ლევან ჯავახიშვილი
ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, „ალიას“ ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა ამირეჯიბი.
– ლაშა, თურქეთი აჭარას გვედავება, აზერბაიჯანი – ქვემო ქართლს, სომხეთი – ჯავახეთს. ამ ქვეყნების ისტორიკოსები, ხელისუფლების სხვა და სხვა დონის წარმომადგენლები და მათი საზოგადოების სხვა და სხვა სფეროს ცნობილი ადამიანები, პერიოდულად აცხადებენ, რომ ეს ტერიტორიები მათი იყო და უნდა დაიბრუნონ. ამ პროპაგანდის გარდა, სხვა და სხვა სახის ორგანიზაციებია ამ რეგიონებში შექმნილი და ამ კონკრეტული სახელმწიფოებიდან ფინანსდება, რომლებიც მათ ინტერესებს ატარებენ რეგიონში. აქტიურად მუშაობენ ამ ქვეყნების სპეცსამსახურები. მოდი, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. ხვალ–ზეგ, ეს რეგიონები მოითხოვენ კულტურულ ავტონომიას, ავტონომიას ან სრულ დამოუკიდებლობას. საქმე აქეთკენ მიდის და საამისოდ ამზადებენ ნიადაგს. ამ დროს ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამის საპირისპიროდ, საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმს, პროტესტსაც კი არ გამოთქვამს ამ განცხადებების გამო და ზოგადად, ხელისუფლებას ამ პრობლემების მოგვარების გეგმა აქვს თუ არა, ესეც არ ვიცით.
– გეთანხმები, საგარეო საქმეთა სამინისტროს კი უნდა გაეკეთებინა განცხადებები. აზერბაიჯანელ, თურქ და სომეხ მეცნიერებს ქართველმა მეცნიერებმა უნდა უპასუხონ. თუმცა, დაგვრჩა მეცნიერები? ვინც გვყავდა, ყველა გაყარეს სამსახურებიდან. თუმცა, უმუშევრად დარჩენილებსაც შეუძლიათ ხმის ამოღება, მაგრამ ჩუმად არიან. კარგი, მეცნიერები ჩუმად არიან, საგარეო სამინისტრო, კაცმა არ იცის, იქნებ დიპლომატიური მოსაზრებით არაფერს ამბობს, იქნებ მართლებიც არიან, ეს ხომ არ ვიცით? აი, 90 დეპუტატი რომ ზის პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“, მათი უმეტესობა იქ ფულის საშოვნელად რომ არის, იმათგან ერთმა ამოიღოს ხმა, გასცენ ამ თურქ, აზერბაიჯანელ და სომეხ პოლიტიკოსებს პასუხი. აზერბაიჯანელებმა ახლა ბორჩალოზე რომ დაიწყეს ლაპარაკი და აცხადებენ, ბორჩალო აზერბაიჯანისაა და სტალინმა გადასცა საქართველოსო, ეს ასე არ არის და ამ სიცრუეს პასუხი უნდა გაეცეს. ეს ტყუილი აზერბაიჯანში, სკოლებში ისწავლება და ისტორიის მე–9 კლასის სახელმძღვანელოშია შეტანილი. ამაზე ჩვენი ხელისუფლება ხმას არ იღებს, არ ვამბობ, რომ სასწრაფოდ რაღაც ხისტი ქმედებებია საჭირო, მაგრამ სიჩუმეც არ ვარგა, რაღაც რეაგირება უნდა მოახდინოს ხელისუფლებამ. ისტორიულად ბორჩალო საქართველოს ძირძველი მიწაა. ბორჩალოელები, დღევანდელი აზერბაიჯანელების წინაპრები, საქართველოსთვის იბრძოდნენ და ბევრი სისხლი აქვთ ამ ქვეყნისთვის დაღვრილი. ხუდია ბორჩალოელი საქართველოს ეროვნული გმირია, მეფე ერეკლეს ერთ–ერთი ყველაზე სანდო და საყვარელი თანამოაბჯრე. ასპინძის ომში ხუდია ბორჩალოელი და სხვა ბორჩალოელები, მეფის მხარდამხარ იბრძოდნენ. მეფე ერეკლეს ბორჩალოელებისგან შემდგარი პირადი გვარდია ჰყავდა, პირად დაცვაშიც ჰყავდა ბორჩალოელები, რაც იმას ნიშნავს, რომ მეფე მათ უდიდეს ნდობას უცხადებდა. ,,ჩინებული და მამაცი ყოველსა საქართველოსა შინა“ – ასეა დახასიათებული ხუდია ბორჩალოელი თეიმურაზ ბატონიშვილის ისტორიულ წყაროში. ასპინძის ომისას, სწორედ მას დაავალა მეფე ერეკლემ აღაბაბა ერისთავთან და სვიმონ მუხრან ბატონიშვილთან ერთად, მალულად გადაეჭრათ შუაღამისას ასპინძის ხიდის ბოძები. ამავე წყაროს მიხედვით, ლეკებისა და ოსმალების ჯარის ნახევარი ბოძებგადაგრეხილმა ხიდმა ჩაიყოლა ადიდებულ მტკვარში, ლეკების განთქმული მთავარსარდალი, კოხტა-ბელადი კი ერეკლემ მოკლა. ქართველები დიდძალი ნაალაფავით დაბრუნდნენ შინ. ეს ამბავი აზერბაიჯანელებმა კი არა, ბევრმა ქართველმა არ იცის და ეს არის უბედურება.
აზერბაიჯანთან იმდენად გადაჯაჭვულნი არიან ნავთობბიზნესში, რომ ხმას არავინ იღებს არც პარლამენტიდან, არც აღმასრულებელი ხელისუფლებიდან. ნავთობდოლარები აჩუმებს ამ ხალხს, ასე ვფიქრობ. ახლა ჩვენ რომ გვეთქვა, ბაქო, აღსტაფა ან ყაზახი ჩვენია, აზერბაიჯანში ატყდებოდა ერთი ამბავი. თურქეთთანაც დიდი ბიზნესინტერესებია. მილიარდობით დოლარის საქონელი შემოაქვთ თურქეთიდან და ამ იმპორტიორებს, როგორ ფიქრობ, ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლები არ „კრიშავენ“? მათთან არ მიდის წილი? ან ზოგიერთს თავად არ აქვს ის ფირმები, რომლებიც თურქეთიდან სხვა და სხვა სახის პროდუქცია შემოაქვთ? ცხადია, ექნებათ. ერთმა კაცმა მითხრა, ესენი იმიტომ არ აძლევენ სხვას ხელისუფლებას, რომ სხვამ არ იშოვნოს ფულიო. უკვე ასე ფიქრობს ხალხი. თუმცა, იმედი მაქვს, რომ გამოჩნდებიან ადამიანები და გასცემენ ყველას საკადრის პასუხს.
– ლაშა, ამ ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ ძღებიან. ფეშენებელური სახლები და კურორტები, მილიონები ანგარიშებზე, მართლა ცალ–ცალი კალოშით მოსულები ისე ცხოვრობენ, „ფორბსის“ მილიარდერთა პირველ ასეულში მყოფი ბევრი ბიზნესმენი არ აძლევს თავს ამგვარი ფუფუნების უფლებას, ბევრად მოკრძალებულები არიან. თან, იმ მილიონებს, მრავალმილიონიან სახლებს და აგარაკებს რომ მოკითხავ საიდან გაქვთო, უნამუსოდ გპასუხობენ, რომ სიდედრმა, სიმამრმა, დედამ, მამამ, ძმამ თუ დამ აჩუქეს და ამავეს აფიქსირებენ ქონებრივ დეკლარაციებში. ეს მარაზმი სადამდე უნდა გაგრძელდეს? ამათ რაც ქონება მოიპარეს, ის რომ ჩამოართვა, მთელ საგარეო ვალებს გაისტუმრებ, რაც ქვეყანას აქვს შევარდნაძისა და „ნაცების“ ხელისუფლებაში ყოფნისას აღებულის ჩათვლით. არადა, ჩამოსართმევია, მაგრამ კანონი არ არსებობს.
– აწყობთ ეს გაუნათლებელი, შემთხვევითი და ხარბი ხალხი აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც და პარლამენტშიც. ვინც უნდა იცოდეს, მათ იციან, ვინ რამდენი მოიპარა ბიუჯეტიდან, ვის რა უკანონო ბიზნესი აქვს, მათი კორუფციული საქმიანობის ყველა დეტალი იციან და ეს ყველაფერი ფაქტებით არის აღნუსხული. შესაბამისად, ეს ხალხი არის ადვილი სამართავი. დასაკარგიც ბევრი აქვთ და ციხეშიც იოლად გასაშვებები არიან, თუ დასჭირდათ. ამ ქონებისა და ფულის ჩუქებებს რაც შეხება, კანონი უნდა იყოს ისეთი, იმ მჩუქებელმა დაადასტუროს, სიძეს 100 000 დოლარი რომ აჩუქა, მართლა ჰქონდა თუ არა ეს შემოსავალი ლეგალურად. სიძეს რომ ამდენი აჩუქა, თავად დარჩა იმდენი, რომ ოჯახი ერჩინა და თავი გაეტანა? მოკლედ, მართლა ჰქონდა, გასაჩუქებლად საქმე? თუ ეს ვერ დაამტკიცეს, მათაც უნდა მოსთხოვო პასუხი და ვისაც ვითომ აჩუქეს, ცხადია, მათაც. ორივე უნდა დააჯარიმო იმდენი თანხით, მეორედ ასეთი ვაჩუქე–ვიჩუქეს სურვილი აღარ გაუჩნდეთ. ვიდრე ამგვარ კანონს არ მიიღებენ, არაფერი ეშველება ამ სიმახინჯეს. ასეთი რამე მსოფლიო ისტორიაში არ არსებობს, რომ დეპუტატმა ან სახელმწიფო მოხელემ დეკლარაციაში ჩაწეროს, სიმამრმა მაჩუქა ფული ან სახლიო. უცხოეთში, შესაძლოა, მემკვიდრეობით მიიღონ ფული ან ქონება. ეს არის ზღვარგადასული თავხედობა და ხალხის ფეხებზე დაკიდება. ეს არის ხალხისგან მოპარული ფული და უნდა მოეკითხოთ ამათ. ხალხი შიმშილობს, ხალხი შიმშილს გაურბის ქვეყნიდან, ბავშვები შიმშილობენ, ხალხი წამალს ვერ ყიდულობს, ექიმთან ვერ მიდის და ამის გამო ბევრი მძიმედ ავადდება და ბევრი კვდება. ამათ კიდევ ამდენი ფული და ქონება აქვთ და არც მალავენ. ვერ გაძღნენ, ვერა, ეს დედამო…ლები!!!
– ლაშა, ნარკომანიის, ნარკობიზნესის წინააღმდეგ იბრძოდი და ამის შესახებ, წლების მანძილზე, არა ერთი ინტერვიუ მიგიცია „ალიასთვის“. თუმცა, ბევრი არაფერი შეცვლილა. ქვეყანაში არც ნარკომომხმარებლების შემცირების შესახებ მსმენია რაიმე და არც ნარკოტიკების ბრუნვის შემცირებაზე.
– სოკოებივით მრავლდებიან ეს „ნარკობარიგები“. რასაც ვუყურებ, ვახტანგ გომელაური აქტიურად ებრძვის ნარკობიზნესს. ამას წინათ 14 კაცი დაიჭირეს, მერე 12 და საკმაოდ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო პოლიციამ ორივე შემთხვევაში. სხვა ამგვარი ფაქტებიც იყო, თუმცა, ეს საკმარისი არ არის. ერთ ფონიჭალას ვერ მოუარეს ამდენი ხანი, ვერ დაკეტეს და ამის გამო მქონდა ომი გიორგი გახარიასთან, როდესაც შს მინისტრი იყო. „ალიას“ მეშვეობით, ვეხვეწებოდი გახარიას და ირაკლი შოთაძეს, დამკითხეთ, მე გეტყვით, სად და რა ოდენობის ნარკოტიკი იყიდება–მეთქი და კაცი არ შემხმიანებია. ფონიჭალის პრობლემა ისევ გადაუჭრელია, მაგრამ იმედი მაქვს, ბოლოს და ბოლოს, ვახტანგ გომელაური მოაგვარებს ამ პრობლემას, თბილისის ყურისძირში გაანადგურებს ამ დიდ, კომუნისტების დროინდელ ნარკობუნაგებს. ერთი პრობლემაც არის და ესეც კომუნისტების დროინდელი. პოლიცია თავად აყიდინებს „ბარიგებს“ საკუთარ წამალს.ზუსტად არ ვიცი, უკვე შემოტანილს ყიდულობენ და აყიდინებენ თუ თავად შემოაქვთ საკუთარი გზებით. მე უფრო მეორე მგონია. ზოგადად, ეს იმხელა ბიზნესია, რომ ყველა ქვეყნის ხელისუფლებაში აღწევს ნარკობიზნესის ფული, ყველგან პოულობენ მფარველებს. მარტო შსს–ს პასუხისმგებლობა არ არის ეს, სუს–ის საქმეც არის ნარკოტიკებთან ბრძოლა. ისედაც შავ დღეში ვართ, კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობა გვაქვს და ნარკოტიკი, პირველ რიგში ანადგურებს ახალგაზრდა თაობას. ყველა ძალოვანი სტრუქტურა უნდა იყოს ჩართული, რომ რაღაც შედეგი დაიდოს.
კომენტარები