ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.
– ბატონო დათო, გიორგი ვაშაძე თავის პარტიასთან ერთად „ნაცმოძრაობასთან“ გაერთიანებას აპირებს და თუ ეს მოხდა, „ნაცების“ პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი იქნება. ან რატომ წამოვიდა ვაშაძე „ნაცებიდან“, ან რატომ ბრუნდება? და რაც წამოვიდა და „სტრატეგია აღმაშენებელი“ შექნმა, ღირებული რა გაუკეთებია? მარტო ტელევიზიიდან ტელევიზიაში დადის და ლაპარაკობს. ეს რა პოლიტიკური თამაშია? ან ვაშაძეს რა უნდა, ან „ნაცებს?
– არის ეგეთი სპექტაკლი, „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“. ეგრეა ზუსტად საქმე და ამ პოლიტიკურ კომედიებს „ქართული ოცნება“ აწყობს „ნაცებისა“ და სხვა პოლიტიკური პარტიებისა და ფიგურების მონაწილეობით. იმ სპექტაკლში მაშიკოა და აქ მიშიკო. ყველაზე დიდი სირცხვილი ის არის, რომ ეს ადამიანები, პოლიტიკური ელიტა საქართველოს მოსახლეობას თვლიან მომხმარებლებად. სინამდვილეში, ქართველი ხალხი ბევრად ბრძენია და ამ უღირს პოლიტიკურ ელიტას ნამდვილად არ იმსახურებს. რა მნიშვნელობა აქვს, ეგენი როდის გაიყვნენ და როდის შეერთდებიან, ყოველთვის ერთნი იყვნენ. გიორგი ვაშაძეს და მის პარტიას აფინანსებს ვანო ჩხარტიშვილი. 2020 წლის არჩევნებზე, გიორგი ვაშაძეს უნდოდა ადგილების ყიდვა „ნაცმოძრაობისგან“, 10 ადგილის ყიდვა უნდოდა გამსვლელ სიაში. მისული იყო საყიდლად და უარი უთხრეს. სააკაშვილი იყო მაშინ პარტიის შეფი, ვაშაძე მიშას ლანძღავდა და თან მის პარტიაში მიდის ადგილების საყიდლად. მიშას ლანძღვის გამო უთხრეს უარი. აქედანაც ჩანს, ვაშაძე რა მორალის კაცია. საერთოდ, ოპოზიციის ლიდერთა დიდ ნაწილს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვთ, ერთმანეთს ლანძღავენ და მერე ერთად გუგნებენ, ტკბილად არიან. ჰგონიათ, რომ მხოლოდ ფულია პოლიტიკა და ფულის გულისთვის არიან პოლიტიკაში. ვაშაძემ თვითონაც ძალიან კარგად იცის, რომ მაგისგან არაფერი გამოვა. ჩხარტიშვილის ხალხისთვის მოპარული ფულით უნდათ თანამდებობები იყიდონ. გიორგი ვაშაძის პრემიერ–მინისტრობის კანდიდატობა, თუ ეს მოხდა, პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი კონკურენტი არჩევნებში იქნება „ნაცმოძრაობა“ და ყველაზე ურეიტინგო, ყველაზე უღირსი ვაშაძე. გახსოვთ, 7–9 მარტის აქციებზე ვაშაძეს სიტყვაც არ მისცეს, აქციიდან გააძევეს ახალგაზრდებმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ურეიტინგო, კეზერაშვილისა და ჩხრტიშვილის დაფინანსებული იქნება და ცდილობენ, რომ ოპოზიციური ფლანგზე იყვნენ ისეთი პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც ხალხს არ მოსწონს, მათი ჯიბრით ხალხი „ქართულ ოცნებას“ მისცემს ხმას და კიდევაც დარჩებიან მაშინ ხელისუფლებაში. კალაძემ ვერ დამალა და თქვა კიდევაც, 2024 წელსაც ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში და 2028 წელსაცო. მაგით ყველაფერია ნათქვამი – ეს „ქართული ოცნების“ გეგმაა და ამის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, ესეც ნათელია. ოპოზიციურ ფლანგზე, რაც კი რამ შეიძლებოდა დამოუკიდებელი ყოფილიყო, ყველაფერი ამ გადაწყვეტილებით დასამარდა. ვიდრე ჩვენი ხალხი არ მიხვდება, რომ ოპოზიცია ფულის საშოვნელად არის პოლიტიკაში, მანამდე არაფერი გვეშველება და ვერც ხელისუფლებას შევცვლით. გადახედეთ ჩვენს უხლეს ისტორიას, შევარდნაძის დროიდან ასეა. ოპოზიცია მუდმივად ვაჭრობს ყველა ხელისუფლებასთან და აღწევს კიდევ მიზანს. ხან პირდაპირ ფულს აძლევენ, ხან სახელმწიფო გრანტები აქვთ, ბიზნესებს აკეთებინებენ და ქვეყანა რომ დააქციონ, მაგათ ბიზნესს არავინ ეხება. ერთადერთი ზვიად გამსახურდიას არ უცდია ოპოზიციის ყიდვა და არ იკადრა ეს სიბინძურე და დაამხეს კიდეც.
– ბოლომდე შემორჩენ „ნაცმოძრაობა“ და მისი განაყოფები „ქართულ ოცნებას“ „მაშველ რგოლად“. კი, ეს ნამდვილად ბიძინა ივანიშვილის გეგმაა, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ გიორგი ვაშაძე ვანო ჩხარტიშვილის სიძეა და ჩხარტიშვილი ივანიშვილისთვის დღემდე ჭკუასაკითხავი კაცია, მისი ვიწრო გარემოცვის წევრი.
– რა თქმა უნდა, ეს ივანიშვილის გეგმაა, რათა ოპოზიციაში რაც შეიძლება მეტი ხალხისთვის მიუღებელი პერსონა ჰყავდეს, რომ მთელი ოპოზიციური ფლანგის დისკრედიტაცია მოხდეს. ჯერ კეზერაშვილი გააცოცხლა, მერე ვანო მერაბიშვილი და ამათი პრემიერობის კანდიდატი ვაშაძე რომ იქნება, მორჩა იქ ყველაფერი. ამას ჩხარტიშვილის მოპარული ფულიც დაამატე და ვინ მისცემს მაგათ პარტიას ხმას? ეს ლევან ხაბეიშვილი იმდენად სასაცილოა, რომ პრემიერობის კანდიდატად არ გამოდგებოდა, ეგ ხალხს ვერ დააშინებდა, ვაშაძე და მის უკან კეზერაშვილი–მერაბიშვილი უკეთესი ვარიანტია. ამასობაში სააკაშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში. „ნაცმოძრაობაში“ არანაირი პოსტი არ უკავია, მაგრამ მისი პარტიაა. მოკლედ, გამზადებულია გეგმა, როგორ მოაგებინოს 2024 წლის არჩევნები „ქართულ ოცნებას“ „ნაცმოძრაობამ“. იმდენად უღირსები არიან, ხალხი უკვე ფიქრობს, ისევ ბიძინა ივანიშვილი იყოს, ვიდრე ესენიო. ეს ჩანს კიდეც კვლევებში. ეს არის ჩვენი უბედურება. ამის შეცვლას სჭირდება რადიკალური ცვლილებები, მიდგომები რადიკალურად უნდა შეიცვალოს და ცოტა სხვანაირად უნდა ჩამოყალიბდეს. მართლა ოპოზიციურმა პარტიებმა, არჩევნების წინ კი არა, გაცილებით ადრე უნდა შესთავაზონ ხალხს რეალისტური პროგრამები.ამაზე ვმუშაობთ, ჩვენ, „ტრუბინა“ და ვფიქრობ, ძალიან მალე შევთავაზებთ საზოგადოებას ასეთ კარგ გეგმას. საზოგადოებას ვაჩვენებთ, რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას, თუ სწორი ეკონომიკური რეფორმები გატარდება. ქვეყნის სარგებელი კი ხალხის სარგებელია. ვაჩვენებთ, რომ ხალხთან ერთობით, ყველაფერის შეცვლა შეიძლება და ცხადია, ამ დამყაყებული პოლიტიკური სისტემისაც. დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემაა სიღარიბე, ხალხის ჩაგვრა საფინანსო სექტორების მიერ. აი, ამას როგორ უნდა დავუპირისპირდეთ, ეს პროგრამაში გვექნება და ხალხი დაინახავს, რამდენად ქმედითი პროგრამა იქნება. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ მოვიზიდოთ ემიგრანტები, მათი რესურსი, რომ ჩვენს ხალხს დაეხმაროს. სექტემბერში გვექნება ჩვენი გეგმის პრეზენტაცია.
– გიორგი ვაშაძეს მინდა დავუბრუნდე. თუ „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს, რატომ მიადგნენ სამართალდამცვები გიორგი ვაშაძის ძმის ქოლ–ცენტრს, როდესაც მარტო თბილისში, 30–ზე მეტი ქოლცენტრია და მათ შორის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისაც?
– იმიტომ მიადგნენ, რომ გიორგი ვაშაძის გასუფთავება მოინდომეს. ადრე თუ გვიან ეს ამოტივტივდებოდა და დააზინებდა ვაშაძეს. მით უმეტეს, წინასაარჩევნოდ. ახლა გაასუფთავეს, გაწმინდეს და დამიჯერე, მაგ ქოლცენტრის საქმე ჩაიფარცხება. ვაშაძე კიდევ გულში მჯიღებს დაირტყამს, როგორი წესიერი და პატიოსანი კაცია და რა ტყუილად აბრალებდნენ მას და მის ძმას ქოლ–ცენტრის პატრონობას. მთელი ქვეყანა გატყავებული ჰყავთ, ქართველი პენსიონერებიც და ეგენი უცხოელ პენსიონერებს დაინდობენ? ერთად ატყავებენ იმ უცხოელებსაც. ის ქოლ–ცენტრები ამ ხელისუფლების წარმომადგენლებისაა, ან ოპოზიციისა და მათ ისევ ხელისუფლებიდან მფარველობენ.
– ლევან ხაბეიშვილის „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომრედ არჩევა შეცდომა იყო თუ ესეც რაღაც გეგმის ნაწილია?
– შეცდომა არა, ეს იყო გამიზნული. ხაბეიშვილიც „ნაცმოძრაობიდან“ გაიქცა გიორგი ვაშაძესთან, მერე უკან დაბრუნდა, მანამდე ხან სად იყო და ხან – სად. გარდამავალი დროშასავით არის ეგეც. სამარცხვინოა, სასაცილოა. ბიძინა ივანიშვილი იმდენად დასცინის მაგათ, ხან ხაბეიშვილს უყენებს სათავეში, ხან ვაშაძეს და შემდეგი ვინ იქნება, კაცმა არ იცის. ვისაც მეტ–ნაკლებად წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო და უნდოდა, ყველა დაუპირისპირა პარტიის სხვა ლიდერებს და მოაშორებინა პარტიიდან. მერაბიშვილი, ვაშაძე, კეზერაშვილი, ხაბეიშვილი არიან ახლა პარტიის სათავეში, ზოგი ფორმალურად, ზოგი არაფორმალურად და ესენი არიან უშანსო ადამიანები. ოპოზიცია კიდევ ისეთი გახდა, ის ვერასოდეს ვერ გაერთიანდება. ახლა ყველა წუწუნებს 5%–ანი ბარიერის გამო, ეგ ადარდებთ მაგ უბედურებს და ეგ 5%–იანი ბარიერი, რომ არაფერს წყვეტს, მაგას არ უყურებენ. თუ ხელისუფლების დამარცხება და მართლა რაღაცის შეცვლა გინდა ამ ქვეყანაში, მაშინ 5%–იანზე კი არა, 25%–იან ბარიერზე უნდა წახვიდე. 5%–იანი ბარიერისა რომ გეშინია და კანკალებ, საერთოდ რა გინდა პარლამენტში? თუ მეტი ამბიცია არა აქვს ოპოზიციას ამ ბარიერის გადალახვის გარდა, მაშინ ისევ „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში.
– „ნაცები“ არც ერთს არ გვეხატება გულზე, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას – ნიკა მელია ამათზე ბევრად მაღლა დგას, ბოლოს და ბოლოს, ციხეზე წავიდა, რომელსაც არც ხაბეიშვილი გააკეთებდა და არც ვაშაძე…
– რა თქმა უნდა, ნიკა მელია იყო კიდევ ერთადერთი შანსი რაღაცის, რადგან ის არ იყო გასვრილი. ამათ არ შევადრი. „ნაცები“ ამ სადისტების გამო გვეჯავრებოდა –მერაბიშვილის, კეზერაშვილისა და მაგისნაირების. მელია იყო თბილისის აღსრულების ბიუროს უფროსი და ახლა ვიღაცა თუ ემდურის, ბევრსაც დახმარებია, გაიკითხონ. სხვათა შორის, მელია 2012 წელს არ წასულა არჩევნებზე და მამამისმა, ანზორ მელიამ და დედამისმა მაშინდელ ოპოზიციას, „ქართულ ოცნებას“ მისცეს ხმა, ეს ყველამ კარგად იცის. ამ ოპოზიციას იმით ეტყობა კაცობა, როცა ნიკა მელია ციხეზე მიდიოდა და ესენი ხელს უწერდნენ და „უპრავებდნენ“ არჩევნებს „ქართულ ოცნებას“ – რა მორალის მატარებლები არიან, ამაზეც ეტყობათ. ეს ქართული მორალი არ არის, დაჩაგრული კაცის მხარეს უნდა იყო. მერე, ვითომ მელიას გამო მოაწერეს ხელი. ეგრე კი არ უნდა ექნათ, ვიდრე მელია არ დაჯდება ჩვენს გვერდით, ხელს არაფერზე მოვაწერთო, უნდა ეთქვათ და ეგ იქნებოდა მისი მხარდაჭერა და სოლიდარობა. ყველა ვაჭრობს, ყველა იყიდება და ამ ვითარებაში რა და როგორ გინდა შეცვალო ქართულ პოლიტიკაში? „ქართული ოცნება“ ბოლომდე ჩაგრავს, დასცინის ოპოზიციას და ღირსებიც არიან. პრემიერ–მინისტრის გამოსვლები, განცხადებები უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე მთელი ამ ოპოზიციისა ერთად აღებული. იმ დონემდე მიგვიყვანეს, რომ „ქართული ოცნება“ რასაც ამბობს, ის უფრო ახლოს არის რეალობასთან, ვიდრე ის, რასაც ოპოზიონერები ლაპარაკობენ.
– მგონი, კალაძემ მართალი თქვა, რომ ჩვენ 2032 წელსაც ვიქნებითო. ამ ოპოზიციის ხელში, ამასაც მოხერხებენ. ბატონო დათო, თუ რადიკალურად არაფერი შეიცვალა, 2024 წელს საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგებს „ქართული ოცნება“?
– რაც გინდა აიღოს „ქართთულმა ოცნებამ“, ხალხი არ მივა არჩევნებზე. ამომრჩევლის 60%–ს არც „ქართული ოცნება“ მოსწონს და არც ოპოზიცია. საკონსტიტუციო უმრავლესობითაც რომ მოვიდნენ, ლეგიტიმაციის პრობლემა ექნებათ, ძალიან ცოტა ამომრჩევლის არჩეულები იქნებიან–უმცირესობის არჩეულები როცა უმრავლესობას მართვენ, ეს უკვე აღარ არის დემოკრატია. ამას კი იქითკენ მივყავართ, რომ პოლიტიკური პროცესები, შესაძლოა, ქუჩაში გადმოვიდეს. მერე ამას კარგი არაფერი მოჰყვება. თუ სიტუაცია აირია, ამით ქვეყანა ვერაფერს იხეირებს.პირიქით, მეზობელი ქვეყნები ჩასაფრებული არიან და თუ ცოტა ფეხი დაგვიცდა, ხელს გვკრავენ და დიდ შარში აღმოვჩნდებით. ეს უნდა გაითავისონ ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც. ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 60% ძალინ ბევრია. როდის ამოასხამს ამ ხალხს ყელში, როდის გამოვა ქუჩაში და როდის დაიფრენს ორივეს პოლიტიკიდან, არავინ იცის. ამიტომ, ხელისუფლება და ოპოზიციაც უნდა მორჩნენ ამ ხალხის გაბითურებას, მათ ზურგს უკან კულუარულ ბინძურ გარიგებებს ხალხისა და ქვეყნის საზიანოდ.
კომენტარები