„ალიას“ ესაუბრება პულმონოლოგი, დავით ნანობაშვილი:
– ბატონო დავით, როგორც ხალხი ამბობს ისე ვიტყვი – „გატრუხდა“ კორონავისურიო, წერენ ადამიანები სოციალურ ქსელში, შესაბამისად, რადგან შიში ნაკლებია, ფაქტია, სიფრთხილემაც იკლო…
– ძალიან ცუდია, ეს ნიშნავს მოსახლეობის დიდი ნაწილის გაუნათლებლობას. უმეტეს შემთხვევაში, მითებს და მსგავს თქმულებებს ქმნიან ადამიანები და ქმნიან ქვედა ფენებიდან, ნაკლებად განათლებულები და ნაკლებად კომპეტენტურები.
ადამიანთა ჯგუფს მოსწყინდა კარანტინი, მოსწყინდა ეს დახურულობა და უნდა გართობა. საერთოდ იცით ხო, ადამიანები ყველაზე მეტ თანხას, მაშინაც კი როცა თანხა არა აქვთ, ხარჯავენ გართობაში და სიამოვნებაში. მობეზრდათ, რესტორნებში და ბარებში უნდათ სეირნობა, კლუბებში უნდათ წასვლა, მარიხუანას მოწევა და ასე შემდეგ. სხვადასხვა მოტივი აქვს ყველას. ამიტომაც სპეციალურად ყრიან ჭორებს, იმნაძე გვაბოლებს, გამყრელიძემ შეგვჭამა და ასე შემდეგ.
სამწუხაროდ, ყოველთვის არ არის უფალი სამართლიანი, თორემ ასეთს უნდა დამართოს კორონა და გააქანონ და აპარატზე შეაერთონ, პამპერსებს რომ ამოუდებენ ქვეშ, მერე მიხვდებიან რამდენად დიდი ტრაგედია იყო მსოფლიოსთვის და რა ხდებოდა, იტალიაში, საფრანგეთში, ინგლისში გერმანიაში, ამერიკაში – ყველაზე ძლიერ ქვეყანაში, ამდენი ხალხი დაიღუპა.
-ახლაც გრძელდება ჩვენს სამეზობლოშიც – რუსეთში, სომხეთში, თურქეთში.
-მე ვარ ევროპის საბუნებისმეტყველო აკადემიის პრეზიდიუმის წევრი და ეს მეცნიერებათა აკადემია მაწვდის ინფორმაციას, მარტო ბოლო სამ კვირაში, რამდენიმე ათეული ცნობილი რუსი ექიმი დაიღუპა. ძალიან ცნობილი, აი, კლინიკის ხელმძღვანელი, დიდი განყოფილების გამგეები, უძლიერესი ექიმები და ა.შ. ყველას ვერ ჩამოვთვლი, ბუმბერაზი ხალხი დაიღუპა… ჩვენდა სასიკეთოდ, ჩვენ გვყავს პროფესიონალთა ჯგუფი, ეს არის იმნაძის სამსახური და იმნაძის სამსახურში არ არის მარტო იმნაძე, იქ არის ძალიან კარგი ჯგუფი, მათ შორის შოთა ცანავა, ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსია და ყველას ვერ ჩამოვთვლი, მეშინია ვინმე არ გამომრჩეს, ასევე ცერცვაძის ძალიან ძლიერი სამსახური – ძველი ლომები – ამან გადაგვარჩინა ამჯერად, მაგრამ ეს გარანტია არ არის, რომ ყოველთვის ასე შევძლებთ.
მაშინ, როცა ადამიანები ყურადღებას მოადუნებენ, მოსალოდნელია ყველაზე დიდი ხიფათი. ისტორიას რომ გადავხედოთ, ციხეები მაშინ ტყდებოდა და იმპერიებიც მაშინ ინგრეოდა, როცა ადამიანი ადუნებდა ყურადღებას. ასეთი ხიფათის წინ ვდგავართ ახლა ყველაზე მეტად. ადამიანები ეძებენ რაღაცა მაიმუნობებს, დებენ რაღაცა სტატიებს – რამდენიმე ქვეყანაში ჩატარდა ექსპერიმენტი და რამდენიმე ასე განათლებული ექიმი, ამბობს, რომ დაღუპულთა პაციენტების ნაწილს გაკვეთის შემდეგ არ აღმოაჩნდა კორონავირუსიო.
– ან აღმოჩნდა, მაგრამ სხვა დაავადებამ იმსხვერპლაო, წერენ…
– უმეტესობა ყველა სხვა დაავადებით იღუპება, კორონა ასე არ კლავს პირდაპირ, ყველა ვარიანტში გართულებებით იღუპებიან, მაგრამ აქ საუბარია იმათზე, ვინც ამბობს, კორონას დიაგნოზი ჰქონდათ და გაკვეთის შემდეგ ვირუსი არ აღმოჩნდაო.
მეეჭვება, რომ ამ ექიმებმა არ იცოდნენ, ისინი უბრალოდ თვალთმაქცობენ – ნებისმიერი შტამის გრიპის ვირუსს აქვს თავისი ცხოვრების პერიოდი. რადგანაც კორონა ჯერ ბოლომდე არ ვიცით და შესწავლილი არ არის, ამიტომ ვერ ვიძახი ზუსტად თორემ, გრიპის ვირუსით ათ დღეში ან ორ კვირაში რომ დაიღუპოს ადამიანი და ის მერე გაკვეთონ, შეიძლება გრიპის ვირუსი ვერ იპოვნოთ, იმან ამოწურა თავისი ცხოვრების პერიოდი და დაიღუპა, ამიტომ ვეღარ პოულობენ. დიდი ალბათობით, ამ შემთხვევაშიც, კორონა ჰქონდა, გართულებები გამოიწვია, შეიძლება მერე კორონა აღარც იყო ორგანიზმში, მაგრამ ეს გართულებები გაგრძელდა, დაიღუპა ადამიანი, გაკვეთეს და უკვე ვეღარ იპოვნეს ვირუსი. ასე რომ, იმის მტკიცება, რომ გაკვეთის შემდეგ ვერ იპოვნეს და ამას კორონა არ ჰქონდა და ტყუიანო – არის ტყუილი. უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, ექიმებმა თავადაც იციან რომ ეს ტყუილია, მაგრამ ზოგს ფულს უხდიან, ზოგს პარტიული მიმართულებები აქვს და მიტმასნილია რომელიმე პარტიას. არ გეგონოთ, რომ მხოლოდ საქართველოში არიან ექიმები, რომლებსაც გარკვეული პარტიული ან ფინანსური დაინტერესება აქვს რომელიმე ჯგუფიდან.
ძალიან ცუდი ტენდენციაა, დაიწყეს უკვე იმ ხალხის ლანძღვა, ვისი მეშვეობითაც გადავრჩით ეს პატარა ერი – ვგულისხმობ გამყრელიძეს, ცერცვაძეს, იმნაძეს… თან ყველაზე ცუდი ისაა, რომ ლანძღავს ის ხალხი, რომელიც გაუნათლებელი და არაკომპეტენტურია.
– ლევან რატიანმა თქვა, დადგება დრო, მეცნიერები დაადგენენ, რამ გადაგვარჩინაო, მანამდე თქვა, არ ვიცი, რამ გადაგვარჩინაო – ე.ი. მხოლოდ შეზღუდვები არ არის მთავარი?
-რაღაცა დამატებითი წვრილმანი მიზეზები შეიძლება იყოს, მაგრამ ძირითადი მაინც მუშაობის შედეგია. სხვა ქვეყნებსაც, ვინც დროულად დააწესა შეზღუდვები, კარგი შედეგები აქვს, თუმცა, საქართველოს შედეგი მაინც ყველაზე კარგია. მაგალითად, შვედეთმა უარი თქვა შეზღუდვებზე და სკანდინავიის სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ყველაზე მძიმე შედეგი აქვს, იგნორირება გაუკეთა იტალიამაც თავიდან და ამანაც დაამძიმა იქ შედეგები.
-ბელორუსია?
-ბელორუისში ტოტალიტარული რეჟიმია და შეიძლება ბევრი რამე ვერ გავიგოთ. ასეთი ქვეყნების ინფორმაციას ვერ დავეყრდნობით. რუსეთშიც ტოტალიტარული რეჟიმია, მაგრამ იმდენად დიდია მსხვერპლი, რომ ვეღარ მალავენ…
-თურქეთიც…
-კი და თურქეთში მგონია, რომ იმაზე ცუდი მდგომარეობაა, ვიდრე იძახიან. ამიტომ, მე რომ ვიყო მთვარობაში, კანონს მივიღებდი, გადაუმოწმებელი და ისეთი ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომელმაც შეიძლება დააზარალოს მოსახლეობა – სასჯელი იქნებოდა.
ამერიკაში ანალოგიური რაღაცები არ ხდება, აგიხსნით რატომ, იქ კანონი კანონობს და სასამართლო არის თავისუფალი. ვინმე თუ ვინმეს შეურაცხყოფას მიაყენებს ან გალანძღავს, სასამართლოში შეგიძლია უჩივლო, შეგიძლია პრეზიდენტსაც კი გადაახდევინო ჯარიმა, ან გაუშვა ციხეში. იმხელა ზიანი შეგიძლია მიაყენო, რომ მეორედ არ გაუჩნდება სურვილი გადაუმოწმებელი ინფორმაცია გააჟღეროს. იქ, სადაც კანონი კანონობს – ყველაფერი რიგზეა.
სასამართლოა მთავარი. უამრავმა ადამიანმა გამლანძღა მეც, მომწერა რაღაც სისულელეები, ბერკეტი არა მაქვს და ეს რა თქმა უნდა, არის არა მარტო ამ მთავრობის, ზოგადად ყველა მთავრობის ბრალი. ეს არის უნამუსობა, რადგან, ყველა მთავრობა ცდილობს სასამართლო, პროკურატურა მოირგოს სათავისოდ, რომ ერთი ჯგუფი ჰყავდეს კარგად და დანარჩენი ფეხზე ჰკიდია.
ახლა, სანამ ინტერვიუს მოგცემდით, ბათუმში ჩამოვედი და 50 ლარიანი ჯარიმა მომივიდა სიჩქარის გადაჭარბებისთვის, საერთოდ როცა მოდის, კამერის ჩანაწერიც ახლავს ხოლმე, რომ ვნახო, სად გადავაჭარბე სიჩქარეს. ორი სურათი დევს სხვადასხვა ადგილზე გადაღებული, ერთი გურიაში და მეორე გრიგოლეთთან, არსად არ დევს, რომ სიჩქარე გადაჭარბებული მაქვს და სიჩქარის დარღვევისთვის 50 ლარი კი მაქვს დაკისრებული. კანონმორჩილი მოქალაქე ვარ და ზუსტად ვიცი, არ გადამიჭარბებია, მაგრამ რომ წავიდე და ვირბინო, 50 ლარზე მეტის საწვავი უნდა დავწვა, განცხადება დავწერო და თან მაინც ვერ დავამტკიცებ, მეტყვიან, საშუალო სიჩქარე გამოვთვალეთ ერთი მანძილიდან მეორემდეო და თეორიულად შეუძლებელი იყო, ასეთი სიჩქარეთი გაგევლოო. ასეთი უკანონობა ამერიკაში რომ მოხდეს, ბერკეტი გაქვს საბრძოლველად.
ევროპაში იყო ასეთი შემთხვევა, სავარჯიშო მოედანზე, კალათბურთის კალათში ჩატენა ბავშვმა ბურთი და ჩამოეკიდა კალათზე, კალათი მოტყდა ფარიდან, დაეცა ბავშვს თავზე და ქალა ძვლის ძლიერი ტრავმა მიიღო, იმ ბავშვის მკურნალობა 180 ათასი ევრო დაჯდა. იმ რაიონის გამგებელს გადაახდევინეს იმ ბავშვის მკურნალობის 180 ათასი ევრო და პლიუს გადაახდევინეს კომპენსაციის სახით 100 000 ევრო. სამასი ათასი გადაახდევინეს იმ უბნის გამგებელს, რომელ უბანშიც შემთხვევა მოხდა. ჯიბიდან გადაახდევინეს, ბიუჯეტიდან კი არა.
-ჩვენთან გამგებელი გიპასუხებს, მე ტენდერით გავაკეთე და პასუხისმგებელი არა ვარო.
-კი, მაგაშია საქმე, აგერ კალაძემ მე მომწერა მსგავსი წერილი. კალაძის გამო, ქალაქის მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის წყალობით, კინაღამ გადავყირავდი და მანქანა დავაზიანე, მივწერე 630 ლარის ზიანი მაქვს მანქანის სახით-მეთქი და მომწერა, არა მაქვს ფულიო. მერე ცოტა ხანში შანხაის სკვერში რამდენიმე ათეული ათასის რკინის კონსტრუქცია დააყენა და ბალახი დათესა და 630 ლარი არ ჰქონდა ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ მისი, ქალაქის მერის ბრალი იყო. იქ კი, სასამართლომ, მიიღო გადაწყვეტილება და გადაახდევინა იმ გამგებელს.
-კიდევ გვაქვს ერთი საკითხი, რომელზედაც სამი ვერსიაა – ეკლესიის კლასტერი არ არსებობს, რადგან 1. ვირუსი „ბლეფია“, 2. ღმერთი გვმფარველობს და 3. არსებობს და ვმალავთ…
-არა, “არსებობს და ვმალავთ” – მეეჭვება, საქართველო ის განსხვავებული ქვეყანაა, სადაც ვერ დამალავ, ვისაც დაემართა ის მაინც იტყვის. აგერ ჩვენი ჩოგბურთელის და მისი ყოფილი ცოლის არ იყოს, მეზობლებმაც კი იცოდნენ რა ხდებოდა. აქ სხვა რამეა: მე თავიდანვე ვიძახდი, რომ ეკლესიაში არის პირობა შექმნილი იმისათვის, რომ ეს ვირუსი ვერ ხარობს.
-საკმეველს გულისხმობდით, ხო?
-კი, ვთქვი კიდეც, რომ სახლშიც უნდა დავანთოთ საკმეველი და მე რაც ვიწინასწარმეტყველე, თუ გადახედავთ, გამართლდა ყველა. საკმეველი საკმაოდ ძლიერი ანტიბაქტერიული საშუალებაა.
-ხოდა იმ ჩინოვნიკების ნათქვამი რომ არ გამართლდა, იმიტომაც არის ხალხი გაბრაზებული.
-მე არ ვემხრობი ამ მთავრობას, მაგრამ ვაღიარებ, გახარიას ფაქტორი საკმაოდ ძლიერია და დიდი როლი ჰქონდა ქვეყნის გადარჩენის საკითხში ახლა. ძირითადად წყალს ამღვრევს ის, ვინც იყო წინა მთავრობაში, დიდი დანაშაული აქვს ჩვენი ქვეყნის წინაშე ჩადენილი და მათი დიდი რაოდენობა არის არაქრისტიანი, რომ იცოდეთ…
-ექიმებიც აიყოლიეს…
-ექიმებს შორისაც არიან არაქრისტიანები, ათეისტები, თქვენ გგონიათ ექიმები სხვა ფენის წარმომადგენლები არიან? იქაც ადამიანები არიან, ზოგი კარგი და ზოგი ცუდი…
ეკლესიასთან დაკავშირებით, როგორც ექიმი – ვადასტურებ, რომ სჯობდა ეკლესიაში მისვლისგან ხალხს თავი შეეკავებინა. არ ვიყავი მე ეკლესიაში მისვლის მომხრე. ადამიანების ნებაა და შეზღუდვის უფლება არა გვაქვს, მაგრამ როცა ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ ამითი შეიძლებოდა სხვისთვის მიეყენებინათ ზიანი – შეეძლოთ თავი შეეკავებინათ. მეც მორწმუნე ვარ, დილა არ თენდება, რომ დილის ლოცვა არ წავიკითხო, მაგრამ ამავე დროს, როცა ვყოფილვარ ლოცვებზე და წირვებზე, დიდი ნაწილი, ვხედავ, რომ არ არიან მორწმუნეები. ჩემი თვალით ვუყურე, გადიოდნენ, ტანსაცმელს იცვლიდნენ და შემოდიოდნენ, მოდების ჩვენება ჰქონდათ გარდამოსხნის წირვაზე… არიან ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში არიან, მაგრამ არ ისმენენ ლოცვას და წირვას… მათთვის რა მნიშვნელობა აქვს მაშინ, სად ილოცებენ?
-არაერთმა მომწერა, ამ პანდემიის დროს ბევრად მეტად ვეზიარე, ვიდრე ჩვეულებისამებრო…
-მანდ ალბათობის თეორიიდან თუ გამოვალთ, უნდა მისულიყო კორონით დაავადებული, უნდა დაებინძურებინა კოვზი, ან დაეხველებინა და ისე მომხდარიყო გადადება…
-რწმენას და რელიგიას რომ თავი დავანებოთ, შეიძლებოდა ღვინოს ჰქონოდა გამწმენდი ფუნქცია?
-რა თქმა უნდა, გარკვეულწილად აქვს, მცირე ოდენობით სპირტის შემცვლელია, თუმცა არა იმ ოდენობით, რომელიც კლავს ვირუსს, მაგრამ როცა ხშირად ჰყოფ ღვინოში კოვზს, მეტად იზრდება ეფექტი. თან შავ ღვინოში არის რესვერატროლი, რომელსაც ანტივისურული მოქმედება აქვს. აქ ერთობლიობამაც გააკეთა ის, რაც გააკეთა, თუმცა რისკი იყო დიდი და ერთეული შემთხვევები მაინც იყო დასნებოვნების. დანარჩენი კიდევ იყო ყურადღება და ჰიგიენური წესების დაცვა, ასე რომ არ მოქცეულიყვნენ, ეკლესიაში დიდი აფეთქება იქნებოდა.
-რა რეკომენდაციები გექნებათ ახლა, როცა შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა?
-ვერ გავჩერდებით, მთელი ქვეყანა ხომ ვერ დავწყდებით შიმშილით, უნდა გამოვიდეთ, მაგრამ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.
ერთ კარგ რაღაცას გეტყვით, 5 წლის ასაკიდან ყოველ ზაფხულს ჩამოვდიოდი გურიაში, ის, რაც ახლა ამ ჩამოსვლაზე ვნახე, ასეთი რამ არასოდეს მინახავს არც გურიაში, არც იმერეთში, არც აჭარაში – მთელი საქართველო გადახნულია, დათესილია, ასეთი მოცულობის მიწის სამუშაოები შესრულებული არასოდეს მინახავს. შოკირებული ვარ, ან როგორ მოასწრეს ასეთ მცირე დროში. გურიაში ვხედავდი ხოლმე, სარეველებით სავსე მიუხედავ ეზოებს, ხავსიანს – ახლა ხეხილი მიხედილი, ბოსტანი დათესილი… ასეთი რამ მართლა არასოდეს მინახავს და მადლობა ამისთვის კორონავირუსს.
ეს ერთი და მეორე – რომ იცოდეთ, კორონავირუსის გარდა ბევრი დაავადება გადადის ჰაერწვეთოვანი გზით, მათ შორის ზოგი ავთვისებიანი გზით.
-სიმსივნე?
-კი, ბატონო, რამდენიმე ჯგუფია, მაგალითად, მოსახლეობაში ამას ეძახიან, მონონუკლეოზი დაემართაო, ხომ გაგიგიათ? ამ მონონუკლეოზს იწვევს ერთ-ერთი ვირუსი, რომელიც დადგენილია, რომ წინაპირობაა ავთვისებიანი სიმსივნის. რამდენიმე ჯგუფის ვირუსი გადადის კონტაქტით და არის განმსაზღვრელი სიმსივნის. ის რომ კორონავირუსის მიმართ დაცვა გავაძლიერეთ, ეს იმოქმედებს სხვა ვირუსებზეც და სხვა დაავადებების რიცხვიც შემცირდება.
და ბოლოს, პირველად, ამდენი წლის მანძილზე, გორი-ხაშურის მაგისტრალიდან, დავინახე კავკასიონის სრული ფერდობი, რომელიც არასოდეს ჩანდა აქამდე, ისე იყო დაბურული. ასე რომ, კარგი რაღაცებიც მოჰყვა ვირუსს.
მთავარი მაინც ნათესებია, იმდენად გახარებული ვიყავი ამდენი დამუშავებული მიწის დანახვაზე, ვხუმრობდი, ხომ არ დავურეკო იმნაძეს და ვთხოვო, სექტემბერშიც გამოაცხადოს კარანტინი, რომ ადამიანებმა არ მიატოვონ მიწა და უკვე მზა მოსავალი შემოდგომაზე.
– ბევრი ადამიანი გვწერს, რომ შეიძლება სიცხეში ნიღბის გამოყენებამ გამოიწვიოს სასუნთქი გზების პრობლემები. აპროტესტებენ კონდიცირების აკრძალვასაც.
– სწორია, ნიღაბი გარკვეულ წილად შეფერხებებს ქმნის სასუნთქი სისტემისთვის, თან ამონასუნთქში ბევრ პარაზიტს ამოვისუნთქავთ და მათი ლოკაცია პირბადეზე სულაც არ არის კარგი, თანაც, არც ისე იაფი ღირს ნიღაბი, რომ ყოველ საათში აცვლევინო ადამიანს..
რაც შეეხება კონდიციონერს, კონდიციონერებმა შექმნეს ისეთი სახიფათო დაავადება, რომელსაც „ლეგიონელები“ დაარქვეს, ჯარებში გაჩნდა – ჯარი ისვენებდა კონდიცირებულ ადგილებში სიცხის პირობებში და კონდიციონერმა შეუწყო ზუსტად ხელი გავრცელებას და დიდი ოდენობით ადამიანი გაწყვიტა… ზუსტად მაგიტომ აკრძალა იმნაძემ კონდიციონერი, ეს ზღაპრები კი არ არის? რაც უფრო კარგად გააციებ ჰაერს, ვირუსს კიდევ უფრო დიდხანს შეუძლია სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნოს და დიდ მანძილზე გავრცელდეს. მოლებში მაგალითად, ადამიანი რომ ავიდეს ზედა სართულზე და დაახველოს, ჩათვალეთ ყველა სართულზე გადაედება ადამიანებს, თუ კონდიციონერი ჩართულია.
თუ ყურადღებით ვიქნებით, არ მოვდუნდებით, არ ავყვებით გაუნათლებელ ადამიანებს – შეგვიძლია დაცულები ვიყოთ, თუმცა, მაინც მგონია, რომ იქნება გვიან შემოდგომიდან მეორე ტალღა… არის რეციდივები, იმუნური სისტემა ჯერ კიდევ ვერ ცნობს ამ ვირუსს ბოლომდე, მეკითხებიან ვაქცინაზე და მეეჭვება, რომ ვაქცინა შეიქმნას, რადგან, თუ ვირუსი ასე მუტირებს, ვაქცინის შექმნა შეუძლებელია. რომელ მუტანტზე უნდა შეიქმნას ვაქცინა? ის სხვაზე არ იმუშავებს, ყველა მუტირებულ ნაწილზე ხომ ვერ შექმნი? იმდენად უცხოა ეს ვირუსი, რომ ორგანიზმი არადეკვატურად რეაგირებს. თან გარემო პირობებიც მძიმეა, ავტოიმუნური ფონი დამძიმებულია, ადრე კაცობრიობას არ ჰქონდა ასეთი სიტუაცია, ამიტომაა პრობლემა. მე უფრო მგონია, რომ უფრო ადვილია და რეალურია მედიკამენტის პოვნა, რომელიც დაბლოკავს ვირუსის გავრცელებას.
თამო კეშელავა
“ალია” №19
კომენტარები