უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ანდრო გოცირიძე ambebi.ge – სთან, ამბობს:
“ოკუპანტი ქვეყნიდან მოქალაქეთა დიდი ნაკადი შეიძლება შეიცავდეს ძალიან ბევრ რისკს. ეს პირველ რიგში, შეიძლება იყოს სპეცსამსახურების მიერ ჯაშუშების, დივერსანტების, ან სხვა ტიპის დესტრუქციული ძალების შემოგზავნა, რაც სპეცსამსახურების მოქმედების კლასიკაა. შესაძლოა, დღევანდელი ჰიბრიდული საფრთხეების ფარგლებში განვიხილოთ ამ ყველაფრის ეკონომიკური ეფექტი. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებულ საკურორტო სეზონს შესაძლოა მყისიერი ფინანსური ეფექტი ჰქონდეს საქართველოს ღარიბი მოსახლეობისთვის, ან მცირე და მიკრო ბიზნესისთვის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს აუცილებლად გამოიწვევს რუსულ ეკონომიკაზე მიბმას, რუსულ ტურისტულ ნაკადებზე დამოკიდებულებას, რასაც უფრთხიან არა თუ ჩვენი მსგავსი ქვეყნები, არამედ ისეთი მაღალგანვითარებული ქვეყნებიც, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი და სხვა. რუსეთი ბერკეტად იყენებს ამ ეკონომიკურ აქტივობებს და ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ტურისტული ნაკადის აკრძალვით მოახერხებს, რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყოს ჩვენი მოსახლეობა, რომელიც დამოკიდებული იქნება რუსულ ფულზე. ამას გარდა, ბუნებრივია, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ როდესაც ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები დიდი რაოდენობით ხვდებიან საქართველოში, აქ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროვოკაციებს და მოხდეს იმ ტიპის დაპირისპირება, რომელსაც რუსეთი გამოიყენებს, თითქოსდა, საკუთარი მოქალაქეების დასაცავად.
ზოგადად, მრავალი მეთოდი და მექანიზმი არსებობს ამგვარი სიტუაციის დასარეგულირებლად. კარგია, რომ პოლიტიკური პარტიები ჩაერთნენ ამ საკითხების განხილვაში, ინტელექტუალურ დავაში და კარგი იქნება, თუ ხელისუფლების მხრიდანაც გაიხსნება დისკუსია აღნიშნულთან დაკავშირებით. ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი ზუსტად ის საკითხია, რომლის გარშემოც უნდა ითანამშრომლოს აბსოლუტურად ყველა ძალამ, რომელიც არ არის აშკარად პრორუსული. ეს არის ბუნებრივი პროცესი. სახელმწიფოში არსებობენ ამ დარგის სპეციალისტები, რომლებმაც იციან, რა მიდგომები უნდა განხორციელდეს. ბუნებრივია, შემიძლია რამდენიმე ძირითადი თეზისი ჩამოვაყალიბო:
1. რუსეთის მოქალაქეების, რუსი ვიზიტორების მხრიდან უნდა შეიქმნას რაღაც განსაკუთრებული რეჟიმი, ვგულისხმობ, სახელმწიფოს მოქალაქეს და არამც და არამც ეროვნებას, რადგან ამ ყველაფერს, ბოლო დროს, ქსენოფობიის მანტია უნდათ რომ მოასხან. განსაკუთრებული რეჟიმი უნდა შეიქმნას, რომელიც გამორიცხავს რუსი მოქალაქეების უვადოდ გაჩერებას ჩვენს ტერიტორიაზე.
2. უნდა დარეგულირდეს რუსეთის მოქალაქის მხრიდან ბიზნეს-აქტივების, ან უძრავი ქონების შეძენა (არ ვგულისხმობ აკრძალვას, მხოლოდ – რეგულაციას), ესეც აპრობირებული გზაა ევროკავშირის ქვეყნებში.
3. აუცილებლად უნდა არსებობდეს იმ საფრთხეების ჩამონათვალი, რომელიც შესაძლოა ამგვარმა დიდმა ნაკადებმა გამოიწვიონ უსაფრთხოების ჭრილში, ოღონდ, ეს სპეციფიკური თემაა და ამაზე სპეცსამსახურებმა უნდა იმუშაონ.
4. წლების განმავლობაში, რუსეთი ბერკეტად იყენებს თავის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც თავის გამომუშავებულ დანაზოგს აქ აგზავნიან და არჩენენ ოჯახებს. რასაკვირველია, ამას რუსეთი ყოველთვის გამოიყენებს ბერკეტად და არც ის მგონია, ქართველები ძალიან კომფორტულად გრძნობდნენ თავს პუტინის რუსეთში. ამიტომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ჩართულობით აუცილებლად უნდა შეიქმნას რუსეთში მცხოვრები და მომუშავე ქართველების რეპატრიაციის, რეინტეგრაციის სქემა, თუ როგორ ეხმარება მათ სახელმწიფო იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოინდომებენ საქართველოში დაბრუნებას, რადგან რუსეთში მათზე მუშაობს:
1. ეფ-ეს-ბე და პირდაპირ მათ გადაბირებას აწარმოებს.
2. ოკუპანტი ქვეყნის კულტურულ გარემოში ყოფნა მაინც და მაინც სასურველი არ არის, ვინაიდან ასეთ დროს ვითარდება ოკუპანტის მიმართ მიმღებლობა, რაც შემდგომში აუცილებლად აისახება ქვეყნის მოსახლეობის თავდაცვისუნარიანობასა და ბრძოლისუნარიანობაზე – ომს ვერ იგებს მარტო ჯარი და მთავრობა, მოსახლეობა თუ არ არის საბრძოლო სულისკვეთებით განწყობილი.
“პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ამას ქსენოფობიასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ეს არის, აბსოლუტურად, მცდარი განცხადება, რომელიც შიდა პოლიტიკური ინტერესების მიღწევაზეა გათვლილი. აქ საუბარია ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების უკონტროლო ჩამოსვლაზე იმ ქვეყანაში, რომლის მიმართაც მათ ორი საუკუნის განმავლობაში არაერთი აგრესია განუხორციელებიათ და უკანასკნელი 30 წლის განმვალობაში კი, მინიმუმ სამი ღია საბრძოლო მოქმედებები ჰქონდა ქვეყანასთან. ასეთ შემთხვევაში, ამ სახელმწიფოს მოქალაქეების მიმართ მიუღებლობაც რომ არსებობდეს, ამაში გასაკვირი არაფერია. გასაკვირი უფრო ისაა, რომ ოკუპანტი დასასვენებლად ჩადის იმ ქვეყანაში, რომლის 1/3 ოკუპირებული აქვს. ეს წარმოუდგენელი ამბავია. ქსენოფობიასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის მოქალაქეებზე და არა რომელიმე ნაციაზე. რუსი ერიდან დისიდენტები საქართველოში ოდითგანვე ჩამოდიოდნენ და ცხოვრობდნენ, დღესაც არსებობს რამდენიმე მათგანი. დასანანი უბრალოდ ის არის, რომ რუსების 80% დღეს პუტინის მოსაზრებების მიმდევარია, ყოველ შემთხვევაში, ამართლებს საქართველოს ოკუპაციას, აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად თვლის. ამ ხალხის მიმართ ნეგატიური განწყობა, ბუნებრივია. უფრო მეტიც, უარესი იქნებოდა, თუ კი მოსახლეობას მისი ერთადერთი მტრის მიმართ მიმღებლობა ჩამოუყალიბდებოდა და ეს მტერი დღეს არის კრემლის რეჟიმი. როდესაც მაღალი რანგის პოლიტიკური პირები აცხადებენ, რომ თუ კი ჩვენ სავიზო რეჟიმს დავაწესებთ, მაშინ მეორე მხარე დაიწყებს ომს, ეს, ფაქტობრივად, სუვერენიტეტის დაკარგვას ნიშნავს იმიტომ, რომ თუ კი სახელმწიფოს იმის გადაწყვეტილების შესაძლებლობა არ აქვს, რომ მის მეზობელთან მიმოსვლის რეჟიმი დააწესოს, მით უმეტეს, მტრულად განწყობილ სახელმწიფოსთან, მაშინ ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სუვერენიტეტის ნაწილი ამ სახელმწიფოსთვის ჩაგვიბარებია. წარმოუდგენელია, თანამდებობის პირმა ეს განაცხადოს. მე უფრო ვფიქრობ, რომ ომის თემით სპეკულაცია-მანიპულაცია უფრო შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი და პოლიტიკური მოწინააღმდეგის განადგურებას უფრო ემსახურება მაშინ, როდესაც ჩვენი ყველა სტრატეგიული პარტნიორი მიგვითითებს, რომ სწორედ უსაფრთხოების საკითხებზე ყველა ძალამ, ყველა პოლიტიკურმა მხარემ ერთად უნდა იმუშაოს, რათა თავი დააღწიოს იმ რუსულ საფრთხეს, რომელიც არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ დასავლურ ცივილიზაციას ემუქრება, რომლის ორგანული ნაწილიც არის საქართველო“
კომენტარები