ნანა სულავა
ორიოდე კვირის წინ ,,ალიაში“ რაჭის ტრაგედიასთან დაკავშირებით დაიბეჭდა წერილი სათაურით: „შეიძლება თბილისშიც იგივე განმეორდეს, რაც შოვში მოხდა! თბილისში არის ოცამდე საშიში ლოკაცია, რომელთან მიკარებაც არ შეიძლებოდა, მაგრამ იქ მშენებლობებია გაჩაღებული! ეს ,,სიკვდილის ბიზნესია“!“
ამ სტატიას საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, განსაკუთრებით სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გამოიჩინეს უდიდესი ინტერესი. მკითხველს შევახსენებ, რომ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ანზორ საკანდელიძემ მეცნიერულად დაასაბუთა შოვის ტრაგედიის მიზეზები და ასევე ამომწურავად ისაუბრა მოსალოდნელ საფრთხეებზე. განსაკუთრებით საყურადღებოა მისი მოსაზრებები იმ ლოკაციებზე, რომელთა განაშენიანებამ, შეიძლება, სასიკვდილოდ გაწიროს თბილისელები.
ბატონი ანზორთან ,,ალია“ აგრძელებს ამ თემაზე საუბარს და საგულისხმო რჩევებს აძლევს თბილისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და საზოგადოებას, რათა საფრთხე თავიდან იქნას აცილებული.
– ბატონო ანზორ, გვითხარით იმ საშიშ ლოკაციებზე, რომლებზედაც თქვენ წინა სტატიაში გაამახვილეთ ყურადღება და მოსახლეობაში ინტერესთან ერთად შიშიც გამოიწვია.
– როცა მშენებლობა კონკრეტულ მისამართზე ზოგადად აკრძალულია და მაინც მიმდინარეობს, მაშინ დამნაშავე სამშენებლო ნებართვის გამცემი ორგანოა და, აგრეთვე, ვინც საექპერტო დასკვნა გასცა. საერთოდ, საქართველოში სამშენებლო საექპერტო დასკვნების გაცემა გახადეს ბიზნესი და ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. როცა ,,კერძო ექსპერტი“ გასცემს საექსპერტო დასკვნას, რომ თითქოს სამშენებლო მოედანზე აუცილებელი საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები ჩაატარა, არადა, კვლევა კი არა და სინამდვილეში, სამშენებლო მოედანზე ერთხელაც არ მისულა. ვეკითხები საზოგადოებას, ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული? ეს სასიკვდილო დანაშაული დღემდე გრძელდება და არცერთ კერძო ექსპერტს პასუხი არ უგია, რადგან მათ იცავს სამშენებლო მაფია.
დავუბრუნდეთ თემას და ვისაუბროთ იმ ოც საშიშ ლოკაციაზე თბილისში, რომელიც საფრთხის შემცველია. ერთ საგაზეთო სტატიაში შეუძლებელია, ყველა მათგანზე ვისაუბროთ, მაგრამ საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, კარგი იქნება, ,,ალია“ პერიოდულად თუ გააშუქებს აღნიშნულ ლოკაციებზე მეცნიერულად დასაბუთებულ დასკვნებს, რაშიც მე დავეხმარები.
ნაციონალური რეჟიმის დროს ერთ-ერთი საშიში ლოკაციის შესახებ შემატყობინა ერთმა გამოცდილმა გეოლოგმა, რომელმაც პირდაპირ მითხრა: რას აშენებენ ეს გიჟები ამ საგიჟეთის ტერიტორიაზეო? არ იციან, მანდ რომ მიწისქვეშა მდინარე გადისო? ეს ადგილები გეოლოგიურად ჩემს მიერ არის შესწავლილი საინჟინრო-გეოლოგიის თვალსაზრისით.ეს მდინარე ვაჟა-ფშაველას ქუჩის ბოლოში შემოდის და ჩადის მიწის ქვეშ. შემდეგ გაივლის მიმდებარე ქუჩას და გადის პეკინზე თავისი მიმდებარე ქუჩებით და თამარ მეფის ხიდთან უერთდება მტკვრის სანაპიროზე მდინარე მტკვარს, ამიტომ განსაკუთრებით საშიშია მიწისქვეშა მდინარის თავზე მაღლივი კორპუსების მშენებლობა, როგორიც აშენდა ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე. თან დარღვეულია კანონი 12 სართულიანი კორპუსის ნაცვლად ააშენეს 32 სართულიანი კორპუსი. კარგად მახსოვს, „ალია“ ამაზე ჯერ კიდევ როდის წერდა. იქ მცხოვრებმა მოსახლეობამ შეიტანა სარჩელი სეისმედეგობის კანონის დარღვევის შესახებ. ამ სარჩელის ექსპერტი მე ვიყავი სასამართლოზე და სამივე ინსტანციის სასამართლო მოვიგეთ. სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება მშენებლობის შეჩერების შესახებ, მაგრამ სანამ პროექტი მოვიდოდა შესაბამისობაში სეისმედეგობის ამ კანონთან, სამშენებლო კომპანიამ მერიასთან მიაღწია მშენებლობის ახალი ნებართვის აღებას და ასე ააშენეს 32 სართული.
– ვინ იყო, ბატონო ანზორ, ქალაქის მერი მაშინ?
– უკვე ნარმანია იყო. ნაცების დაწყებული ამათ გააგრძელეს. სხვათაშორის ეს პროექტი და მშენებლობის ნებართვა პირადად პრეზიდენტ სააკაშვილის გაცემულია. სავარაუდოდ, მან შური იძია ფსიქიატრიულ საავადმყოფოზე, რადგან ერთ დროს ასათიანის ფსიქიატრიულმა კლინიკამ გასცა სააკაშვილის შეურაცხადობის შესახებ სამედიცინო დასკვნა. ამიტომ ერთი ხელის მოსმით დაანგრევინა შენობა-ნაგებობა, ლაბორატორიები, კლინიკები, საცხოვრებელი კორპუსები, სადაც ავადმყოფები ცხოვრობდნენ, გაჩეხეს უნიკალური ტყე-პარკი, რომელიც 4 ჰა-ზე იყო გაშენებული ბევრი მცენარე, წითელ წიგნში იყო შეტანილი.
– ბატონო ანზორ, ამ ხელისუფლებამ რატომ არ შეაჩერა ეს მშეენბლობა და არ დახურა პროექტი?
– სააკაშვილს ჩალის ფასად ჰქონდა გაყიდული. ამბობენ, ვიღაც ებრაელმა იყიდა და კეთილსინდისიერ მყიდველთან წაგებულ დავაში არ შევიდა ხელისუფლება. ამ ლოკაციის ბოლო არის თამარ მეფის გამზირზე აშენებული ცნობილი, შუშებიანი, მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი, „კინგ დევიდსი“, რომელსაც, ცნობილი გეოლოგის სიტყვებით რომ ვთქვათ, ორი ძირითადი საფრთხე ახლავს. პირველი-აშენებულია მიწისქვეშა მდინარის თავზე და მეორე-სათანადოდ არ არის შესწავლილი ის კლდოვანი გრუნტები, რომელიც გამოყენებულია ფუძე-საძირკვლებად. გეოლოგის სიტყვებით, ეს არის გამოფიტული კლდოვანი გრუნტები, რომელთა შრეები არის უფრო სუსტი გრუნტები და შენობის ფუძე-საძირკვლები შეიძლება დაჯდეს. ამიტომაც მოხდა სულ ახლახან ამ სუსტი კლდოვანი გრუნტების ცვენა ამ ობიექტიდან თამარ მეფის ქუჩაზე. ალბათ, შესაბამისი ღონისძიებების გატარება მოუწევთ მეპატრონეებს და როგორც შევიტყვე, იქ უკვე ამოხეთქა წყალმა.
– როგორ შეაჩერეს წყალი?
– არ ვიცი, წყლის პრობლემა ჰქონდათ მიწისქვეშა მდინარეებიდან გამომდინარე, მეპატრონეებს მოუწევთ ძვირადღირებული ღონისძიებების გატარება.
– მაინც რა უნდა გააკეთონ, რომ საფრთხე თავიდან აიცილონ?
– ბევრი საშუალებებია, ფუნდამენტში წყალმა რომ არ შეაღწიოს, როგორც ვთქვი ძვირადღირებული საშუალებებით შეაჩერებენ, მაგრამ ბუნების წინააღდეგ ბრძოლას ცუდი შედეგი მოაქვს და ამაზე არ ფიქრობენ.
მეორე საშიში ლოკაცია არის ვაშლიჯვრის მაღლობზე. ერთ მილიონამდე კუბური მეტრის მეწყერული წარმოშობის მასის წარმოქმნა გეოლოგიურად არასწორად შესწავლილი მცოცავი გრუნტების გამოა, რომელმაც წვიმების დროს გამოიწვია მეწყერული პროცესები იძულებულნი გახდნენ, მილიონიანი მეწყერული პროცესები შეესწავლათ და დროებით შეეჩერებინათ.
– საკმარისია, რაც გაკეთდა?
– არა, ეს საკმარისი არ არის, ხანგრძლივი წვიმების დროს შეიძლება ისევ დინამიურ მდგომარეობაში მოვიდეს და გამოიწვიოს მეწყერული კატასტროფები. იმ ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოები უნდა შეწყვეტილიყო, მაგრამ გზა მაინც გაიყვანეს და კვლავ საფრთხის ქვეშ დააყენეს ის მოქალაქეები, რომლებიც ახლოს ცხოვრობენ. ასეთი ლოკაციები თბილისში მრავლადაა, მაგრამ არ არის შესწავლილი და გამოკვლეული. იმ ტერიტორიებზე უნდა შეწყდეს ინტენსიური განაშენიანება და შესწავლილ იქნას მეცნიერულად. უნდა შეიქმნას საინჟინრო ცნობარი ლოკაციების შესახებ, რომელსაც გამოიყენებენ საპროექტო ორგანიზაციები, მაგრამ უბედურება ის არის, რომ თვითონ არ იციან ხელმძღვანელმა პირებმა და არც გამოცდილი არიან ამ დარგში, რადგან სამშენებლო მაფია უდგას სათავეში ამ მშენებლებს.
საზოგადოების ყურადღებას კიდევ ერთ საშიშ ლოკაციაზე შევაჩერებ – ჭავჭავაძის გამზირის N45 მისამართზე, საბურთალოდან ვაკეში რომ გადადიხართ, მთლიანად ხედი დაფარა კორპუსებმა, გზიდან ჩანს ეს კორპუსები და ის თითქმის გაყიდულია. მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის სამივე მაღლივი კორპუსის სეისმოუსაფრთხოება კატასტროფულია. ამის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ 2018 წელს ამ მშენებარე კორპუსების მეზობელ კორპუსში მცხოვრებმა ჩემმა მეგობარმა ვახტანგ ლომაძემ მომიტანა ის საპროექტო დასკვნები, რომელთა საფუძველზე გასცა ნებართვა თბილისის მერიამ და მან მთხოვა, დამეწერა ჩემი შენიშვნები. გავეცანი რა ამ აბსურდს, სიცოცხლის უდიდესი რისკების შემცველ საექსპერტო დასკვნებს, გაოცებული დავრჩი. როგორ შეიძლება ასეთი დასკვნების საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გაცემა. ეს პროექტი მარტო აბსურდული კი არა, მობინადრეთა სასიკვდილო საფრთხის შემცველია. დააკვირდით, რას წერს ამ დასკვნაში საინჟინრო ვაი-ექსპერტი: ,,პროექტის საკვლევ მოედანზე უნდა აშენდეს სამი კოშკური ტიპის მაღალი შენობა 30, 35, 40 სართულიანი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოკლედ ვიტყვი, ექსპერტის მიერ საექპერტო დასკვნების გაცემის დროს საერთოდ არ არის შესწავლილი გრუნტი და საერთოდ გეოლოგიური კვლევები არ არის ჩატარებული.“ სრულფასოვნად როგორ შევისწავლოთ გრუნტი, რომ შენობის სეისმოუსაფრთხოება იყოს საიმედო? აი,რას წერს ამის თაობაზე ცნობილი გეოფიზიკოსი, ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი თამაზ ჭელიძე: ,,დღეს საქართველოში გრუნტის შესწავლა პრაქტიკულად, არ ხდება. ან ხდება ძალიან ზერელედ – ამოთხრიან ორმოც მეტრზე და რამდენიმე წერტილში შეამოწმებენ. ასე გრუნტის თვისებების დადგენია შეუძლებელია. აუცილებელია, რომ გრუნტის თვისებები დადგინდეს 30 მეტრ სიღრმეზე. ყოველ ფენაში უნდა გაკეთდეს ჭები, ჭაბურღილები და გეოფიზიკური კვლევა უნდა ჩატარდეს. უნდა დადგინდეს გრუნტის ხარისხი და გაიზომოს სეისმური ტალღის სიჩქარე. ჩვენ ეს ხელსაწყო გვაქვს და ამ სიჩქარის განსაზღვრა შეგვიძლია. მშენებლებისაგან ამ ხელსაწყოს შეკვეტა ჯერ არ გვქონია… აქედან გამომდინარე, ეს ხელსაწყო არც ამ საშენებლო მოედნის გრუნტის კვლევებში არ გამოუყენებიათ, არ განუსაზღვრიათ სეისმური ტალღის სიჩქარე და, შესაბამისად, სეისმოუსაფრთხოებაც!“
საბოლოოდ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ სამშენებლო ნებართვები ზოგადად, არის უკანონო და თბილისი მოიცვა სასიკვდილო სამშენებლო უკონტროლობამ, ქაოსმა და განუკითხაობამ. მთელი თბილისი გადაჭედილია მრავალსართულიანი, სიკვდილის კორპუსებით. გამკითხავი არავინ არ არის, პასუხისმგებელიც არავინ არ ჩანს. ღმერთმა საქართველოს მოუვლინა ისეთი მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც ყველაზე ახლოსაა კაცობრიობის წინაშე მიწისძვრის პროგნოზის პრობლემის მოგვარებასთან, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად. ქართველ მეცნიერთა ჯგუფს აღიარებენ გეოფიზიკისა და სეისმოლოგიის ისეთი გრანდი ქვეყნების თვალსაჩინო მეცნიერები, როგორიცაა იაპონია, აშშ და იტალია და ისინი ეკითხებიან და იყენებენ ჩვენს მეცნიერებს და საქართველოში არა.
დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს უკანონო საექპერტო დასკვნების გაცემა, რაც შეაჩერებს სასიკვდილო სამშენებლო ბიზნესს.
მაგრამ მთელი ეს ლაპარაკი დარჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, თუ არ შეიცვალა სახელმწიფო და პოლიტიკური ინსტიტუტები. სამშენებლო მაფიაც იბოგინებს. ეს მახინჯი კაპიტალისტური სისტემა ბოლომდე გაგავანადგურებს, თუ ჩვენ თვითონ არ შევცვალეთ…
გაგრძელება იქნება
კომენტარები