სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, „სახალხო პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერი, სოსო გოგაშვილი:
– მიშას ჩამოსვლაზე საუბარი ისევ გააქტიურა, ამბობენ, რომ ამჯერად მისი ჩამოსვლის შანსები დიდია – რას ფიქრობთ ამაზე?
– არ მინდა წინასწარ ჰიპოთეზურ ვარაუდებში შევიდე, მაგრამ ვიტყვი, რომ ყველაზე მაგარი აგიტატორი და პროპაგანდისტი „ქართულ ოცნებას“ მიშა ჰყავს. ეგ კაცი რომ დადუმდეს სამი თვე, აქაური სიტუაცია შეიცვლება. ნაცმოძრაობას თუ უნდა, მეტ პროცენტს მიაღწიოს, სააკაშვილი უნდა გააჩუმოს, თუმცა, ვერ გააჩუმებენ, გამორიცხულია.
– ივანიშვილმა მართლა მიატოვა პოლიტიკა?
– არ მგონია. მე ვისურვებდი, ის იყოს რეალურ პოლიტიკაში რეალურად, გადაწყვეტილებებზე ჰქონდეს პასუხისმგებლობა. ადამიანი თუ არის პოლიტიკაში, რეალურად უნდა იყოს ჩართული და უნდა იყოს პასუხისმგებელი ყველა მის მოქმედებაზე. დღეს ის არაფერზე არ არის პასუხისმგებელი, მაგრამ ბუნებრივია კავშირები შენარჩუნებული აქვს და კომუნიკაციაც არის, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.
– ვიცი, რომ „სახალხო პარტიას“ პროექტები აქვს უკვე გამზადებული საპარლამენტო არჩევნებისთვის – რას პირდება თქვენი პარტია ხალხს?
– თვითმმართველობის პროექტებიც გვაქვს, ბუნებრივია, საქართველოში რეალური თვითმმართველობა არ არსებობს. უფრო მეტად ძალოვანებზეა დამოკიდებული, მე სისტემაში ვმუშაობდი და კარგად ვიცი, როგორ ხდება კანდიდატების შერჩევა.
– როგორ ხდებოდა და როგორ ხდება?
– უწყებიდან მიდის რეკომენდაციები. დღეს უკვე აზარტში შევიდნენ და მთლიანად თავად დააკომპლექტეს. ამიტომ, პოლიტიკიდან უნდა გავიდეს სუს-ი, ის უნდა იყოს სახელმწიფო საფრთხეების არიდებაზე ორიენტირებული და არ უნდა იყოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, ეს თავად ამ უწყებას აზიანებს. რაც შეეხება კითხვას, რას ვთავაზობთ მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნებში – მე სამი წელი ვმუშაობდი საქართველოში არსებული პრობლემების ანალიზზე, ვეცნობოდი სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას, ბოლო პერიოდში ყველასთვის ცნობილ მიხეილ ჯიბუტთან გავიარე კონსულტაციები და საბოლოო მონახაზი გაკეთდა პარტიის პოლიტსაბჭოს ფორმატში. შევაფასეთ საქართველოს არსებული რესურსი, ბიუჯეტი მაქვს მხედველობაში. ძალიან დიდი რესურსია ქვეყანაში სინამდვილეში, რომლითაც შეგვიძლია ბიუჯეტი გავაორმაგოთ – წლევანდელი ბიუჯეტი 16 მილიარდია, აქედან 5 მილიარდი ვალია, ანუ, 5 მილიარდი ვალად ავიღეთ, რომ დაგვეხარჯა 16 მილიარდი, სინამდვილეში, ქვეყნის ბიუჯეტი 11 მილიარდი გამოდის, ჩვენ შეგვიძლია გავაორმაგოთ ბიუჯეტი. მაგალითად – სათამაშო ბიზნესი, 1 პროცენტით იბეგრება, მისი ბრუნვა იყო 25 მილიარდამდე, ახლა კიდევ გაიზრდებოდა, და დაახლოებით, 200-250 მილიონი შედის მხოლოდ ბიუჯეტში. ეს კატასტროფულად დაბალი მაჩვენებელია, მთელ მსოფლიოში მისი გადასახადები რომ იწყება 16-17 პროცენტიდან, ადის 60 პროცენტამდე. ეს პრივილეგირებული ბიზნესია, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანების ინტერესებშია გადაკვეთილი, ხელს უწყობენ და უნარჩუნებენ დაბალ გადასახადს. ჩვენი მიზანია, მათ დავუწესოთ სტანდარტული, ევროპული გადასახადი, რომელიც ბიუჯეტს შეავსებს ძალიან დიდი რესურსით.
ასევეა კრიპტოვალუტა – მე თვითონაც მქონდა მაინერები და ვიცი, საკმაოდ კარგ შემოსავალს უზრუნველჰყოფს, მაგრამ საერთოდ არც ერთი თეთრი არ გადამიხდია, გარდა ელექტროენერგიისა, იმიტომ, რომ არ იბეგრება საერთოდ – ისიც უნდა დაიბეგროს! გარდა ამისა, ქვეყანაში არსებობს დიდი მოცულობის კორუფციული გარიგებები, იქნება სამშენებლო ბიზნესი, თუ სხვა. გაბერილია საჯარო სამსახურებში ხარჯები, არსებობს დიდი მოცულობით კონტრაბანდა, რომელიც უნდა გათეთრდეს და დაიბეგროს. რეფორმატორული პროექტები გვაქვს უწყებებისთვის, თითოეულ უწყებას სერვისების დონეს გავუზრდით და შემოსავალი გაეზრდებათ, ამის ხარჯზე ხელფასებიც გაიზრდება.
ზუსტად გვაქვს დათვლილი, რომ შესაძლებელია პენსიების გაორმაგება! ჩვენ პროგრამაში გვიდევს გაორმაგებული პენსია, რადგან სავსებით რეალურია ამის გაკეთება, იმ რეფორმებით, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. ვეტერანებს ყოველ თვე უხდიან 22 ლარს, ამ თანხის გადახდას, სჯობია, არ იყოს საერთოდ – შეგვიძლია მათ 500 ლარამდე გავუზარდოთ დახმარება, ეგაც დათვლილი გვაქვს, მასწავლებლების ყოველთვიური ხელფასი, შესაძლებელია გაიზარდოს 500 ლარით, პროექტში გაწერილია ჯარის, უშიშროების, თავდაცვის სამინისტროს, პოლიციის თანამშრომლების ხელფასების გაზრდა.
კიდევ ერთი რეფორმის პროექტი, რომელიც „სახალხო პარტიას“ ჯერ კიდევ 98-99 წლის პარლამენტში ჰქონდა – უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო დეპარტამენტი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ პარლამენტთან -ახლა ყველა უწყებას თავისი გამომძიებელები ჰყავს და ეს არაეფექტურია, დღეს პროკურატურა პირდაპირ ერევა ნებისმიერ დეტალებში, პროკურატურა ბრალმდებელი იყოს, რაც არის მისი ფუნქცია ზოგადად და მიღებულია მსოფლიოში, საგამოძიებო დეპარტამენტმა კი მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე გამოიძიოს საქმე. სუს-ს უნდა გამოეყოს საგამოძიებო სამსახურიც და ანტიკორუფციული სამსახურიც. ანტიკორუფციული სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უნდა გაერთიანდეს, ჩვენი პროექტით და შეიქმნას ანტიკორუფციული და ფინანსური დანაშაულის ბიურო, რომელიც ანალოგიურად პარლამენტზე იქნება დაქვემდებარებული და უკვე სუს-ის უფროსი აღარ იქნება ყველაზე ძლიერი ფიგურა, ის იქნება პასუხისმგებელი ანტიკორფციულ, თუ საგამოძიებო სამსახურებთან. ამ რეფორმის გატარება იმიტომაცაა აუცილებელი, რომ ჩემი ინფორმაციით, ძალიან დიდი კორუფციული ნაკადები სწორედ ამ სამსახურს უკავშირდება – ეს უნდა მოისპოს და საგამოძიებო, თუ ანტიკორუფციულ სამსახურებს უნდა ჰქონდეთ საშუალება ნებისმიერ ადამიანზე დაიწყონ გამოძიება, ის იქნება სუს-ის უფროსი, შს მინისტრი, თუ ნებისმიერი უწყების მინისტრი. აქვე ვისაუბრებ ეკლესიის და სახელმწიფოს ურთიერთობაზე – ეკლესიას არ უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს საქმეებში ჩარევის უფლება და პირიქით, სახელმწიფოს არ ჰქონდეს ეკლესიის საქმეებში ჩარევის უფლება. ჩვენ ვერ გავექცევით პირად ურთიერთობებს, მაგრამ ინსტიტუციონალურად არ უნდა მოხდეს აღრევა, ბუნებრივია, სახელმწიფოებრივ საქმეებზე ექნებათ ურთიერთობა და მსჯელობა, „სახალხო პარტია“ თვლის, რომ ეკლესიასთან უნდა იყოს პარტნიორულ დამოკიდებულება და არა იმპერატიული…
– დღეს ხედავთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან იმპერატიული დამოკიდებულებაა ეკლესიის მიმართ?
– მცდელობებია ამის და რაღაც კატეგორიის დამოკიდებულებებიც არის, ამას ვხედავთ და ეს მიუღებელია. კიდევ ერთი საკითხი უნდა გამოვყო, რეალურად უნდა ამუშავდეს თავისუფლების ქარტია და შემოვიდეს ლუსტრაციის კანონი და აი, ამ რთული პერიოდის გადავლის შემდეგ, აუცილებელია ყველას დაერქვას თავისი სახელი.
– არ გეშინიათ, რომ ლუსტრაციის კანონის შემოღების შემდეგ, პოლიტიკურ ველზე პოლიტიკოსები აღარ დაგვრჩება?
-არა, ასე არ იქნება. შემცირდება საკმაოდ, მაგრამ ხარისხიანი დარჩება. ამდენი უხარისხო ნაგავი პოლიტიკაში არის დამანგრეველი. ამ ქვეყანამ ეს უნდა გაიაროს. ეს დარეგულირებადია დიდი აჟიოტაჟის, ხმაურის გარეშე.
ინტერვიუ მოამზადა თამო კეშელავამ
კომენტარები