როგორ მიკლავთ ხალხს?! – პრემიერი გიორგი გახარია ჯანდაცვის სექტორსა მინისტრს შიდა შეხვედრაზე მწვავედ დაუპირისპირდა. ამავე სხდომაზე საწოლფონდის უქონლობისა და უამრავი ინფიცირებული ადამიანის საავადმყოფოს გარეთ დარჩენის გამო, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. ამის შესახებ „2020NEWS“-ს სამთავრობო კულუარებიდან ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.
პრემიერსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის დაპირისპირება იმდენად გამწვავადა, „ლოგიკურ“ შედეგამდეც მივიდა, წყაროს თქმით, ბიძინა ივანიშვილის პირადი სტომატოლოგის, ეკატერინე ტიკარაძის ადგილს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიტიძე დაიკავებს. ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ბიძინა ივანიშვილის „დაბროც“ აქვს.
სააგენტოს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერმა მას შემდგომ მიიღო, რაც ეპიდსიტუაცია ქვეყანაში გამწვავდა, ინფიცირებულ ადამიანებს კი საწოლფონდის უქონლობის გამო, საავადმყოფოებში ვეღარ ათავსებენ. კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ახლობლები საწოლფონდის დეფიციტში, ბუნებრივია, ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს ადანაშაულებენ.
თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს შემდეგი:
“ალიაში” არაერთი წერილი გამოქვეყნდა პრემიერის სახელზე და ადამიანები ამაოდ ითხოვდნენ დახმარებას – არ კითხულობს მთავრობის პიარი მედიას? არ კითხულობს მოსახლეობის წერილებს? რატომ ერთხელ მაინც არავინ დაუკავშირდა ამ ადამიანებს? რატომ ერთხელ მაინც არავინ დაუკავშირდა რედაქციას? მეტიც, სამთავრობო პიარმა გვითხრა, რომ 24/7-ზე არ მუშაობენ და საღამოს საათებში არ უნდა შევაწუხოთ!!!
“ალია” შეგახსენებთ, რომ ეპიდემიას მართავს დაავადებათა კონტროლის სამსახური, აბა, თუ ეპიდემიას ჯანდაცვის სამინისტრო მართავს მხოლოდ, რაში მჭირდება დაავადებათა კონტროლის ცენტრი? – ამიტომ პასუხისმგებლობა უნდა გაინაწილოს ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემაც!
არავის დავიწყნია და ისევ შეგახსენებთ “ალია”, რომ ყველა სხდომას ხელმძღვანელობდა პრემიერი, ყველა გადაწყვეტილებას იღებდნენ ერთად, მაშინ, როცა სექტემბერში ნახა და მოისმინა, რომ ექიმები ჯერ კიდევ არ არიან გადამზადებულნი, მაშინ, როცა სექტემბერში გაიგო, რომ საწოლფონდმა კი არ იმატა – იკლო – რატომ არ აღშფოთდა?
“ალია” შეგახსენებთ, რომ მთავრობის ე.წ ცხელი ხაზი 144, ნელთბილად მხოლოდ 21 საათამდე მუშაობს, მაშინ, როცა ასეთი კრიზისია მაშველი რგოლის და ადამიანებს უწყებებთან დაკავშირება უჭირს, არც ეგ იცის პრემიერმა? არც ეგ ეხება პრემიერს?
12 წლის ბავშვი, რომელსაც დიალიზი სჭირდებოდა, ჯანდაცვის პროტოკოლის მიხედვით, იმ კლინიკაში რომ მიიყვანეს, სადაც დიალიზის გადასხმა არ ხდებოდა – იმ დღესვე რატომ არ მოხსნა მინისტრი პრემიერმა?
პასუხისმგებლობის გადატეხვა ახლა მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრზე – კიდევ ერთი სპექტაკლია, ჯანდაცვის ახალი მინისტრი იტყვის, ახალი ვარ და დამაცადეთო, შეცდომების გამოსწორებას დრო უნდაო, ახლა მე თავიდან ვიწყებო…
როგორ, მაისში რომ ჯანმრთელობის შესახებ კანონი შეცვალა პრემიერმა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შეზღუდვების დაწესების უფლება რომ მისცა თავს, ამითი ის არ თქვა განა, რომ პანდემიას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მართავს, თუ მხოლოდ არჩევნების გამო შეცვალა კანონი?
ჩვენ კი ვიხოცებით, ამასობაში და “ცამდე მართალმა პრემიერმა” “ალიას” ერთ კითხვაზე გვიპასუხოს, სად არის ინფექციურის ახალი შენობა, რომელსაც პირადად დაპირდა? რატომ ჩადის იფექციურ საავადმყოფოში ისევ წვიმის წყალი? რა გაკეთდა?
დიდი ეჭვი გვაქვს, ამ სამი მამაკაცის, გახარიას, გამყრელიძისა და იმნაძის გარეშე, ტიკარაძე, ნაბიჯსაც არ დგამდა, დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ახლა სამივე მამაკაცი მას შეახოცავს ხელს და “ალიას” არც ის ავიწყდება, ეს სამი მამაკაცი თავის მხრივ, შუშის სასახლეში გამოკეტილ კაცს რომ ემორჩილება!
ასე რომ, პასუხისმგებლობას ახლა კი გადატეხავთ, ბატონებო, ტიკარაძეზე, მაგრამ უკან თუ მიიხედავთ, თქვენ ზურგზეც თქვენ წილ პასუხისმგებლობას სძინავს და ერთ დღეს აუცილებლად გაიღვიძებს!
კომენტარები