პოლიტოლიგი, ლევან ლორთქიფანიძე:
“უფასო რჩევები საქართველოს ოპოზიციას:
1. შეწყვიტეთ ნებისმიერი პრობლემის მასობრივ დემონსტრაციათა ორგანიზებისთვის გამოყენება, ისეთი მიტინგების გამართვა, რომელთა მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომაა.
არმაგედონის პოლიტიკის არც თავი გაქვთ და უწყვეტ შფოთს შედეგიც ვერ მოაქვს. თქვენი ელექტორატი დაიღალა მუდმივი იმედგაცრუებით, არ შეიძლება ყოველ ორ თვეში ერთხელ ხალხს მოუხმობდე “გადამწყვეტ ბრძოლაში” მონაწილეობისთვის! გადამწყვეტი ბრძოლა არის იშვიათი მოვლენა, მას წინ ჩვეულებრივი ბრძოლები უნდა უძღოდეს.
2. წინასწარ დაჯგუფდით ოთხ-ხუთ ძირითად ბლოკად, ბანაკად. პირობითად შეიძლება შეიქმნას:
ა) ენმ-ს ბანაკი;
ბ) ALDE-ს წევრი პარტიების ბანაკი (ლელო, შმელო, ჭიჭე, მიჭე და ა.შ.)
გ) რუსეთთან მიმართებით ლოიალურად განწყობილი ძალების ბანაკი;
დ) მემარცხენე ფრონტი <3 (ანტისისტემური, ყველას წინააღმდეგ!)
და ა.შ.
3. დღესვე დაიწყეთ მზადება 2024 წლის არჩევნებისათვის, რისთვისაც საჭიროა:
ა) რეგიონალური სტრუქტურების მშენებლობა, ადგილობრივ საკრებულოებში საქმიანი, თემატური აქტიურობა (აი, ანა გოგოლაძე რომ მუშაობს თბილისის საკრებულოში დაახლოებით ისე). თითო რაიონში თითო კარგად გამართული, მობილიზებული, მოტივირებული უჯრედის ჩამოყალიბება.
ბ) პროგრამული პრიორიტეტების ჩამოყალიბება და მათი განხორციელებისთვის მუშაობა.
ხომ შეიძლება საპარლამენტო პარტიამ წარმოადგინოს ხუთი, მაქსიმუმ ათი კანონპროექტი, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ადამიანების ყოფის გაუმჯობესებას, და 2024 წლამდე მათ დასამტკიცებლად მასობრივი კამპანიები გაშალოს მთელი ქვეყნის მასშტაბით. კამპანიების საფუძველზე მოიზიდოს მხარდამჭერები, პოტენციური პარტნიორები. ხომ შეუძლიათ რაც შეიძლება მეტ ადამიანს აუხსნან რომელი 10 მკაფიოდ ფორმულირებული იდეის განსახორციელებლად სურთ ხელისუფლებაში მოსვლა.
გ) კომპრომისის მიღწევა ხელისუფლებასთან საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებით, რათა შედარებით ხელსაყრელი და თანასწორი პირობები შეიქმნას.
ნორმალური საარჩევნო გარემო ქვეყანაში კიდევ 20 წელი არ გვექნება, ხარვეზები ყველა კენჭისყრაზე იქნება, საარჩევნო პროცესებზე ფულის, ადმინისტრაციული რესურსების, ძალოვანი უწყებების გავლენათა სრულად აღმოფხვრას კიდევ დიდ ხანს ვერ შევძლებთ. ეს არის ფაქტი! ვერ გავექცევით! ჯანსაღ საარჩევნო გარემოს სჭირდება ეკონომიკური კეთილდღეობა.
ასეთ შემთხვევაში გამოსავალი ხელისუფლების გადატრიალება, სახელმწიფოს ზანზარი და ისტერიკა არ არის. გამოსავალი არის შედარებით ხელსაყრელი და თანასწორი პირობების მოპოვება, მეტი რეგულაციებისა და კანონების მიღება.
იმდენად უნდა გაძლიერდე, რომ არათანაბარი სასტარტო პირობების მიუხედავად მაინც გაიმარჯვო. საქართველოს ისტორიაში შეგვიძლია გავიხსენოთ არაერთი ეპიზოდი, როდესაც უსამართლო საარჩევნო გარემომ ოპოზიციის გამარჯვება ვერ შეაფერხა. 1991 წელს “მრგვალმა მაგიდამ” კომუნისტებს აჯობა, 2003 წლის 2 ნოემბერს ოპოზიციამ ხმების 60% მოაგროვა, შევარდნაძემ და ასლანმა კი ერთად მხოლოდ 40% იგდეს ხელთ, 2012 წელს ივანიშვილმა აიძულა სააკაშვილი ხელისუფლებიდან წასულიყო.
4. ოპოზიციური მედია უნდა გახდეს აკადემიური, საქმეზე ორიენტირებული, ხელისუფლების კრიტიკა უნდა იყოს მშვიდი, კვალიფიციური, ზუსტი. სიყვითლე და “ფეიკები” უნდა შემცირდეს მინიმუმამდე. დედის უკანალის გინება, ფურთხება, ლანძღვა, ბარდაგი უნდა შეწყდეს. დეპოლარიზაცია…
5. დინოზავრები უნდა გადაშენდნენ და გზა უნდა გაეხსნათ ახალი საფეხურის პოლიტიკოსებს. არ არის აუცილებელი, რომ ისინი ახალგზრდები იყვნენ, აუცილებელია, რომ სხვანაირი კულტურა და განათლება ჰქონდეთ.
ამგვარად “ქართული ოცნების” ხელისუფლების შეცვლის შანსი გაგიჩნდებათ, მიუხედავად უსამართლო საარჩევნო სისტემისა!!! წინააღმდეგ შემთხვევაში, “ქართუ ბანკის” პლასტიკური ბარათების დამზადების განყოფილების თანამშრომელთა პარტია მომავალ არჩევნებზე კვლავ გაიმარჯვებს.
თუმცა, გაქვთ მეორე გზაც – არეულობა ნებისმიერ ფასად! არეულობა ნებისმიერ საფუძველზე!
უბრალოდ, არეულობის ფასი მხოლოდ ხელისუფლების ცვლილება არ იქნება. მრავალწლიანი არეულობის ფასი ქვეყნის საბოლოოდ ჩამოშლაც შეიძლება გახდეს.”
კომენტარები