“ენმ”-ის წევრმა, ხატია დეკანოიძემ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი „მთავარი“ არხის ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის გამო გააკრიტიკა.
მამუკა მდინარაძემ მას უპასუხა და განაცხადა, რომ იცის, წულუკიანს არ ჰქონია ძარცვის მიზანი და რომ მიკროფონის წართმევა პოლიტიკური აქტი იყო:
„თეა წულუკიანის საქციელს არ ვგმობ. შეიძლება, სუბიექტურიც ვიყო, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური აქტი. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს იყო მიკროფონის, სხვისი ნივთის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მაშინ, ძარცვა იქნება, მაგრამ ვერ იქნება ძარცვა. არ შეიძლება, თეა წულუკიანს ჰქონოდა ამ ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი, როგორც თქვენ და თქვენი ტელევიზია ხალხს ატყუებთ“
როგორ შეიძლება, რაღაც უფლებები იყოს მხოლოდ ცალ მხარეს, და მეორე მხარეს – არა? რადგან ხელისუფლებაში ხარ, როგორ შეიძლება არ გქონდეს რაღაცის უფლება, რომელიც აქვს მაინცდამაინც „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორ შეიძლება, ნიკა გვარამიას დედის გინება ეპატიოს, ამას არ აღნიშნავდეთ და შენიშნავდეთ ათჯერ ნაკლებს, ან – იგივეს, ოღონდ, ამ შემთხვევაში სამართლიანად. მაქვს თქვენი ტელევიზიის ხელმძღვანელის მიერ გამოტანილი, საბჭოთა უნიფორმებში გამოწყობილი ჩვენი თანაგუნდელების ფოტოები. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ამაზე დიდი შეურაცხყოფა ადამიანისთვის არ არსებობს. ამ ხალხს შვილები და მშობლები არ ჰყავს? არის თუ არა ეს უმძიმესი შეურაცხყოფა? გმობთ თუ არა თქვენი ტელევიზიის ხელმძღვანელის ამ საქციელს?“
22 ივნისს სენაკის თეატრში განათლების მინისტრმა თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. ჟურნალისტმა თქვა, რომ გამოიძახა პოლიცია, თუმცა, მათ უთხრეს, რომ წულუკიანს ვერ მიუახლოვდებიან.
„მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ 23 ივლისს თეა წულუკიანის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურას მიმართა. იგი მომხდარზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
კომენტარები