10 იანვარს ალიამ გამოაქვეყნა მასალა სათაურით, სკანდალი სასამართლოში – უპრეცედენტო დარღვევები და “სააპელაციოში” მტკიცებულებების გარეშე დარჩენილი საქმე, სადაც საუბარია არაერთ დარღვევაზე, მათ შორის, ფუნდამენტური უფლების, პირს ბრალი გაეცნოს მისთვის გასაგებ ენაზე, უგულებელჰყოფაზე. მოქალაქე ნ.ა., რომელიც არ ფლობს ქართულ ენას გაჩხრიკეს, დააკავეს, გაასამართლეს კიდეც თარჯიმნის გარეშე. გარდა ამისა, საქმის მასალების მიხედვით, მოსამართლემ ორი მოწმის ჩვენება არ გაითვალისწინა და გაითვალისწინა მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებები. ამჯერად საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს, სადაც ადვოკატებმა ნათია ჩხეტიანმა და სოფო ბონდარენკომ, რომლებიც სააპელაციო პროცესისას ჩაერთვნენ საქმეში, თარჯიმნის შუამდგომლობა დააყენეს, მოსამართლემ, ვახტანგ მრელაშვილმა დააკმაყოფილა შუამდგომლობა, თუმცა, თარჯიმნის დანიშვნა ისედაც მისი ვალდებულება იყო და ამას შუამდგომლობა არ სჭირდებოდა.
საქმე იმდენად უპრეცედენტოა და იმდენად დაუჯერებელიც, რომ მასალის მომზადებამდე ადვოკატებთან და იურისტებთან გავიარეთ კონსულტაცია, ერთ–ერთი იყო ადვოკატი, ლადო სანიკიძე, რომელსაც საადვოკატო საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს. – დაუჯერებელია, წარმოუდგენელია, სიგიჟეა – ეს იყო მისი პირველი რეაქცია.
“ალიას” ამ უპრეცედენტო დარღვევებით წარმოებულ საქმეზე, ესაუბრება ადვოკატი, ლადო სანიკიძე.
–ეს ამბავი რომ პირველად მიამბეთ, მართლა გულწრფელად აღმომხდა: – წარმოუდგენელია, სიგიჟეა. გავეცანი მასალას სრულად და პირველ რიგში, მადლობა სერიოზული მუშაობისთვის. მართლაც წარმოუდგენელია, ასეთი განაჩენი ბოლოს როდის მინახავს, არც მახსოვს. რის მიხედვით გამოიტანა მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი? მინიმუმ ორზე მეტი ურთიერთშემაკავშირებელი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა ხომ უნდა ჰქონდეს? – შეძენას ვერ ადასტურებს, მოხმარება არ დასტურდება ექსპერტიზის დასკვნით, შპრიცი იპოვეს და ნემსის წვერზეც ვერ იპოვა ექსპერტიზამ დნმ–ის საჭირო კვალი კვლევისთვის, ის მაინც რომ ეთქვათ, ახლა არ აქვს მოხმარებული, მაგრამ აი, წარსულში მოიხმარდა, ნემსის წვერზე ვიპოვე მისი დნმ–იო.
ყველაზე მეტად რაც თვალში მომხვდა, რამაც თავზარი დამცა, ეს 2 მოწმის ჩვენების უგულებელჰყოფაა, 2 მოწმე ამბობს, ჩვენ მივედით ბრალდებულზე ადრე ავტოფრეხში, ჩვენ გავაღეთ და იქ ჩვენ ორნი ვიყავით, მოვიდა კაცი, დაელოდა ბრალდებულის მოსვლას, გაიყვანა გარეთ, მერე შეიქნა ჩოჩქოლი, შემოვარდა პოლიცია, მიგვაყენა კედელთან, ხელები შეგვიკრა, გაგვიყვანა გარეთ, ჩაგვსვა რაღაცა პერიოდი მანქანაში და მერე გაგვიშვაო, ხომ ასე ამბობენ?
რას აკეთებს პოლიცია? პოლიციას ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია, როგორც ამბობს და ძალიან კარგად გაქვთ მოყვანილი საკონსტიტუციოს განაჩენი ანონიმური პირის მონათხრობზე დაყრდნობით პოლიციელის ჩვენების გამამტყუნებელი განაჩენისას მტკიცებულად გამოყენების არაკონსტიტუციურობაზე, მაგრამ სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად ქაღალდზევე რჩება. პოლიცია ხომ არ იყო დარწმუნებული რომ რაც წყარომ უთხრა, ზუსტად ისე დახვდებოდა? წყაროს ნათქვამის გადასამოწმებლად ხომ წავიდა? მივიდოდა, ან დახვდებოდა დანაშაულის ნიშნები – ან არ დახვდებოდა და წამოვიდოდა. თუ არ დახვდებოდა დანაშაულის ნიშნები, უნდა გახარებოდა, ხომ? ხანძარზე რომ შედის შეტყობინება, აუცილებლად დამწვარი უნდა დახვდეს სახლი მეხანძრეს? და თუ არ დახვდება დამწვარი, უნდა გადაწვას? თუ არ დახვდება მეხანძრეს ხანძარი, ხომ უნდა გაუხარდეს, პირიქით, კარგი ამბავი დახვდა, არაა ხანძარი, ასევეა დანაშაულზეც, უნდა უხაროს პოლიციას, თუ არაა დანაშაული ჩადენილი, ფაბრიკაცია კი არ უნდა დადგას, სცენარი კი არ დაწეროს. მივიდა პოლიცია და დახვდა ორი მოწმე, უნდა გახარებოდა კი არა, უნდა გაგიჟებულიყო სიხარულით, მეტი ინფორმაციის გაგება შეეძლო, ხომ? ხომ ამბობს, ინფორმაცია მქონდა ამ ავტოფარეხში მოიხმარენ ნარკოტიკსო? იქნება ამ ადამიანებთან ერთად მოიხმარდა, რატომ არ გადაამოწმა ისინი, რატომ არ დაასწრო ჩხრეკას?
და რას აკეთებს მოსამართლე, რომელსაც საკონსტიტუციო გადაწყვეტილების თანახმად, უკვე აქვს კითხვების დასმის უფლება პროცესზე – დგება და ამ ორი მოწმის ჩვენებას არ ითვალისწინებს, არადა, მოსამართლე უნდა მიტრიალებოდა პროკურორს და ეკითხა – ამ ორი მოწმის ჩვენებები რომ ნახე, რა გააკეთე? დაიბარე და გამოკითხე? ექსპერტიზები ჩაატარე? მათი ტელეფონები სატელეფონო ანძების მიხედვით შეამოწმე, იმ დროს იყვნენ თუ არა ამ ადგილზე? ორი ადამიანი გაძლევს პირდაპირ ჩვენებას, ირიბს კი არა, და ვიღაცის მონაყოლს, გეუბნება ეს ორი ადამიანი რომ თავისი თვალით ნახეს როგორ მივიდა უცხო პირი და გაიყვანა ავტოფარეხიდან ბრალდებული, ჩაატარე ამოცნობა? გაარკვიე იყო თუ არა დასახელებული პირი ამ ავტოფარეხში? რატომ არ გაარკვიე? თუ ეს არ გაგირკვევია, მოწმეების ჩვენებები აჩენენ ეჭვს და ამ ეჭვს ვერ მიბათილებ, ესე იგი, და მე ვალდებული ვარ, ეს დაუსაბუთებელი ეჭვი გადავწყვიტო ბრალდებულის სასარგებლოდ – ეს უნდა ეთქვა მოსამართლეს პროკურორისთვის, – ამის ნაცვლად, ადგა მოსამართლე და სრულიად გამორიცხა მოწმეების ჩვენებები, ეს თავზარდამცემი ამბავია.
ჟურნალისტი:
–პროცესზე პოლიციელები ამბობენ, რომ ეს 2 მოწმე არ იყო ადგილზე და რომ მივიდნენ, მხოლოდ ბრალდებული დახვდათ.
ლადო სანიკიძე:
–და როდიდან აქვს მოსამართლეს პოლიციელების ნათქვამის უპირობო გაზიარების ვალდებულება? სად არის მტკიცებულებები, რის მიხედვითაც პოლიციის ნათქვამი სარწმუნო გახდებოდა? პროკურატურა, პოლიცია ყოველთვის ცდის ფაბრიკაციას, ყოველთვის მოიტყუება, ყოველთვის ჩაიდენს დანაშაულს, პროკურატურის და პოლიციის პროდუქტი სასამართლოში თუ არ იფილტრება. მოსამართლეს უთქვამს, ეს ორი პირი ბრალდებულის მეგობარიაო და მერე? პოლიცია რომ მივიდა, მერე მიიწვია ისინი ბრალდებულმა? პოლიციას ელოდებოდნენ და იმიტომ მივიდნენ ადგილზე? პოლიცია ხომ თავად მივიდა, ხომ არ დაურეკიათ, შევიკრიბეთ და მობრძანდითო? დაევალებია პროკურატურას ამ 2 მოწმის ნათქვამის გადამოწმება პოლიციისთვის, დაემტკიცებია, რომ ისინი ცრუობენ, არ წარედგინა გამოძიებას დამონტაჟებული ვიდეო პროცესზე – დიახ, ვიდეოს მონტაჟი არ ნიშნავს რომ რამე ჩაამატეს, ან რამე ამოჭრეს, როცა ვიდეო არ ასახავს სრულს პროცესს, იგი მონტაჟია. როცა მივიდნენ ბრალდებულის ავტოფარეხთან, ხომ იცოდნენ, რომ მიდიოდნენ იმიტომ, რომ იქ უნდა ჩაეტარებიათ ჩხრეკა? სანამ კარზე დაუკაკუნებდნენ, მანამდე რატომ არ დაიწყეს გადაღება? მიეტანათ პროცესზე ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მიდიან კართან, როგორ აკაკუნებენ, როგორ შედიან და როგორ ხვდებათ მხოლოდ ერთი პირი, ბრალდებული, როგორ აცნობენ ჩხრეკის დადგენილებას, როგორც კი ხვდებიან, რომ არ იცის ქართული ენა, როგორ იძახებენ თარჯიმანს, როგორ ელოდებიან მის მისვლას და ა.შ. რაც არ გაუკეთებიათ, თარჯიმანი რომ არ გამოუძახებიათ, იმას როგორ გადაიღებდნენ, მაგრამ ასევე, თუ ადგილზე სხვა არავინ იყო, თუ ყველაფერი ისე იყო, როგორც პოლიციელები ჰყვებიან, რატომ არ წარუდგინეს სასამართლოს მთლიანი ვიდეო? – აი, ასეთი მთლიანი, მისვლის წამიდან, წამოსვლამდე პერიოდს რომ ასახავს, ვიდეო რომ წარედგინათ, მერე შეიძლებოდა მოსამართლეს ერწმუნა პოლიციელთა ნათქვამი და ამის გარეშე, რის მიხედვით იხელმძღვანელა? ნარკოტიკი ვნახეთო? თუ არ არის ასახული, როგორ მიდიან, როგორ ესალმებიან ამ პირს, როგორ აცნობენ ჩხრეკის დადგენილებას, ბარემ პირდაპირ პროცესზე მიიტანონ ნარკოტიკი, დაუდონ მოსამართლეს წინ და უთხრან, აი, ეს ნარკოტიკი ჰქონდაო და ექსპერტიზაც არ უნდა, ვიცით ისედაც რაც არისო და დაეთანხმოს.
ცალკე პრობლემაა ექსპერტიზა, სამწუხაროდ, ქვეყანაში ამ მხრივ ისეთი ცუდი მდგომარეობაა, მაგალითად, განსაკუთრებით საშინელი მდგომარეობაა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის შემთხვევებში, ექსპერტები პირდაპირ აგზავნიან პროცესებზე საბრალდებო დასკვნებს, შეფასებებს კი არა, საბრალდებო დასკვნებს, დარწმუნებით, თუ ასე დარწმუნებით შეუძლია თქვას ვინ არის მხვერპლი და ვინ მოძალადე, რა საჭიროა მაშინ სასამართლო? დახურონ საქმე ექსპერტიზით. დამოუკიდებელი ექსპერტები რომ არ გვყავს, ეგ ერთი პრობლემაა და სახელმწიფოს დაქვემდებარებულ ექსპერტიზის ბიუროშიც, თუ თანამედროვე ტექნოლოგიით ჩაატარებენ კვლევას, იქ კიდევ შეიძლება, დაიცვან წესები და პასუხი იყოს შესაბამისი და შეფასების ნაწილში, დამოუკიდებელი შემფასებლები არ გვყავს სამწუხაროდ, ამიტომაც გვხვდება ამდენი ფაბრიკაცია, ამიტომაც იზრდება უნდობლობა.
ჩვენი საპროცესო კოდექსი მხოლოდ თეორიულადაა წარმატებული, მისი პრაქტიკაში გატარება არ გვინდა, სამწუხაროდ. ამ საქმეში, იქვე, სასამართლოზე, ამ 2 მოწმის ჩვენების შემდეგ, წარმოიშვა ეჭვი, გაუბათილებელი ეჭვი და ყველა გაუბათილებელი ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გაითვალისწინოს მოსამართლემ, ეს მისი კეთილი ნება კი არაა, ეს მისი ვალდებულებაა! ამიტომაა ეს საქმე ჩემთვის თავზარდამცემი, გარდა იმისა, რომ ბრალდებულს წაერთვა ყველა უფლება მისთვის გასაგებ ენაზე წარდგენოდა ბრალი, უფლებები, დაეცვა თავი, გაცნობოდა მასალებს, მოსამართლეს პროცესზე წარმოეშვა გაუბათილებელი ეჭვი და ამ ეჭვის გაბათილებასაც არ ითხოვს, და უშვებს პრეცედენტს რომ გაუბათილებელი ეჭვი გამოიყენოს პროკურატურის სასარგებლოდ და არა ბრალდებულის! ეს წარმოუდგენელი ამბავია!
სააპელაციო სასამართლომ წესით, უპირობოდ უნდა გააუქმოს საქალაქო სასამართლოდ გადაწყვეტილება, ამაზე არ ვსაუბრობ ახლა, ეს ისედაც ცხადია, თქვენც გიწერიათ, მე, ადამიანს, ვისაც უნდა დამოუკიდებელი, გამართული სასამართლო სისტემა, მინდა სააპელაციო სასამართლომ ის კი არ თქვას, რომ აი, ამ ადამიანს მისთვის გასაგებ ენაზე რომ არ მიეცა ბრალის გაცნობის და თავის დაცვის საშუალება, ამ დარღვევის გამო ვაუქმებ საქალაქო სასმართლოს გადაწყვეტილებასო, არა, მხოლოდ ამის დაწერა არ იქნება სამართლიანი და კანონიერი, კანონიერი იქნება, თუ სააპელაციო სასამართლო იტყვის, ეს ხომ უპრედენტო დარღვევაა, მაგრამ მაშინაც კი, ბრალდებულს რომ ჰყოლოდა თარჯიმანი და ამ მხრივაც არ დარღვეულიყო კანონი, სასამართლოს არ ჰქონდა 2–ზე მეტი უტყუარი მტკიცებულება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, სასამართლოზე წარმოჩნდა დაუსაბუთებელი ეჭვი, რომელიც არ გადაწყდა ბრალდებულის სასიკეთოდ, საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ შეასრულა თავისი ვალდებულება – და ამიტომაც უნდა გაუქმდეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს იქნება სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგან ის, რაც ამ საქალაქო პროცესზე მოხდა, არის დაუშვებელი და მსგავსი აღარ უნდა განმეორდეს.
კომენტარები