“ალიას” თხოვნით მიმართა თბილისის, საბურთალოს რაიონის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების (ყოფილი დელისის ჩიხი) მაცხოვრებლებმა.
მაცხოვრებელთა თქმით, თითქმის უკვე სამი თვეა კანალიზაციის სისტემაა დაზიანებული და გზის სავალ ნაწილზე უხვი რაოდენობით მოედინება ფეკალიებით და ტუალეტის ნარჩენებით სავსე წყლის მასა, დგას საშინელი სუნი, რომელიც საცხოვრებელ ბინებშიც აღწევს. მათი თქმით, არაერთხელ მიმართეს საბურთალოს რაიონის გამგეობას, ბოლოს, მათვის დამაიმედებელი არგუმენტი იყო ის, რომ იქვე მდებარე მიხეილ ასათიანის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა, რის დამთავრების შემდგომ ავტომატურად მოგვარდებოდა ამ ჩიხში დაზიანებული საკანალიზაციო სისტემაც, თუმცა აღმოჩნდა რომ ეს სრულიად სხვადასხვა ხაზია, დავადგინეთ, რომ ზალდასტანიშვილების ქუჩის საკანალიზაციო სისტემა სულ სხვა ხაზია – ამბობენ ადგილობრივები.
ადგილზე მისულებს მართლაც საშინელი სურათი დაგვხვდა, მოედინება ფეკალიების მდინარე, რომელიც ქვედა კორპუსებისკენ ჩადის, დგას აუტანელი სუნი, იქვე ფაქტობრივად ორ ნაბიჯშია სტადიონი ” საბურთალო,” სადაც განუწყვეტლივ რეჟიმში ვარჯიშობენ მოზარდთა სხვადასხვა გუნდები, იმართვება ტურნირები, აქვეა ასევე ჩოგბურთის კორტები, უამრავი ტურისტი სარგებლობს ამ კორტებით.
ქუჩის მაცხოვრებლები ვაჟა ფშაველას გამზირის გადაკეტვით იმუქრებიან, თუკი რაიონის გამგეობა, ქალაქის მერია არსებულ პრობლემას უმოკლეს დროში არ გადაწყვეტს.
“ალია” დაუკავშირდა საბურთალოს რაიონის გამგეობას, გამგეობამ არსებულ პრობლემაზე პასუხისმგებლობა, კომპანია” ჯივიპის” დააკისრა, გამგეობის წარმომადგენლის განმარტებით :
– საბურთალოს რაიონის გამგეობა, პირველივე დღიდან ინფორმირებულია აღნიშნული პრობლემის შესახებ. არაერთხელ გადავეცით ინფორმაცია იმ კომპანიას, რომლის ვალდებულებაცაა აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა. მოსახლეობას გავუწიეთ შუამდგომლობა. ამ ეტაპზე, კომპანია GWP-ი აწარმოებს სამუშაოებს, რათა მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა. დეტალებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ GWP-ს, რათა მიიღოთ დეტალური ინფორმაცია.
დავუკავშირდით ასევე GWP-ს, კომპანიის პასუხი ასეთია :
– ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მ. ასათიანის ქუჩა N5-ის მიმდებარედ წყალარინების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ატარებს. ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში რთული ტექნიკური სამუშაოები 28 ივნისს დაიწყო და 20 ივლისს დასრულდება. სამუშაოების მიმდინარეობისას ჯივიპის ტექნიკური ჯგუფის მიერ იცვლება წყალარინების ქსელის ამორტიზებული მონაკვეთი და ეწყობა სამი ახალი საკვანძო ჭა. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოწესრიგდება გზის მონაკვეთი და დაიგება ასფალტის საფარი.
გთავაზობთ ფოტოებს ადგილიდან:
ავტორი: ალია.
კომენტარები