უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში “კონტრდაზვერვითი ღონისძიებები” ჩაატარა.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოქმედებებში მონაწილეობდნენ ეროვნული გვარდიისა და ეროვნული პოლიციის თანამშრომლებიც, “უკრაინაში რუსული სპეცსამსახურების დივერსიული საქმიანობის წინააღმდეგ СБУ-ს სისტემატური მუშაობის ფარგლებში.”
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, ტერორისტული აქტების აღსაკვეთად, კონტრდაზვერვის ღონისძიებების 3 მიზანს ასახელებს:
- “ლავრის “რუსული სამყაროს” ცენტრად გამოყენების აღკვეთა.
- გადამოწმდეს მონაცემები, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შენობებს იყენებენ დივერსიული-სადაზვერვო ჯგუფები, უცხოეთის მოქალაქეები, [იყენებენ] იარაღის შესანახად და ა.შ.
- მოსახლეობის პროვოკაციებისგან და ტერორისტული აქტებისგან უსაფრთხოების უზრუნველყოფა.”
განცხადებაში ნათქვამია, რომ СБУ-მ ჩაატარა ლავრის ტერიტორიის შემოწმება, რათა აღმოეჩინათ, ინახავდნენ თუ არა აკრძალულ ნივთებს; შეემოწმებინათ ლავრის ტერიტორიაზე მყოფი პირები, მონაწილეობდნენ თუ არა უკრაინის სუვერენიტეტისთვის საზიანო საქმიანობაში.
აქამდე, 13 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევ-პეჩორის ლავრაში რუსეთისთვის ლოცულობდნენ. ამის შემდეგ, СБУ-მ ლავრაში რუსული პროპაგანდის გავრცელების საქმეზე 15 ნოემბერს გამოძიება დაიწყო.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა იგივე ღონისძიებები ჩაატარა როვნოს ოლქში მდებარე რამდენიმე მონასტერშიც.
კომენტარები