მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ციფრული ჯანმრთელობისა და ინოვაციების დეპარტამენტის ექსპერტი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი:
ამ დღეებში The Lancet-ში გამოქვეყნებული მიმოხილვა წარმოადგენს mRNA ვაქცინების შესახებ დღემდე ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ სამეცნიერო შეფასებას. კვლევა აერთიანებს ლაბორატორიული კვლევების, კლინიკური ცდებისა და რეალური პრაქტიკის მონაცემებს და მოიცავს mRNA ვაქცინების განვითარების მთელ ციკლს — დიზაინიდან და წარმოებიდან დაწყებული, მათი ეფექტიანობისა და უსაფრთხოების პოსტმარკეტინგული მონიტორინგით დასრულებული. მიმოხილვა ეფუძნება 2020–2025 წლებში დაგროვილ მტკიცებულებებსა და მსოფლიოში გამოყენებული მილიარდობით დოზის ანალიზს.
კვლევის მიხედვით, mRNA ვაქცინებმა მაღალი ეფექტიანობა აჩვენეს COVID-19-ისა და სხვა ინფექციური დაავადებების მძიმე მიმდინარეობის, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის პრევენციაში. სხვადასხვა კვლევის გაერთიანებული ანალიზის საფუძველზე, მათი ეფექტიანობა შეადგენდა დაახლოებით 87%-ს SARS-CoV-2-ით დადასტურებული ინფექციის, 93%-ს ჰოსპიტალიზაციის და 94%-ს სიკვდილიანობის თავიდან აცილების თვალსაზრისით ვაქცინაციიდან 14–42 დღის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში და ახალი ვარიანტების, განსაკუთრებით Omicron-ის, გავრცელების ფონზე ეფექტიანობა ნაწილობრივ შემცირდა, ბუსტერ-დოზებმა მნიშვნელოვნად აღადგინა დაცვა, განსაკუთრებით მძიმე დაავადების წინააღმდეგ.მიმოხილვა ადასტურებს, რომ mRNA ვაქცინები ეფექტიანად იცავენ სხვადასხვა ასაკისა და რისკ-ჯგუფის წარმომადგენლებს, მათ შორის ბავშვებს, ორსულებსა და იმუნოდეფიციტის მქონე პირებს. ავტორები აღნიშნავენ, რომ ვაქცინების ფორმულაციის რეგულარულმა განახლებამ შესაძლებელი გახადა მათი ეფექტიანობის შენარჩუნება ახალი ვირუსული ვარიანტების გავრცელების პირობებშიც.უსაფრთხოების შეფასებისას ავტორები ხაზს უსვამენ, რომ, როგორც ყველა სამედიცინო ინტერვენციას, mRNA ვაქცინებსაც შეიძლება ახლდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა მძიმე გართულებები ძალზე იშვიათია. რეალური პრაქტიკის მონაცემებით, მეორე დოზის შემდეგ მიოკარდიტისა და პერიკარდიტის სიხშირე შეადგენდა დაახლოებით 12.6 შემთხვევას მილიონ დოზაზე Pfizer-BioNTech-ის და 35.6 შემთხვევას მილიონ დოზაზე Moderna-ს ვაქცინისთვის. ამასთან, COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში აღნიშნული გართულებების განვითარების რისკი მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყო, ვიდრე ვაქცინაციის შემდეგ. სხვა სერიოზული გვერდითი მოვლენებიც უკიდურესად იშვიათად ფიქსირდებოდა, ხოლო ყველაზე გავრცელებული რეაქციები — ტკივილი ინექციის ადგილზე, დაღლილობა და ცხელება — უმეტეს შემთხვევაში მსუბუქი და დროებითი იყო.მიმოხილვა ასევე პასუხობს mRNA ტექნოლოგიის შესახებ გავრცელებულ მცდარ წარმოდგენებს. ავტორები განმარტავენ, რომ mRNA ვაქცინები არ ცვლიან ადამიანის გენეტიკურ მასალას (დნმ-ს). mRNA მხოლოდ დროებით აწვდის უჯრედებს ინფორმაციას ვირუსის უვნებელი ცილის წარმოსაქმნელად, რაც იმუნურ სისტემას ასწავლის ინფექციის ამოცნობასა და მასზე რეაგირებას. როგორც mRNA, ისე მისი ლიპიდური ნანონაწილაკების მატარებელი სისტემა სწრაფად იშლება და ორგანიზმიდან გამოიდევნება.COVID-19-ის მიღმა, ავტორები mRNA ტექნოლოგიას განიხილავენ, როგორც ფართო პოტენციალის მქონე პლატფორმას.მიმდინარეობს გრიპისა და რესპირატორული სინციტიური ვირუსის (RSV) საწინააღმდეგო ვაქცინების, პერსონალიზებული ონკოლოგიური ვაქცინებისა და სხვა RNA-ზე დაფუძნებული თერაპიული მიდგომების განვითარება. ავტორების შეფასებით, COVID-19-ის პერიოდში მიღებულმა გამოცდილებამ მნიშვნელოვნად დააჩქარა ამ ტექნოლოგიის შემდგომი განვითარება.მიმოხილვის ავტორები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ საზოგადოების ნდობის, ინფორმაციის გამჭვირვალედ მიწოდებისა და ვაქცინებზე თანასწორი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე. მათი შეფასებით, ვაქცინაციის არათანაბარი მოცვა მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო დეზინფორმაციითა და საზოგადოებრივი ნდობის პრობლემებით. ამიტომ ისინი რეკომენდაციას უწევენ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ კომუნიკაციას, უსაფრთხოების უწყვეტ მონიტორინგს, საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებას, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში, ტექნოლოგიების გადაცემასა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას.ქართველი ანტივაქსერების დიდი არმიის საყურადღებოდ ეს მიმოხილვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ COVID-19-ის გამოცდილება მხოლოდ ერთი ვაქცინის წარმატების ისტორია არ არის. იგი აჩვენებს, რომ სამეცნიერო ინოვაცია, უსაფრთხოების მკაცრი მონიტორინგი და რეალური პრაქტიკის მონაცემების უწყვეტი შეფასება თანამედროვე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილია.
ავტორები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, არამედ მათი უსაფრთხოების მუდმივ შეფასებას, ტექნოლოგიების გადაცემას, ადგილობრივი საწარმოო შესაძლებლობების გაძლიერებასა და გლობალური თანამშრომლობის გაფართოებას, რათა mRNA ტექნოლოგიამ მომავალშიც მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს როგორც პანდემიების, ისე სხვა დაავადებების პრევენციასა და მკურნალობაში.











კომენტარები