სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა ბათუმში საპშროტესტო აქცია გამართეს. ისინი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან მივიდნენ და მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს. სააგენტოს თანამშრომლები აცხადებენ, რომ შეთავაზება, რომელიც მათ ანაზღაურებასთან დაკავშირებით მიიღეს, არასაკმარისია. ისინი ხელფასის ასპროცენტიან ზრდას, სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ტრანსპორტის გამოყოფას მოითხოვენ.
„ვინმეს შეიძლება, არარეალურად მოეჩვენოს ხელფასის ასპროცენტიანი ზრდის მოთხოვნა, მაგრამ ჩვენ ხელფასი ამ შემთხვევაშიც მაქსიმუმ 600-700 ლარს მიაღწევს და თავად განსაჯეთ, რამდენად საკმარისია. გაფიცული ვართ ყველა თანამშრომელი. წარმოიდგინეთ, მუშაობის შემთხვევაში ფეხით უნდა მივიდეთ ოჯახებში ასეთ თოვლიან ამინდში, შემდეგ დავბრუნდეთ და დეკლარაციები მივიტანოთ სამსახურში. ასე გაგრძელება შეუძლებელია“, – განაცხადა – სააგენტოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
ბათუმში აქციას სააგენტოს თანამშრომლები ფოთიდან და გურიის რეგიონებიდანაც უნდა შეერთებოდნენ, თუმცა უამინდობის გამო, ისინი ბათუმში ვერ ჩავიდნენ.
კომენტარები