ფიზიკურ ზრდას არ დაასრულებს.
სქოლიოზის და კიფოზის შემთხვევაშიც, უაღრესად მნიშვნელოვანია საწყის ეტაპზე გამოვლინდეს დაავადება და ახლავე ავხსნი რატომაც – არსებობს რამდენიმე ფორმა დეფორმაციის, მსუბუქი – 10–25 პროცენტამდე გადახრა, საშუალო – 25–45 პროცენტამდე გადახრა და მძიმე 45 პროცენტიდან ზემოთ. საქმე ისაა, რომ მსუბუქი და საშუალო დეფორმაცია არ არის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი. გარდა ამისა, საწყის ეტაპზე მისი მკურნალობა და როცა ვსაუბრობ მკურნალობაზე, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ დეფორმაციის შეჩერებას და არა გასწორებას, არის შესაძლებელი.
დეფორმაციის გასწორება მხოლოდ ოპერაციითაა შესაძლებელი. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხერხემლის დეფორმაციის საშუალო და მსუბუქი ფორმა არ არის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის სახიფათო და არც ოპერაციის საჭიროება დგას. აი, თუ დეფორმაციამ გადააჭარბა 45 და მეტ პროცენტს, შემდეგ უკვე ჯანმრთელობასა და სიცოცხლესაც კი საფრთხე ექმნება. თუ ადამიანი, რომელსაც აქვს ხერხემლის დეფორმაცია 25–45 პროცენტამდე, შეძლებს ჯანსაღად იცხოვროს, თუ ყურადღებას არ მიაქცევენ პრობლემას, და ხერხემლის დეფორმაცია 70 პროცენტამდე გაიზრდება, უკვე დიდ რისკებთან გვაქვს საქმე, ფილტვის, გულ–სისხლძარღვთა პრობლემები, მალათა შორის დისკების დაზიანება და ასე. შემდეგ. 70–75 პროცენტიანი დეფორმაციის შემდეგ იწყება სერიოზული ბიომექანიკური პრობლემები, მათ შორის, მაგალითად, სუნთქვის გაძნელება.
–რა ასაკის ადამიანები იკეთებენ ძირითადად ოპერაციას?
–ასაკი ასე შეზღუდული არ არის, თუმცა, ძირითადად 11–14 წლის ასაკის მოზარდებს უტარდებათ ოპერაციები, ამ დროს ხერხემალი ელასტიურია, ადვილია ოპერირება. თუმცა, ასაკი არ არის განსაზღვრული, 30–35 წლის ასაკში მყოფ პაციენტებსაც გაუკეთებიათ ოპერაცია და დადებითი შედეგი დამდგარა. პრობლემა ასაკში კი არა, დეფორმაციაში, სამწუხაროდ, ყოფილა ისეთი შორს წასული მდგომარეობა, როცა უკვე 80 პროცენტით და მეტითაა გადახრა, და ხერხემალი ძალიანაა დაზიანებული, ჩათრეულია შინაგანი ორგანოები და ფიზიკურად ვეღარ ხერხდება ოპერაცია.
–როგორ კეთდება ოპერაცია? ვიცი, რომ ურთულესი ოპერაციაა, ჩვენთვის გასაგებ ენაზე რომ გვითხრათ, რა გზით ხდება დეფორმაციის გასწორება? და აქვე იმასაც გკითხავთ, თუ ადამიანს აქვს დეფორმაციის მსუბუქი ან საშუალო ფორმა და არ უშლის ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესში, მაგრამ მაინც, ესთეტიურობის გამო სურს ოპერაციის გაკეთება?
–არავის, ვისაც აქვს მსუბუქი და საშუალო ფორმა, ოპერაციის გაკეთებას არ ვურჩევ. არ უშლით მათ ხელს ჯანსაღი ცხოვრებისთვის დეფორმაციის ეს ტიპი, მთავარია იმკურნალონ, შეაჩერონ იმ ნიშნულზე, სადაც არის.
რაც შეეხება ოპერაციას, კი, ნამდვილად ურთულესია, ხერხემალთან, ზურგის ტვინთან ახლოს მუშაობ, ზურგის ტვინიდან გამომავალ ნერვებთან მუშაობ, სკრუპულოზური მუშაობა სჭირდება, იმპლანტები სწორი მიმართულებით უნდა იქნეს ჩასმული, არ უნდა მოხდეს აორტის, ფილტვის დაზიანება, დიდ სიზუსტეს მოითხოვს, რომ ოპერაციის დროს არ დაზიანდეს ნეირომონიტორინგი, ქირურგის გამოცდილება გადამწყვეტია ამ დროს. კარგი და დადებითი ამბავი ამ ოპერაციის ის არის, რომ პაციენტი მეორე დღესვე ფეხზე დგება, 3 კვირაში კი აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, 6–8 თვეში იმპლანტი სრულად ხორცდება სხეულში. იმდენად მაღალი ხარისხის იმპლანტებზე ვმუშაობთ, რომ ჯერ არ მქონია შემთხვევა, სხეულს მიმღებლობა არ ჰქონოდეს, დროზე ჩატარებული ოპერაცია გამოჯანმრთელების 100 პროცენტიან გარანტიას იძლევა.
–როგორც მივხვდი, ორი რამაა მთავარი – გამოცდილი ქირურგი და დროულად მიმართვა გამოცდილი ქირურგისთვის, ხომ?
–დიახ, ამის გამეორებით არ დავიღლები, აუცილებელია სასკოლო სკრინინგი, თუ ეს არ გვაქვს და სამწუხაროდ არ გვაქვს, პედიატრთან მუდმივი სკრინინგი და ეჭვის შემთხვევაში, კვლევა. იმდენად დიდია ხერხემლის დეფორმაციის ზრდისას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაავადებების გართულების რისკი, რომ არავინ უნდა გადადოს, ეჭვის შემთხვევაში, დიაგნოსტირება და კვლევა. სამწუხაროდ, ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა ხერხემლის დეფორმაცია უკვე მძიმე ფორმაშია და მაინც აიმედებენ პაციენტსა და მის ოჯახს და ცდილობენ ალტერნატიული მეთოდებით მკურნალობაზე დაიყოლიონ. სამწუხაროდ, დღეს ბევრია ისეთი არაპროფესიონალი გუნდები, რომლებიც აიმედებენ პაციენტს ტყუილად და ძვირფას დროს აკარგვინებენ. საერთოდ არ არის დღეს რთული ამ დაავადების კვლევა, რენტგენიც კი საკმარისია და როცა პაციენტი და მისი ოჯახი ხედავს, რომ დეფორმაცია იზრდება, სასწრაფოდ უნდა მიმართოს სპეციალისტს. ასე არ ხდება, რომ ერთ დღეს დაიძინა ადამიანმა, არ ჰქონდა სქოლიოზი და მეორე დილით გაიღვიძა და სქოლიოზი აქვს, ყველა ის შემთხვევა, რომელიც უკვე, სამწუხაროდ, არის არაოპერირებადი, არის დაუდევრობის ბრალი! მშობელმა და ექიმმა არ უნდა მიიყვანოს იმ მდგომარეობამდე საქმე, რომ უკვე ოპერაცია იყოს დაგვიანებული – ეს არის სიმართლე!
–ამ ურთულესი პროფესიით თქვენი დაინტერესება რამ გამოიწვია?
–ორთოპედია, ტრავმატოლოგია ყოველთვის მაინტერესებდა, ასევე ნეიროქირურგია. ამერიკაში და ისრაელში ხერხემლის პათოლოგიებმა და მკურნალობის ახალმა მეთოდებმა დამაინტერესა. საქმე ისაა, რომ ეს სფერო მუდმივად განვითარებადია, მუდმივად სიახლეებია, მუდმივად დინამიკაშია და საშუალება გეძლევა მეტად და მეტად დახვეწო მკურნალობის, ოპერაციების გზები. ამ სფეროში ლიმიტირებული არაფერია, ხვალ, შესაძლოა კიდე ახალი რამ ვისწავლოთ, რითაც, ბევრ ადამიანს, ვისაც დახმარების იმედი აღარ აქვს, დავეხმაროთ.
–დიდი იმედი მაქვს, ოდესმე იმ ადამიანებსაც დაეხმარებიან მედიცინის ამ სფეროთი,
რომლებსაც გადაადგილება არ შეუძლიათ და ეტლს არიან მიჯაჭვულნი.
–ბაიპასქირურგიას დიდი მომავალი აქვს, უკვე შეიქმნა იმპლანტი, რომელიც ხერხემლის ტვინის დაზიანებისას გამოიყენება, ინერგება იმპლანტები, რომლებიც ნერვიულ იმპულსებს გადასცემენ ჯანსაღი ქსოვილებიდან ქვედა კიდურებს. აქვთ იმედი, რომ ადამიანები შეძლებენ გადაადგილებას დამოუკიდებლად, სპეციალური ხელჯოხების დახმარებით, ცხადია. სტატისტიკური მტკიცებულება ჯერ არ გვაქვს, რომ ასეთი ოპერაციები შედეგიანი იქნება, მაგრამ მუშაობენ უკვე ამ კუთხით და საკმაოდ იმედის მომცემია. სრულფასოვანი გადაადგილების საშუალებას ვერ მისცემს, მაგრამ ნელ–ნელა ამის დაძლევისკენაც მიდის მუშაობა და ხვალ და ზეგ რა იქნება, არავინ იცის. ეს მომწონს ზუსტად ჩემ პროფესიაში.
კომენტარები