ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.
– ბატონო დათო, ოპოზიციურ პოლიტიკურ წრეებში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის ორი ვარიანტი განიხილება, თუკი არჩევნები 5%–იანი ბარიერით გაიმართება: „ნაციონალები“ და მათი მომხრეები აცხადებენ, რომ წვრილი პარტიები, რომელთაც ბარიერის გადალახვა დამოუკიდებლად გაუჭირდებათ, „ნაციონალებთან“ ერთად უნდა გაერთიანდნენ და ისე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. მეორენი აცხადებენ, რომ წვრილ–წვრილი პარტიები უნდა გაერთიანდენენ, არჩევნებში ასე მიიღონ მონაწილეობა და პარლამენტში შექმნან კოალიცია „ნაცმოძრაობასთან“. აქედან რომელი ვარიანიტი ჯობია, „ნაციონალების“ იმიჯიდან და დღევანდელი უბადრუკი მდგომარეობიდან გამომდინარე?
– მაგათვის რა ჯობია, ეს ჩვენთვის საინტერესო არ aრის. საქართველოსთვის ყველაზე საზიზღარი ვარიანტია, დღეს რომ გვყავს იმგვარივე პარლამენტის მიღება 2024 წელს. ახლანდელმა პარლამენტმა რა სიკეთეც მოუტანა ქვეყანას, ის პარლამენტიც იმავეს მოუტანს. საერთოდ, ძალიან გონებადახშული ადამიანებისთვის არის ეს კომბინაციები, რომ მათ გარდა, სხვა არავინ განიხილებოდეს ოპოზიციად. ეს არის „ქართული ოცნების“ ნარატივი, რომ მარტო „ნაცმოძრაობა“, მასთან ასოცირებული პარტიები არიან ოპოზიცია. ასეთ შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ გარანტირებული აქვს მუდმივად ხელისუფლებაში ყოფნა. იმ 60%–ს ამომრჩევლისას, რომელსაც არც „ნაცი“ უნდა, არც სხვა არსებული ოპოზიციური ძალა და არც „ქოცი“ უნდა, იმათ რას ეუბნებიან? იმ ადამიანებმა საერთოდ არ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა? იმ 60%–ის სასურველი პოლიტიკური ძალა რომ არ იყოს, ამას ცდილობენ, წვალობენ ყველანაირად, რომ ეს გადაკეტონ, პოლიტიკურ ასპარეზზე არ გააჭაჭანონ ისეთი პოლიტიკური ძალა, რომლის მიმართაც იმ 60%–ს სიმპათია მაინც გაუჩნდება. ეს არის დანაშაული. დღეს მთელი უბედურება ზუსტად ის არის, „ოცნებაშიც“ და „ოცნების“ გარეთაც, ძველი „ნაციონალები“ არიან ხელისუფლებაში. ერთი გუნდი ხელისუფლებაა, მეორე ოპოზიცია, ერთად მართავენ ქვეყანას და აბითურებენ ხალხს. რაღაც პატარა გამონათება იყო, როდესაც „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობის“ გარეშე მართავდა ქვეყანას, 2016 წლის არჩევნებამდე. ეს პირველი პერიოდი იყო წარმატებული, ახლა რამდენიმე კაცი დარჩა იმ ძველი გუნდიდან, მაგრამ გუნდი ხომ იცით, როგორი რაღაცაა? რაც არ უნდა სხვანაირი იყოს კონკრეტული ლიდერი, ბოლოს მაინც აიძულებს გუნდი არსწორი მიმართულებით წასვლას. ეს ის ხალხია, ვინც მონობას არის დაჩვეული. ჯერ მიშა სააკაშვილის მონები იყვნენ, ახლა ბიძინა ივანიშვილის მონები არიან და ზოგმა შევარდნაძის მონობაც მოასწრო. ამ მონობაში ქვეყანას ძარცვადნენ, ეს არ იცვლება ამ ქვეყანაში. ეს არის ის რეალობა, რომელშიც დღეს იმყოფება ქართული პოლიტიკა და აქდან გამოსავალი უნდა ვნახოთ. იმაზეც არის ბევრი ლაპარაკი, რომ 5%–იანი ბარიერი დაიწიოს. არ უნდა დაიწიოს ბარიერმა. თუ ვინმეს უნდა ამ ხელისუფლების დამარცხება, ეს მაღალი, 5%–იანი ბარიერის პირობებში უნდა მოხდეს. თუ ბარიერმა დაიწია, ერთ და ორ პროცენტიანი პარტიები საბოლოოდ გარიგებაში შევლენ სხვა, უფრო ძლიერ, რეიტინგულ პარტიებთან და ისევ პოლიტიკურ ვაჭრობას უნდა ვუყუროთ.
– არჩევნებში 5%–ის გადალახვის თავი თუ არ აქვს პარტიას, რამდენიმე ათეული ათასი ამომრჩეველი თუ არ მისცემს ხმას, იმ პარტიას საერთოდ არაფერი უნდა ესაქმებოდეს პოლიტიკაში, არა?
– რა თქმა უნდა, გეთანხმებით და მეორე, რაც მთავარია – ესენი, „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია, სულ ცდილობენ, გარიგებით იმოქმედონ, ერთად აყალბებენ არჩევნებს, ერთად იწერენ პროცენტებს, ხალხისთვის, ხალხის ინტერესებისთვის ბრძოლა არავის აინტერესებს.
– მაინც რომელი ვარიანტი სჯობს იმათგან, რომლებზედაც დღეს ოპოზიცია მწვავედ კამათობს? ამ ორიდან ერთ–ერთზე თუ შეჯერდნენ, აქვს ოპოზიციას 2024 წლის არჩევნების მოგების შანსი?
– რას ლაპარაკობთ, ვანო მერაბიშვილთან და მამუკა ხაზარაძესთან გაერთიანებულმა ძალებმა როგორ უნდა მოიპოვონ ამ ქვეყანაში რაიმე სიკეთე?! რომელს აქვს გაკეთებული ამ ქვეყანაში სიკეთე?! იმ ორიდან, არც ერთი ვარიანტი არ არის ქვეყნისთვის გამოსავალი და ვერც ერთი ვარიანტის შემთხვევაში ვერ მოიპოვებს ოპოზიცია პარლამენტში უმრავლესობას.
– ბატონო დათო, აქამდე ყველა არჩევნები ისე ჩატარდა საქართველოში, რომ არა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან გამომდინარე ითვლება კონკრეტული პარტიებისთთვის თუ მაჟორიტარებისთვის მიცემული ხმები, არამედ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობიდან. ბოლო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 511 853 იყო. მათგან არჩევნებში მონაწილეობა 1 992 891-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 56.47% გახლავთ, ნახევარზე ოდნავ მეტი. კანონი ხომ არ არის შესაცვლელი, რომ მიღებული ხმების პროცენტი, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან დაითვალოს? მერე ასე ვეღარ „იგრიალებენ“, ამხელა პროცენტებს ვეღარ მიიღებენ.
– კი, მაგაში გეთანხმებით, რაც დაბალია არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა, მით უფრო მაღალ პროცენტს იღებენ „ქართული ოცნება“და ის პარტიები, რომელთა შეყვანაც მას პარლამენტში სურს. არჩევნების გაყალბების მექანიზმიც მუშაობს და ეგ კიდევ დამატებითი ბერკეტია მმართველი პარტიისთვის სასურველი შედეგების დასადებად. აუცილებელია, ელექტრონული, დისტანციური არჩევნების ჩატარება, ბლოკჩეინის მეშვეობით. რაღა დროს ეს ცსკო–ს თავმჯდომარე და ანგარიშებია. თან, იმ საარჩევნო ადმინისტრაციას უზარმაზარ ფულს ვუხდით. ხელოვნური ინტელექტი დათვლის ყველაფერს, დათვლის ხმებს და შეუცდომლად გეტყვის, ვინ რამდენი ხმა მიიღო. ვიდრე ეს არ მოხდება, მუდმივად ვიქნებით ასეთ დღეში – არალეგიტიმურია ხელისუფლება, მოსახლეობის აქტიური ნაწილი გასულია ქვეყნიდან, ეს გაქცეული ხალხი საარჩევნო სიებშია დარჩენილი, მათ ხმებს იწერს ხელისუფლება, გაყალების სხვა მექანიზმებიც აქვთ. ასევე, ამომრეჩევლის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ეს და კიდევ ბევრი სხვა არის მიზეზი, რომ დღემდე ეს ხელისუფლება გვყავს და ვერ მოვიშორეთ. ეს ყველაფერი უნდა გადაიკეტოს და ამის ერთადერთი საშუალებაა, რომ დისტანციურად შეეძლოთ ადამიანებს ხმის მიცემა. დანარჩენი, რაზეც არ უნდა ვილაპარაკოთ, რაც ამათ გაურთულებს ხელისუფლებაში დარჩენას, ბარიერის დაწევა იქნება თუ სხვა რამ, ესენი არაფერს შეცვლიან. პირიქით, მაქსიმალურად ცდილობენ. ყველა საარჩევნო კანონი და პროცედურა სათავისოდ მოირგონ. სულ არ უნდათ ბევრი ამომრჩეველი. მაგ ნაბიჯს არ გადადგამენ, რადგან ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან რომ დათვალო მიღებული ხმების პროცენტი, მაშინ ვერც ერთი პარტია ვერ მიიღების ხმების უმრავლესობას, ვერ შედგება არჩევნები. მერე ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს, ჩატარდეს და ბოლოს შეიძლება ისე წავიდეს საქმე, რომ საერთოდ ვერ აირჩიოს ხალხმა პარლამენტი, ამ ქვეყანაში არჩევნები აღარ ჩატარდეს. ამომრეჩევლის 56%–ის მიერ არჩეული პარლამენტი არალეგიტიმურია და ასეთი არჩევნები არადემოკრატიულია, რად უნდა ბევრი მაგას ბევრი ლაპარაკი. გაყალბებას და სხვა მაქინაციებს თავი რომ დავანებოთ, ასეა. თუ ჩავეძიებით, 10–15% აქედან გაყალბებულია ეს რომ გამოვაკლოთ იმ 56%–ს, რეალურად გამოდის უმცირესობის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს უმრავლესობას, ქვეყანას. ეს არის ამათი დემოკრატია. 2020 წელს, 44%–მდე ამომრჩეველი რომ არ მივიდა არჩევნებზე, ეს დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის ბრალია, იმედი ჩაუკლეს ხალხს. ერთია, რომ არც „ქოცები“ მოსწონს და არც „ნაცები“ ამ ხალხს და მთავარი ის არის, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლისა აღარ სჯერათ. არ ვიცი, მომავალში იქნებ შეიცვალოს ვითარება და ის ხალხი, ვინც არჩევნებზე არ დადის, რაღაც გზით მივიდეს და ხმა მისცეს თავის რჩეულ პარტიას. არც იმას გამოვრიცხავ, რომ სავალდებულო გახდეს არჩევნებში მონაწილეობა, როგორც ეს ზოგიერთ ქვეყანაშია. ოღონდ, ეს მხოლოდ დისტანციური არჩევნების პირობებში იქნება შესაძლებელი, როდესაც ხალხს ეცოდინება, რომ მათი ხმები არ დაიკარგება, ვისაც მისცემენ ხმას, იმ პარტიას მიემატება. ეს ხელისუფლება ქვეყნისთვის არის ჩიხი და რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს. თუ რეალურად ხალხი არ გადაწყვეტს, ვინ იქნება ხელისუფალი, მანამდე ქვეყანაში არაფერი შეიცვლება. ვითომ რაღაცა შეთანხმებებია, ვითომ რაღაცა 12 პუნქტის შესრულება… 12 კი არა, 32 პუნქტი რომ შეასრულონ, მაინც არაფერი შეიცვლება. პირდაპირ ევროკავშირის წევრი რომ გახდეს საქართველო, ამ პოლიტიკური სპექტრის პირობებში არაფერი შეიცვლება. რა უნდა შეიცვალოს? ამათ ხალხისთვის შრომა არ უნდათ, ხალხის კეთილდღეობისთვის ხელის განძრევა არ უნდათ, ტვინაღრძობი ხალხია. ხალხისთვის მებრძოლი პოლიტიკოსები არ გვყავს. მარტო ის ადარდებთ, თვითონ როგორ დაბინავდნენ, როგორ დასაქმდნენ. ეს არის მთავარი და ეს უნდა ამოიძირკვოს. პოლიტიკა არ უნდა იყოს ფულის შოვნის საშუალება. რაც მეტ ფულს ხარჯავენ არჩევნებში, მით უფრო მეტ მანდატს იღებენ და მერე ძარცვავენ ქვეყანას იმ მანდატების რაოდენობის პროპორციულად. ეს პრინციპი მუშაობს უკვე ათწლეულებია. ეს უნდა მოიშალოს. ვიდრე ფული გადაწყვეტს ჩვენთან არჩევნებს, ამ დღეში ვიქნებით, ამ წუმპეში ვიქნებით. ნურავის ნუ ექნება იმედი, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს თუ მივიღებთ, მაშინვე გვეშველება. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ერთნაირი დემოკრატიაა? ყველგან ერთნაირი არჩევნები ტარდება? ეს ადამიანებსა და მენტალიტეტზეა დამოკიდებული. სკანდინავიის ქვეყნებში ყველანაირი საარჩევნო ადმინისტრაცია რომ გააუქმონ, ხალხი მივა არჩევნებზე, ხმას მისცემს და ერთ ხმას არავის დაუკარგავენ. არიან ქვეყნები, მაღალი დემოკრატიის ხარისხიც აქვთ, ზოგიერთები ევროკავშირის წევრებიც არიან, მაგრამ სულ პრობლემები აქვთ არჩევნების დროს. არიან ქვეყნები, რომლებიც ყველანაირად ამარტივებენ, გამჭვირვალეს ხდიან საარჩევნო პროცედურებს, ჩვენნაირი ქვეყნები კი ცდილობენ, რაც შეიძლება გაართულონ ყველაფერი, ახლართონ, რათა მაქსიმალურად გაუმჭვირვალე იყოს არჩევნები და ყველა სიბინძურის გაკეთების საშუალება მიეცეთ. თუ ჩვენ მენტალურად შევიცვლებით, გადავწვეტთ, რომ ნორმალური სახელმწიფო ავაშენოთ, მაშინ ექნება აზრი საარჩევნო ცვლილებებს,ბარიერის პროცენტებს და სხვა დანარჩენს. გასაძარცვად განწირული ქვეყანა ვართ, ყაჩაღების ხელში ვართ. 2020 წლის არჩევნები გაიხსენეთ. რას დაპირდა „ქართული ოცნება“ ამომრჩვეველს. არც არაფერს. 2024 წელს გავაკეთებთ ევროკანდიდატობის განაცხადს, მანამდე არაფერს ვაპირებთო. მარტო იმას იძახიან, რომ „ნაცმოძრაობა“ ცუდია. ეს უკვე დიდი ხანია ვიცით და როდემდე უნდა იძახონ, აღარ მობეზრდათ?! უნდა დასრულდეს ეს მარაზმი, თორემ ნელ–ნელა ყველანაირ პერსპექტივას დაკარგავს ქვეყანა.
კომენტარები