ომანში, სოჰარის პორტში გაჩერებულ გემზე მესამე თვეა 15 ქართველი მეზღვაურია, რომლებიც ვერც გემის დატოვებას ახერხებენ და ვერც სამშობლოში დაბრუნებას. მეზღვაურებს ჩამორთმეული აქვთ პასპორტები.
ოფიციალური ინფორმაციით, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი პორტში გემის ბერძენ მფლობელსა და გემზე არსებული ტვირთის ომანელ მფლობელს შორის დავის გამო გაჩერდა.
გემზე ქართველი მეზღვაურების ყოფნის შესახებ პირველი ინფორმაცია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 22 იანვარს გაავრცელა. ამ განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ სააგენტომ ინფორმაცია 19 იანვარს მიიღო.
დღეს, 11 თებერვალს, „ბათუმელები“ გემზე მყოფ რამდენიმე მეზღვაურს ესაუბრა. მეზღვაურები ამბობენ, რომ მათი მომავალი გაურკვეველია. თუმცა სანამ მათი საქართველოში დაბრუნების საკითხი გადაწყდება, ამჟამად აქვთ გადაუდებელი საჭიროებები – არ აქვთ საკმარისი საკვები და ტექნიკური წყალი. დღეს „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მეზღვაურმა უთხრა, რომ 15-დან 4 მეზღვაური ცუდად გახდა და რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად ეს 4 მეზღვაური სასტუმროშია, 11 მეზღვაური კი გემზე.
„ჩამორთმეული გვაქვს პასპორტები და ოფიციალურად გემის დატოვების უფლება არ გვაქვს. უპასპორტოდ გემს ვერ დავტოვებთ, რადგან იქნება საზღვრის უკანონო, არალეგალურად კვეთა. ამაში ჩართული უნდა იყოს აგენტი, კომპანია, მათ უნდა მოაგვარონ და მხოლოდ ლეგალური გზით უნდა დავბრუნდეთ ხმელეთზე.
ასევე გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს ჩვენი საკვებით და წყლით მომარაგება. ეს კონტრაქტით არის გათვალისწინებული, მაგრამ ახლა აღარ მოაქვს კომპანიას და გვეუბნებიან ვეღარც მოვიტანთო.
ჩვენს კომპანიას იქეთკენ მიჰყავს სიტუაცია, რომ გვავალებს ომანის ტერიტორიული წყლებიდან გავიყვანოთ გემი ჩუმად. ჩვენ ამას არ ვთანხმდებით და ამის გამო შეიძლება ითქვას, რომ გვსჯის. ვერც სახლში მივდივართ და არც პირობები გვაქვს ნორმალური,“- უთხრა „ბათუმელებს“ ომანში გემზე მყოფმა ერთ-ერთმა მეზღვაურმა.
მისივე თქმით, მეზღვაურებს ეკონტაქტება როგორც საელჩო საუდის არაბეთში, ისე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
„საზღვაო ადმინისტრაცია კი ბატონო, ყოველდღე გვეუბნება, რომ მუშაობენ, მაგრამ ამ მუშაობის რეზულტატი ჯერჯერობით არის მხოლოდ ის, რომ 4 კაცი არის სასტუმროში. არც მათ იციან, როდის წავლენ სახლში, ისევე როგორც ჩვენ. აიღებენ თუ არა თავიანთ ხელფასს, ისევე როგორც ჩვენ და ა.შ.“ – გვეუბნება მეზღვაური.
იმ ოთხი მეზღვაურიდან, რომლებიც სასტუმროში იმყოფებიან, ერთ-ერთი ზურა თურმანიძეა. ზურა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თავად ნორმალურ სასტუმროშია, თუმცა გემზე დარჩენილ მეზღვაურებს საკვების პრობლემა აქვთ.
„სასტუმროში ვინც ვართ, ჩვენ კარგად ვართ. ის 11 მეზღვაური, ვინც გემზე დარჩა, ძალიან ცუდ პირობებშია. პასპორტები ჯერ არ დაუბრუნებიათ, შესაბამისად, სასტუმროს დატოვების უფლება არ გვაქვს. არც ის ვიცით, ბილეთები როდის იქნება,“ – გვეუბნება ზურა.
რას ამბობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
დღეს, 11 თებერვალს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააგენტო ყველაფერს აკეთებს მეზღვაურების საქართველოში დასაბრუნებლად – “მსგავსი საქმეები საჭიროებს დელიკატურ მართვას და გარკვეულ პერიოდს საბოლოო გადაწყვეტამდე.”
სააგენტო მეზღვაურებს ტყუილში ადანაშაულებს და წერს:
“მეზღვაურები უზრუნველყოფილნი არიან საცხოვრებელი პირობებით, სურსათით და ყველა სახის დახმარებით, მათ შორის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით. მეზღვაურთა ნაწილი გადაყვანილია სასტუმროში და გემზე დარჩენილია მხოლოდ ის მეზღვაურები, რომლებმაც თავად არ ისურვეს სასტუმროში გადასვლა.”
კომენტარები