ანი დვალიშვილი
სამწუხაროდ, ნარკოტიკი ისევ ქართული რეალობის ყოველდღიურობად იქცა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნარკოლიბერალიზაციის შესახებ კანონი მიიღეს და არაერთი ნარკოტიკული საშუალება ლეგალურად გამოცხადდა. ჰოდა, ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ მარიხუანას მომხმარებლები არასრულწლოვნებიც არიან და ისინი არც კლუბურ ნარკოტიკზე ამბობენ უარს. ნახევარლიტრიანი ქილა მარიხუანა დაახლოებით 400-დან 600 ლარამდე ღირს, სიძლიერის მიხედვით, თუმცა შეგვიძლია ზუსტად გითხრათ, რა ღირს სხვა, ბევრად მძიმე ნარკოტიკი შავ ბაზარზე. დიახ, ნარკოტიკი იმდენად მარტივად იყიდება, გაოცდებით. ასე მარტივად ონ-ლაინ მაღაზიებში ყველაზე იაფ-ფასიან ნივთსაც კი ვერ შეიძენთ და რაც მთავარია, ნარკოტიკების შეძენის შემთხვევაში, კურიერის მომსახურების გადასახადს არ იხდით.
„ალიამ“ ჩაატარა ექსპერიმენტი და გადავწყვიტეთ გვეცადა, რამდენად მარტივად მოვახერხებდით ნარკოტიკის შეძენას ინტერნეტის მეშვეობით. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა – ეს არის ჭაობი, ეს არის განუკითხაობა და ეს არის ნარკოტიკების გასაღების პიკი. ყველაფერი იმდენად მარტივი და რაც მთავარია, ანონიმურია, ნებისმიერ სპეც-სამსახურს შეშურდება. ტელეფონში, „ტელეგრამის“ პროგრამაში, კონკრეტული ადრესატის აკრეფის შემდეგ, ნარკოტიკის შეძენას დაახლოებით სამ წუთში მოახერხებთ თქვენთვის სასურველ ქალაქში, უბანში და ასე განსაჯეთ, ქუჩაზეც კი. ინტერნეტში 2 გრამი მეტადონის ფასი 1900 ლარია, 1 გრამი მეტადონი კი 1050 ლარი ღირს (ანუ, ბითუმად აქაც შეღავათია). თუ ამდენი თანხა არ გაქვთ, შეგიძლიათ 0.5 გრამი შეუკვეთოთ და 550 ლარი გადაიხადოთ, ხოლო თუ არც ეს თანხა გაქვთ, 0.15 გრამს 240 ლარად იყიდით. ეგრეთ წოდებული „პვპ“ 2 გრამი 380 ლარად იყიდება, 1 გრამი 220 ლარი ღირს, ხოლო 0.3 გრამი 130 ლარი.
სასურველი ნარკოტიკის არჩევის შემდეგ, ბოტ-ოპერატორი გეკითხებათ, რომელ ქალაქში გსურთ ნარკოტიკის მიღება. ჩამონათვალი აქაც შთამბეჭდავია – თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, გორი, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, თელავი, მარნეული, ქობულეთი, ზესტაფონი, გუდაური, დუშეთი… თუ თბილისს არ ირჩევთ, ოპერატორი გეკითხებათ ქუჩას, ხოლო თბილისის არჩევის შემთხვევაში, უბანს – მუხიანი, დიდუბე, ავჭალა, ზაჰესი, აფრიკა, დიღომი… და უბნის არჩევის შემდეგ ქუჩას და საბოლოო ჯამში, გთხოვთ ფულის გადახდას. აი, გადახდის პროცედურაც ძალიან საინტერესოა – ოპერატორი გთავაზობთ როგორც ბიტკოინით ანუ კრიპტო-ვალუტით გადახდას, ისე საბანკო ანგარიშსწორებით და ბიტკოინის შემთხვევაში გთავაზობთ შტრიხ-კოდს, საბანკო ანგარიშსწორებით კი, ბანკის ანგარიშს, რომელიც საზღვარგარეთ არის რეგისტრირებული და როგორც ამბობენ, მისი მიგნება შეუძლებელია. აი, ასე მარტივად, შეგიძლიათ შეიძინოთ ნარკოტიკი და თუ ფულს ნახევარ საათში არ გადაიხდით, ოპერატორი გატყობინებთ, რომ თქვენი შეკვეთა გაუქმებულია. ზუსტად ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც – შეკვეთა გაუქმდა, მაგრამ…
აქ ყველაზე საინტერესო მხოლოდ ის კი არ გახლავთ, რა დონის მომსახურება აქვთ ნარკოდილერებს და როგორ გამარტივებული აქვთ ყველაფერი, არამედ ამ სქემის მასშტაბები და ის, თუ რა ოდენობის ნარკოტიკი ტრიალებს საქართველოში. ნარკოდილერებს განსაზღვრული აქვთ დოზები, ანუ ყველა ერთ დოზას ხომ არ უკვეთავს, განსაზღვრული აქვთ ლოკაციები არამარტო ქალაქების და უბნების, არამედ ქუჩების მიხედვით, ფულის გადახდის შემდეგ, მაშინვე მოდის ლოკაცია და კოორდინატები, სად არის დამალუული ნარკოტიკი და გამოდის, რომ ლამის ყველა დიდი ქალაქი საქართველოში უბრალოდ ნარკოტიკებზე დგას და ეს შსს-მ არ იცის?!!! საქმე ის გახლავთ, რომ სამალავები არ არის მოწყობილი მიყრუებულ ადგილებზე, ისინი ძირითადად სკვერებშია გაკეთებული.
„არაერთი ახალგაზრდა კურიერად მუშაობს. ისინიც ზუსტად ასე, ინტერნეტით იძენენ ნარკოტიკს და დილერს ეუბნებიან, რომ ნარკოტიკის გაყიდვა სურთ და არა მოხმარება. ისინი თითო ლოკაციისთვის 50 ლარს იღებენ და დღეში შესაძლოა, ათ ლოკაციაზეც კი დამალონ ნარკოტიკი. ბევრ მათგანს სპეციალურად ამისთვის ძაღლი ჰყავს ნაყიდი, სკვერში ასეირნებს, ეთამაშება, ჯოხით და ბურთით ავარჯიშებს და როცა ბურთის ასაღებად იხრება, ხელში აქვს ლითონის პატარა ნაჭერი, მიწაში არჭობს და ნახვრეტში ნარკოტიკს აცურებს, შემდეგ იმ ადგილს სურათს უღებს და დილერს ლოკაციას უგზავნის. თავის მხრივ, დილერი მშვიდად ელოდება მუშტარს და სამწუხაროდ, ასეთი მუშტარი ბევრია. რაც მთავარია, ბევრია ის აპლიკაცია თუ საიტი, საიდანაც ნარკოტიკის შეძენაა შესაძლებელი და ამ ყველაფერს სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. როცა ვამბობთ რამდენიმე წუთს, ერთი ხელის თითებზე დასათვლელ დროს ვგულისხმობთ.“ – ეუბნება „ალიას“ ადამიანი, რომელლისგანაც გავიგეთ „ტელეგრამის“ ამ კონკრეტული გვერდის მისამართი, რასაც, ცხადია, აქ არ დავწერთ.
დღეს, როცა ტელეფონი და ნებისმიერი აპლიკაცია თუ პროგრამა ყველასთვის ხელმისაწვდომია და საუბედუროდ, ხელმისაწვდომია არასრულწლოვნებისთვისაც. სწორედ მათთვის, ვისაც მარიხუანა და კლუბური ნარკოტიკი გასინჯული აქვს და ახალი შეგრძნებებისთვის მეტი სჭირდება, ის მეტი კი, აგერ, მინიმალურ გრამებში „ჩაშლილი“ „პვპ“ და მეტადონია, რომლის ფასიც მარიხუანაზე იაფიც კი გამოდის და შეძენის ცდუნება დიდია. ბევრი, ძალიან ბევრი ვერ უძლებსა ამ ცდუნებას და მეტსაც გეტყვით, მომხმარებელთა აბსოლუტური უმრავლესობა არასრულწლოვანთა შორის გოგონაა.
„გოგონებს ნაკლებად უკონტროლებენ ფულს მშობლები, რაში დახარჯა, რატომ დახარჯა… თანაც, გოგოსთვის დახარჯვა ადვილია, იტყვის, სუნამო ვიყიდე, კოსმეტიკა ვიყიდე, დაქალისგან ინათხოვრებს და დამთავრდა. ისინი მარტივად შოულობენ ფულს და მარტივად შოულობენ ნარკოტიკსაც“, – გვეუბნება ჩვენი ინფორმატორი. ჰო, სწორედ რომ ინფორმატორი, რადგან ის არ მალავს, რომ ყოველი ახალი აპლიკაციის შესახებ ინფორმაციას სამართალდამცავებსაც აწვდის, მაგრამ რეალურად, ისინი არაფერს და ვერაფერს აკეთებენ. ჯერ ერთი, ყველას და ყველაფრის გაკონტროლება ინტერნეტ-სივრცეში უბრალოდ წარმოუდგენელია და მეორეც – ნარკოდილერებს ძალიან კარგი ჰაკერები ჰყავთ იმისთვის, რომ უჩინარები დარჩნენ და თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. მეტიც, მათი აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში არც ცხოვრობს და „ბიზნესს“ შორიდან აკონტროლებს.
გასაგებია, რომ აქ ნარკოტიკების ლოკაციების ძებნა და კონტროლი ძნელია, ძნელია იმის გაკონტროლებაც, ვინ როდის ჩაიმუხლება სკვერში ნარკოტიკის დასამალად ან ასაღებად, მაგრამ ნარკოტიკების შემოტანა და ბრუნვა ხომ შეიძლება გაკონტროლდეს? საზღვარი ხომ შეიძლება ისე ჩაიკეტოს, რომ ნარკოტიკები არ შემოვიდეს? ჩვენი ინფორმაციით, ყველაზე ხშირად აზიის ქვეყნების მოქალაქეებს აკავებენ ნარკოტიკიების შემოტანის მცდელობაზე, მათ რიცხვში კი ირანელები სჭარბობენ. რატომ? მიზეზი მარტივია – ირანში ნარკოტიკების გაყიდვა სიკვდილით ისჯება, საქართველოში კი… მართალია, კანონი უვადო თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს, მაგრამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უვადოდ იშვიათად სჯიან და ყველას აქვს იმედი,რომ თუ რამეა, მისჯილის სრულად მოხდა არ მოუწევს. ეს იმიტომ, რომ არაერთი პრეცენდენტი ყოფილა, როცა 20 და 25 წლიანი სასჯელი ჰქონიათ „ბარიგებს“ და ციხე 4-5 წელიწადში დაუტოვებიათ, ხან შეწყალებით და ხან კიდევ სასჯელის გადავადება-განახევრებით თუ გამეოთხედებით. ჩვენში სიკვდილით დასჯას არავინ დააბრუნებს და ნარკოდილერებს (რა ოდენობის და რა სახის ნარკოტიკსაც არ უნდა ჰყიდდნენ) პირდაპირ სამუდამო პატიმრობას თუ მივუსჯით საწყისი 20 თუ 25 წლის განმავლობაში შეწყალების მოთხოვნის უფლების გარეშე, ძალიან კარგი იქნება.
ფაქტი ერთია – საქართველოში ნარკოტიკი ისევე მარტივად იყიდება, როგორც ბაზარში მწვანილი. მთავარია ფული გქონდეთ და ტელეფონი, დანარჩენი კი ერთი ხელის თითებზე დასათვლელი წუთების საქმეა.
პ.ს. 17 ნოემბერს შევეცადეთ ნარკოტიკი რუსთავში შეგვეძინა და ოპერატორმა გვითხრა, რომ რუსთავში ამ ეტაპზე ყველა ლოკაცია ცარიალია, თუმცა ორშაბათიდან რუსთავი აუცილებლად იმ ქალაქებს შორის იქნება, სადაც მათი „პროდუქციის“ შეძენა შეგვეძლება. რას ერჩით, მუშაობს ხალხი…
კომენტარები