ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.
– ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკაში იყო ვიზიტით და გაერო-ში გამოსვლისას აშკარად შერბილებული რიტორიკა ჰქონდა, ამერიკა და დასავლეთი არ გალანძღა. რამდენიმე დღის წინ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბონი ჯენკინსი ჩამოდის თბილისში, პარალელურად კი, ხელისუფლება აძლიერებს ამერიკის მაგინებელ დეპუტატებს, რომლებიც ოთხნი იყვნენ და „ქართული ოცნებიდან“ კიდევ 5 დეპუტატი შეაშველა, ახლა 9 კაცი ერთად შეუტევს ამერიკას და მის ელჩს. რა ხდება, დაბალანსების პოლიტიკას აწარმოებს ივანიშვილი? რა პოლიტიკურ თამაშთან გვქვს საქმე?
– ეს მარტივი თამაშია, ამათი ვირეშმაკული თამაშია და რაღაც ჩახლართული ჭადრაკული სვლები არ არის გათვალისწინებული. ირაკლი ღარიბაშვილი ჩავიდა ამერიკაში, გაერო-ში გამოვიდა სიტყვით და ახლა იქ ვერ დაიწყებდა რუსეთის ქებას და ამერიკის კრიტიკას. თან, იცოდნენ, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უნდა ჩამოსულიყო თბილისში და ტაქტიკური თვალსაზრისით, შეარბილა რიტორიკა ღარიბაშვილმა, გაერო-ში ზომიერი გამოსვლა ჰქონდა. თუმცა, ეს იყო ფარსი, წინასწარ დაგეგმილი სპექტაკლი, რომელიც გადააბალანსეს პარლამენტის ანტიდასავლური ჯგუფის გაძლიერებით, ოთხნი გახადეს ცხრანი, ზედ ტელევიზია მიამატეს, „პოსტივი“ და ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, სუს-იდან იღებენ ხელფასს. ამ გაძლიერებულმა გუნდმა, უკვე შეუტია ამერიკას. ამას ირაკლი კობახიძის ანტიამერიკული რიტორიკაც უნდა დავუმატოთ, რომელსაც სისტემატიური ხასიათი აქვს. ხელისუფლებას იდეოლოგიური ომი აქვს გამოცხადებული ამერიკის წინააღმდეგ. სხვათაშორის, ამ ტიპის იდეოლოგიურ ომს ბელარუსის პრეზიდენტი, ლუკაშენკო არ ეწევა ამერიკის წინააღმდეგ. ხელისუფლება პირდაპირ კრემლის იდეოლოგიურ ხაზს ავითარებს. პუტინის გამოსვლა ხომ გახსოვთ, ვიდრე უკრაინის ანექსირებული ტერიტორიების აღიარებას მოახდენდა. რაც თქვა მაშინ პუტინმა, ამათ იგივე თქვეს, რომ ამერიკა არის იმპერიალისტი, რომელიც პატარა ქვეყნებს იყენებს საკუთარი იმპერიალისტური მიზნების განსახორციელებლად. ზუსტად ერთი-ერთში გაიმეორეს პუტინის ეს სიტყვები „ქართული ოცნებიდან“ ვითომ წამოსულმა და ივანიშვილის მართულმა დეპუტატებმა. ცალსახად კრემლის ადმინისტრაცია მართავს ჩვენს ქვეყნას. ამ დროს, ამერიკის გეო-სტრატეგიული ფაქტორი განაპირობებს ჩვენს დამოუკიდებლობას, თორემ ჩაგვყლაპავდნენ მარტივად. ჩვენი სახელმწიფოებრიობა უკვე დასრულებული იქნებოდა. წარმოვიდგინოთ, ეს ყველაფერი რომ ამოუვიდა ყელში ამერიკის ხელისუფლებას, უარი თქვა ჩვენთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ჩაიქნია საერთოდ ხელი. დავუშვათ და გვითხრეს, თავად მიხედეთ თქვენს საქმესო, რა მოხდება? ამ ქვეყანას მთლიანად დაეპატრონება რუსეთი და ამერიკის, დასავლეთის მხარდამჭერებს, საქართველოში აღარ დაედგომებათ. ეს უნდათ, რომ მოხდეს. ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს უნდათ, რომ ქვეყანა ჩააბარონ რუსეთს და აქ დასავლეთის გავლენა მთლიანად მოსპონ.
– ამერიკის არ აღიარების პოლიტიკის წყალობით არის, რომ რუსეთის მიერ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები თავად რუსეთისა და რამდენიმე კვაზი-სახელმწიფოს გარდა არავის უღიარებია. ამერიკამ არ აღიარების პოლიტიკაზე უარი რომ თქვას, სხვა სახელმწიფოებმა, შესაძლოა, ერთი-მეორის მიყოლებით აღიარონ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და სამუდამოდ დავკარგოთ. ამდენიც არ ესმით ამ ვაი-პოლიტიკოსებს?
– ამერიკის კონგრესს მიღებული აქვს სპეციალური კანონი, რომ ვინც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს აღიარებს, იმ ქვეყნებს ავტომატურად დაუწესდებათ სანქციები და გაუუარესდებათ ურთიერთობა ამერიკასთან. ახლა დასამალი არავისთვის არის, ამერიკა დიდწილად განსაზღვრავს ევროკავშირის პოლიტიკას და ამ სანქციებს ევროკავშირიც შეურთდება. ასევე, მსოფლიოს კიდევ უამრავი ქვეყანა უწევს ამერიკის სურვილს, ანგარიშს მსოფლიოს ოთხივე კონტინენტზე. რამხელა კოზირი მოგვცა ამერიკამ ამ საკითხში, ამას დანახვა ხომ უნდა? ამერიკამ, რომ უკან წაიღოს ეს არ აღიარების პოლიტიკა, კონგრესმა ის კანონი გააუქმოს, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება? ერთ დღეში შეიძლება ოცმა სახელმწიფომ აღიაროს ჩვენი ოკუპირებული რეგიონები და მერე ეს პროცესი აღარ გაჩერდეს. ნაურუ და ტუვალუ კი არა, მართლა დიდი და მნიშვნელოვანი სახელმწიფოები აღიარებენ. ესენი კიდევ, ბოდიში მომიხდია და ისევ რუსეთს ეტენებიან და ამერიკას, მის ელჩს უკანასკნელი სიტყვით ლანძღავენ.
ერთსაც ვიტყვი და დავასრულებ. ამ ქვეყანას ჰყოლია ისეთი მმართველები, ჰქონია მართვის ისეთი სისტემები, რომლებიც კარგი იქნებოდა, არ გვყოლოდა და არ გვქონოდა. თუმცა, ყველა ხელისუფლების დროს იყო განცდა, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნებოდა, შეიცვლებოდა ხელისუფლება და ხალხს პერსპექტივა გაუჩნდებოდა. საზოგადოებაში ყოველთვის იყო ბრძოლის ჟინი და იმედი, ხელისუფლების შეცვლისა. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა, ყველაზე საშინელი რაც შექმნა, ეს არის ხალხის გაუცხოება საკუთარი ქვეყნის მიმართ, აბსოლუტური ნიჰილიზმისა და უპერსპექტივობის ფსიქოლოგიური განცდა საზოგადოებაში, რაც საბოლოდ დაშლის და ბოლოს მოუღებს ჩვენს ქვეყანას. საზოგადოება, ოჯახი არის ფსიქოლოგიური კავშირი უპირველეს ყოვლისა და ამას ეფუძნება ინსტიტუციები, მერე აყალიბებს პოლიტიკურ სისტემას, კანონმდებლობას, წესებს, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. თუ ეს ფსიქოლოგიური განცდა არ არის, იქ გამორიცხულია პროგრესი, იქ ვერც ოჯახი შენარჩუნდება, ვერც საზოგადოება და ვერც სახელმწიფო. დღეს ქართველს გაუცხოება აქვს საკუთარი ქვეყნის, სამშობლოს მიმართ და იმიტომაც გარბის ხალხი ამ ქვეყნიდან. აგერ, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლები გარბიან, ათასობით ადამიანზეა ლაპარაკი, მოქმედი მოსამართლე გაიქცა ამერიკაში სამუშაოდ, მმართველი პარტიის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დიდ ბრიტანეთში წავიდა სამუშაოდ. ჯერ არ ახმაურებენ ამ ამბავს, მაგრამ უტყუარი ინფორმაციაა. დაიცალა ქვეყანა ქართველებისგან და თუ ასე გაგრძელდა, დემოგრაფიული მდგომარეობა შეიცვლება და რამდენიმე წელში, ქართველები უმცირესობაში აღმოვჩნდებით ჩვენსავე ქვეყანაში. არ დაგვავიწყდეს, რამდენი უცხოტომელი შემოვიდა და დარჩა საქართველოში, ახლა რუსების პირდაპირ შემოსევა გვაქვს და აგერ, ირანში არსებული მდგომარეობის გამო, ირანელებიც ბევრნი შემოდიან. უცხოეთში წამსვლელი ჩვენი მოქალაქეების რიცხვი კი მატულობს და მატულობს. სამშობლოს გვაკარგვინებს ქართველებს, ეს მოღალატე პათოლოგი ბიძინა ივანიშვილი. მეტი რაღა უნდა დაგვიშაოს ამ მანიაკმა?!
კომენტარები