ჩხუბი გორში – ინციდენტში მონაწილე თარაშ კანდელაკი დაკავებულია. მსოფლიო ჩემპიონის შვილი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, სადაც ის დააკავეს.
კანდელაკი გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მას გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება, რაც სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
თუმცა, ჯერ არავინ იცის, საქმე როგორ გადაკვალიფიცირდება და რა ბედი ელით თანამზრახველებს, თუ მოწმეთა მონათხრობი დამტკიცდა და 18 წლის ბიჭს რამდენიმე ერთად ურტყამდა.
შეგახსენებთ, გორში, გვიან ღამით ახალაგზარდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართული ჩხუბით დასრულდა. გიორგი კანდელაკის საკუთრებაში არსებულ ერთ-ერთ რესტორანში „ჟოზეფი“ 18 წლის ახალგაზრდას სასტიკად გაუსწორდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას უამრავი თვითმხილველის თანდასწრებით გამეტებით რამდენიმე სპორტსმენი ურტყამდა, მათ შორის იყო გიორგი კანდელაკის მოკრივე შვილი თარაშ კანდელაკი.
ნაცემი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ექიმების შეფასებით, უკიდურესად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე რჩება. ახალგაზრდა მრავლობითი დაზიანებებით უგონო მდგომარეობაში ჯერ კლინიკა „გორმედში“ შეიყვანეს, მოგვიანებით კი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, კლინიკა „ჯერარსში“ გადაიყვანა.
დაზარალებულს დაზიანებული აქვს თავის ქალა და სახის არაერთი ძვალი აქვს გატეხილი.
კომენტარები