საპატრიარქოს კულუარებში დიდი ხანია მიდის ვნებათაღელვა და მითქმა-მოთქმა, არსებობს თუ არა პატრიარქის ანდერძი და ვინ არის ილია მეორეს რჩეული მეუფე საპატრიარქოს ტახტისთვის. ასევე, დიდი ხანია დაწყებულია „დიდი მზადება“ ერის სულიერი მოძღვარობისთვის და ილია II-ის მემკვიდრეობისთვის. საქართველოს პატრიარქობის მსურველი ზოგიერთი მეუფე საქმის გადაწყვეტას პოლიტიკური ნიშნითაც ცდილობს. რამდენიმეს ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ იმედი აქვს, ზოგიერთს იმედები გადაეწურა, რადგან ახლა საქართველოში, პოლიტიკურად, მათთვის ხელსაყრელი დრო ან აღარ არის და წავიდა და ან არც დამდგარა და დიდი ალბათობით, არც დადგება.
საპატრიარქოდან ინფორმაციამ გაჟონა და „2020NEWS“-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ე.წ. “ციანიდის საქმის“ საუკუნის სკანდალამდე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, დაწერილი ჰქონდა ანდერძი, სადაც საკუთარი რჩეულის ვინაობა დასახელებული ჰქონდა და ეს იყო ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი. „ციანიდის საქმის“ შემდეგ კი მონასტერი ისე აირია, რომ არავინ იცის, ილია მეორე საკუთარ ანდერძს „გადაათეთრებს“ ან უკვე „გადაათეთრა“, ან საერთოდ არსებობს თუ არა კიდევ ეს ანდერძი.
ანდერძის შესახებ იცოდა თუ არა რამე მეუფე პეტრემ, „2020NEWS”-მა ვერ დააზუსტა, რადგან მან არც დაადასტურა და არც უარყო ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია და მხოლოდ ის განაცხადა, რომ ამ საკითხზე მხოლოდ მას შემდეგ ისაუბრებს, როდესაც სამართალი აღდგებოდა.
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე (ცაავა) ჯერ ილია II-ის გადადგომას ითხოვს. “2020NEWS“-თან საუბარში მეუფე პეტრე აცხადებს, რომ პატრიარქის მოსაყდრე შიოს კანონის შესაბამისად მოქმედების საშუალება უნდა მიეცეს.
“რჯულის კანონი დარღვეულია, პატრიარქის მიერ მოსაყდრედ დასახელებული შიო სინოდის სხდომებს უნდა ატარებდეს და მომავალი პატრიარქის არჩევას უნდა ხელმძღვანელობდეს. პარტრიარქმა შიო მოსაყდრედ დაასახელა, ამიტომ ილია II უნდა გადადგეს და მოსაყდრე შიოს უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედოს.
ვთვლი, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა შეურაცხყოფა მიაყენა სინოდის წევრებს მაშინ, როცა სინოდის სხდომიდან ერთი თვის შემდეგ, შიოს მოსაყდრედ დასახელების შესახებ თავისი ბრძანება გაახმოვანა.
დღეს კათოლიკს-პატრიარქი თავისი ბინძური გარემოცვის მეშვეობით, ეკლესიას უკანონოდ, უსამართლოდ და ერთპიროვნულად მართავს, რაც კანონდარღვევაა. ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც გამოსასწორებელია“,- განაცხადა მეუფე პეტრემ.
„2020NEWS“ ამ საკითხთან დაკავშირებით მამა ანდრია ჯაღმაიაძეს დაუკავშირდა, რომელმაც სააგენტოს უთხრა, რომ პატრიარქს უკვე დასახელებული ჰყავს თანამოსაყდრე მეუფე შიო და ანდერძის არსებობას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს.
როგორც ჯაღამაიძემ “2020NEWS“-თან განაცახდა, ეს სენსიტიური თემაა და ასეთის არსებობის შემთხვევაში, წყარომ ინფორმაცია ფაქტებით უნდა დადასტუროს.
“დაწერილი ანდერძის შეასახებ არაფერი ვიცი. თუ ვინმე ასეთ ინფორმაციას ავრცელებს, მას შესაბამისი მტიკიცებულებები უნდა მოსთხოვოთ. პატრიარქს აღარ დასჭირდება ანდერძის დაწერა, რადგან მან თანამოსაყდრედ შიო უკვე დაასახელა“, – განუცხადა სააგენტოს მამა ანდრიამ და აქვე დასძინა, რომ საკითხის გააქტიურების შემთხვევაში, მაშინ როდესაც ახალი პატრიარქის არჩევა დადგება დღის წესრიგში, მოსაყდრე შიო პატრიარქობის ერთ-ერთი კანდიდატი ნამდვილად იქნება.
თავად მეუფე დიმიტრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ანდერძის შინაარსის შესახებ არაფერი იცის, თუმცა ის ფაქტი, რომ პატრიარქი ტოვებს ანდერძს, უკვე ტრადიციულია.
„პატრიარქი ტოვებს ანდერძს, მაგრამ ეს არის მისი ერთი ხმა. როდესაც ხდება მოსაყდრის არჩევა, ამ მოსაყდრის ფუნქციაა კრება მოიწვიოს ახალი პატრიარქის ასარჩევად და მიწას მიაბაროს გარდაცვლილი“, – აცხადებს მეუფე დიმიტრი.
მეუფე შიოს თანამოსაყდრედ დასახელება „არ აღელვებს“ მეუფე იაკობს, პატრიარქი ყოფილ ქორეპისკოპოსს. საპატრიარქო კულუარებში აცხადებენ, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქობის ამბიცია მეუფე იაკობსაც აქვს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან დაახლოებული პირია.
რამდენიმე წლის წინ, სამების საკათედრო ტაძრის დიაკონმა, მამა ელიზბარ დიაკონიძემ „ასავალ-დასავალან“ საუბრისას განაცხადა, რომ წმინდა სინოდში პატრიარქის ანდერძი ბევრს აშინებს:
„პატრიარქს ანდერძით ჰყავს შერჩეული თავისი მოსაყდრე და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ ოდესღაც მაინც გაიხნება მისი ანდერძი… როცა ადამიანს პატრიარქად აკურთხებენ, მეორე დღესვე წერენ ანდერძს, რადგან, უფლის გარდა, არავინ უწყის ვინ რამდენ ხანს იცოცხლებს.
პატრიარქობიდან 15 და 20 წლის თავზე უწმინდესმა ეს ანდერძი გამოცვალა. ახლა მის ანდერძში სულ სხვა პიროვნებაა ჩაწერილი, რომელმაც კათოლიკოს-პატრიარქის აღსრულების შემდეგ, საპატრიარქო ტახტი უნდა დაიკავოს. ბუნებრივია, სინოდში პატრიარქის ანდერძი ძალიან ბევრს აშფოთებს, რადგან არ იციან თუ ვინ ჰყავს პატრიარქს თავის ანდერძში ჩაწერილი და ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც კი უწმინდესის ანდერძი აღსრულდება, ეკლესიაში მოკალათებულ კლანებს ფრთები შეეკვეცება“, – აცხადებდა მამა ელიზბარი საგაზეთო ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ვერავინ აზუსტებს, არსებობს თუ არა პატრიარქის ანდერძი, რადგან არავინ გამორიცხავს, რომ ილია მეორეს შესაძლოა, ანდერძი დაწერილი ჰქონდეს.
„ანდერძი, მისი დაწერის შესაძლებლობა და ისიც, თუ ვის ჩაწერს ამ ანდერძში, არის მხოლოდ მოქმედი პატრიარქის ექსკლუზიური უფლება და იგი ვალდებული არ არის, ან მისი დაწერის ფორმა ან შინაარსი შეუთანხმოს ვინმეს“, – განმარტავს მამა ანდრია ჯაღმაიძე.
რამდენად უკავშირდება ე.წ. „ციანიდის საქმე“ საპატრიარქო ტახტისკენ მიმავალ გზას ან საუკუნის სკანდალმა შეიწირა თუ არა მეუფე დიმიტრის „საპატრიარქო მომავალი“, უცნობია, თუმცა არსებობს მშრალი ფაქტები:
დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელმაც მღვდელმსახურება სწორედ მეუფე დიმიტრის ეპარქიაში დაიწყო, 2017 წლის დასაწყისში დააკავეს. ყველაზე ხმაურიანი საქმის რამდენიმეთვიანი მიმდინარეობის ფონზე, 2017 წლის 23 ნოემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თანამოსაყდრედ მეუფე შიო (მუჯირი) დაასახელა და ამით საპატრიარქო ტახტის დაკავებასთან დაკავშირებული სურვილები და ამბიციები ჩააცხრო. დიდი ალბათობით, დროებით.
რადგან, როგორც „2020NEWS“-ს ინფორმირებული წყარო ეუბნება, თანამოსაყდრის დასახელების მიუხედავად, ილია მეორის საპატრიარქო ანდერძი არსებობს, სადაც ერის სულიერ მოძღვარს საკუთარი რჩეული დასახელებული ჰყავს!
და ვიდრე ჯერ ყველაფერი გადაწყვეტილი არ არის და საქართველოს ეკლესიას საკუთარი საჭეთმპყრობელი ჰყავს, ყველაზე გავლენიანი და რეიტინგული ადამიანი საქართველოში; ვიდრე მრევლი – ილია მეორის სულიერი შვილები მის დღეგრძელობასა და დიდხანს სიცოცხლეზე ლოცულობენ, საპატრიარქო ტახტის მემკვიდრეობის მსურველები საქართველოს სახელისუფლო კულუარების გარდა, ხან აშშ-ში დადიან და ხან რუსეთში. არიან ისეთებიც, ვისაც ხალხის ძალის და მრევლის მხარდაჭერის იმედი აქვს და ხალხთან „გადიან კონსულტაციას“.
ყველაზე მყარი ფაქტი კი ის არის – რომ საქართველოს ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე ბრძენი, ჭკვიანი და ძალიან გავლენიანი პატრიარქი ილია მეორე, რომელიც უკვე 42 წელია ერის სულიერი მამა, რომელმაც ბევრ ქარტეხილს გაუძლო და საქართველოს ეკლესიის გაძლიერება შეძლო.
„ეს 42 წელი, რომელიც დამაკისრა მამა ზეციერმა, იყო უმძიმესი წლები, მაგრამ თქვენი თანადგომა და თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეს“, – ამბობს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
კომენტარები