აშშ-მა ბელარუსი მაღალჩინოსნები ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავის გატაცებაში დაადანაშაულა. ბრალდებულებს შორის არიან „ბელაერონავიგაციის“ ხელმძღვანელი ლეონიდ ჩურო და მისი მოადგილე ოლეგ კაზიუჩიცი.
გამოძიების ცნობით, მათ „რაინეარის“ თვითმფრინავზე არსებული ბომბის შესახებ ინფორმაცია გააყალბეს, რათა ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი, ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დაეკავებინათ.
23 მაისს Ryanair-ის FR4978 რეისი, ათენიდან ვილნიუსში შეფერხების გარეშე უნდა ჩაფრენილიყო. თუმცა, ბელარუსის საჰაერო სივრციდან გასვლამდე Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე მყოფმა პილოტებმა ბელაერონავიგაციისგან მიიღეს გამაფრთხილებელი შეტყობინება, ბორტზე შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ და ამასთან, მითითება, მოებრუნებინათ თვითმფრინავი და დაესვათ ის მინსკში.
ირლანდიური ავიახაზების პილოტები დაემორჩილნენ ბელარუსის ოფიციალურ მოთხოვნას და, მიუხედავად იმისა, რომ დანიშნულების ადგილი უფრო ახლოს იყო, ვიდრე მინსკი, ბელარუსის დედაქალაქისკენ აიღეს კურსი. თვითმფრინავს რუსული წარმოების ავიაგამანადგურებელი, MiG-29 მოყვებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გამანადგურებელი სამოქალაქო თვითმფრინავს ბელარუსის პრეზიდენტის პირადი დავალებით აადევნეს.
მინსკში დაშვების შემდეგ ბელარუსის სპეციალურმა სამსახურებმა თვითმფრინავიდან მგზავრები გადმოსხეს, ბარგი გაჩხრიკეს, თვითმფრინავი 7 საათით დააყოვნეს ხმელეთზე და მხოლოდ ამის შემდეგ გასცეს ნებართვა, FR4978-ს დაესრულებინა დაგეგმილი რეისი.
თვითმფრინავი ვილნიუსში ადგილობრივი დროით 21:25-ზე დაეშვა. გავრცელებული ცნობებით, ბორტზე აღარ იმყოფებოდა რამდენიმე მგზავრი: ბელარუსის ერთი და რუსეთის რამდენიმე მოქალაქე. მანამდე გავრცელებული ცნობები, ბელარუსი აქტივისტის დაკავებაზე ოფიციალურად დადასტურდა.
ამავე საქმეში ფიგურირებს ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი.
საუბარია 2021 წლის მაისში, მინსკის აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც სამგზავრო თვითმფრინავი იძულებით დასვეს. ამ დროს სხვა მგზავრებთან ერთად ბორტზე იმყოფებოდა აშშ-ის ოთხი მოქალაქეც.
როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში განმარტეს, ბელარუსმა მაღალჩინოსნებმა დეტალურად შეადგინეს სქემა და ბომბის შესახებ ინფორმაციის გაყალბება მოახდინეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს განცხადებითვე, მსგავსი ქმედებით მათ დაარღვიეს საერთაშორისო წესები და აშშ-ის სისხლის სამართლის კოდექსი და ასევე საფრთხე შეუქმნეს უდანაშაულო მგზავრების სიცოცხლეს.
კომენტარები