ყოფილი მაღალჩინოსანი, გივი თარგამაძე, რომელიც ამჟამად ციხეშია, “წულუკიანის კომისიაზე” არ მისვლის გამო, წერილს აქვეყნებს:
უწყვეტი პროტესტის მიმდინარეობისას ტრიალებს ერთი და იგივე კითხვა – გეგმა არის? ეს კითხვა ბევრს ნერვებს უშლის. ასეთი, უკვე ყოველსაათობრივად ცვალებადი გარემოს პირობებში აბა რა კონკრეტული გეგმა უნდა იყოს? უნდა ვიმოქმედოთ და ყველაფერი გზადაგზა გამოჩნდება. მოქმედების ზოგადი ფორმულა კი – ა ბატონო – ართანამშრომლობა, უტეხობა, დელეგიტიმაცია . . . . უნდა ითქვას, რომ დიდი აქციების ბოლოდან დღემდე მართლაც ძნელი იყო რაიმე უფრო კონკრეტულის შემოთავაზება, მეც ვერ ვაწყობდი ზუსტ კონსტრუქციას.
თუმცა, ბოლო დღეეებში ვითარება შეიცვალა – გამოიკვეთა ორი, სრულად კონკრეტული თარიღი – 31 აგვისტო და 4 ოქტომბერი – რაც მწყობრი გეგმის ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა. როგორც არ უნდა გვიშლიდეს ნერვებს ეს კითხვა, საზოგადოებას აქვს უფლება, ასეთი გეგმა მოითხოვოს, რათა მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების ოპტიმიზაცია.
პირველ რიგში სწორად უნდა გავიგოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მესიჯი – მათ არ იციან, რომ ოცნება ბოლო წერილში ჩამოყალიბებული მოთხოვნების სრულ იგნორირებას მოახდენს? რა თქმა უნდა, ზედმიწევნით ზუსტად იციან პასუხი. აბა დრო გაყავთ? უაზრო კონიუქტურას იცავენ? რა თქმა უნდა, არა. საქმე ისაა, რომ ეს გზავნილი მხოლოდ ოფიციალურადაა მიმართული ქოცური მთავრობისთვის. რეაულურად კი ქართველი ხალხისადმია დაწერილი, ამიტომაცაა დაფიქსირებული დედლაინი, თანაც საკმაოდ მისაღები დროის მონაკვეთში გაწელილი. ეს გზავნილი ასე უნდა წავიკითხოთ – ჩვენ ძალზე არ გვინდა, ჩვენი მოქმედებით ქართველი ხალხი დავაზარალოთ, ვხედავთ საზოგადოების ევროპული მომავლისკენ სვლის ურყევ ნებას, მედგარ და უწყვეტ ბრძოლას, მსხვერპლზე წასვლას, უტეხობას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. თუ ეს მთავრობა რჩება, საქართველოს ევროპული მომავალი ბუნებრივად ამოიწურება. ამიტომ, მთავრობას კი არა, თქვენ, ხალხს გაძლევთ ვადას – კონცენტრირდით, ბოლო ძალები, ნება მოიკრიბეთ, აიღეთ ხელში პროცესი და გადამწყვეტი ბრძოლა გაუმართეთ საქართველოს მიმტაცებლებს, გადაარჩინეთ ევროპული მომავალი.
მნიშვნელოვანია ჩანაწერი, რომ მთავრობის უარის შემთხვევაში, ევროპა დაიწყებს მუშაობას უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე. დაიწყებს ანუ გადაწყვეტილება მყისიერად არ მიიღება და მისი ჩამოყალიბება კიდევ რაღაც დროს წაიღებს. ჩემი აზრით ეს დრო სრულიად ბუნებრივად შეიძლება ჩაჯდეს 31 აგვისტოდან 4 ოქტომბრამდე მონაკვეთში. ამიტომ ჩვენ პროტესტის საწარმოებლად დროის ზუსტად ეს მონაკვეთი უნდა ავიღოთ და გავწეროთ მოქმედების გეგმა.
აი გეგმაც –
პირველი, საწყისი, დიდი მიტინგის თარიღად განისაზღვროს 31 აგვისტო. პირველ რიგში, მაქსიმალურად გამოყენებული იქნას ჯერ კიდევ არსებული ორი თავისუფალი ტელეარხის სრული რესურსი (ე.წ. არჩევნებამდე ამ არხებს, სავარაუდოდ, არ დახურავენ). 31 ივლისიდან 31 აგვისტომდე ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე ამ არხებზე გავიდეს მოსვლის მოწოდების კლიპები „31 აგვისტოს მოდი რუსთაველზე. დაიცავი უვიზო მიმოსვლა, დაიცავი ევროპული არჩევანები“. ჩემი აზრით ასეთი უნდა იყოს სლოგანი. გარდა კლიპებისა, ამ არხებით უნდა მოხდეს დეტალური ახსნა, თუ რას დაკარგავს უვიზო მიმოსვლის გაუქმებით თვითოეული მოქალაქე. ეს ახსნა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ოცნების მომხრეთა მიმართულებით, რომლებსაც ქოცები ახლაც აიმედებენ, რომ ეს არ მოხდება, რადგან რეალურად ეშინიათ ამ მიმართულებით მათი გამორკვევისა. ამ გამორკვევაში უნდა დავეხმაროთ და დავუმარცვლოთ თუ როგორ დაზარალდებიან.31 აგვისტოს დიდი მინიტინგი, რომელზეც გამოცხადდება ერთთვიანი პროცესი და საბოლოო ბრძოლის თარიღი – 4 ოქტომბერი – შექმნის ground zero-ს, საძირკველს, რომელზეც შემდგომი ერთი თვის განმავლობაში უნდა დაშენდეს ისეთი კონსტრუქცია, რომელიც საბოლოო ბრძოლას გაუძლებს და შეტევის საშუალებას მოგვცემს. ამ თვის განმავლობაში იგივე ინტენსივობით უნდა გადიოდეს კლიპები სლოგანით „4 ოქტომბერს მოდი რუსთაველზე დაასრულე ივანიშვილი“. თვის განმავლობაში განსახორციელებელი ქმედებების დეტალიზაციაში არ არ ჩავალ, სურპრიზებიც, ხომ უნდა იყოს. ერთს ვიტყვი – ყოველდღიური აქციები აღარ უნდა ჩატარდეს მდუმარე შეკრების ფორმით. მიტინგი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ფიზიოლოგიური კვების გარდა, რომელსაც ხალხი მშვენივრად უმკლავდება თვითორგანიზირებით, მოითხოვს ემოციურ კვებასაც და გამოსვლები აუცილებელია.მნიშვნელოვანია ამ პერიოდში მიზანზე სრული კონცენტრაცია და ყველა პარალელური პროცესისგან გათავისუფლება. მაგალითად, ქალბატონი პრეზიდენტის ინიციატივა დროებითი მთავრობის შექმნის თაობაზე ამ დროს სრულად უადგილოა. ის აუცილებლად იქცევა პოლიტიკურ ძალთა შორის ახალი დაპირისპირების მიზეზად და დააზარალებს მთავარ პროცესს. საერთოდაც, როდესაც მიზანი ესოდენ რთული მისაღწევია – ავტორიტარული რეჟიმის ჩამოშლა – ამ გზაზე შემდგომი სრული ჰარმონიის მიღწევის მცდელობა ფუჭიცაა და უადგილოც.რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ, გარდამავალი ეტაპი თავისით, თანდათან დალაგდება. დალაგდება ბევრი ფაქტორის, მათ შორის, რა თქმა უნდა, ამა თუ იმ ძალების მიერ ჩამოშლის პროცესში გაღებული კონტრიბუციისა და გაწეული ღვაწლის მიხედვითაც და ამ პროცესს წინასწარ დაწერილი დოკუმენტები ვერ შეცვლის. თავად ამ პლატფორმის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა არსებულის გამოყენება მოქმედებათა კოორდინაციისთვის, მის შემადგენლობაში აუცილებელი შესვლის მოთხოვნის გარეშე – კი ბატონო. გასათვალისწინებელია, რომ ამ თუ სხვა პლატფორმის გამოყენება უნდა მოხდეს საერთო შეხვედრების ფორმატში, რადგან ცალ-ცალკე შეხვედრების და დიალოგების დრო არ არის.
ასეთი თაიმლაინით გაწერილი გეგმა იმაზე მშფოთვარეებსაც დაამშვიდებს, ვინც თვლის, რომ არჩევნებში მონაწილეთა და არათანამშრომლობის მომხრეთა გზები სადღაც უნდა გადაიკვეთოს – 31 აგვისტოსაც და 4 ოქტომბერსაც ამის არანაირი პრობლემა არ არსებობს.
პროტესტის მონაწილეთა რიცხვის ზრდის ორი სერიოზული რესურსია, რომელიც მთლიანად უნდა მოვიზიდოთ. პირველი – ადამიანები, რომლებმაც რაციონალურად ჩათვალეს, რომ პროტესტის რუტინულ ფაზაში არ უნდათ გამანადგურებელი ჯარიმების მიღება, ან საპატიმროში მოხვედრა, რათა თავი შეინახონ გადამწყვეტი მოქმედებებისათვის, სადაც თავს უკვე აღარ დაზოგავენ. ეს ხალხი უნდა დავაჯეროთ, რომ სწორედ ის მომენტი დადგა და მათი მონაწილეობა უკვე აუცილებელია. მეორე – საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, რომელთა აბსოლიტური უმრავლესობა საპროტესტო მუხტისაა და რომელთა დიდი უმრავლესობა მაქსიმალურად დაზარალდება უვიზო მიმოსვლის შეჩერებით. 31 ივლისიდან 31 აგვისტომდე პერიოდში ერთ კლიპით მათაც უნდა მოვუწოდებდეთ – გაიჭირვონ, ერთი თვე გამოთავისუფლდნენ სამსახურებიდან, ჩამოვიდნენ და ერთი თვე დაუთმონ ბრძოლას.
საჭიროა გეგმის ასე ღიად დაფიქსირება?
რა თქმა უნდა. ერთი, სპეცსამსახურებით გაჯერებულ გარემოში რაღაცების მალვას აზრი არ აქვს, არც გარგებს – მეტ საშუალებას მისცემ ინსიუნაციებისათვის და მეორე – ჩვენ უნდა გამოვიწვიოთ ისინი მაქსიმალური მობილიზაციის რეჟიმზე, რათა საღად შევაფასოთ რესურსები და ამ რეჟიმში უნდა ვამყოფოთ მთელი ერთი თვე. უამრავი ტაქტიკური საშუალება არსებობს, „საქანელებიდან“ დაწყებული, „ფუჭი გასროლებით“ (აქ აღარ ჩავღრმავდები) დამთავრებული. იმისთვის რომ მათი რესურსი დასკვნითი ფაზისთვის მაქსიმალურად გამოფიტული იყოს. ამ ერთი თვის პროტესტი უნდა იყოს აღმავლი, პატარ-პატარა გამარჯვებებით გაჯერებული. ბრძოლა უნდა იყოს პირისპირ, თვალი-თვალში, შუბლი-შუბლზე, ველზე შეძახილით – „უკანდამხევის დედაც!“, „ოჯახებისთვის! სამშობლოსთვის! თავისუფლებისთის! წინ!“.დიახ, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ ზუსტად გაათვიცნობიეროს ის, რომ ის მხოლოდ იდეისთვის, თუნდაც ყველაზე ძვირფასისთვის კი არ იბრძვის – ის იბრძვის საკუთარი ოჯახის კეთილდღეობისთვის. ამ ოჯახების ერთობლიობაა სამშობლო და ის მხოლოდ თავისუფლების პირობებში ცოცხლობს.
ვიცი, ახლა ჩემი მეგობრები იცინიან, დაიწყო ისევ „კანეცი“ დამანახეთო. ეს რუსულად „კანეცი“ ჩემი პოსტსაბჭოთა სივრცეში მოღვაწეობიდანაა. „პოკაჟიტე კანეც“ ამას ვეჩიჩინებოდი სულ, რადგან მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ პროცესის თავს და განსაკუთრებით ბოლოს წინასწარ თუ ვერ ხედავ, ის არ უნდა დაიწყო. დავიწყებ და მერე გამოჩნდება – ფუჭია. შესაძლოა, საბოლოოდ პროცესმა სადღაც გადაუხვიოს და ზუსტად ისე არ დასრულდეს როგორც ელოდი, მაგრამ დაწყებისას შენ ბოლოს ზუსტად უნდა ხედავდე – შენი წარმოდგენით მაინც. აქამდე ვერა და ახლა ვხედავ, ამიტომაც გავბედე თქვენს სამსჯავროზე გამოტანა. განიხილავთ? გამიხარდება. სამოქმედოდ აიღებთ? ბედნიერი ვიქნები.
შესაძლოა ზოგიერთმა თქვას – შენ რა გენაღვლება, ხარ შენთვის წამოწოლილი ციხეში და გვიწერ აქ ბრძოლაში როგორ წავიდეთო. აბა როგორ არ მენაღვლება? რომ არ მენაღვლებოდეს – განა ამას შემოგთავაზებდით?სულაც არ მინდოდა აქ ყურყუტი ბრძოლაში ფიზიკურად ყოფნის სანაცვლოდ. ამიტომ შევიტანე გირაო, ეგებ შემენარჩუნებინა თავი თავისუფლებაზე, მეტი სამოქმედო სივრცე რომ მქონოდა, მაგრამ არ გამოვიდა. რას იზამ? საერთად არ ვარ მომხრე თავის დაჭერების ან დაზარალების. სულ ვიხსენებ „არაჩვეულებრივი შვიდეულიდან“ – გლეხები დამცველებს რომ არჩევენ დასაქირავებლად ერთი ამბობს – შეხედე რამდენი იარები აქვს, ეგ გვჭირდებაო და მეორე, უფრო აზრზე მოსული ეუბნება – სულელო ეს კი არა, ის გვჭირდება, ვინც იარა დაასვაო. ასეა – ჩვენ უნდა მივაღწიოთ ამ ბრძოლაში იმგვარ გარდატეხას, რომ ჩვენ დავასვათ იარები.ჩემზე რომ ამოვწურო – ჩემი შვილები, ჩემი გოგოები მზად არიან დააპაუზონ სწავლა უცხოურ უნივერსიტეტებში, რათა აქ გადამწყვეტ ბრძოლაში ფიზიკური მონაწილეობა მიიღონ დედასთან ერთად. მამაჩემი, ჩემი ძმები ოჯახებიანად – ჩვენ სულ მანდ ვართ, შუაგულში. უკანდამხევის დედაც!
ბოლოს გეგმას ცალკე ამოვწერ, ამდენ სიტყვებში რომ არ ჩაიკარგოს.
„გადამწყვეტი ბრძლა საქართველოსთვის“ ამჯერად ვფიქრობ, რომ ზუსტი სახელია.
გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის
1. 31 ივლისი – 31 აგვისტო – თავისუფალი მედიასაშუალებებით და სოციალური ქსელებით მუდმივი მოწოდება მოსვლისა რუსთაველზე დიდ მიტინგზე 31 აგვისტოს: „მიდი რუსთაველზე 31 აგვისტოს, გადაარჩინე უვიზო რეჟიმი, გადაარჩინე ევროპული მომავალი“.
2. იმავე პერიოდში, იგივე საშუალებებით ახსნა იმ ხალხისთვის, ვინც პროტესტის რუტინულ პერიოდში შეწყვიტა აქციებზე გამოსვლა, რათა თავი შეენახა გადამწყვეტი ბრძოლისათვის, რომ ეს მომენტი დადგა. მოწოდება საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისადმი – ერთი თვე გამოითავისუფლონ, ჩამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ გადამწყვეტ ბრძოლაში.
3. 1 სექტემბერი – 4 ოქტომბერი – ერთთვიანი, მთელს ქვეყანაში გაშლილი, რუსთველზე ყოველდღიური აუცილებელი ელემენტით, ინტენსიური აღმავალი აქციები – პატარ-პატარა გამარჯვებებით და დაგეგმილი პიკით.
4. 4 ოქტომბერი – დასკვნითი ფაზა, სრული დაუმორჩლებლობა
კომენტარები