უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დაუწესა თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს.
13 სექტემბერს გამოცემული ბრძანებით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.
გადაწყვეტილება კი რიგი პირების მიმართ პერსონალური სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა. მათ შორისაა მენდელი იულია.
პრეზიდენტის ვებსაიტის ცნობით, ზელენსკიმ ხელი მოაწერა სამ განკარგულებას, რომლითაც აღსრულდა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებდა სანქციების დაწესებას რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემების, რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსტეკთან“ დაკავშირებული საწარმოებისა და პირების, ასევე რუსეთის აგრესიის გამართლების პროპაგანდისტების წინააღმდეგ.
სანქციების სიაში შედის 20 საზღვაო ხომალდი, რომლებსაც რუსეთი ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და თხევადი გაზის ექსპორტისთვის იყენებს.
ცნობისთვის, იულია მენდელი უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერის თანამდებობას 2019 წლის 3 ივნისიდან 2021 წლის 9 ივლისამდე იკავებდა. თანამდებობის დატოვების შემდეგ მენდელი ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხშირად აკრიტიკებს.











კომენტარები