• რეკლამა
  • კონტაქტი
07:11, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ტყიდან სნაიპერმა გვესროლა, ტყვიამ ყურთან ჩამიქროლა და სახლის რკინის ღობე გახვრიტა“ – ჟურნალისტის მოგონებები

ალია ავტორი - ალია
00:43 06-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
166

2004 წლის ზაფხულში, სოფელ ვანათის  სკოლის შენობაში დაბანაკებული 50 პოლიციელი, ოსმა სეპარატისტებმა მძევლად აიყვანეს, ცხინვალში ჩაიყვანეს და ქალაქის მოედანზე ხალხის თვალწინ დააჩოქეს.  სკოლის შენობაში მყოფ პოლიციელებს, იარაღი არ ჰქონიათ, სეპარატისტებს წინააღმდეგობას  ისედაც ვერ გაუწევდნენ, მაგრამ ოსებმა მათ სხვა და სხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღით  მიაკითხეს. თანაც,  200 ოსი „ბოევიკი“ იყო.  

სეპარატისტების ერთ ნაწილს ჩვენი პოლიციელების სკოლის შენობაში ცოცხლად გამოწვაც უნდოდა, მაგრამ უმრავლესობამ გადაწყვიტა, შემოვლითი გზით, ცხინვალში ჩაეყვანათ. ცხინვალში  მათი დაჩოქების კადრები გადაიღეს და გაავრცელეს.  შემოვლითი გზა 15 კილომეტრია, ჩვენი პოლიციელები ფეხით ჩაიყვანეს ცხინვალში, რასაც საკმაო დრო დასჭირდა და დღემდე არავინ იცის, რატომ არ გამოუჩნდათ მშველელი. იმ  დროს სამხედრო ვერტმფრენი გორის სამხედრო ბაზაზეც იყო, ვაზიანის ბაზაზე, თავისთავად და დროულად რომ ემოქმედათ მათ, ვისაც ეს ევალებოდა, ცხინვალამდე გზას გადაუკატავდნენ,  ცხინვალისკენ მიმავლებს წინ დახვდებოდნენ.  მოლაპარაკებას დაიწყებდნენ მძევლების გაშვების მოთხოვნით.  ამით დროს მოიგებდნენ. შემდეგ დამატებითი ძალების მობილიზებას  მოახდენდნენ, ორმხრივ ალყაში მოაქცევდნენ  სეპარატისტებს  და ამ სირცხვილს არ ვჭამდით.  

დასაწყისში  ერთი ვერტმფრენი და 10 –15 სპეცრაზმელი ამ საქმეს მოაგვარებდა, მაგრამ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა პოლიციელთა დასახსნელად.  არადა, პოლიციელები ვანათის სკოლის შენობიდან რომ გამოიყვანეს და მძევლად აიყვანეს, 10–15  წუთის შემდეგ, ამის შესახებ თავდაცვისა და შს მინისტრებმა უკვე იცოდნენ. შესაბამისად, გიორგი ბარამიძემ და ირაკლი ოქრუაშვილმა, ასევე, სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, გოგა ხაინდრავამ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანათის სკოლაში გამოკეტილი პოლიციური შენაერთის მეთაურმა, ვიდრე  მათ მძევლად აიყვანდნენ ოსები, რაციით სკოლის შენობიდანვე შეატყობინა შს სამინისტროს ზემდგომ ოფიცერს შექმნილი ვითარების შესახებ და დახმარება სთხოვა, მაგრამ კავშირი გაწყდა.


მომხდარიდან მეორე დღეს,  დილით, მე და „ალიას“ ფოტორეპორტიორი, ირაკლი გედენიძე,  მისივე მანქანით, „ოპელით“,  წავედით ვანათში, რათა მასალა გაგვეკეთებინა ამ ამბის შესახებ.  ვანათი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობდა, სადაც ქართველებიც ცხოვრობდნენ და ოსებიც, თუმცა, ოსები უმრავლესობაში  იყვნენ.  2004 წელს დაკონსერვებული ქართულ–ოსური კონფლიქტი უკვე „გახსნილი“ იყო, საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა ცხინვალის რეგიონზე დაკარგული  გავლენა ნაწილობრივ მაინც აღედგინა.  შესაბამისად, ურთიერთობები უკვე დაძაბული იყო. ცხინვალის მიმდებარე სოფლებს ოსები  ხშირად მსხვილკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღითაც ესროდნენ, „კალაშნიკოვების“ შეუჩერებელ კაკანზე რომ არაფერი ვთქვა.  

იყო მსხვერპლი ორივე მხარეს, იყვნენ დაჭრილები.  მე და ირაკლიმ  ვანათის გზა ვიკითხეთ და ერთმა ქართველმა გვითხრა, არ გირჩევთ, ბიჭებო, ვანათში შესვლას, ოსები ძალიან არიან აჯაგრულები და გულმოსულები, მით უმეტეს, გუშინდელის მერე,  რაც პოლიციელები ჩაიყვანეს ცხინვალში და დააჩოქეს. ვანათელი  ქართველებიც  ერიდებიან სახლებიდან  გამოსვლას, რომ კონფლიქტი არ მოუხდეთ თანასოფლელ ოსებთან, შარს გადაეყრებით,  წადით უკან, თბილისშიო.  არ მახსენდება საფრთხე, რომელსაც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას შევეჩერებინე, საფრთხით გამოწვეული  შიში ადრენალივით მოქმედებდა ჩემზე და უფრო შეუპოვარს და მიზანდასახულს მხდიდა. მეტი იყო საფრთხე? მეტი  შეუპოვრობითა  და პირდაპირობით მივიწევდი მიზნისკენ. სიკვდილთან თამაში ჩემი ცხოვრების წესად აქცია ჩემმა პროფესიამ.  მუდამ ვაცნობიერებდი საფრთხეს. ხშირად ვიცოდი, რომ დავალებაზე  წასული უკან შესაძლოა ვერ დავბრუნებულიყავი. არც ერთხელ  უკან არ დამიხევია, მუდამ იქ ვიყავი, სადაც დიდი ორომტრიალი და უბედურება იყო. ვერც ერთი ჩემი რედაქტორი ვერ გაიხსენებს ერთ შემთხვევასაც კი, რომ სახიფათო დავალებას თავი ავარიდე, არ წავედი,  ან ვერ გავართვი თავი. სამინისტროებში და პარლამენტში ბრიფინგები და პრესკონფერენციები, იცოცხლეთ, ბევრი გამიცდენია. არ ვარ „პარკეტის ჟურნალისტი“, სადაც შარი და ხათაბალაა, იქ მირჩევნია მუშაობა.  არა, არ ვტრაბახობ, მართლა ეგრე იყო, ერთ სიტყვასაც არ ვაჭარბებ.  ვფიქრობ, სიკვდილის შიშზე მაშინ ავიცერი, როდესაც ჟურნალისტობა გადავწყვიტე.   ირაკლი გედენიძეს კი ისეთები უნახავს  და გადაუტანია ჟურნალისტური საქმიანობისას, მასთან ახლოსაც კი  ვერ მივალ მთელი  ჩემი ფათერაკებით. მოკლედ,  არ დავუჯერეთ ამ ფრთხილ  კაცს და გზა გავაგრძელეთ ვანათისკენ.


ვანათში რომ შევედით, თეთრი „ჟიგული“, 07 აგვეკიდა რუსული ნომრებით.  უცხო მანქანა რომ დაინახეს ადგილობრივებმა, აგრესიული სახეებით გვხვდებოდნენ,  ათ კაცს მაინც ვკითხეთ, სად ცხოვრობდა სოფლის გამგებელი და არც ერთმა არ გვიპასუხა. ცხადია,  ყველანი  ოსები იყვნენ. ბოლოს,  წყაროსთან შეკრებილ ხალხს ვკითხეთ და გავიგეთ გამგებლის სახლის მისამართი. „ჟიგულმა“ გამგებლის სახლამდე მიგვაცილა, მერე გაგვცდა და წავიდა. ცხადია, სოფელში გაიგეს, რომ ჟურნალისტები ვიყავით თბილისიდან,  ეს არ დაგვიმალავს. დავაფიქსირე, რომ იმ ჟიგულში 3 კაცი იჯდა.  წინ მჯდომი მობილური ტელეფონით ვიღაცას ესაუბრებოდა, სადაც გავჩერდით, იქვე ახლოს გაჩერდებოდა, დავიძვრებოდით და უკან მოგვყვებოდა. ალბათ, 5–6 ადგილას გავჩერდით, ვიდრე გამგებლის სახლამდე მივედით და არ მოგვცილებია.


ვანათის  გამგებლის გვარს–სახელს ვერ ვიხსენებ, მაგრამ რომ ვუთხარით, რისთვისაც ვიყავით ჩასულები, გვითხრა რაც შემიძლია, ყველაფრით დაგეხმარებითო. ჩაგვიჯდა მანქანაში და  წავედით სკოლიკენ, საიდანაც პოლიციელები აიყვანეს ტყვედ ოსებმა. პატარა ლიახვის  ხეობის გადაღმა,  ვანათის  ისტორიული ციხის ნაშთებია.  ჯერ კიდევ ციხემდე არ მისულმა, დავინახეთ შეიარაღებული ხალხი, ციხესთან კი, უფრო მეტნი იყვნენ. ესენი ოსები არიან, მათ შორის, სნაიპერები და თუ ქართველებსა და ოსებს შორის რაიმე ატყდა, ჩვენ, ქართველებს დაგვიშენენ ტყვიებსო, გვითხრა გამგებელმა. ისიც დასძინა, რომ  ოსები ვანათში თავხედურად იქცეოდნენ, ზუსტად ვანათის ტყეში და ციხესთან დაბანაკებული „ბოევიკების“ იმედი აქვთ და თან, ამ დღებში ყველა ოჯახს იარაღი დაურიგეს, ჩვენ, ქართველები  კიდევ უიარაღოდ ვართო.  სკოლასთან მივედით. შიგნით შევედით, დავათვალიერეთ. გამგებელმა ბევრი საყურადღბო რამ მითხრა.

პირველად მან მითხრა, რომ ქართველი პოლიციელების მძევლად აყვანის შესახებ, უკვე 10–15 წუთში სამმა მინისტრმა იცოდა.  შემდეგ ეს ინფორმაციები ამ სამინისტროებში, პრეზიდენტისა და პრემიერ–მინისტრის აპარატში დამიდასტურეს ჩემმა წყაროებმა.

თავი რომ არ შეგაწყინოთ, მოვრჩით საქმეს, შევაგროვე საჭირო ინფორმაცის და სკოლიდან წამოვედი. მერე გამგებელმა რამდენიმე ქართველის და  ერთი  ოსის ოჯახში მიგვიყვანა, ვინც მომხდარის თვითმხილველი იყო.  ზოგმა მომიყვა, რაც ნახა და ზოგმა დუმილი არჩია. ისე მოხდა, რომ ბოლო ოჯახი, სადაც ვიყავით,  სკოლასთან ახლოს იყო  და იქ მეორედ მოგვიწია მისვლა. ამ ოჯახიდან რომ გამოვედით, ის „ჟიგული“ ისევ გამოჩნდა. გამგებელს ვუთხარი, რომ ეს მანქანა უკან დაგვყვებოდა და მითხრა, ოსების  სამი მანქანა დადის დღეს მთელი დღეა ვანათში,  ერთი „ნივა“ და ორი „ჟიგული“. გადავამოწმე ცხინვალში, სამივე დე ფაქტო ხელისუფლების უშიშროებას ეკუთვნის და ვინც შიგნით ზის, ისინიც უშიშროების თანამშრომლები არიან, მათ შორის, ეს „ჟიგული“ და მისი 3 მგზავრიცო.

წამოვედით უკან, გამგებელი უნდა დავტოვეთ სახლში და მე და ირაკლი თბილისში უნდა დავბრუნდეთ. ეს „ჟიგული“ უკან აგვედევნა, ის ტიპი, წინ რომ ზის, ისევ ტელეფონზე ლაპარაკობს. გამგებელი მივიყვანეთ სახლთან, ჩამოვიდა მანქანიდან, დაგვემშვიდობა და შევიდა სახლში. ზაფხულია, ცხელა, მე და ირაკლი მანქანის საქარე მინები ჩამოწეული გვაქვს ბოლომდე. გამგებელი მანქანიდან რომ გადადიოდა, იმ დროს, მარცხენა  ყურთან რაღაცამ გამიწუილა, ამ დროს მანქანაში წინ ვიჯექი, სახით გამგებლისკენ ვიყავი შებრუნებული, ფაქტიურად, თავი ფანჯრიდან სანახევროდ გადაყოფილი მქონდა.  პატარა ტკივილი კი ვიგრძენი, მაგრამ ვიფიქრე, კოღომ მიკბინა–მეთქი, ყურის ბიბილო მოვისრისე და აღარ მივაქციე ყურადღება. მერე აღვიდგინე მეხსიერებაში, რომ ვიდრე გამგებელი მანქანიდან გადავიდოდა, მაგ დროს, იმ „ჟიგულმა“ ჩაგვიარა და იმის მერე აღარ გამოჩენილა. დავძარით მანქანა და  წამოვედით.

ჯერ არ გავსულვარ ვანათიდან და გამგებელი მირეკავს. ვკითხე, რაშია საქმე–მეთქი. მეუბნება, ჩემი ღობე ტყვიით არის გახვრეტილი,  ეს ტყვია ეზოში, უფრო კონკრეტულად, სახლის კიბეზე  გდია, და თან ცხელია. ქვის  კიბესაც მოხვედრია და კიბიდან ნაფშვენებია ჩამოყრილი. ეს ტყვია ვანათის ტყიდან არის ნასროლი, სნაიპერის მიერ, ეს უეჭველია. ეგ არ ვიცი, რომელ თქვენგანს  ესროლეს თუ უბრალოდ, დასაშინელად ისროლეს, მე რომ არ მესროდნენ, ეს ვიცი, ჩემი მოკვლა რომ უნდოდეთ, ვანათის ტყიდან არ მესროდნენ, აქვე, სოფელში მომკლავდნენ, მთელი დღე დავდივარ და გარეთ ვარო. თავიდან არ დავიჯერე. ვუპასუხე, რაში სჭირდებოდათ ჩვენგან  ერთ–ერთის, ჩემი ან ირაკლის  მოკვლა ტყიდან და სნაიპერის საშუალებით, სამივეს ჩაგვხოცავდნენ, თუ მოისურვებდნენ–მეთქი. მერე გამახსენდა ყური, ტკივილი… ჩავიხედე მანქანის სარკეში და ყურის ბიბილო ისევ გაწითლებული მაქვს. ირაკლის ვაჩვენე და მაგრად ხარ გადარჩენილი, ეტყობა, გესროლეს და იმ მომენტში სახე შეატრიალე, გამგებელს ემშვიდობებოდი, მაგ დროს ხომ ფანჯრისკენ მიტრიალდი და ტყვიამ ჩაგიქროლაო.

მე კი ჩემი დამემართა, მაგრამ ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, მე მესროლეს თუ ირაკლის. ფაქტი ის არის, რომ  სნაიპერმა რომელიღაცას  გვესროლა  და  ორივეს აგვცდა. გვესროლა  იმ დროს, როდესაც მანქანა გაჩერებული იყო, გამგებელი გადასული იყო მანქანიდან (გამგებელი მთელი ამ ხნის მანძილზე უკანა სავარძელზე იჯდა).  მანქანის ორივე ფანჯარა ჩაწეული იყო, ტყვიამ გამჭოლად გაიარა ფანჯრებში, მანამდე  მე ყურის ბიბილოზე შემეხო, გამკრა,  გამგებლის სახლის  რკინის ღობე გახვრიტა, კიბეს მოხვდა და  კიბეზე დაეცა. სხვა ახსნა ამას ვერ მოვუძებნეთ.  გამგებელს გადავურეკე უკვე ვანათიდან გამოსულმა და ვკითხე, რომელი იარაღიდან არის ეგ  ტყვია ნასროლი–მეთქი. არ ვიცი, მაგდენში  ვერც ვერკვევი და თან ტყვია სულ დაჭყლეტილია, კიბეს რომ  მოხვდა  რას გაიგებ, თუ გინდა, შეგინახავ და გამოგიგზავნიო. არა, გადააგდე, არ მინდა–მეთქი –ვუთხარი და დავემშვიდობე.
მივედი „ალიას“  რედაქციაში და დავწერე რეპორტაჟი ვანათიდან და გაზეთში დავბეჭდე.

ლევან ჯავახიშვილი, ალია №19

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved