„ალიამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსთავის მერიას უკვე მზად აქვს ტაქსის რეფორმის პროექტი. პირველად არ ხდება, რომ თბილისის მერიის რეგულაციებს, რუსთავის მერიაში აკოპირებენ, როგორც წესი, ხელისუფლება როცა რაღაცას თბილისში ტესტავს, აუცილებლად აყოლებს რუსთავსაც.
იმ ფონზე, რომ პანდემიის მიზეზით, სახელმწიფომ ტურისტული ბიზნესი გააჩერა, ტაქსის მძღოლების რიცხვმა კიდევ უფრო იმატა, ახლა მეტი ტაქსია ბაზარზე და ნაკლები შემოსავალი მიაქვთ ოჯახში, იმ ნაკლებ შემოსავლით კი, ლარის კურსის ცვლილების გამო, კიდევ უფრო ნაკლები პროდუქტის ყიდვა შეუძლიათ.
„ქართული ოცნება“ წარმატებით აგრძელებს პროექტს – ჩაიხედე ყველას ჯიბეში, ამოიღე ყველას ჯიბიდან და ამჯერად, რუსთაველი ტაქსისტების ჯიბეში ყურებით დაკავდა. როგორც გვიყვებიან, ტაქსის ე.წ. რეფორმის პროექტი უკვე მზადაა და არჩევნების დასრულებას ელოდებიან, რომ დღის სინათლეზე გამოაჩინონ.
რამდენი ათასი ადამიანია რუსთავიდან ტაქსის ბიზნესში ჩართული, რამდენი ადამიანის ოჯახს შეეხება ე.წ. რეფორმა? რამდენ ადამიანს აღარ დარჩება პურის ფულის გამომუშავების საშუალება?
მართალია, ტაქსის რეფორმით ბიუჯეტში თანხა შევა (რეგისტრაციის, ჯანმრთელობის ცნობის და ა.შ.) მაგრამ ამ რეფორმას სინამდვილეში არაფერი საერთო არა აქვს ბიუჯეტთან – სიმართლე ისაა, რომ ეს შედარებით მყარი და შემოსავლიანი ბიზნესია და რატომ უნდა ჰქონდეს ამ ბიზნესის ნაწილზე წვდომა ხალხს, როცა შეიძლება მისით ისარგებლოს ხელისუფლებაში მყოფმა ჩინოვნიკმა?
„ალიას“ კიდევ ერთი ინფორმაცია მიაწოდეს ექსკლუზიურად, როგორც წყარო გვიყვება, უკვე ჩამოყვანილი ათასი ელექტრომობილი და არჩევნების მერე ახალი ტაქსოკომპანია შეიქმნება, რომელიც დაკომპლექტდება ელექტრომობილებით. როგორ გაუწევს საწვავზე მყოფი ავტომანქანის მძღოლი ელექტრომობილებით დაკომპლეტებულ ტაქსოკომპანიას კონკურენციას? მართალია, ვერ გაუწევს და ეს უკვე აღარ იქნება ჯიბეში ხელის ჩაყოფა და პატიოსანი შრომით ნაშოვნი ფულის ქურდობა რეფორმის სახელით, ეს უკვე ბიზნესის ახევაა.
შემთხვევითი არც ისაა, რომ ყველა შემოყვანილი ელექტრომობილი თეთრი ფერისაა და ტაქსის რეფორმაც თეთრი ფერის ტაქსებზეა მთლიანად მორგებული.
იმასაც გვიყვებიან, რომ ელექტრომობილების ტაქსოკომპანიის ბიზნესით მამუკა ბახტაძეა დაინტერესებული და ეს არც უნდა გაგვიკვირდეს, რადგან „აიგრუპს“, რომელმაც თავის დროზე პირველად შემოიყვანა ელექტრომობილები (თეთრი ფერის) ქვეყანაში, სწორედ მამუკა ბახტაძე არეკლამებდა ღიად და ლობირებდა პრეზენტაციებზე.
„აიგრუპს“ ამჯერად ქვეყანაში სულ 150 ელექტრომობილი ჰყავს შემოყვანილი, (დავუკავშირდით და ასე გვითხრეს) თუმცა. 2019 წელს, როცა პირველი 50 ელექტრომობილი შემოიყვანა, ამბობდა, რომ კიდევ 5 000 ავტომობილს შემოიყვანდა, 2019 წელს, „აიგრუპმა“ და საქართველოს მთავრობამ ერთად დაანონსეს ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის დაწყება (მემორანდუმს ეკონომიკის მინისტრის ხელმოწერაც ამშვენებს) და გვითხრეს რომ 2020 წლის დასაწყისში უკვე ელექტრომობილებს გამოუშვებდნენ, თუმცა, ახლა გვეუბნებიან, 2020 წლის დასაწყისში იმიტომ ვერ გამოვუშვით პირველი მანქანა, რომ 2020 წლის დასაწყისში პანდემია დაიწყო…
მანქანის გამოშვება თითის დატკაცუნებით რომ არ ხდება, ხომ ცნობილი? ერთ-ერთი მოდელის დიზაინი დიზაინერ ზვიად ციკოლიას უნდა შეექმნა, თუმცა, დიზაინი 2020 წლის ბოლოსაც კი არ არის შექმნილი. შესაბამისად, დიზაინი არ იყო 2020 წლის დასაწყისშიც მზად და პანდემია რა შუაშია, ცოტა არ იყოს გაუგებარია. ხელები დაიბანა და გასუსულია ეკონომიკის მინისტრი თურნავაც, რომელმაც პირადად მოაწერა მემორანდუმს ხელი, გაჩუმებულია ბახტაძეც, რომელიც ქვეყნის აყვავებას გვპირდებოდა ამ ბიზნესით. არც „აიგრუპს“ აქვს ამაზე კონკრეტული პასუხი.
„აიგრუპის“ ხელმძღვანელი გახლავთ კახა გულედანი, „ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსანი – რომელიც, სამგორის გამგებლის თანამდებობიდან კახა კალაძემ ამ სიტყვებით გააცილა – „მიდის ბიზნესში“, თუმცა, მაშინ არავის უთქვამს, რომ „ოცნების“ მაღალჩინოსნის ბიზნესში წასვლა, ბახტაძის გვარს შეიძლებოდა დაკავშირებოდა.
კიდევ ერთი დამთხვევა ისაა, რომ ტაქსის რეფორმა და ელექტრომობილების პირველი შემოყვანა ქვეყანაში საეჭვოდ გადაიკვეთა დროში.
აქვე გეტყვით, რომ მართალია კომპანიამ ქარხანა ვერ ააშენა, დიზაინი არ დაუკვეთა და მინისტრ თურნავას ხელმოწერის „ძალაც“ კიდევ ერთხელ დაგვანახა – სამაგიეროდ, კარგი საქმე გააკეთა, ელექტრომობილების ტაქსოპარკისთვის ბაზა მზადაა, ბაზარი და ფასები შესწავლილია, ყველაზე დაბალ ფასებში იმუშავებენ, ქალაქებში უკვე განთავსებულია მანქანის დამტენი მოწყობილობების ქსელი, ასე რომ შემოდი და იმუშავე, შემოდი, იმუშავე და უამრავი ადამიანის ბიზნესი ჯიბეში ჩაიდე. შემდეგ კი, როცა ტაქსის ბიზნესს ხალხს და კომპანიებს წაართმევ და უკონკურენტო იქნები – შეგიძლია ფასებს ისევ მოუმატო. არც ეგაა პრობლემა. რატომ არა რო, მანქანა შენია, ელექტროენერგია შენია, ბიუჯეტი შენია და რა შეგიშლის ხელს?
„ალიამ“ სცადა რუსთავის მერთან დაკავშირება, ირაკლი ტაბაღუა მთელი დღის მანძილზე გვიმტკიცებდა, რომ შეხვედრაზეა და არ სცალია, თუმცა, მერიის გვერდზე, არცერთი მისი შეხვედრა არ გაშუქებულა. ეჭვი შეგვეპარა მერის გულწრფელობაში და შევთავაზეთ ეთქვა, რა შეხვედრას ატარებს, ჩვენ გავანიუსებთ, რაკი მისი პიარი არ ანიუსებს. გვიპასუხა, რომ პირადად შეგვხვდება და ტელეფონით ვერ გვიპასუხებს. გვირჩია არ გავბრაზდეთ. იყოს პირადი შეხვედრა, დავპატიჟეთ რედაქციაში, არ გვიპასუხა. მივწერეთ, რომ ძილის წინ, ტაქსის რეფორმის პროექტის მაგიდის უჯრაში შენახვა არ დაავიწყდეს არჩევნებამდე – არც მაგაზე გვიპასუხა, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ სადაც არ უნდა შეინახოს, ორშაბათს „ალიადან“ ყველა გაიგებს, რომ რუსთავის მერია ტაქსის მძღოლების ჯიბითაა დაინტერესებული.
მოკლედ, არჩევნების მერე რუსთავს ელოდება ის ტაქსის რეფორმა, რომელიც ასე მტკივნეულად გაიარა თბილისმა და არაერთ ადამიანს სინამდვილეში თავისი ხარჯით მოუწია ავტომანქანის გადაღებვა. არჩევნების შემდეგ რუსთავის მოსახლეობაც იწვნევს საკუთარ თავზე სიღატაკისა და უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებლის კიდევ უფრო მატებას. ტაქსის ეს რეფორმა პირველ ნაწილს გაცხრილავს და ზოგს აიძულებს კომპანიაში გაწევრიანდეს, ზოგსაც კი საერთოდ ჩამოაცილებს ბიზნესს.
შემდეგ კი იქნება ახალი ტალღა თავდაპირველად თბილისში და რუსთავში ერთად, შემდეგ კი სხვა დიდ ქალაქებშიც – ელექტრომობილების ტაქსოპარკი, რომელიც ტაქსის ბიზნესში უკონკურენტო იქნება. როგორც ჩანს, „ოცნების“ წარმომადგენელებისთვის მთავარი გამოწვევა არჩევნების წინაც კი, ისევ და ისევ საკუთარი ჯიბე და ფულია.
თამო კეშელავა, ალია№34
კომენტარები