ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“ალბათ ყველას გახსოვთ რამაზ ბეღელური, გუგუტიანთკარის მაცხოვრებელი, რომელიც 2021 წლის 2 თებერვალს რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს გუგუტიანთკარიდან.
მას მოუწია 2 თვე დარჩენილიყო პატიმრობაში, ოკუპანტებმა მას 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს.
როდესაც ოკუპანტებმა რამაზ ბეღელური 3 აპრილს დააბრუნეს, სტანდარტული პროცედურების შემდეგ შედგა მისი გასაუბრება ჟურნალისტებთან, კითხვაზე, სცემეს თუ არა ოკუპანტებმა, მან უპასუხა, არა.
ამ აკორდზე დასრულდებოდა ეს ამბავი და ჩვენს შემდეგ გატაცებულ მოქალაქეს დაველოდებოდით, რომ არა რამდენიმე დღის წინ რამაზ ბეღელურის ჯანმრთელობის გაუარესება.
ალბათ გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ ჩემს მიერ დადებული პოსტი რამაზ ბეღელურის გათიშვასთან დაკავშირებით, როდესაც სასწრაფოდ გთხოვეთ დახმარება და რამაზი გადავიყვანეთ გორის საავადმყოფოში.
ზუსტად იქ, ქალბატონმა ნორამ, რამაზის დედამ მომიყვა, თუ რა მოხდა სინამდვილეში.
რამაზ ბეღელური დაკავებისთანავე რუსმა და ოსმა ჯარისკაცებმა სასტიკად სცემეს.
მიზანმიმართულად ურტყამდნენ თავში.
ციხეში რამაზი აღარ უცემიათ.
როდესაც ვკითხე, რატომ დამალა რამაზმა ჟურნალისტებთან მისი ცემის ამბავი, შემზარავი, მაგრამ ჩემთვის არახალი პასუხი მივიღე – პოლიციამ დაარწმუნა რამაზ ბეღელური “მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე” არ გაემხილა ეს ამბავი, მერე რუსები გაღიზიანდებიან და გადაგეკიდებიანო.
რამაზმაც დაუჯერა.
ამ ისტორიას, რაც მე აქ მოგიყევით, დაადასტურებს რამაზის დედა და თვითონ რამაზი.
ეხლა ვიმყოფებით ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, მისი ჯანმრთელობა ძალიან გაუარესდა, დღეს მან უკვე 2 ჯერ დაკარგა გონება.
ესეთი ისტორიები პირველად არ მესმის, როდესაც რუსები ჩვენს გატაცებულებს უმოწყალოდ სცემენ და შემდეგ კი ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები არწმუნებენ ჩვენს მოქალაქეებს არ ილაპარაკონ და ხელი დააფარონ ოკუპანტებს.
სამწუხაროდ, ძალიან იშვიათად ბედავენ ტყვეობიდან დაბრუნებული მოქალაქეები ღიად სიმართლის თქმას..
ძალიან მტკივა გული, როდესაც ვიგებ ჩვენი ძალოვნების ასეთი საქციელის შესახებ.
ეს პირდაპირი კოლაბორაცია და ოკუპანტების ინტერესების დაცვაა.
სირცხვილი.
რამაზ ბეღელურს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა.
დარწმუნებული ვარ, მის ოჯახზე დაიწყება ზეწოლა.
ძალიან დიდი ალბათობით, ძალოვანი სტრუქტურები შეეცდებიან ამ ოჯახის გაჩუმებას.
ამ წუთას ვსაუბრობთ მე და ქალბატონი ნორა და მისი მტკიცე გადაწყვეტილებაა ვუჩივლოთ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში.
ჩვენ რამაზ ბეღელურს დავეხმარებით ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხებით, დარწმუნებული ვარ, ეს არაჩვეულებრივი ადამიანები არ იქნებიან წინააღმდეგი და წინდაწინ უდიდეს მადლობას გადავუხდი ქალბატონ მარინა ძაგნიძეს და მის არაჩვეულებრივ მეგობრებს, რომლებიც ამ ძნელბედობის ჟამს ეხმარებიან გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს.
ძალა ერთობაშია!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!”
კომენტარები