„ალია“, ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება სამხედრო პოლიტოლოგი, ვახტანგ მაისაია.
– ბატონო ვახტანგ, სუს–იდან იმდენი საიდუმლო ფაილი გაიტანეს, მათ რაოდენობასაც ვერ ადგენენ ზუსტად. 3 ათასი, 15 000, 30 000 თუ 54 000, ესეც არ იციან. ეს ციფრები კი სახელდება. მათი ნაწილი მედიით უკვე გასაჯაროვდა და დანარჩენების გაშიფვრა მიმდინარეობს, რადგან ფაილები კოდირებულია. თქვენი აზრით, რა მოხდა და რა მასშტაბის კრახი იყო ეს უსაფრთხოების სამსახურისთვის?
– ეს არის საკმაოდ სერიოზული შერყევა ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლებისა. სახელმწიფოებრივ დონეზეა საკმაოდ სერიოზული რყევა. რაც გასაჯაროვდა, მათი დიდი ნაწილი იყო ზესაიდუმლო ტიპის მასალები და ეს ბევრს არ ესმის. რამდენად კანონიერი იყო ეს მოსმენები და თვალთვალი, პოლიტიკური დევნის რა ელემენტებს შეიცავს, ეს სხვა საკითხია. რა მნიშვნელობა აქვს ვინ მისმენს, სააკაშვილის თუ ივანიშვილის რეჟიმი, ერთიც ტირანია და მეორეც. სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით სამ ელემენტს შევეხები. 1. ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ძალოვან სტრუქტურებთან მომუშავე აგენტურის უსაფრთხოების საკითხი, რომელიც მოშლილია. აგენტების ვინაობა როდესაც საჯაროვდება, ეს სისხლის სამართლის დანაშული და დასჯადი ქმედებაა. სახელმწიფოს უნდა ჰყავდეს საგარეო და შიდა აგენტურა და მათი ვინაობის გასაიდუმლოება უნდა უზრუნველყოს ყველა სტრუქტურამ, ვისაც ეს აგენტურა ჰყავს. ეს დაუწერელი და დაწერილი კანონია. სუს–ის შემთხვევაში, მას ჰყავს და უნდა ჰყავდეს კიდეც აგენტურა, რომელიც მას აწვდის ინფორმაციას, ასრულებს მის სხვა დავალებებს და ეს მიმართულია საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად. დავუშვათ, პოლიტიკურ ექსტრემისტებთან ბრძოლა, სახელმწიფოს ძალადობრივი გზით გადამტრიალებლებლის მცდელობის მოსურნეებთან ბრძოლა, კონტრ–ტერორისტული ღონისძიებები, კორუფციასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკებთან და ტრეფიკინგთან ბრძოლა… აქ აგენტურის კი არა, აგენტურული ქსელის ელემენტი აუცილებელია და ანბანური ეშმარიტებაა. როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გაუშიფრავენ აგენტურას და თან მედიაში მოხვდება მათი გვარ–სახელები, ხელახლაა ჩამოსაყალიბებელი უსაფრთხოების სტრუქტურები. რაც 30 წლის განმავლობაში, ავად თუ კარგად, საქართველოში შეიქმნა ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით, ეს ყველაფერი ჩაყრილია წყალში. 2. მოხდა ოპერატიული გზით მოპოვებული ზესაიდუმლო ფაილების გაჟონვა. ასეთი მასშტაბური გაჟოვნა ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ღრმულია იმ სკაში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჰქვია. ეს არის „საიდუმლოების შესახებ“ კანონისა დარღვევა და გამოძიება დაადგენს, იმედია, კიდევ რამდენი კანონი დაირღვა. 3. უსაფრთხოების კორპორატიული ეთიკა მთლიანად მორღვეულია. ეს იმის ბრალია, რომ არაკომპეტენტური კადრებით გაავსეს სუს–ი და უსაფრთხოების სხვა სტრუქტურები. პოლიციელი და ფინანსური პოლიციის თანამშრომელი რომ მიდის და უსაფრთხოების სისტემაში იწყებს მუშაობას, არც სპეციალური განათლება აქვს, არც გამოცდილება, არც საჭირო უნარ–ჩვევები, ეს ამის ბრალია. დღეს საქართველო ძალიან ჰგავს 1917 წლის ცარისტულ რუსეთს, რომლიც თავისი ჟამდარმერიით, პოლიციით და ოხრანკით, უსუსტესი იყო და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ლენინმა თქვა მაშინ, ეს არის ერთი დამპალი ფიცარი, რომელსაც ფეხი რომ ჰკრა, მთლიანად ჩამოინგრევაო და ასე მოხდა რუსეთშიც და ასე მოხდა ჩვენთანაც – მთლიანად ჩამოინგრა უსაფრთხოების სისტემა.
– სხვათაშორის, თქვენ არაერთხელ გითქვამთ „ალიასთან“, რომ თუ სუს–ი არაპროფესიონალი კადრების მიზიდვას არ შეწყვეტდა, ამ სტრუქტურის კრახი გარდაუვაული იქნებოდა.
– კი, ბატონო და სამწუხაროდ, გამართლდა ჩემი პროგნოზი. ნამდვილად არ მსიმოვნებს ასე რომ მოხდა, ვაფრთხილებდი სუს–ის ხელმძღვანელობას, მაგრამ არც მე და არც სხვას, ყური არ უგდეს. აქვე ერთსაც დავამატებდი, სახელმწიფომ ვერ განსაზღვრა უსაფრთხოების სამსახურების სტრატეგული პრიორიტეტები, რა ფუნქცია უნდა ჰქონდეთ სპეცსამსახურებს, ეს ვერ განსაზღვრა.
– ერთს მეც დავამატებ. ჯერ ისედაც მცირე ნდობა ჰქონდათ სუს–საც და უსაფრთხოების სხვა სამსახურებს საზოგადოებისა და ისიც დაკარგეს.
– აბსოლუტურად გეთანხმებით, რაც ჩვენ გაშიფრული ფაილები ვნახეთ, ძნელია, ამ ფაილების შემქმნელ სამსახურს, უსაფრთხოების სამსახური უწოდო. ეს არის პოლიტიკური დევნის სამსახური და საზოგადოებას მის მიმართ, კიდევ უფრო აუცრუვდა გული. ამ კრებსებისა და “ზეტების“ გამომზეურების შემდეგ, ხელისუფლება ერთხანს ჩუმად იყო და შემდეგ, „ქართული ოცნების“ პარტიულმა ლიდერებმა, ღარიბაშვილმა, კობახიძემ, მდინარაძემ განაცხადეს, რატომ არ ერთვის მათ აუდიოჩანაწერი, თუ ამდენ ხალხს უსმენდნენ, ჩანაწერები სად არისო? ამით ვითომ ეჭვქვეშ აყენებენ მათ ავთენტურობას. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის დროს დამიჭირეს ცრუ ბრალდებით და ამნისტიით პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვედი ციხიდან, მაგრამ სამართლებრივ ბრძოლას ვაგრძელებ, რომ ჩემი უდანაშულობა დავამტკიცო, სასამართლომ მომიხსნას მსჯავრი და გამამართლოს. ჩემს საქმეში დევს შეთითხნილი კრებსები და როდესაც სუს–ს მივმართე, სად იყო იმ საუბრების ჩანაწერები, რომლებიც ვითომ ჩემსა სხვა და სხვა პირებს შორის, მათ შორის, უცხოეთის მოქალაქეებს შორის შედგა და რომელთა შინაარსიც კრებსებში არის დაფიქსირებული, მითხრეს, რომ ჩანაწერები არ არსებობს, გამქრალიაო. სუს–ი მეუბნება, მერე რა მოხდა, თუ გამქრალია, „ზეტები“ ხომ არსებობსო? მოკლედ, ერთ და კონკრეტულად ჩემს შემთხვევაში, ფაქტად მტკიცებულებად შეიძლება მიიღო კრებსები აუდიოჩანაწერების გარეშე და თუ ამათ ეხებათ საქმე, მაშინ ახსენდებათ აუდიოჩანაწერების არსებობის აუცილებლობა. რაც მე ვნახე, მოვისმინე, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს კრებსები, მათში მოყვანილი სატელეფონო საუბრების შინაარსი ნამდვილია და უმრავლეს შემთხვევაში, ორივე მოსაუბრე მხარე ადასტურებს, რომ ამგვარი შინაარსის სატელეფონო საუბარი მათ შორის შედგა. ეს უკვე მტკიცებულებაა. ზოგი არ ადასტურებს საუბრების შინაარს, რადგან ან ხელისუფლებას არ უნდათ დაუპირისპირდნენ. ზოგს კი უსმენდნენ წლების მანძილზე და ეს გადაყლაპეს, შეირგეს რაღაც მიზეზის გამო, ანდა ამ საუბრების გასაჯაროების შემდეგ, არც თუ დადებითად წარმოჩინდნენ საზოგადოების თუ მისი ერთი ნაწილი თვალში და ამიტომ უარყოფენ ამ საუბრების შინაარსს.
– სუს–ში ვის ჰქონდა ამ ფაილებზე წვდომა, ვისი მოვალეობა იყო მათი დაცვა და ვინ შეიძლება დამნაშვეებად მივიჩნიოთ იმაში, რომ ამდენმა ინფორმაციამ გამოჟონა? (ცხადია, ზოგადად, თანამდებობის პირებს ვგულისხმობ და არ კონკრეტულ პერსონებს, რომელთა ვინაობა არც კი ვიცით)
– ასეთი ტიპის ინფორმაციებზე წვდომა, მიეკუთვნება იმ ჯგუფს, რომელთაც კანონით „კონტრდაზვერვის საქმიანობის შესახებ“ და „ოპერატიული საგამოძიებო საქმის შესახებ“ კანონით არის განსაზღვრული. ასევე, კანონი „საიდუმლოების შესახებ“. დანართში არის იმ თანამდებობის პირთა ნუსხვა, ვისაც წვდომა აქვს ამ საუდუმოებებზე. თანამდებობის პირები, პიროვნებები იცვლებიან, მაგრამ ის წრე, ვისაც წვდომა აქვს, არ იცვლება. უსაფრთხოების სამსახურში მასალები 4 კატეგორიად იყოფა. საიდუმლო, სრულიად საიდუმლო, ზესაიდულმო და განსაკუთრებით საიდუმლო. საუდუმლო მასალებზე წვდომა რიგით აგენტებსაც აქვთ, სამსახურებრივი მოხმარებისაა. რა ინფორმაციამაც გამოჟონა, სავარაუდოდ, ისინი უნდა ეკუთვნოდეს მეორე კატეგორიას – სრულიად საუდუმლო მასალებს. ლოგიკურად, მათზე წვდომა უნდა ჰქონდეთ სუს–ის უფროსს და მათ მოადგილეებს, ოპერატიულ–ტექნიკური დეპარტამენტის უფროსს და მის მოადგილეს. ეს ჩემი ვარაუდია და არა მტკიცებულება. შესაბამისად, უნდა ჩატარდეს გამოიძიება და პასუხი მოეთხოვოთ იმ პირებს, ვინც ამ მასალების დაცვაზე იყო პასუხისმგებელი. კარგი იქნება, თუ სახალხო დამცველის აპარატთან ჩამოყალიბდება საგამოძიებო კომისია და დაადგენს ყველაფერს, რადგან მოხდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. ნინო ლომჯარია ნამდვილად შესძლებს, ამ საქმეს გაართვას თავი და კომისიის სხვა წევრებთან ერთად, დადოს ობიექტური საგამოძიებო დასკვნა. ანალოგიური გამოცდილება გვაქვს. „ლაფანყირის სპეცოპერაციის“ შემდეგ, იმჟამინდელი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის თაოსნობით, სახალხო დამცველის აპარატთან შეიქნმა საგამოძიებო კომისია და ძალიან ეფექტურადაც იმუშავა მან. ცხადია, იმდენად სკანდალურია ეს საქმე, უნდა შეიქმნას საპარლამენტო კომისიაც და მანაც უნდა გამოიძიოს ეს საქმე. პროკურატურის მიმართ ბევრი კითხვებია და არა მგონია, მან ობიექტურად გამოიძიოს. თუმცა, გამოძიება უკვე დაწყებული აქვს. პროკურატურა, თავის მხრივ, დამოუკიდებელ საგამოძიებო კომისიას, სადაც პროკურატურის თანამშრომელთა გარდა, სხვა ტიპის მკლევარები და სპეციალისტები შევიდოდნენ, ეს უკვე სხვა საქმე იქნებოდა. ამ კომისიას, პროკურატურისგან განსხვავებით, საზოგადოების ნდობა ექნებოდა. ეს კომბინაციური ვარიანტებია გასაკეთებელი. სხვა შემთხვევაში, პროკურატურის გამოძიებას აზრი არ აქვს.
– ამგვარი რამ რომ მომხდარიყო სხვა, ნორმალურ ქვეყანაში, რა მოჰყვებოდა? რომელი თანამდებობის პირები დატოვებდნენ ფაილების გასაჯაროებისთანავე პოსტებს?
– სახელმწიფო უსაფრთხოება დგას ოთხ ფეხზე და გავხდით მთელი მსოფლიოს დასაცინები. მეტი რაღა უნდა დაგვემართოს? ყველაზე ცუდი ის არის, რომ გაიშიფრა სუს–ის საიდუმლო ოპერატიულ–ტექნიკური სამსახურის უფროსი, სუს–ის ერთ–ერთი მოადგილე, რომელთა ვინაობა დღემდე არავინ იცოდა. უსაფრთხოების სისტემაში არის თანამდებობები, რომლებიც ისეთ ხალხს უკავია, რომ მათი ვინაობა საუდუმლოდ უნდა დარჩეს. ესეც დიდი ზარალია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ისინი უამრავ ინფორმაციას ფლობენ და უკვე გახდნენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სამიზნეები. ამ ხალხს, მათ ოჯახებს, შესაძლოა, ნორმალური ცხოვრება აღარც ჰქონდეთ. რა გითხრათ, ობიექტურმა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ ვინ არის დამნაშვე გაჟონვაში, ვინ უნდა დატოვოს თანამდებობა და ვინ უნდა დაისაჯოს. თუმცა, სუს–ის შეფი გრიგოლ ლილუაშვილი და მისი ის მოადგილე, ვინც საიდუმლო ინფორმაციების დაცვაზე იყო პასუხისმგებელი, წესით, უკვე რამდენიმე დღის წასულები უნდა იყვნენ თანამდებობიდან. ასევე, იმ დეპარტამენტის უფროსი, სადაც ეს ფაილები ინახებოდა. აქამდე პოსტი უნდა დაეტოვებინა ოპერატიულ–ტექნიკური დეპარტამენტის უფროსს, რომლის სამსახურიც სრულიად უკანონოდ უსმენდა და უთვალთვალებდა მოქალაქეებს, სასულიერო პირებს, დიპლომატებს, პოლიტიკისებსა და ჟურნალისტებს.
კომენტარები