ალია ექსკლუზიურად გიამბობთ სკანდალურ სასამართლო პროცესზე და სიმართლე გითხრათ, იმდენად გამაოგნებელია ფაქტები, რასაც გავეცანი, რომ მუშაობის პროცესში ჯერ საკუთარი ძალებით ვეძებე მსგავსი პრეცედენტი, შემდეგ კი, არაერთ უფლებადამცველს მივმართე კითხვით, ხომ ვერ გაიხსენებდნენ ქართული სასამართლო რეალობიდან მსგავს საქმეს – ვერავინ გაიხსენა, პასუხები კი თითქმის მსგავსი იყო: – „წარმოუდგენელია“; „სიგიჟეა“; „ეს ნამდვილად მოხდა?“
ეს უპრეცედენტო და უპრეცედენტოდ წარმოუდგენელი ფაქტი, ნამდვილად მოხდა და ნამდვილად საქართველოში.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ შსს–მ დააკავა საქართველოს მოქალაქე ნ.ა. და დაკავების ოქმში ვკითხულობთ, რომ ნ.ა., რომელსაც საშუალო განათლება აქვს, მხოლოდ ერთ ენას ფლობს და ეს ენა არ არის ქართული. დაკავებული ნ.ა. არ ფლობს ქართულ ენას, დაკავების ამ ოქმს შსს–ს არაერთი თანამშრომელი აწერს ხელს. თუმცა, ადგილზე არ იყო თარჯიმანი, არც დაკავებამდე და არც დაკავების პროცესში, არც დაკავების შემდეგ პირს არაფერი გაცნობია მისთვის გასაგებ ენაზე. საერთოდ არაფერი, არადა, კანონის მიხედვით, დაკავების მომენტში, ბრალდებულად ცნობისთანავე, თუ ნებისმიერი დაკითხვის წინ, ბრალდებულს მისთვის გასაგებ ენაზე უნდა ეცნობოს ყველა ვარაუდი, ყველა ბრალი, ყველა უფლება.
მეტიც, საქართველოს მართლმსაჯულება უფრო შორს წავიდა, ჩხრეკის დადგენილება ხომ არ გააცნო გასაგებ ენაზე, ხომ აწარმოა ჩხრეკა ისე, რომ არ აცნობა ნ.ა.–ს მის არც ერთ უფლებაზე გასაგებ ენაზე, დაკავებითაც ხომ ასევე დააკავა და ბრალიც ხომ ისე წარუდგინა, რომ თარჯიმანი არც ერთ ეტაპზე არ მოუწვევია, მთელი სასამართლო პროცესი წარმართა თარჯიმნის გარეშე, გაასამართლა და 10 წელიც მიუსაჯა.
საქალაქო სასამართლოში, რომელსაც მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი უძღვებოდა იგივე განმეორდა, მოსამართლემ წაიკითხა დაკავების ოქმი და რეაგირება არ ქონია, ან უარესი, არც კი წაუკითხავს. და მაინც, ეს არ არის ამ საქმეში ერთადერთი მსხვილი კითხვის ნიშანი.
მოსამართლეების, ძმები ბუგიანიშვილების კარიერული წინსვლა 2011–13 წლებიდან იწყება, ბესიკ ბუგიანიშვილის სახელი ორ ყველაზე გახმაურებ საქმეებს, ე.წ. კაბელების და ციანიდის საქმეებს უკავშირდება. ორივე შემთხვევაში მან პროკურატურის და ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა. 2019 წლის იგი დააწინაურეს და უვადოდ აირჩიეს. მისი მეუღლეც სასამართლოს სისტემაში მუშაობს. ვალერიან გუგიანიშვილის სახელთან დაკავშირებულია გიორგი რურუას საქმე, იგი ამ საქმეში ყველა მოთხოვნას დაეთანხმა, რაც პროკურატურამ წამოაყენა. ცნობისთვის, გიორგი რურუა იარაღის უკანანონო ტარებას ედავებოდა პროკურატურა და იგი, შარლ–მიშელის დოკუმენტის თანახმად, პრეზიდენტმა შეიწყალა 2021 წელს. ვალერიან ბუგიანიშვილს მისცეს განსახილველად სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის საქმეც და არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ პროკურატურას ამ საქმეში, ყველა პუნქტში დაეთანხმა. ვალერიან ბუგიანიშვილის მეუღლეც საჯარო სამსახურშია დასაქმებული. 2020 წელს საერთაშორისო გამჭვირვალობამ მოსამართლე ვ. ბუგიანიშვილი პოლიტიკური გზავნილების მეშვეობით ორგანიზაციის დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ იგი იმეორებს მმართველი პარტიის პოლიტიკურ გზავნილებს, რაც მიანიშნებს, რომ პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობს.
ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 2012–2020 წლებში მოსამართლეების, ძმები ბუგიანიშვილების ხელფასმა ჯამში 974 000 ლარს შეადგენდა.
ინფორმატორის ინსტიტუტი და არაკონსტიტუციური მტკიცებულებები განაჩენებში
საქმის მასალების მიხედვით, შსს–ს გამომძიებლების მტკიცებით, მათ მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, წყარომ, რომელსაც არ ასახელებენ, მათი თქმით, მიაწოდა ინფორმაცია, რომ ნ.ა. სისტემატიურად ყიდულობდა და ინახავდა ნარკოტიკულ ნივთიერებას, შსს ამტკიცებს, რომ მათ მიაწოდეს ყველა დეტალი, პირის სახელი, გვარი, დაბადების დღე, თვე რიცხვი, სად დაიბადა, ახლა სად ცხოვრობს და ასევე უთხრეს, რომ ეგ ნარკოტიკს ინახავს ავტოფარეხში, საცხოვრებელ ბინაში და პირადადაც, ანუ, ჯიბითაც დააქვს და ჯიბის შემოწმება არ დაგავიწყდეთო.
შსს ამ ოპერატიულ ინფორმაციას, როგორც დადასტურებულ ფაქტს ისე ჰყვება, სამწუხაროდ, ეს კიდევ ერთი მახინჯი პრაქტიკაა ქართულ სამართლებრივც სივრცეში, თუ ოპერატიული, ანუ წყაროს, ჩიტის მოტანილი ინფორმაცია უტყუარია, რა საჭიროა გამოძიება? სად არის მაშინ უდანაშაულობის პრეზუმცია? შევამოწმეთ და ჯერ კიდევ გუშინ ადგილზე იყო, კანონში და ხომ არავის ამოუღია ბატონებო?
მერე რა, რომ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილება საქმეზე გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (გადაწყვეტილება 2/2/1276, 2020 წ), რომლის მიხედვითაც, ჩხრეკის შედეგი ჩხრეკის დასაბუთების საფუძველი ვერ იქნება, ანუ, თუ ჩხრეკის შედეგად დადგინდა სამართალდარღვევა, ეს ჩხრეკას ვერ ამართლებს, ჩხრეკას სჭირდება დასაბუთებული საფუძველი. ამავე განაჩენით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად მიღება, რომელიც ოპერატიული წყაროს, იგივე „ინფორმატორის“, ანონიმური პირის მოწოდებული ინფორმაციაზე დაფუძნებულია. არაკონსტიტურაც იქნა ცნობილი ამგვარი მტკიცებულების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით კი, მოწმის ჩვენება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ მოწმე ვერ უთითებს წარმოდგენილი ინფორმაციის წყაროს და გამომძიებელიც, რომ მოწმის სტატუსითაა პროცესზე, ამის შეხსენება, მგონია, არ უნდა მჭირდებოდეს.
ჩხრეკის საფუძველი სწორედ ეს “მტკიცებულებაა”, რომლის გამოყენებაც ქართულმა სასამართლომ გამამტყუენებელი განაჩენის გამოტანისას არაკონსტიტუციურად სცნო და არაკონსტიტუციურია იმის მტკიცებაც, რომ ჩხრეკის შედეგი ჩხრეკის საფუძველი შეიძლება გახდეს. მიუხედავად ამისა, ჩხრეკის საფუძველი გახდა ინფორმატორის, ანონიმური პირის ზარი, მესიჯი, თუ ყურში ჩაჩურჩულება და ეს მტკიცებულად აქვს სასამართლოს მიღებული.
სამი ჩხრეკა, ორი ვიდეო და არცერთი თარჯიმანი
გამოძიება ამტკიცებს, რომ ნ.ა. გაჩხრიკეს პირადადაც და გაუჩხრიკეს ავტოფარეხიც, გამოძიება ამბობს, რომ პირადი ჩხრეკის ოქმზე ნ.ა.–მ ხელი მოუწერა. საერთოდ რა აზრი აქვს სად რას მოუწერა ქართულ ენაზე შედგენილ ოქმს პირმა, რომელიც არ ფლობს ქართულ ენას, და ადგილზე არც თარჯიმანი იყო, მაგრამ კარგი, მივყვეთ გამოძიების ვერსიას, ამტკიცებენ, რომ პირადი ჩხრეკის ოქმს ნ.ა.–მ ხელი მოუწერა და ავტოფარეხის ჩხრეკის ოქმს – არა. ეს კიდევ უფრო უცნაურია, რადგან, გამოძიების მტკიცებით, მას ჯიბეში, ანუ, პირადი ჩხრეკისას 22.9 გრამი ნარკოტიკი უპოვეს, ხოლო ფარეხში, 0,8 გრამი ნარკოტიკი.
პირმა, ხელი მოაწერა ჩხრეკის ოქმს, მაშინ როცა, გამოძიების მტკიცებით, ჯიბეში ედო თითქმის 23 გრამი ნარკოტიკი და ხელი არ მოუწერა ავტოფარეხის ჩხრეკის ოქმს, სადაც 1 გრამიც კი არ იყო ნარკოტიკი?
ხელი მოაწერა იმ ჩხრეკის ოქმს, სადაც დიდი ოდენობით ნარკოტიკი ქონდა, შსს–ს მტკიცებით და შესაბამისად, დიდი სასჯელიც ელოდა და ხელი არ მოაწერა იმ ჩხრეკის ოქმს, სადაც არ იყო დიდი ოდენობის ნარკოტიკი, ასევე შსს–ს მტკიცებით და შესაბამისად, არც დიდი სასჯელი ელოდა? თუ ჯიბეში 23 გრამამდე ნარკოტიკი ჰქონდა და ამ ჩხრეკას მოაწერა ხელი, იქ 0,8 გრამი რომ არაფერს ცვლიდა, ხომ ცხადია?
არ გაგიკვირდეთ და მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილს ამ ფაქტმა კითხვის ნიშნები არ გაუჩინა, არც დამატებითი კითხვა, მეტიც, არაერთხელ იმეორებს განაჩენში, მე სამართალდამცველების მონათხრობების მჯერაო. კარგი თვისებაა ბრმა ნდობა, ალბათ, ოღონდ, არა მოსამართლისთვის.
შსს ამბობს, რომ ავტოფარეხში ბუხრის თავზე, ფიალაში იპოვეს ის 0,8 გრამი ნარკოტიკი. ასევე, კიდევ რაღაც იპოვეს მომწვანო–მოიისფრო ფერის, რომელიც ასევე ნარკოტიკი ეგონათ, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნით, არ აღმოჩნდა ნარკოტიკი და კითხვა, რა აღმოჩნდა სინამდვილეში, არც არავის დაუსვამს. პირს ნარკოტიკი ბუხრის თავზე, გამოსაჩენ ადგილას ჰქონია შენახული, ფიალაში, იგივე ფიალაში იდო, შსს–ს მტკიცებით ერთჯერადი მოხმარების შპრიციც. შსს–ს მტკიცებით, „კარადის ზედაპირზე“ იპოვეს მცირე ზომის ვაზა, რომელშიც ეწყო მაკაროვის, 1951 წ. გამოშვების 8 ვაზნა. რა ჰქონდა საპოვნელი „კარადის ზედაპირზე“ დადებულ ვაზნებს და ბუხრის თავზე შემოდებულ ნარკოტიკს? პირდაპირ გამზადებული დახვედრიათ.
გამოძიება ამტკიცებს, რომ გადაიღო ჩხრეკის კადრები, ოღონდ, აღარ გაგიკვირდებათ და მხოლოდ პირადი ჩხრეკა და ავტოფარეხის ჩხრეკა გადაიღეს, სახლის ჩხრეკის კადრები არ წარმოუდგენია. რატომ არ გადაიღეს სახლის ჩხრეკის კადრები? – არც ეს კითხვა გაუჩნდა ბუგიანიშვილს.
არადა, იგივე მოსამართლე თავად წერს, რომ ჩხრეკის საფუძველი ინფორმატორის მოწოდებული მტკიცებულებაა, დიახ, ის მტკიცებულება, რომლის მტკიცებულებად გამოყენება საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წელს არაკონსტიტუციურად სცნო და ბუგიანიშვილი წერს, გამოძიების მტკიცებით, ინფორმატორმა მათ აცნობა, რომ სახლშიც ინახავს ნარკოტიკსო. რატომ აღარ გადაიღეს სახლის ჩხრეკა? აღარ ელოდებოდნენ სახლში ნარკოტიკს? რაც უნდა ეპოვათ, ყველაფერი იპოვეს? ზუსტად იცოდნენ სად რამდენი გრამი იდო? უკაცრავად, მაგრამ, კითხვის ფორმულირებას ვცვლი, ზუსტად იცოდნენ, სად რისი დადება მოასწრეს? არავის ხელს არ ვადებ, ცხადია, კითხვას ვსვამ საფუძველზე გონივრული ეჭვისა, როგორც პროკურორები ამბობენ ხოლმე. მაინც რა მოხდა, გეყოთ, რაც იპოვეთ? საკმარისი იყო? ვაზნები რომ იპოვეთ და იარაღი არა – არ ფიქრობდით რომ იარაღი სახლში იქნებოდა?
როგორც ნ.ა.–ს ადვოკატები სოფო ბონდარენკო და ნათია ჩხეტიანი გვიყვებიან, სახლის ჩხრეკისას, ნ.ა.–ს მეუღლის ჩანთიდან თანხა ამოიღეს და წაიღეს, როგორც მტკიცებულება, ოღონდ არც მოსამართლე ამბობს და არც გამოძიება, რისი მტკიცებულებაა დაკავებულის ცოლის ჩანთიდან ამოღებული ფული. და რაც მთავარია, ამ “მტკიცებულების” ამოღებისთვის ვიდეო არ გადაუღიათ.
გამოძიება ამტკიცებს, რომ ავტოფარეხშიც მხოლოდ ჩხრეკის კადრები გადაიღო, ამბობს, რომ მივედი, ვნახე და გავაცანი ნ.ა.–ს იმ ენაზე, რომელ ენასაც არ ფლობს ჩხრეკის დადგენილება და პირადი ჩხრეკის დადგენილებას ხელი რომ მოაწერა, მერე დავიწყე გადაღებაო. შემდეგ შევწყვიტე გადაღება და უშუალოდ ავტოფარეხის ჩხრეკა რომ დავიწყე, ისევ დავიწყე გადაღებაო. ვიდეო, რომელიც არ ასახავს მთლიან პროცესს, არის დამონტაჟებული, მონტაჟი ვიდეოს ამოჭრას კი არ მოიცავს მხოლოდ, ან ცვლილებას, თუ გამოძიებას ჰქონდა ვიდეოგადაღების შესაძლებლობა, თუ იცოდა, რომ ადგილზე უნდა ეპოვა ნარკოტიკული საშულებები, რატომ არ დაიწყო ვიდეოგადაღება მყისიერად, კონტაქტის დაწყებისთანავე? გამარჯობის თქმიდან, რატომ არ დაიწყო ვიდეოგადაღება? რატომ შეწყვიტა ვიდეოგადაღება? მისალაგებელი იყო რამე? კადრში მოხვდა ვინმე ისეთი, ვინც არ უნდა მოხვედრილიყო? ბატარეა დაჯდა? არ ვარგა ვიდეოგადაღების მოწყობილობები? დაეზარათ? ოპერატორს ხელი დაეღალა? ან რატომ არ გადაიღეს ვიდეო სახლის ჩხრეკისას? სახლშიც რომ აღმოჩენილიყო ნარკოტიკი, შემდეგ ისევ დამალავდნენ, ვიდეოგადაღებას ჩართავდნენ და თავიდან “იპოვნიდნენ”? – სამწუხაროდ, მოსამართლეს არც ეს კითხვები გასჩენია.
გამოძიება ირწმუნება, რომ ვიდეოგადაღებას აწარმოებდა მხოლოდ საგამოძიებო მოქმედებებისას, მშვენიერი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში კიდევ ერთხელ ჩავიხედოთ და ვნახავთ, რომ საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე, ვალდებულნი არიან პირს განუმარტონ უფლება–მოვალეობები. გამომდინარე იქედან, რომ შსს–ს თარჯიმანი არ ჰყავდა ადგილზე, პირს, რომელიც არ ფლობდა ქართულ ენას, ვერ გააცნობდა უფლება–მოვალეობებს. შესაბამისად, ჩხრეკაც, ჩხრეკის დადგენილების გაცნობაც და ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ჩატარდა, უკანონოა, ბატონებო და ეს ჩემზე უკეთ იცის მოსამართლე ბუგიანიშვილმა და თუ არ იცის და უარესი.
სასამართლომ, რომელმაც მტკიცებულებად მიიღო ინფორმატორის მიწოდებული ინფორმაცია, არც ის კითხვა დასვა, ასე წვრილად რომ გიამბეს ნ.ა–ზე, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფეხის ზომა, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, ამჟამინდელი საცხოვრებელი და ყველაფერი რომ წინასწარ იცოდით, როგორც ამტკიცებთ, ხომ იცოდით, რომ ეროვნებით ქართველის დასაკავებლად არ მიდიოდით და რატომ არ გაითვალისწინეთ ეს ფაქტი და რატომ არ წაიყვანეთ თარჯიმანიო, თუმცა, ეს კითხვა გაუჩნდა კი არა, საერთოდ წარმოუდგენელი რამ გააკეთა და პირი, რომელიც ქართულს არ ფლობს, გაასამართლა თარჯიმნის გარეშე და მიუსაჯა.
ექსპრტიზები – შერეული პროფილები, არასაკმარისი ნიმუშები, რამდენიმე დნმ–ი და მხოლოდ ერთი დაკავებული
ბიოლოგიური, გენეტიკური ექსპერტიების მიხედვით, ზოგ პოლიეთილინის პარკზე აღმოჩნდა ნ.ა.–ს გენეტიკური პროფილი, არაერთ სამხილზე შერეული გენეტიკური პროფილებია, ანუ, რამდენიმე ადამიანის, არავის გამოუკვლევია, კიდევ ვისი, რამდენის, რატომ, როდიდან.
ზოგ მტკიცებულებაზე აღმოჩენილი გენეტიკური მასალა არ იყო საკმარისი კვლევისთვის, მაგალითად, შპრიცის ნემსის წვერზე გენოტიპირებისთვის საკმარისი დნმ–ი არ აღმოჩნდა, ისევე, როგორც რვავე ვაზნიდან აიღეს ანაწმენდი და ვერც ერთზე იპოვე გენოტიპირებისთვის საკმარისი დნმ–ი.
ექსპერტიზის მიხედვით, დაკავებული არ იყო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ.
სასამართლოზე დაიკითხა ექსპერტი შორენა კვიცარიძე, რომელიც ასევე დაკითხული იყო გახმაურებულ, საფაროვის საქმეზე, სადაც აცხადებდა რომ მკვლელობის იარაღზე 5 სხვადასხვა დნმ–ია, მაგრამ მაშინ პროკურატურა არ ეძებდა 5 მკვლელს და არ სჭირდებოდა ცოდნა, კიდევ ვისი დნმ–ი იყო დანაზე.
ცხადია, არც ექსპერტიზებში მონაწილეობის უფლებების და ექსპერტიზების შედეგების გაცნობის საშულება ჰქონია ბრალდებულს, რადგან მისი სასამართლო პროცესი წარიმართა თარჯიმნის გარეშე საქალაქო სასამართლოში, თუმცა, ექსპერტიზებზე, სამწუხაროდ და გულის ტკივილით უნდა ვთქვა, რომ სერიოზულად ვერ ვისაუბრებ. ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, პრემიერის დაქვემდებარებაშია, შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ პრემიერები მისი მუშაობის პრინციპს ყველაზე კარგად იცნობენ. ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ, რომელსაც ასევე ნარკოტიკის მოხმარებაში სდებდნენ ბრალს პოლიტიკური კონკურენტები, საკუთარი შარდი არ ანდო კვლევისთვის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და თუ ყოფილი პრემიერები თვლიან, რომ ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის შედეგები შეიძლება გაყალბდეს, ან არასწორად იქნეს დადგენილი, როგორ შეიძლება ექსპერტიზებზე სერიოზულად მსჯელობა?
იყიდა? არ იყიდა? რა იყიდა? რა ღირს?
მოსამართლის მტკიცებით, როცა დანაშაულს ფარულად და მოწმეების გარეშე სჩადიან, დამნაშავე ვერ დგინდება!
გამოძიება ამტკიცეს და სასამართლო უჯერებს, რომ ნ.ა.–მ შეიძინა ნარკოტიკული ნივთიერება დიდი ოდენობით, ოღონდ, შეიძინა პირადი მოხმარების მიზნით, ისე შორს, რომ გასაღება დაებრალებიათ, არ წასულან.
როგორც ბრალდებულის ადვოკატები სოფიო ბონდარენკო და ნათია ჩხეტიანი გვიყვებიან, ექსპერტიზის მიხედვით, ნ.ა. ნარკოტიკული ზეგავლენის ქვეშ არ აღმოჩნდა, ანუ, მას არ აღმოაჩნდა ნარკოტიკი ორგანიზმში. ასეთი ოპერატიულობაც ნამეტანია, პატივცემულებო, ერთჯერადი შპრიცი ბუხრის თავზეა, ნარკოტიკები ჯიბეში და ბუხრის თავზე და იმდენად სწრაფად მიხვედით, მოხმარებაც კი ვერ მოასწრო ადამიანმა, იმ ადამიანმა, ვისზეც გამოძიება ამტკიცებს და სასამართლო უჯერებს, რომ მუდმივად მოიხმარდა? თუ მუდმივად მოიხმარდა, როგორ არ აღმოჩნდა მის ორგანიზმში ნარკოტიკი?
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მოსამართლე თავის განაჩენში ყველა ექსპერტიზის შედეგზე საუბრობს, ერთის გარდა, დიახ, გამოიცანით, არც კი ახსენებს იმ ფაქტს, რომ ნ.ა. არ იყო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ.
სხვათა შორის, მუდმივად მოხმარების ფაქტი დადასტურებული არ აქვს გამოძიებას, ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც სასამართლომ გაითვალისწინა, ე.წ. ინფორმატორის, თუ ჩიტის მონათხრობია და არავინ იცის, ცხადია, ვინაა ეს ინფორმატორი. კიდევ ერთხელ შევახსენებ მკითხველს, რომ სამართალდამცველის იმ ჩვენების მტკიცებულებად მიღება, რომელი ჩვენებაც ანონიმურ წყაროზეა დაყრდნობილი, არაკონსტიტუციურად სცნო საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წელს.
გამოძიება ამტკიცებს და სასამართლო ეთანხმება, რომ ნ.ა.–მ ნარკოტიკი შეიძინა, თუმცა, გვეუბნებიან, რომ არ იციან, სად შეიძინა, როდის შეიძინა, როგორ შეიძინა, მაგრამ ზუსტად იციან, რომ შეიძინა და მოსამართლე განმარტავს, ნარკოტიკის შეძენა ნიშნავს იმასაც, თუ აჩუქეს ან იპოვაო, ნეტავი ამის მართლა თუ სჯერა? კანონი ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დასჯადად აცხადებს უკანონო დამზადებს, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას, ან გასაღებას. ვერ გეტყვით, პოვნა და ჩუქება შეძენად როდიდან ითვლება, შესაძლოა ეს პატივცემული მოსამართლის პირადი კანონია.
მოსამართლე განმარტავს, იცით, რატომ არ დადგინდა სად შეიძინა, როდის და ვისგანო? – იმიტომ რომ ნარკოტიკებს ფარულად, ჩუმად ყიდიან ქვეყანაში, მოწმეების გარეშე და ამიტომ ვერ დგინდებაო.
წარმოუდგენელი ამბავია, როგორ ბედავენ ჩუმად და ფარულად გაყიდვას? სხვათა შორის, ბატონო მოსამართლევ, ქვეყანაში ნარკოტიკი იმდენად ღიად იყიდება, იმდენად ღიად, რომ სასაცილოც კი არაა ეს არგუმენტი, იხილეთ, “ალიაში” გამოქვეყნებული მასალა სათაურით: – “სკანდალური სქემა! როგორ ყიდულობენ საქართველოში ნარკოტიკებს ონლაინ?!” მაგრამ მეორე მხრივ, მკვლელობა თუ იქნა ჩადენილი მოწმეების გარეშე და ფარულად, იმ მკვლელობასაც არ გამოიძიებენ? და თუ მოწმეების გარეშე მოხდა ქურდობა? დაგვიფაროს ღმერთმა და ერთხელაც, ფარულად რომ გაგქურდონ, მოსამართლევ, მოწმეების გარეშე, უნდა გამოიძიონ, ვინ გაგქურდათ, თუ არა? – მაშ, ქვეყანაში ვიღაც ყიდის დიდი ოდენობით ნარკოტიკს და არც ფარული საგამოძიებო მოქმედებები აწარმოა გამოძიებამ, ხელებიც დაიბანეთ და კიდევ გაყიდოს? საერთოდაც, აღარ არის დრო, ნარკოტიკის გამსაღებლებზე დაიწყოს გამოძიებაა და მათ “კრიშეებზე”?
5 დაუდგენელი და 1 უარყოფითი
6 რამ გამატყუნებელი განაჩენისთვის
დარწმუნებული ვარ, მოსამართლემ ეს იცის, მაგრამ მაინც შევახსენებ, კანონის მიხედვით, მოსამართლის გამამტყუნებელ განაჩენში მითებული უნდა იყოს დანაშაულის ჩადენის ადგილი, დრო და ხერხი, ფორმა, დანაშაულის მოტივი, მიზანი და შედეგი.
დანაშაულის ჩადენის ადგილი – ამ შემთხვევაში ნარკოტიკის შეძენა – არც გამოძიება და არც სასამართლო არ ადგენს და როცა ვწერ არ ადგებს, კი, ვგულისხმობ იმას, რომ არ ადგენს, რადგან ბრალდების მტკიცების ტვირთი მბრალდებელზეა, შესაბამისად, – დაუდგენელია.
დრო – დაუდგენელია.
ხერხი – რა გზით შეიძინა – დაუდგენელია.
ფორმა – დაუდგენელია.
მოტივი – მხოლოდ ინფორმატორის, ვინმეს წყაროს, ვინმე დაუდგენელი პირის მოწოდებული ინფორმაცია – გამოდის, ეგაც დაუდგენელია.
მიზანი – იგივე, რაც მოტივის შემთხვევაში და ეგაც დაუდგენელია.
შედეგი – შედეგი უნდა ყოფილიყო მოხმარება, რადგან გასაღებას ისედაც არ ედავება გამოძიება დაკავებულ პირს, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, არ გამოუყენებია ნ.ა.–ს ნარკოტიკი, გამოდის, შედეგი – უარყოფითია.
6 მდგენელიდან – 5 დაუდგენელია და 1 უარყოფითი, არადა, პირს 10 წელი მიუსაჯეს.
იგივეა ვაზნების საკითხიც ზუსტად, იდენტურია, მეტიც, აქ იმ ექპერტიზითაც, რაც გვაქვს, ისიც კი არ დადგინდა, იყო თუ არა ვაზნებზე ნ.ა.–ს გენეტიკური მასალა.
“ვინმე ილია”
გამოძიება, რომელმაც ვიდეოგადაღება მხოლოდ ნაწილ–ნაწილ აწარმოა ჩხრეკისას, ამტკიცებს, რომ ნ.ა. მარტო იყო ავტოფარეხში, ამას იმეორებს ყველა სამართალდამცველი.
სასამართლოზე კიდევ ორი ადამიანი გამოიკითხა მოწმის სტატუსით, გ.გ. და გ.ე., ბრალდებულის მეზობლები. ეს ორი ადამიანი ამტკიცებს, რომ იმ ავტოფარეხში ხშირად იკრიბებოდნენ დასალევად, საქეიფოდ და იმ დღესაც, ცეცხლის დანთებას აპირებდნენ, ნ.ა.–ს ავტოფარეხის გასაღები გამოართვეს და თავად მივიდნენ პირველები ავტოფარეხში. ისინი ყვებიან, რომ მალევე მივიდა უცხო პირი, რომელმაც ნ.ა. იკითხა, ავტოფარეხში შევიდა და თქვა, რომ დაელოდებოდა. ავტოფარეხში მისულ ნ.ა.–ს ძალიან გაუკვირდა ამ პირის ნახვა, ისინი ერთმანეთს იცნობდნენ და სტუმარმა მას გარეთ გასვლა და ერთი–ერთზე საუბარი სთხოვა. მეზობლები ჰყვებიან, რომ ცოტა ხანში შემოესმათ ყვირილის და ჩოჩქოლის ხმა, შემოვარდა პოლიცია, ორივენი კედელთან მიაყენა და ხელები შეუკრა, შემდეგ კი ორივე გაიყვანა ავტოფარეხიდან და ნ.ა. პირიქით, შემოიყვანა ავტოფარეხში. მეზობლები ჰყვებიან პროცესზე, რომ ისინი ავტოფარეხის წინ, მანქანაში ჩასვეს და მოგვიანებით გაუშვეს.
ნ.ა. ამტკიცებს, რომ პირი, რომელიც მის ავტოფარეხში მივიდა და ელოდებოდა, ყოფილი მაღალჩინოსანი, ილია პინტურიაა. იგი ამბობს, რომ პოლიციამ დადგმული სცენარი გადაიღო და პოლიეთილენის პარკი ჯიბეში, სწორედ პინტურიამ ჩაუდო და შეგახსენებთ, სწორედ ჯიბეში უპოვეს, გამოძიების მტკიცებით ნ.ა.–ს 23 გრამამდე ნარკოტიკული ნივთიერება. ბრალდებული ამბობს, რომ არ იცოდა რა იყო პარკში და უთხრეს, რომ მხოლოდ მარიხუანის შეძენა–მოხმარებას ედავებოდნენ. მისი თქმით, პინტურიას მის მიმართ პირადი ინტერესი აქვს, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა იმ ციხეში იხდიდა სასჯელს, სადაც პინტურია მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და მას „ჩამშვებად“ მუშაობას სთხოვდა და ემუქრებოდა.
გამოძიებას არც კი უცდია, არც ერთ ეტაპზე, ის მაინც დაედგინა პინტურიას და ნ.ა.–ს ჰქონდა თუ არა ნაცნობობა, მიუხედავად იმისა, რომ 2 მოწმე აცხადებდა პროცესზე რომ მათ პირისპირ ნახეს კაცი, რომელიც ნ.ა.–ს ელოდებოდა და მერე ცალკე გაიყვანა, არც ამოცნობა ჩატარებულა, იდენტიფიცირების არც ერთი საშუალება გამოყენებული არ ყოფილა. მეზობლები, რომლებიც ჰყვებიან, რომ ხელები შეუკრეს, ექსპერტიზაზეც კი არ გადაუყვანიათ.
მოსამართლე ბუგიანიშვილი დასახელებულ პირს ასე მოიხსენიებს – ვინმე ილია პინტურია, ვინმე, ვიღაცა – პროცესზე, რომლის შემდეგად 10 წელი მიუსაჯეს ადამიანის, დასახელდა პირი, მისი ყოფილი თანამდებობა და ვინმეა, იდენტიფიცირებულიც არაა.
არადა, ეს ვინმე ილია გლდანის მერვე დაწესებულების მაღალჩინოსანი გახლდათ, ციხის უფროსის მოადგილე იყო. ამ ვინმე ილიას, 2014 წელს პატიმარი ჯგუფურ ცემაში და სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებდა, პატიმარი ამტკიცებდა იმასაც, რომ ილია პინტურია პირადად დაემუქრა: „ილია პინტურიამ მითხრა, თუ არ გავჩუმდებოდი, ჩამიდებდნენ „შტირს“ ან „ბრიტვას“ და „სროკს“ დამიმატებდნენ. 2014 წელს სატელეფონო საუბარიც გამოქვეყნდა, სადაც, პატიმრის დის მტკიცებით, ძმა მას მომხდარზე უყვება.
ეს ვინმე ილია წინა ხელისუფლების დროს შსს–ს მაღალჩინოსანი იყო და წლებია სისტემაში მუშაობს. ხორავას გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით, 2018 წელს გავრცელდა პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის სკანდალური ჩანაწერი, სადაც სისტემურ დანაშაულებებზე იყო საუბარი, მათ შორის, ქვეყანაში მოქმედ უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებებზე, ადამიანების გატაცებებზე, წამებაზე. მაშინ პროკურატურამ განაცხადა, რომ სუბელიანის ფარულად ჩაწერა და ამ ჩანაწერის გავრცელება პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ი.პ.–ს პირადი ცხოვრების კადრების შანტაჟით აიძულეს. მედიაში მაშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ილია პინტურიას სახელი და გვარი და დაიწერა, რომ სავარაუდოდ, ი.პ. სწორდ ილია, ილიკო პინტურიაა.
ძალიან უცნაურია „ვინმეა“ ეს პინტურია, ძალიან რთული საპოვნელიც იქნებოდა, ამიტომ თუ გამოძიებას მისი მისამართის ცოდნა სურს, შემიძლია დავაკვალიანო, დავეხმარო.
უცნაურია, რაღა მაინცდამაინც პინტურიას ადებენ ხელს „ჩადებასა“ და „ჩადების“ მუქარაში პატიმრები?
მოსამართლე ამტკიცებს, ეს ვინმე პინტურია არაა ამ საქმესთან კავშირში, რადგან, ეს 2 მოწმე, მეზობლები, რომლებიც ამტკიცებენ რომ ნახეს, ნ.ა.–ს მეგობრები არიან და აბა, რას იტყვიანო (?) მოსამართლემ მოწმეების გამოკითხვამდეც იცოდა, რომ მეზობლები და სავარაუდოდ მეგობრებიც იყვნენ ბრალდებულის, თუმცა, ამას მისთვის ხელი არ შეუშლია მიეღო მათი ჩვენებები, უბრალოდ, არ სჯერა, არ სჯერა და თვლის, რომ ატყუებენ, ოღონდ, არც ეგ სწყინს, რომ სასამართლოს მოტყუება გაბედეს და არც ცრუ ჩვენების მიცემაში სდებს მათ ბრალს, სავარაუდოდ, ცრუ ჩვენების მიცემისთვის რომ ამ 2 პირზე დაიწყოს სამართალდევნა, შესაძლოა, მეტი დეტალი გახმაურდეს?
მოსამართლე ამტკიცებს, რომ მას არ სჯერა მოწმეების, არ სჯერა იმდენად, რომ იმის გაგებაც არ მოინდომა, ვინაა ილია პინტურია, თუმცა, სჯერა სამართალდამცველების, მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცველები მას არ ეუბნებიან, ვინ მიაწოდა ინფორმაცია.
და თუ ის, ვინც პოლიციას ინფორმაცია მიაწოდა, დაინტერესებული პირია? თუ ამ პოლიციელების მეგობარია? თუ საერთოდაც, ამ პოლიციელების ნათესავია? და იქნებ, სულაც რამე საერთო ინტერესი და საქმე აქვთ? ყველაფერი შემიძლია ვიფიქრო და ვივარაუდო პირზე, რომელიც ანონიმური წყაროა პოლიციის. და თუ ეს ანონიმური წყარო სულაც ილიაა პინტურია? – სად არის გარანტია, რომ ეს ასე არაა? სად არის ამის მტკიცებულება? სხვათა შორის, ის პოლიციელებიც მეგობრები შეიძლება იყვნენ ერთმანეთის და მათი ჩვენებები ამის გამო დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ?
კანონს ზოგჯერ, იშვიათად მაინც თუ გადაიკითხავს. მოსამართლე ბუგიანიშვილი, იქნებ სადმე მაჩვენოს, სად წერია მოწმეს მოვალეობის შესრულებისგან მეგობრობის გამო ათავისუფლებდეს სამართალი? კანონში წვრილადაა გაწერილი რა შემთხვევაში თავისუფლდება მოწმე მოვალეობისგან და ამ ჩამონათვალში ნამდვილად არ არის მეგობრობა.
თან ამ 2 მოწმის ჩვენებები, განსხვავებით სამართალდამცველების ჩვენებისა, რომლებიც ანონიმური ინფორმატორის მონათხრობს ეყრდობიან, პირდაპირია, არაა ირიბი და არ ეყრდნობა ვინმეს მონაწოლს, ისინი ამბობენ, რომ თავად, საკუთარი თვალით ნახეს ადამიანი, ვინც დაკავებამდე ნ.ა. გარეთ გაიყვანა.
მოსამართლე ბუგიანიშვილს არ გაუკვირდა ის ფაქტი, რომ არ გადაიღეს სახლის ჩხრეკის ვიდეო და ნაწყვეტ–ნაწყვეტ გადაიღეს პირადი და ავტოფარეხის ჩხრეკა და საბოლოოდ სასამართლოს ჩხრეკის დამონტაჟებული კადრები მიაწოდეს, მაგრამ აი, მეგობრების და მეზობლების ჩვენებების არ სჯერა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მოსამართლეს ამ ჩვენებების არმიღებისთვის სხვა მიზეზი, გარდა მეგობრობისა, განაჩენში არ დაუსახელებია.
სხვათა შორის, გამოძიებამ და სასამართლომ კი აირიდა ილია პინტურიას სახელი და გვარი, მაგრამ სცადა, „ჩადების“ ფაქტი, ერთობ უცნაურად და ვიტყოდი, სასაცილოდაც კი გამოერიცხა და დაკითხეს ავტოფარეხის მეპატრონე, რომელმაც გამოძიების და შემდგომ სასამართლოს მტკიცებით, განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ მიაქირავა ნ.ა.–ს ფართი 100 ლარად და სანამ მიაქირავებდა ნივთები გაიტანა და ფართი მიალაგა და მიასუფთავა. ანუ, რომ მიაქარავა ეს ფართი ნ.ა.–ს იქ ნარკოტიკი არ დაუტოვებიაო, დაახლოებით ამას ამტკიცებს გამოძიება და სასამართლო სერიოზულად. თუ არსებობდა მცირედი ეჭვიც კი, რომ ნარკოტიკი „ჩაუდეს“ რატომ მაინცდამაინც ფართის ქირაობამდე? იქნებ, მერე გაუტეხეს ავტოფარეხი და ისე ჩაუდეს? შემოწმდა საკეტი? ბოქლომი? იყო განაღები სხვა გასაღებით? ან, ის, რომ ავტოფარეხის გამქირავებელს არ დაუტოვებია ნარკოტიკი მიქირავებამდე, ილია პინტურიას მონაწილეობას ავტომატურად როგორ და რანაირად გამორიცხავს?
სააპელაციოში “გამოჩენილი” თარჯიმანი და შუამდგომლობა მოსამართლის ვალდებულების შესასრულებლად
როგორც თავიდან გითხარით, ეს საქმე ამჯერად სააპელაციო სასამართლოშია, ადვოკატები არიან სოფიო ბონდარენკო და ნათია ჩხეტიანი. ისინი მხოლოდ ახლა, სააპელაციო სასამართლოში ჩაერთვნენ პროცესში და სწორედ მათი შუამდგომლობით დაენიშნა ნ.ა.–ს თარჯიმანი. თუმცა, გავიმეორებ, მოსამართლე ვალდებულია დაუნიშნოს თარჯიმანი პირს, რომელიც ქართულ ენას არ ფლობს, ვალდებულია და მას არ სჭირდებოდა ამისათვის შუამდგომლობა. თარჯიმნები დასაქმებული ჰყავს სასამართლოს და ისინი თარგმნისთვის ხელფასსაც იღებენ, არ იყო რთული საპოვნელი თარჯიმანი. სხვათა შორის, კანონის მიხედვით, თარჯიმანს მაშინაც იძახებენ, როცა პროცესის მონაწილემ სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა და საშუალო განათლების მქონე, ქართული ენის არმცოდნე პირს, სისხლის სამართლოს პროცესის ენის ცოდნასაც თუ არ დააბრალებენ, კარგს იზამენ.
როგორც ადვოკატები “ალიას” უყვებიან, ნ.ა. წარსულში ნასამართლევია რამდენჯერმე, მართალია, ყველა ნასამართლეობა გაქარწყლებული აქვს, მაგრამ სასამართლო პროცესებზე მას წინა წლებში ყოველთვის, ვიმეორებ, ყოველთვის სჭირდებოდა თარჯიმანი. მოსამართლე ბუგიანიშვილი განაჩენში წერს, რომ ნ.ა., რაკი მას ნასამართლეობა გაქარწყლებული აქვს, ნასმართლეობის არქმონეა, თუმცა, მოგვიანებით, იგივე განაჩენში წერს, რომ ნ.ა.–ს სასჯელის მაქსიმუმი მიუსაჯა, რადგან მისი დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლეობა – და ეს კიდევ ერთი მახინჯი პრაქტიკაა სასამართლო სისტემის და კანონისთვის რამდენიმე ყურის მიბმის, მაგრამ საქმე ისაა, რომ რაკი დამამძიმებელ გარემოებად ნასამართლეობას უთვლის, გამოდის, უნახავს წინა სასამართლო განჩინებები და ისიც უნდა წაეკითხა, რომ ყველა პროცესზე პირი თარჯიმანს საჭიროებდა. არანაირი დოკუმენტი, რომ საშუალო განათლების მქონე პირმა, მოგვიანებით ისწავლა სადმე ქართული ენა და რამე კურსი მაინც გაიარა, არ არსებობს, თუმცა, რომც არსებობდეს, კურსის გავლა, რომ სწავლას არ ნიშნავს, კი გეცოდინებათ.
ადვოკატები, სოფიო ბონდარენკო და ნათი ჩხეტიანი, იმასაც გვიყვებიან, რომ როცა გამოძიების მასალებიდან ჩხრეკის კადრებს გაეცნენ, ვიდეოშიც კი ნათლად ჩანდა, რომ ნ.ა. არ ფლობდა ქართულ ენას და საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმებიდანაც ცხადია, რომ პირი ვერ საუბრობს ქართულ ენაზე და რამდენიმე ენას იშველიებს, აზრის ნაწილობრივ გადმოსაცემად.
იმ შემთხვევაში, თუ ვინმე იტყვის, რომ თარჯიმნის მოვალეობას, ალბათ, სხვა პროცესებზე, პროცესის მონაწილე რომელიმე პირი ასრულებდა, გამოითხოვოს სხდომის ოქმი და მიხვდება, რომ ასე არ იყო, თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, ასე რომ ყოფილიყო, კანონის მიხედვით, პროცესის არც ერთ მონაწილეს, თარჯიმნის გარდა, თარჯიმნის მოვალეობის შესრულების უფლება არ აქვს.
თუ მოსამართლე ბუგიანიშვილი იკადრებს და იტყვის, რომ ბრალდებულმა მას სიტყვიერად დაუდასტურა, რომ ფლობდა ქართულს, ბრალდებულმა ისიც უთხრა, რომ უდანაშაულოა. მოსამართლეს შევახსენებ ისევ და ისევ კანონს, ბრალდებულის აღიარებაც კი, დანაშაულის აღიარებაც კი არ შეიძლება გახდეს საფუძველი გამამტყუნებელი განაჩენის, თუ იგი არ დასტურდება ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით და მტკიცებულება ერთია – დაკავების ოქმის მიხედვით იგი არ ფლობს ქართულ ენას, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ დაკავებიდან სასამართლო პროცესამდე მას ქართული ენა შეასწავლეს. და თუ სააპელაციო სასამართლოში მას თარჯიმანი დასჭირდა, მხოლოდ საქალაქო სასამართლოსთვის ისწავლა და მერე დაივიწყა?
ვახტანგ მრელაშვილი – ვინ ურტყამს ჩაქუჩს კარგად და ვისთვის? – 742 საქმე 11 თვეში
სააპელაციო სასამართლოში საქმეს განიხილავს ვახტანგ მრელაშვილი, რომელიც 1997 წლიდან 2009 წლამდე შსს–ს თანამშრომელი იყო სხვადასხვა თანამდებობებზე და მხოლოდ 2009 წლიდან მოგვევლინა სასამართლო სისტემაში. ვახტანგ მრელაშვილი უკვე მესამე ხელისუფლების პირობებში მუშაობს სამართალდამცველ სტრუქტურებში, რაც ჩემთვის მის განსაკუთრებულ ნიჭზე მიუთითებს აშკარად. მისი პირველი გახმაურებული საქმე იყო, გიგი უგულავას საქმე, იგი ამ პერიოდში, 2015 წელს, ერთწლიანი მივლინებით გამოაგზავნეს კახეთიდან თბილისში და მაშინ ამბობდნენ, რომ სწორედ ამ საქმისთვის გამოიძახეს დედაქალაქში. ჩემი აზრით, ეს მართლმსაჯულების კიდევ ერთი მახინჯი პრაქტიკაა, ყოფილი პროკურორები და ყოფილი გამომძიებლები მოგვევლინონ მოსამართლეებად, თუმცა, ეს სხვა მასალის თემაა.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მიხედვით, ვახტანგ მრელაშვილი ერთ–ერთი ის მოსამართლეა, ვისაც ყველაზე მეტი საქმე აქვს განხილული, მაგალითად, 11 თვეში მანდ განიხილა 742 საქმე, მაშინ, როცა იგივე პერიოდში, მისმა კოლეგამ ლაშა ქოჩიაშვილმა – 52 საქმე, ასევე მისმა კოლეგამ, ლევან მიქაბერიძემ 31 საქმე. პირდაპირ რომ გავყოთ, გამოდის, 1 თვე აქვს მინიმუმ 67 საქმისთვის, და დღეში 2 საქმეზე მეტი უნდა განიხილოს. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგი საქმე ათეულობით ტომია, უცნობია, როგორ მოახერხებს საქმეებს ამომწურავად განხილვას.
ვენეციის კომისია 2014 წლის 14 ოქტომბრის დასკვნაში პირდაპირ უთითებს, რომ „სასამართლოს თავმჯდომარეების უფლებამოსილება, გაანაწილონ საქმეები მოსამართლეთა შორის, დისკრეციის ელემენტებს გულისხმობს, რაც შეიძლება ბოროტად იქნას გამოყენებული.“ საქმეს ვერც ელექტრონული განაწილების წესმა უშველა, რადგან კანონის მიხედვით, კანცელარიის თანამშრომელი თავად წყვეტს საქმე შემთხვევითი პრინციპით განაწილდეს, საგამონაკლისო, თუ მორიგეობით და შესაბამისად, საქმეთა განაწილებით მანიპულირების შესახებ საფუძვლიანი ეჭვები ეჭვებად რჩება.
ერთ ყოფილ მოსამართლეს ვკითხე, რის გამო შეიძლება მისცენ მოსამართლეს ამდენი საქმე ერთდროულად? სიცილით მიპასუხა: – იმ შემთხვევაში, თუ ჩაქუჩს კარგად ურტყამს! – მე არ ვიცი, კარგად ურტყამს, თუ არა მრელაშვილი ჩაქუჩს და ვისთვისაა კარგი მისი ჩაქუჩის დარტყმა, მაგრამ რაც დადასტურებულად ვიცი, ეს 2015 წლის გახმაურებული შემთხვევაა – 2015 წელს, წინასასამართლო პროცესზე მრელაშვილმა განიხილა ი.რ.–თვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საქმე, პროცესზე, ადვოკატ ირმა ჭკადუას მტკიცებით, გამომძიებლებმა თქვეს, რომ ამოღებული ნივთიერება იყო გრანულებიანი და თეთრი ფერი, ხოლო იგივე პროცესზე, ექსპერტმა განაცხადა, რომ ექსპერტიზა ჩაუტარდა მცენარეულ, მოყავისფრო ნივთიერებას. მოსამართლე მრელაშვილი მაშინ ამტკიცებდა, რომ გრანულები და მცენარეული ნივთიერება, თეთრი და ყავისფერი ერთი და იგივეა. მაშინ, 2015 წელს, ირმა ჭკადუა ამბობდა, რომ მოსამართლე უყვიროდა, იყო მიკერძოებული, არ იცოდა რას ნიშნავს არსებითი დარღვევა, არ იცოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, „მან დღეს გააუპატიურა საპროცესო კოდექსი“ – ამბობდა ჭკადუა.
„ალია“ დაუკავშირდა ადვოკატ ირმა ჭკადუას და დავინტერესდი, როგორ გაგრძელდა ი.რ.–ს საქმე ადვოკატმა მითხრა, პირველივე სხდომაზე, სხვა მოსამართლემ მტკიცებულება ცნო დაუშვებლად, კანონის გათვალისწინებით და ბრალდებული გამართლდა. რატომ არ გააკეთა იგივე მოსამართლე მრელაშვილმა, ამაზე ადვოკატს დღესაც არ აქვს პასუხი.
არ იცოდა მრელაშვილმა 2015 წელს საპროცესო კოდექი? იცოდა და მიკერძოებული იყო მართლა? – არ ვიცი.
ისწავლა მრელაშვილმა დღეისთვის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი? – ვერ გეტყვით.
საპროცესო კოდექსს აღარ გააუპატიურებს? – არც ეგ ვიცი.
ვიცი, რომ გემოვნება დაეხვეწა და ახლა უკვე 32 000–ლარიანი მანქანით დადის, ვიცი, რომ მისმა ქალიშვილმა ცოტა ხნის დაიწყო იგივე სააპელაციო სასამართლოში მუშაობა, სადაც მამა მოსამართლეა, ვიცი, რომ წინა შობა–ახალი წელი იერუსალიმში გაატარა, სიწმინდეები მოინახულა, მუხლიც მოიყარა, სანთლებით ხელშიც გადაიღო ფოტოები და მშვენიერი ფოტოები გამოსულა, ბატონო ვახტანგ. კომენტარებში სასიამოვნო დასვენებას უსურვებენ სოციალურ ქსელში და შესაძლოა, მოსამართლე მრელაშვილმა მითხრას ახლა, არ გადამიხდია ფული ამ დასვენებაშიო, მაგრამ როგორც მოსამართლე ბუგიანიშვილი იტყოდა, ბატონო ვახტანგ, ჩუქებაც და პოვნაც შეძენაა. მოსამართლე და მისი ოჯახი, საქართველოს კურორტებზეც ხშირად ისვენებს, მაგრამ ამაზე და მის დეკლარაციებზე, ცალკე მოგახსენებთ, ისევე, როგორც მის განხილულ სხვა საქმეებზე. სხვათა შორის, 2019 წელს იგი კონკურსის გარეშე უვადოდ დანიშნეს მოსამართლედ, მაგრამ მაგ დეტალებსაც შემდეგ მასალაში გიამბობთ.
მოწამლული ხის ნაყოფის დოქტრინა
არ ვიცი, მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა იცის თუ არა, რომ ეს ერთი შეხედვით უკვე გადაწყვეტილი, უკვე მიხურული, უკვე ბეჭედდასმული საქმე, ვინმე ილიათი და მოწმეებით, რომლებსაც ჩვენება ჩამოართვეს და მერე არ მიიღეს, ნაწილ–ნაწილ გადაღებული ვიდეობით, დამონტაჟებული კადრებით, ეს თითქოს არაფრით განსხვავებული და არაფრით ცნობილი საქმე, იმდენად უპრეცედენტოა, რომ სახელმძღვანელოდ იქნება გამოყენებული, მაგრამ ფაქტია, ეს ასე იქნება, მისი განაჩენი კი პრეცედენტული შეიძლება აღმოჩნდეს.
რადგან მოსამართლე მრელაშვილი იხილავს საქმეს, რომლის მსგავსი, ვისაც ვკითხე, არავის ახსოვს, საქმეს, სადაც პირს, რომელიც არ ფლობს ქართულ ენას, წარუდგინეს ბრალი თარჯიმნის გარეშე, მიუსაჯეს და გაასამართლეს თარჯიმნის გარეშე.
არც ის ვიცი, იცის, თუ არა, მოწამლული ხის ნაყოფის დოქტრინის შესახებ!
სსსკ–ის 72–ე მუხლის მიხედვით, არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია.
ანუ, მას შემდეგ, რაც ჩხრეკის დადგენილება არსებითი დარღვევით წარედგინა ნ.ა.–ს, თარჯიმნის გარეშე, ამის შემდეგ რა მტკიცებულებებიც უნდა მოეპოვებია გამოძიებას, გინდ კანონიერი და გინდ უკანონო, არსებითი დარღვევით, ყველაფერი დაუშვებელია და არც ერთს იურიდიული ძალა აღარ გააჩნია.
მოსამართლე მრელაშვილი თუ იფიქრებს, რომ შესაძლოა, სიტყვა არსებითს გამოეკიდოს და არსებით დარღვევად არ მიიჩნიოს პირისთვის, რომელიც ქართულს არ ფლობს, თარჯიმნის დანიშვნა, ათეულობით პრეცენდენტულ საქმეებს გავაცნობ, თუ რა შეიძლება მივიჩნიოთ არსებით დარღვევად და ათობით მაგალითი მოვუყვანო, რამდენად ფუნდამენტურია უფლება, პირს გაეცნოს უფლებები, ბრალი მისთვის გასაგებ ენაზე.
მოწამლული ხის ნაყოფი – პირველად გამოიყენა 1939 წელს აშშ–ს ფედერალური უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ფელიქს ფრანკფურტერმა გადაწყვეტილების დასაბუთებისას. (წყარო, როინ ხინთიბიძის ნაშრომი) სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება კანონი, რომელიც კრძალავს უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობასაც კი. შესაბამისად, მთელი საქმე ჩამოიქცა, ყველა მტკიცებულება დაუშვებელი და უკანონო გამოდის, არც ერთ მტკიცებულებას აღარ დარჩა იურიდიული ძალა, ექსპერტიზებსაც კი, მათ შორის და დარჩა მხოლოდ ის ორი მეზობელი, რომელიც საქალაქო სასამართლომ მეგობრებად მოიხსენია და დარჩა ილია პინტურია.
ვინმე ილია პინტურიადან, იმდენი “იშრომეს”, რომ საქმე ჩამოეკიდა მხოლოდ ილია პინტურიას.
გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს მუშაობის პრინციპიდან, გამომდინარე იქედან, რომ სააპელაციო სასამართლოში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ დაცვის მხარემ გაასაჩივრა, ამ სიტუაციაში, როცა ყველა მტკიცებულება, დაწყებული ჩხრეკის დადგენილების გაცნობიდან, დასრულებული ექსპერტიზის შედეგებით, ყველაფერი ძალადაკარგული და იურიდიული ძალის არმქონეა, ერთადერთი სამართლებრივი და კანონიერი გზა სააპელაციოს ის დარჩა, რომ სრულად გააუქმოს სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. არადა, ბუგიანიშვილს, ან საქმის პროკურორს, ვახტანგ ცალუღელაშვილს, თავის დროზე მისთვის გამოსადეგი გონიერება რომ გამოეჩინა, საპროცესო შეთანხმებაზე დაითანხმებდნენ გაურკვეველ ვითარებაში და თარჯიმნის გარეშე ხელჩაგდებულ პირს და საქმეს ისე ჩაფარცხავდნენ, ვერც კი გავიგებდით. თუმცა, ზოგი ჭირი მარგებელია და ალბათ, ბუგიანიშვილს ადრე თუ გვიან უნდა ეტვირთა პრეცედენტულ საქმეში მისი გვარის, არც თუ სასიამოვნო და არც თუ სამართლიან კონტექსტში გაჟღერება, ვნახოთ, მოხვდება თუ არა ამ საქმეში, იგივე კონტექსტში მრელაშვილის გვარი. ამ საქმეს ყურადღებას, ცხადია, ბოლომდე მივაქცევთ.
და თუ ნ.ა. მართლას ამბობს და მე არანაირი საფუძველი მისი ნათქვამის არდაჯერების არ მაქვს და თუ მართლაც ემუქრებოდნენ და ვიღაცეების ჩაშვებას სთხოვდნენ და ამიტომ ჩაუდეს ნარკოტიკი, რა კარგად გადანაწილდა მაშინ, ნარკოტიკის დიდი ოდენობა ცალკე დევს, მცირე ოდენობა – ცალკე და პრაქტიკულად, საქმე თავიდანვე გაიყო, ვიდეოც კი არაა მთლიანი და ორია – და რა მოხდებოდა? თუ დათანხმებოდა, საქმეში დარჩებოდა მხოლოდ 0,8 გრამი ნარკოტიკი და მარტივად გამოაძვრენდნენ? – ხომ აქვს ამ ვერსიასაც არსებობის უფლება, ბატონო მოსამართლევ? ახლა კიდევ მეტად ხომ აქვს არსებობის უფლება ამ ვერსიას?
ცხადია, ეს საქმე ადრე თუ გვიან, ყველა ვარიანტში ჩამოქცეულია და თუ საქართველოში არა, სტრასბურგში მაინც განიხილება სამართლიანად, როცა საქმე ნ.ა. საქართველოს წინააღმდეგ წავა, რადგან ვენეციის კონვენცის მეექვსე მუხლის მიხედვით, პირს მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ და დაწვრილებით უნდა გააცნონ დადგენილი ბრალდების არსი და საფუძველი და ამ წინადადებაში არც სადაოა რამე და არც გაუგებარი, უბრალოდ, თუ ამის თქმა მაინცდამაინც სტრასბურგის სასამართლოს მოუწევს, ამ შემთხვევაში საქართველოს სასამართლო სისტემა კიდევ ერთ მწარე პასუხს მიიღებს, რაც სრულებითაც არ მახარებს.
და ბოლოს ერთს ვიტყვი, ცხადია, შემეძლო მხოლოდ ერთი წინადადება დამეწერა – მხოლოდ ის მეთქვა, რომ პირი, რომელიც არ ფლობს ქართულ ენას, გაასამართლეს თარჯიმნის გარეშე და ეს უკვე სკანდალია, არაფრის დამატება სჭირდება, მაგრამ მე პირადად, გულწრფელად ვთვლი, რომ არ არსებობს დიდი და პატარა დარღვევები, სკანდალური და სტანდარტული დარღვევები, კანონს თუ პოლიცია, შსს, პროკურატურა და სასამართლო არ დაიცავს, მაშინ, რას ვთხოვთ მოქალაქეს? ნებისმიერი დარღვევა მნიშვნელოვანია, და ნებისმიერ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, ადამიანების ციხეში გამოკეტვა ასეთი დაუსაბუთებელი, ასეთი სუსტი, ასეთი ალოგიკური განჩინებებით, კანონის ასეთი უხეში დარღვევით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევით პირის ციხეში გამოკეტვა დაუშვებელია.
„ალია“ აგრძელებს ამ თემაზე და ზოგადადაც, ტრადიციულად, სამართალდამცველი და სასამართლო სისტემების დანაშაულებრივი ქმედებებისა, თუ კანონის უგულებელყოფის ფაქტებზე მუშაობას. ინფორმაციის მოსაწოდებლად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე – 555 46 08 04
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები