„ალიას“ ესაუბრება ნიუ ჰოსპიტალსის ექიმი, ნეიროქირურგი, ნეიროინტერვენციონისტი, მედიცინის დოქტორი, ქეთევან მიქელაძე, რომლის სპეციალიზაციაა ნეოროქირურგია, ენდოვასკულარური ქირურგია, იტერვენციული რადიოლოგია, ანევრიზმების მკურნალობა. გამოცდილება აქვს მიღებული საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის და გერმანიის წამყვან კლინიკებში. არის ინტერვენციული და თერაპიული ნეირორადიოლოგიის მსოფლიო ფედერაციის წევრი, მონაწილეობა აქვს მიღებული 2 000–ზე მეტ ქირურგიულ ჩარევაში, არის 41 პუბლიკაციის, 3 წიგნის და 35 პრეზენტაციის ავტორი.
–რა არის ანევრიზმა, რა იწვევს, როგორ ჩნდება?
–ანევრიზმა სისხლძარღვებს, კერძოდ, აორტასა და თავის ტვინის მკვებავ არტერიებს ემუქრება. თავის ტვინს სისხლით ამარაგებს ოთხი ძირითადი არტერია, რომლებიც იტოტებიან და ტვინის ყველა უბნისკენ მიემართებიან. ანევრიზმა უმთავრესად სწორედ იმ უბნებში წარმოიქმნება, სადაც ეს ოთხი ძირითადი არტერია ერთმანეთს უერთდება. ანევრიზმა არის გენეტიკურად დეტერმინირებული სისხლძარვის კედლის დეფეკტის ადგილას გამოწვეული
ცვლილება. დაავადება გამოიხატება სისხლძარღვის კედლის გათხელებით და ამ უბნის პათოლოგიური გაფართოებით ე.წ. ტომრისებური გამობერილობით, რომელიც რუპტურისკენ (გასკდომისკენ) არის მიდრეკილი. არსებობს თანდაყოლილი ანევრიზმა, თუმცა ის ძალიან იშვიათია. დაავადება ძირითადად დროთა განმავლობაში ვითარდება, სხვადასხვა გამომწვევი მიზეზის გავლენით. ანევრიზმის მაპროვოცირებელ ძირითად ფაქტორებს მიეკუთვნება: მწეველობა, ასევე, ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მოხმარება – მათში შემავალი ნივთიერებები აზიანებს სისხლძარღვების კედლებს, რა დროსაც მატულობს ანევრიზმის წარმოქმნის საფრთხე; დაავადება უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე კაცებში. ამის ერთ-ერთი მიზეზი მენოპაუზის შემდეგ ჰორმონალური ცვლილებებია; გარკვეული დაავადებები – მათ მიეკუთვნება შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, აორტის შევიწროება, არტერიოვენური მალფორმაცია თავის ტვინში, თირკმლის პოლიკისტოზი და სხვა; ასაკი – ანევრიზმის განვითარების ალბათობა 30 წლის ზემოთ მატულობს; გენეტიკური წინასწარგანწყობა – თუ ანევრიზმით დაავადებულია პირველი რიგის ნათესავი, ასეთ ადამიანებში მისი განვითარების რისკი შედარებით მაღალია; მაღალი არტერიული წნევა; ტრავმა – ანევრიზმა ვითარდება სისხლძარღვის ტრავმული დაზიანების დროსაც.
–რა არის მისი სიმპტომები და ადამიანთა რომელი ჯგუფებია რისკ–ჯგუფში?
–თავიდან დაავადება უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რადგან გამობერილობა მცირე ზომისაა და სისხლძარღვის მთლიანობას არ არღვევს. სიმპტომებმა შესაძლოა თავი იჩინოს ანევრიზმის ზრდის დროს, ტვინის ქსოვილსა და ნერვებზე ზეწოლის გამო. ეს სიმპტომებია: ქუთუთოების დაშვება; ტკივილი თვალის არეში; გუგის გაფართოება; ნახევარი სახის დაბუჟება; მეტყველების გაძნელება; თავის ტკივილი; კოორდინაციის დარღვევა;
კონცენტრაციის მოშლა. ანევრიზმის გახეთქვას ავლენს: უეცარი, ძალიან ძლიერი თავის ტკივილი, რომელსაც პაციენტი აღწერს როგორც ყველაზე ძლიერს, რაც კი ოდესმე უგრძნია; გულისრევა, ღებინება;კისრის დაჭიმულობა; მხედველობის დაბინდვა ან გაორება; სინათლისადმი მგრძნობელობის მომატება; გულყრა; ანევრიზმა შესაძლოა იყოს მჟონავიც – სისხლძარღვიდან ჟონავდეს ცოტაოდენი სისხლი, რაც ხშირად გასკდომას უძღვის წინ. ამ დროს პაციენტი მხოლოდ უეცარ ძლიერ თავის ტკივილს გრძნობს. შესაბამისად, უეცარი ძლიერი თავის ტკივილის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, არავითარ შემთხვევაში დატოვოთ უყურადღებოდ გონების დაკარგვის ეპიზოდი. საშუალოდ ანევრიზმის რაოდენობა პოპულაციაში მიახლოებით 5% არის, გამსკდარი ანევრიზმების შემთხვევა კი 10 /100000 ზე შეადგენს. ჩემი აზრით, საქართველოში იმატა გამოკვლევების დროულად ჩატარებამ და დიაგნოზის ასევე დროულად დასმამ, ამის გამო ანევრიზმების გასკდომამ იკლო, მკურნალობის შედეგად, აღარ მიდის
საქმე გასკდომამდე.
–რა რისკები ახლავს ანევრიზმას?
–ანევრიზმას შესაძლო გართულებები შეიძლება იყოს, ბსუბარაქნოიდული სისხლდენა; ქალასშიდა სისხლჩაქცევა; ქალასშიდა წნევის მომატებით; სხეულის მოძრაობის შეზღუდვა; მგრძნობელობის დაკარგვა, სამწუხაროდ, შესაძლოა, დაგვიანებული დიაგნოსტიკის და მკურნალობის შემთხვევაში, არსებობდეს რისკი სხვადასხვა სიმძიმის ინვალიდობით, ან სიკვდილით. დიდი მნიშვნელობა აქ ანევრიზმის განლაგებას, ზომას და ფორმას, ეს დეტალები განსაზღვრავენ გასკდომის რისკს. მაგალითად, საძილე არტერიის 3 მმ ანევრიზმის გასკდომის
პროცენტი 1–ით ნაკლებია, ხოლო ბაზილარული ანევრიზმის ანევრიზმის შეილება 5 პროცენტს მიუახლოვდეს.
–როგორ ხდება ანევრიზმის დიაგნოსტირება და ნიუ ჰოსპიტალსში ანევრიზმის მკურნალობის რა თანამედროვე მეთოდებია დანერგილი?
–დიაგნოსტირებისთვის პირველადი მეთოდი არის მრ ანგიორაფია, ხოლო შემდეგ ანატომიის დასაზუსტებლად კეთდება სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია. რაც შეეხება მკურბალობას, არსებობს ორი სახის მკურნალობა ღია, ქირურგიული მეთოდი და ენდოვასკულური მკურნალობა. თავდაპირველად, ენდოვასკულური მეთოდი გამოიყენებოდა იმ შემთხვევაში როცა ღია ქირურგიისთვის რთული იყო ანევრიზმის კლიპირება, შემდგომ მეთოდი დაიხვეწა და მეთოდის არჩევა ხდება, გუნდის მიერ, კონკრეტულ შემთხვევაში ანევრიზმის განლაგების და ანატომიის მიხედვით და იმის გათვალისწინებით ხდება, რა უფრო ოპტიმალურია პაციენტისთვის.
–რა უპირატესობა აქვს მკურნალობის ამ მეთოდს?
–ენდოვასკულურ ქირურგიის უპირატესობებია სწრაფი ეფექტი, უმეტესად არ სჭიროებს ზოგად ანეთეზიას, მალევე ხდება პაციენტის გაწერა კლინიკიდან, რეაბილიტაციის პერიოდიც შედარებით მცირეა, გარდა ამისა, გასათვალისწინებელია მინი-ინვაზიურობა, – არ არის დიდი განაკვეთი, სისხლდანაკარგი და მიმდებარე ორგანოების სტრუქტურის დაზიანება, ამასთან, ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზთა გამო, გვაძლევს გართულებების გარეშე მოხუცი და მძიმე პათოლოგიების მქონე პაციენტების ოპერირების შესაძლებლობას და ბოლოს პოსტოპერაციული გართულებები მინიმუმამდეა დაყვანილი.
რა პრევენციული ზომები შეიძლება მივიღოთ დაავადების თავიდან ასაცილებლად?
–ვეცადოთ დავიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი, რაც თამბაქოს, ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავებას, ჯანსაღ კვებასა და ადეკვატურ ფიზიკურ აქტივობას გულისხმობს. ამასთან ერთად, მაღალი არტერიული წნევის მატარებელ პაციენტებს მართებთ წნევის მუდმივი კონტროლი და რეგულირება. ცხადია, მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ იმ ადამიანებმა, რომელთაც აქვთ ანევრიზმის ხელშემწყობი რომელიმე დაავადება ან/და გენეტიკური წინასწარგანწყობა.
იმ შემთხვევაში კი, თუ გაქვთ ეჭვი ან გაქვთ ანევრიზმის დიაგნოზი, დაჯავშნეთ ვიზიტი, ნიუ ჰოსპიტალსი საშუალებას გაძლევთ, პირველი ვიზიტი ექიმ ქეთევან მიქელაძესთან იყოს უფასო.
კომენტარები