აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია ambebi.ge-თან ამბობს:
რაც შეეხება მკურნალობას, რიმდესივირზე იცით უკვე, გამოქვეყნდა დასკვნა, რომ რიგ შემთხვევებში თუ დასაწყისში მიიღო პაციენტმა შველის, თუმცა ესეც ძვირადღირებული პრეპარატია. რაც შეეხება სხვა მედიკამენტებს, დეფიციტურია მთელი მსოფლიოსთვის და ძალიან ძვირი.
ახლაც ვიყენებთ ციტოკინური შტორმის წინააღმდეგ გარკვეულ მედიკამენტებს, რომელთა ერთი სრულყოფილი გადასხმა (ადამიანის წონის გათვალისწინებით) 7 ათას ლარამდე ჯდება. ქვეყანამ დონაციით შემოიტანა ტაბლეტური, შედარებით ცოტა სუსტი სხვა მედიკამენტი, რომელსაც ასევე სტაციონარულად ვიყენებთ და კურსი 7 ათას დოლარამდე უჯდება ქვეყანას.
აქვე გეტყვით, რომ გარდა სიძვირისა, ეს პრეპარატები მაინც დეფიციტურია, წარმოება ვერ ეწევა მოთხოვნას.
მონოკლონური ანტისხეულების შემცველი მედიკამენტები, რომელთა მიღება ამბულატორიულად შეიძლება და ერთ კურსს უცხოელი ფარმკომპანიები 5-6 ათას დოლარად ყიდიან. ერთია ღირებულება და თან წარმოება არ არის იმდენი, რომ ქვეყნებს ეყოს, დეფიციტურად რჩება.
წლის ბოლოსთვის კი ანტივირუსული მედიკამენტიც უნდა იყოს, რომლის ფასიც რიგითი მოქალაქისთვის მიუწვდომელი იქნება. იმიტომ, რომ ბევრად უფრო იაფად და ურისკოდ შეიძლებოდა დაავადების თავიდან აცილება და ეს არის აცრა. როდესაც შეგიძლია უფასოდ გადარჩე და არ იკეთებ აცრას, წარმოუდგენელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ მინახავს არცერთი აუცრელი მძიმე ავადმყოფი, რომელიც მედიკამენტების ანოტაციას კითხულობდა, ახლა რომ ვაქცინების მოლეკულურ დონეზე ანალიზს ითხოვენ. ეს მედიკამენტები არაა ახალი შექმნილი, ასე რომ ენდობიან? – თუ ჰგონია ამ ხალხს, რომ მედიკამენტის შექმნა უფრო ადვილია, ვიდრე ვაქცინის?!
აუცილებლად დასრულდება, გინახავთ პანდემია, რომელიც არ დასრულებულა? უბრალოდ გააჩნია როდის მოხდება ეს ჩვენ ქვეყანაში და ჩამოვრჩებით თუ არა სხვა ქვეყნებს ძალიან, რადგან საქართველოში დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი.
როგორ შეიძლება ეს პანდემია შევაჩეროთ? – ეს არ არის მხოლოდ ექიმების პრობლემა, ეს არის საერთო, საზოგადო. ყველა ჩართულია ამ საქმეში, ეკონომიკა, ბიზნესი და მედიცინაც.
სულ ერთი და იგივეს ვამბობ, არსებობს სიცოცხლის გადარჩენის მარტივი ფორმა. პირველი, უნდა გაიკეთო პირბადე და მეორე შენივე სხეული მზად გქონდეს იმისთვის, რომ დავირუსების შემთხვევაში, დაახვედრო მტერს პატარა მებრძოლები, ანტისხეულების სახით, რაც მიიღწევა აცრის საშუალებით. დანარჩენი ყველა ის რეგულაციები და უმარტივესი წესები უნდა დაიცვან, რასაც ცხოვრებაში ხშირად უგულებელვყოფთ. ვფიქრობთ, – მე არაფერი დამემართებაო, არადა, ამ დროს ორგანიზმი პატარა შეცდომასაც კი არ გაპატიებთ.
წყარო – ამბები
კომენტარები