მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:
,,უახლოეს ხანს, საქართველოს ელოდებოდა ძალიან დიდი განსაცდელი, თუ ხელი სასწრაფოდ არ გავანძრიეთ. ყველაფერი რაც ახლა ხდება საქართველოში, არის ივანიშვილის მიერ რუსეთისადმი მიცემული დაპირების ზედმიწევნით განხორციელება. თუ 2012 წელს, რუსეთისთვის მთავარი ჩემი დამარცხება იყო, 2022-ში მათ გადაწყვიტეს საქართველოს სრული დამორჩილება. ამიტომაც დაიწყეს „დენაციფიკაცია“ ივანიშვილის ხელით, რაც ნიშნავს ნაცმოძრაობის გაქრობას, ისტორიული მეხსიერების რუსული სცენარით დალაგებას.
რეჟიმი მუდმივად განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ერეკლე II-ზე და თითქმის არ ახსენებს დავით აღმაშენებელს და სხვა დიდ მეფეებს. ერეკლე ნამდვილად იყო ბრწყინვალე მეომარი და ხალხის საყვარელი მონარქი, მაგრამ მის სახელს უკავშირდება სწორედ გეორგიევსკის ტრაქტატი, რასაც მოჰყვა ქართული სახელმწიფოს ანექსია და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება. ერეკლე II-ის გახშირებული ხსენება რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით არანაირად არაა შემთხვევითი. სწორედ ერეკლეს ხელმოწერილ ტრაქტატს განიხილავს რუსეთი საქართველოს ფლობის ლეგიტიმურ საფუძვლად.
ამავე კუთხით უნდა განვიხილოთ ჩემი მთავრობის პარალელურად, ჟორდანიას მთავრობის გაშავება, რითაც აქტიურად დაკავდა ახლახან „ოცნება“. აბა თვითონ დაფიქრდით, შეკვეთა მოსკოვიდან რომ არ მოდიოდეს, ჟორდანიას მთავრობა ქოცს თავისით რატომ გაახსენდებოდა? იმავე შეკვეთით განახორციელეს ქართული განათლების სისტემის ევროპული განათლებისგან ჩახსნა.
ასევე დაპატიმრებებშიც აშკარად იგრძნობა რუსეთის ხელწერა, ასეთია გვარამიას დაჭერა, (ჩემი აზრით ანტირუსული გადაცემების გამო) გივი თარგამაძის დაჭერა (გივი პუტინს დიდი ხანია ჰყავდა გაჩხერილი ყელში. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, მთელი ეს დრო აწვალებენ რუსების დავალებით, ანაკლიაში ამერიკელების შემოყვანის გამო. ელენე ხოშტარიას დაჭერა (შურისძიება გავრილოვის ღამისთვის, ისევე როგორც მელიას შემთხვევაში) და რა თქმა უნდა ჩემი ტყვეობა (საქართველოსთვის, უკრაინისთვის, მათ შორის ოდესისთვის).
რუსები განსაკუთრებით სასტიკად მათ ექცევიან, ვისაც მოღალატეებად თვლიან. 2008 წლის ომის წინ მათ ოქრუაშვილი ჩაყვანილი ჰყავდათ მოსკოვში, რამდენიმე თვე აცხოვრებდნენ აგარაკზე მოსკოვთან და ამზადებდნენ ქართველებისგან დაკომპლექტებული სამხედრო ნაწილის მეთაურობისთვის, რომელსაც მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს სრულ სამხედრო ოკუპაციაში.
დარწმუნებული ვარ, რუსეთის დავალებით მისცა ოქრუაშვილმა ჩემს წინააღმდეგ ჩვენებები. ხოდა ეს ოქრუაშვილი ადგა და 2022-ში ჩავიდა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ „საბრძოლველად“. აი სწორედ ამ ბოლო ეპიზოდისთვის თვლის მას მოსკოვი მოღალატედ და ივანიშვილის ხელით სამაგალითოდ სჯის.
სწორედ დენაციფიკაციის ნაწილი იყო „წულუკიანის კომისია“, რომელიც ივანიშვილმა რუსეთს მიასაღა, როგორც „ნაცმოძრაობის ნიურნბერგი“ და რა თქმა უნდა რუსების პირდაპირი მოთხოვნა იყო ევროკავშირზე უარის თქმა და ჯარის განადგურება.
მთლიანობაში ივანიშვილის რეჟიმი ერთი ერთზე იმეორებს „ვიშის“ რეჟიმს საფრანგეთში, მეორე მსოფლიო ომის დროს, ოღონდ რუსეთ-უკრაინის ომის დამამთავრებელ ეტაპზე (რუსეთს ძალიან ცუდად წაუვა საქმე) მოსალოდნელია ივანიშვილის გვერდზე გაწევა, ისევე როგორც გერმანელებმა გაწიეს გვერდზე პეტენი, მუსოლინი და ჰორტი (უნგრეთში), კვისლინგი ნორვეგიაში და დიდი უბედურება დაატრიალეს და პირდაპირ დაიწყეს ტერიტორიის კონტროლი.
რა იყო ვიშის რეჟიმის შინაარსი, მარშალმა პეტენმა, ჰიტლერს გარანტია მისცა, რომ ანტი-ჰიტლერულ კოალიციას არ მიემხრობოდა, ქვეყნის შიგნით, გერმანიისთვის არასასურველ ელემენტებს გაანადგურებდა და სამაგიეროდ, სხვა საქმეებში ავტონომია ექნებოდა. პეტენმა ეს ფრანგებს მშვიდობად მიასაღა და თავიდან ძალიან პოპულარული იყო. არ უშველა, პეტენი ჯერ პარიზიდან გაასახლეს და ბოლოსკენ საერთოდ ჩამოართვეს ხელისუფლება.
ახლა ვიმყოფებით ვაჭრობის სტადიაზე, რუსეთი ივანიშვილს ემუქრება ცხინვალის ანექსიით, ხოლო ივანიშვილი ეუბნება, ჩემს ჩანაცვლებას თუ შეეცდებით სხვით, მე წავალ დასავლეთთან დაახლოებაზე. თუ ივანიშვილი ბოლომდე დაჰყვა შანტაჟს, ეს მხოლოდ დააჩქარებს საქართველოს სრულად ანექსიის პროცესს.
საქართველოს ფიზიკურად დაუფლება კი ელემენტარულია. ივანიშვილმა მთლიანად მიაბა ეკონომიკა და ტურიზმი რუსეთს. საკმარისია რუსეთმა ემბარგო დაგვიწესოს, ტურისტული ბოიკოტი გამოგვიცხადოს, ერთი რაკეტა ესროლოს ლუგარის ლაბორატორიას, ორი მანქანით ცხინვალიდან გადაკეტოს მთავარი მაგისტრალი, რომ ივანიშვილი თვითონაც წავა და რუსეთი სრულ ფიზიკურ ოკუპაციას მოახდენს. ერის საუკეთესო ნაწილს გაანადგურებს, ისე რომ გაქცევასაც ვერ მოასწრებს ვერავინ და სისხლის გუბეებს დააყენებს. ეს არის დაუყოვნებლივი და რეალური საფრთხე.
საქართველოს არ შეუძლია სამხედრო წინააღმდეგობა. ივანიშვილმა შეამცირა ჯარი, 5 ბრიგადიდან 4-მდე და ეს ოთხი ბრიგადა ნახევრად დაუკომპლექტებელია. ჯარს ჩააგონეს და სულ უმეორებენ, რომ წინააღმდეგობის გაწევა არაა მიზანშეწონილი, ხოლო ჩემს დროს შექმნილი დრონების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გაიქცა და საპროტესტო აქციებზე დადის, ხოლო დეპარტამენტი პრაქტიკულად გაუქმებულია.
ეს იქნება ხანმოკლე, ვინაიდან უკრაინა მალევე გაიმარჯვებს, მაგრამ ძალიან სისხლიანი პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის. სამწუხაროდ ყველაფერი ჯერჯერობით აქეთ მიდის და ერთადერთი რითაც შეიძლება ეს ძალიან ნეგატიური სცენარი ავიცილოთ, არის ის რომ ჩვენ დავასწროთ რუსებს ივანიშვილის მოშორებაში და გადავიჭიროთ ინიციატივა. თუ არადა და რუსეთი უბრალოდ გადაგვივლის და ბოლომდე მიწასთან გაგვასწორებს.“














კომენტარები