თამო კეშელავა
„ალიას” ესაუბრება ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.
– როდის უნდა აიცრან ადამიანები, რომლებმაც კოვიდი გადაიტანეს? ასევე, რა დამატებით ინფორმაციას ფლობთ, ბავშვების აცრასთან დაკავშირებით?
– ინფიცირებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ უნდა აიცრან. დღეს, ამწუთას, ეს ინფორმაციაა და ასე უნდა მოვიქცეთ. ახლა საქართველომ უნდა მოახერხოს ყველა რესურსის მობილიზება, ფაიზერის და მოდერნას შესაძენად.
რაც შეეხება ბავშვების აცრას, დღეის მდგომარეობით, ევროპასა და ამერიკაში 5 წელზე ზემოთ ბავშვების აცრა დაიწყეს. ფაიზერი დამტკიცდა 5 წლის ასაკიდან ზემოთ ბავშვებში დროებით მოხმარებისთვის, თუმცა, კომპანიას განაცხადი აქვს შეტანილი ამერიკის წამლის სააგენტოში და სავარაუდოდ, იანვრიდან, იგი მიიღებს დროებით კი არა, უკვე სრულ რეგისტრაციას 5 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში გამოყენებისთვის, რომლის შემდეგაც, ბევრ ქვეყანაში, სავარაუდოდ, სავალდებულო გახდება 5 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაცია, სხვა გზა არ იქნება. სადაც ვაქცინა არ არის – სიკვდილია.
დააკვირდით რა ხდება – ღარიბი ქვეყნების ნაწილი ვაქცინის გარეშეა, მდიდარ ქვეყნებს კი ვაქცინები აქვთ! – ესეც არ არის ნიშანი? ზიმბაბვესა და მონღოლეთში ვაქცინა არ არის და რა იქნება სავალდებულო? შვეიცარისა და ნორვეგიაში კი სავარაუდოდ იქნება სავალდებულო, რადგან ვაქცინაცია არის კაცობრიობის გადარჩენის გზა.
რაც უნდა ილაპარაკონ ანტივაქსერებმა, საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, მონღოლეთის და ზიმბაბვეს გზა უნდა აირჩიოს, თუ შვეიცარიის და ნორვეგიის? ჯერჯერობით რასაც ვუყურებ, მონღოლეთის და ზიმბაბვეს გზას ვუყურებთ. შვეიცარიასა და ნორვეგიაში არ არის დემოკრატია და მონღოლეთშია? როგორ ფიქრობთ?
ანტივაქსერებს გამოსვლები აქვთ და რა ალტერნატივას გვთავაზობენ ვაქცინაციის სანაცვლოდ, თქვან, აბა? რა იქნება გადარჩენის გზა? რეიტინგის და ლაიქების მონები არიან და ეს დაწერეთ დიდი ასოებით, ისინი მხოლოდ დღევანდელ დღეზე ფიქრობენ, ხვალ რა მოხდება და რა მოელის ხვალ, მათი ასეთი ქმედების გამო, ეს არ აინტერესებთ.
რისკი ვაქცინირებულთა და არავანქიცინრებულთა ინფიცირების განსხვავდება. მაგალითად, თქვენ ხართ ორჯერ აცრილი, თქვენი ასაკიდან გამომდინარე, თქვენი დაინფიცირების რისკი არის 20 პროცენტი. თუ შენობაში ყველა, ვინც შევა, იქნება აცრილი, დაინფიცირების შანსი იქნება კიდევ უფრო დაბალი. ეს კითხვა, როგორ გვიცავს ვაქცინა, პირბადე, დისტანცია – ხშირია. როგორც ჩანს, მოსახლეობა ვერ ითავისებს.
ამიტომ ახლა ვეცდები ძალიან მარტივი მაგალითით ავხსნა, დაახლოებით, ქართულ-ჯიგრული პონტით რომ ავხსნა, ვითარება ასეთია: წარმოიდგინეთ, მანქანას მართავთ 200 კმ.სთ სიჩქარით. შესაძლებელია მთელი გზა ისე გაიაროთ, ავარიაში არ მოხვდეთ და მაქსიმუმ დაჯარიმდეთ, მაგრა რისკი იმისა, რომ ავარია მოგიხდეთ, მაღალია, ვიდრე იმ ადამიანის ავარიაში მოხვედრის რისკი, რომელიც მოძრაობდა 100 კმ. სთ. სიჩქარით. ვაქცინა გვიცავს სიკვდილისგან? – მეკითხებიან ხშირად და მინდა მათ ვუპასუხო, ავარიისას ღვედი სრულად გიცავთ სიკვდილისგან? ავარიის დროს, ღვედიანი ადამიანები არ იღუპებიან? იღუპებიან, მაგრამ 100 შემთხვევიდან 80 გადაურჩება სიკვდილს, თუ ღვედი უკეთია – ასეა ვაქცინაც, ვაქცინირებული ადამიანი დაინფიცირებისგან 80 პროცენტით დაცულია. სპეციალური ბალიშებია კიდევ მანქანაში, რომელიც ავარიისას იხსნება და დამატებითი დაცვაა – ესეც სამედიცინო პირბადის დამატებითი დაცვა. 100 კმ.სთ სიჩქარით მოძრაობა დამატებით ამცირებს რისკს და ასე ამცირებს ინფიცირების რისკს მნიშვნელოვნად დისტანციაც. 100 პროცენტით რისკს ვერაფერი ამცირებს, მაგრამ აცრა, პირბადე, დისტანცია სამი ფარია და ისინი მაღალი პროცენტობით ამცირებენ ინფიცირების რისკს და კიდევ მეტად მაღალი პროცენტი ამცირებენ გართულებებისა და ლეტალური შემთხვევის რისკს. ეს უნდა გაითავისოს საზოგადოებამ.
კომენტარები