ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება იურისტი, ვალერი გელბახიანი.]
– „ნაცმოძრაობაში“ დიდი აურზაურია და რა მოხდება, დაიშლება ეს პარტია?
– ყველა პარტიას აქვს სისხლის გადასხმის, განახლების პერიოდი. ალბათ, „ნაცმოძრაობაშიც“ ეს პროცესი მიდის ახლა. მე ასე ვხედავ… მიხეილ სააკაშვილი ჩამოშორებულია პარტიის მართვას, მიშვებული ჰყავს. არანაირი ფორმით აღარ მონაწილეობს პარტიის მართვაში. აქედან გამომდინარე, დილემის წინაშე აღმოჩნდნენ პარტია, მისი ლიდერები. დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვეღარ ღებულობენ და ერთმანეთს დაუწყეს გადაბრალება იმ შედეგებისა, რა შედეგებიც სახეზეა. დიდი უკმაყოფილებაა იმის შესახებ, რომ პარტიამ ვერაფერი გააკეთა იმავე მთავრობასთან მიმართებაში, რომ აეძულებინა და მას რაღაც ნაბიჯები გადაედგა, დათმობებზე წასულიყო, ან მიშა სააკაშვილისთვის გადაევადებინათ სასჯელი და გადაეყვანათ უცხოეთში სამკურნალოდ. ამ მხრივ ვერაფერი გააკეთეს, ამან გამოიწვია უკმაყოფილება და დაიწყო ერთმანეთის მიმართ ბრალდებები. მე კატასტროფას ვერ ვხედავ, რადგან პარტიაში უნდა იყოს მუდმივი განახლების პროცესი, პროგრესისათვის ხელის შეწყობა და მხარდაჭერა. ვფიქრობ, ასეც იქნება, გამოცდილი პარტიაა, ბევრ შეტევას და გამოწვევას გაუძლო და ვფიქრობ, უფრო მყარი ხასიათი უნდა მიიღოს შიდა პარტიულმა სისტემამ. ეს უნდათ პარტიაში, წამსვლელი წავა, დამრჩენი დარჩება. ყველა პარტიაში 4 წელიწადში ერთხელ რომ იყოს წმენდა, კადრების გადახალისება, მაშინ ქართული პოლიტიკა გაჯანსაღდებოდა, კონკურენტუნარიანი იქნებოდა. დღეს ჩვენი პარტიები ჰგავს დუქნებს, ერთი კაცი ქმნის პარტიას და დანარჩენები არიან ამ ლიდერის მოსამსახურეები. ეს სიტუაცია იყო „ნაცმოძრაობაშიც“ და ვფიქრობ, ახლა იცვლება ვითარება. კონკურენციამ უნდა გააჯანსაღოს პარტია და არა ბატონყმურმა დამოკიდებულებამ.
– ნიკა მელია დარჩება, მოიყვანს ახალ კადრებს და ძველ სახეებს გაუშვებს? მივა მაქამდე საქმე?
– ნიკა მელია პარტიის არჩეული თავმჯდომარეა, ექნებათ პარტიაში არჩევნები და გამოჩნდება, ისევ უჭერენ თუ არა მხარს პარტიის წევრები მელიას. ამ წუთას, ვფიქრობ, ნიკა მელიას საკითხი არ უნდა იდგეს მწვავედ, უფრო საკადრო პოლიტიკაზეა საუბარი, მე ასე ვიცი. ყველაფერი მალე გაირკვევა, გაურკვეველი არაფერი დარჩება.
– კი, შიდა დემოკრატიული პრობლემაა ყველა პარტიაში. ამას თითქმის ყველა პარტიაში აღიარებენ პირად საუბრებში , მაგრამ ღიად არ საუბრობენ.
-კი, ჩვეულებრივი შიდა პარტიული წმენდა მიდის და არიქა, ინგრევა და იქცევა „ნაცმოძრაობაო“, ასეთი არაფერი ხდება. ეს არის ჯანსაღი პროცესი. „ქართული ოცნება“ რომ დამყაყდა და დაჭაობდა, იქაც რომ დაწყებულიყო ეს პროცესი, მაშინ თავადაც ბევრად უკეთესად ექნებოდათ საქმე და ჩვენც.
– დავით კეზერაშვილთან რა კავშირშია ეს პროცესები? გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ ის ვიცით, რომ პარტიის ერთ-ერთი დამფინანსებელი იყო. სააკაშვილი რომ აღარ არის პარტიის ლიდერი, აღარ სურს პარტიის დაფინანსება, სხვებს არ ენდობაო, ეს ხმებიც ვრცელდება, ასეა?
– დავით კეზერაშვილს, როგორც ჩანს, აქვს თავისი პოლიტიკური ინტერესები. შესაძლოა, პარტიის თავმჯდომარეობაც უნდა. ვნახოთ, ვიდრე ყველაფერი არ გამოიკვეთება, ვერაფერს ვერ გეტყვით დაბეჯითებით. კეზერაშვილი ჩანს, რომ ტელევიზიას აფინანსებს, კეზერაშვილი ჩანს, რომ პარტიულ ცხოვრებაში ერევა, კეზერაშვილი ჩანს, რომ ზოგთან მეგობრობს, ზოგს დირექტივებს აძლევს პარტიაში… ეს ყველაფერი გამოჩნდება, კეზერაშვილის როლი პარტიაში სრულად გამოიკვეთება და მერე ბევრ რაიმეზე შეიძლება ლაპარაკი. ვიდრე არ მაქვს სრული ინფორმაცია, დამაჯერებენ დასკვნებს ვერ გავაკეთებ. პროცესი გამოაჩენს ყველაფერს და მივხვდებით, რასთან გვაქვს საქმე.
კომენტარები