ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი:
“რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღება სრულებით არაა გამოსავალი. ხელისუფლება მაინც ყველას შემოუშვებს უკვე ვიზით, ისევე როგორც ახლა უშვებს და რა იცვლება ამით? უვიზო რეჟიმის პირობებშიც ვხედავთ, რომ პრობლემა ექმნება მხოლოდ პუტინისადმი კრიტიკულად განწყობილ რუს ოპოზიციონერებს, ჟურნალისტებს და აქტივისტებს. სხვა ყველა თავისუფლად გადაადგილდება საქართველოში. ზოგადად, ტურისტი უნდა შემოუშვა, რათქმაუნდა, მაგრამ ტურისტს არ სჭირდება 360 დღე უვიზოდ ყოფნა საქართველოში. სწორედ აქაა საჭირო ცვლილება და ამ ვადის შემცირება.
სხვათაშორის, 2010 წელს უვიზო რეჟიმი 30 დღის ვადით პირველად ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისთვის გამოცხადდა მხოლოდ იმ მიზნით, რომ საქართველო გამხდარიყო მათთვის სარკმელი ევროპაში. მოგვიანებით უვიზო რეჟიმი მთელ რუსეთზე გავრცელდა. უვიზოდ ყოფნის დღეების რაოდენობაც გაიზარდა ჯერ 90 დღემდე, ‘ქართული ოცნების’ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი 360 დღემდე. დღეს სწორედ ამ ვადის შემცირებაზე უნდა იყოს საუბარი და ტურისტებისთვის უნდა იყოს ღია ქვეყანა იმ ვადით, რაც ამ მიზნისთვის ადეკვატურია.
მეორეს მხრივ, აუცილებელია ბინადრობის მოწმობის გაცემის რეგულაციების გადახედვა, რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიების რეგისტრაციის/საქმიანობის, საბანკო-ფინანსური ოპერაციების და უძრავი ქონების რეგისტრაციის კონტროლი, რომ გამოირიცხოს სანქციების თავის არიდება და უკანონო საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე. როდესაც ოთხი თვის განმავლობაში 2400 კომპანიაა დაფუძნებული ეს უკვე საგანგაშოა ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მითუმეტეს როდესაც მტრულ სახელმწიფოზეა საუბარი და სავარაუდოდ ყველა მიგრანტი არაა ჩამოსული ტურისტული მიზნით. თუ ვინმე უნდა შემოვიშვათ ხანგძლივი ვადით, პირველ რიგში სწორედ დევნილი ჟურნალისტები და აქტივისტები. საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას კონსტიტუცია, ქვეყნის ეროვნული ინტერესები, საკუთარი მოქალაქეები და მოახდინოს მოსახლეობის სწორი და დროული ინფორმირება ამ პროცესების გარშემო.”
კომენტარები