აშშ-ში ექსტრადირებული ნეონაცისტური და ძალადობრივი დაჯგუფების, „მანიაკთა მკვლელობის კულტის“, ლიდერმა მიხაილ ჩხიკვიშვილმა ბრალი აღიარა. გამოძიების ინფორმაციით, ჩხიკვიშვილი გეგმავდა ებრაელი ბავშვებისა და რასობრივი უმცირესობების მიმართ ტერორისტულ თავდასხმას ნიუ-იორკში, მათ შორის – ახალი წლის ღამეს მოწამლული კანფეტების დარიგებასა და აფეთქებების მოწყობას. მისი თანამოაზრეების რეკრუტირების მცდელობა ჩაიშალა მას შემდეგ, რაც პირთაგან ერთ-ერთი FBI-ს აგენტი აღმოჩნდა, რის შემდეგაც ჩხიკვიშვილი მოლდოვაში დააკავეს და აშშ-ს გადააბარეს.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩხიკვიშვილის მიერ გავრცელებულ ძალადობრივ მანიფესტს უკვე მოჰყოლია რამდენიმე რეალური თავდასხმა, მათ შორის ტენესის სკოლაში 17 წლის მოზარდის მიერ გახსნილი სროლა და თურქეთში გამართული დანით თავდასხმა, სადაც თავდამსხმელები მის ტექსტებს და დაჯგუფების მოწოდებებს იმეორებდნენ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩხიკვიშვილს კავშირი ჰქონდა ნაცისტურ-სატანისტურ ქსელებთან, მათ შორის Tempel ov Blood-სა და „ცხრა კუთხის ორდენთან“. ინტერვიუებში, რომლებიც დაჯგუფების მხარდამჭერმა გამოცემამ გაავრცელა, ის საკუთარ თავს „ტრადიციულ სატანისტს“ უწოდებდა და ძალადობრივ იდეოლოგიებს ავრცელებდა.
ჩხიკვიშვილს აშშ-ში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წახალისება, მასობრივი ძალადობისკენ მოწოდება და ტერორისტული გეგმის შემზადება ედება ბრალად.














კომენტარები