რუს ბლოგერ ნადეჟდა პიროჟკოვას სომხეთში ბრალი წარუდგინეს სიძულვილის ენის გამოყენების მუხლით მას შემდეგ, რაც გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც უკმაყოფილებას გამოთქვა იმის გამო, რომ სომხეთში ვარდავარის დღესასწაულის დროს მისი ნების საწინააღმდეგოდ წყალი შეასხეს.
ამავე ვიდეოში მან თავად დღესასწაული „აგრესიულად“ მოიხსენია, ხოლო სომხები „ვირთხებს“ შეადარა.
ინფორმაცია 29 ივლისს პოლონურმა რუსულენოვანმა მედია Vot Tak-მა სომხეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით გაავრცელა.
ვარდავარი სომხეთის ეროვნული დღესასწაულია, რომელიც სომხურ სამოციქულო ეკლესიასთან არის დაკავშირებული. მისი მთავარი ტრადიცია ქუჩაში წყლის შესხმაა, მათ შორის სრულიად უცნობი ადამიანებისთვისაც.
ვიდეომ სწრაფად დააგროვა ათასობით ნახვა, რის შემდეგაც პიროჟკოვამ გაკეთებული განცხადებების გამო საჯაროდ მოიხადა ბოდიში და თქვა, რომ სომეხი ხალხის უპატივცემულობის მცდელობა არ ჰქონია და გულწრფელად ნანობს. მან თქვა, რომ იმ მომენტში თავს დაუცველად გრძნობდა და საკუთარი თავის დაცვას ცდილობდა.
თუმცა, ბოდიშმა სომეხი საზოგადოების უკმაყოფილება ვერ გაანეიტრალა.
გამოძიების დასრულებამდე პიროჟკოვას შინაპატიმრობა შეეფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას ერთიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.











კომენტარები