სამხედრო საქმის ექპერტი, გიორგი თავდგირიძე:
“რუსეთ უკრაინის ომი:
რა ვითარებაა მსოფლიოში რუსეთ უკრაინის ომის კონტექსტში:
ომმა მიიღო გლობალური მაშტაბი, ის დასრულდება მსოფლიო ახალი წესრიგით და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურით, მიუხედავად იმისი როგორ დასრულდება.
ომის ასპარეზი:
საბრძოლო მოქმედებების თეატრი – უკრაინის ტერიტორია; პოტენციურად,დიდი ალბათობით რუსეთის და ბელორუსიის ტერიტორიები, აგრეთვე შავი ზღვა; ასევე დიდი ალბათობით, მაგრამ ჯერჯერობით ამის ინდიკატორების გარეშე, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა; მცირე ალბათობით პოლონეთი, ბალტიისპირეთი;
მსოფლიო ეკონომიკა – ეკონომიკის ყველა შემადგენელი, დაწყებული ფინანსებით და საფინანსო ინსტიტუციებით დამთავრებული სასარგებლო წიაღისეულით, როგორც მძიმე მრეწველობა, ასევე მომსახურების სფერო, როგორც პირველადი მოხმარების საგნებით უზრუნველყოფა, ასევე კომფორტი და გართობა;
გარდა ამისა, ომის მხარდაჭერაში ან დამუხრუჭებაში ჩართულია ყველა ის სფერო, რომელიც კლასიკურად ავტომატურ რეჟიმში გადადის ხოლმე, მსოფლიო ომების დროს, ომის კატეგორიებით მოქმედებაზე, ხელოვნებისა და რელიგიური ორგანიზაციების ჩათვლით.
ომის მხარეები:
საბრძოლო მოქმედებებში პირდაპირ ჩართულია უკრაინა, რუსეთი და ბელორუსი, საბრძოლო მოქმედებების მხარდაჭერას ახორციელებს ნატო-ს ბლოკი;
ეკონომიკური ომში ჩართულია დაპირისპირებული მხარეები რუსეთი, ბელორუსი და უკრაინა, ასევე ნატო-ს ბლოკის ქვეყნები. აგრეთვე მსოფლიო ეკონომიკის დანარჩენი მნიშვნელოვანი მოთამაშეები ინარჩუნებენ მინიმუმ ნეიტრალურ პოზიციას და ითვალისწინებენ სანქციის პირობებს ან ცდილობენ გარკვეული მიზნების ( სარგებელის) მიღწევას ისე რომ არ გამოთქვამენ (არ ვაჭროებენ) რუსეთის მხარდაჭერის სურვილს ( შესაძლებლობას)
საბრძოლო მოქმედებაში სახელმწიფოები შეიძლება აღმოჩნდენ რომელიმე მხარეს, იმის მიხედვით, როდის ან რა გარემოებაში იქნა მათ ტერიტორიებზე გადადინებული საომარი მოქმედებები.
ომის მიზნები:
უკრაინისთვის – სუვერენიტეტის აღდგენა მთელ ტერიტორიაზე და უსაფრთხოების მყარი გარემოს შექმნა;
ნატო-სთვის – უახლოესი, საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის გამარჯვების მხარდაჭერა და „რუსეთის მსოფლიო საფრთხის“ პრობლემის მოგვარება, ხოლო საბოლოო მიზანი-მსოფლიო ახალი წესრიგი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ახალი და ეფექტური ინსტრუმენტებით;
რუსეთისათვის – რუსეთის იმპერიის ( და არა საბჭოთა კავშირის ) აღდგენა და მსოფლიო პოლიტიკაზე ენერგორესურსებით ზეწოლის შესაძლებლობის უკონტროლო გაზრდა. ეს ორი მიზანი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული და ერთერთის მიღწევა, ავტომატურად უდრის მეორეს მიღწევას გარკვეულ დროში.
არსებული ვითარება:
საბრძოლო მოქმედებების თეატრზე მიღწეულია პარიტეტი და ჯერ არც ერთი მხარე არ არის მზად აწარმოოს ინტენსიური მოქმედება მოწინააღმდეგის სამხედრო ძალების გასანადგურებლად.
ეკონომიკაში რუსეთმა ვერ გამონახა საშუალებები დაძლიოს ან თუნდაც შეასუსტოს სანქციების უარყოფითი შედეგები. თუ გარკვეული დროის შემდეგ, ეფექტური ზომები არ იქნა მოფიქრებული, სანქციების დამანგრეველი ზემოქმედების შედეგები გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება და აზრს დაუკარგავს საბრძოლო მოქმედებებს.
სავარაუდო გეგმები და მცდელობები:
უკრაინა – საიმედოდ ჩაკეტოს საჰაერო სივრცე და მოამზადოს თუნდაც ერთ მიმართულებაზე წარმატებული შეტევა ან რეიდი, რათა პროვოცირება მოახდინოს რუსეთის სამხედრო დაჯგუფების არაგეგმიურ ოპერატიულ მანევრებს, მათი დაჯგუფების ბრძოლისუნარიონობის მკვეთრად შესუსტების მიზნით. აგრეთვე, კიევის მიმართულებაზე შექმნილი რუსული სამხედრო დაჯგუფება რაც შეიძლება მეტ მანძილზე დააშოროს ქალაქს.
რუსეთი – აიღოს მარიუპოლი, გამოანთავისუფლოს ძალები და ხარკოვისა და ხერსონის მიმართულებებიდან ერთ ერთზე გააძლიეროს ზეწოლა; აგრეთვე იპოვოს რესურსი, თვისი დაჯგუფების რიცხოვნობის გასაზრდელად; არ დაუშვას, რომ იძულებული გახდეს თავდაცვაში გადავიდეს არსებული ოპერატიული განლაგების ფარგლებში, რაც უკრაინელებს შეუქმნიდა ხელსაყრელ პირობებს გადასულიყვნენ შეტევაზე, მათვის ხელსაყრელ მიმართულებაზე და სტრატეგიული ინიციატივა ჩაიგდოთ ხელში.
უკრაინა შეუფერხებლად იღებს სამხედრო დახმარებას და ზრდის თავის სამხედრო პოტენციალს, აფართოებს შესაძლებლობებს და იარაღდება ტექნოლოგიურად უკეთესი საბრძოლო ტექნიკით. რუსეთს გაძნელებული აქვს დამატებითი სამხედრო აღჭურვილობისა და შეიარაღების მოძიება და არ გაჩნია თანამედროვე ტექნოლოგიური იარაღის შესყიდვის ბაზარი. სულ უფრო რთულდები საოკუპაციო კონტიგენტის ერთიანი მართვა და უზრუნველყოფა.
დროის ფაქტორი:
დროის ფაქტორი მუშაობს უკრაინასა და ნატო-ს ბლოკზე, როგორც საომარ მოქმედებების მიმართულებით ისე ეკონომიკურ სფეროში. რუსეთისთვის დროის მაქსიმალურ გაჭიმვას მხოლოდ ერთი მნიშვნელობა აქვს, მშვიდობიანი მოსახლეობაში დიდი მსხვერპლი აიძულებს მოკავშირეებს, რაც შეიძლება მალე შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, ხოლო ეკონომიკური სანქციებით გამოწვეული ზარალი ზრდის უკმაყოფილებას საფინანსო წრეებსა და მოსახლეობაში. ამიტომ, რუსეთი შეეცდება, რაც შეიძლება გაზარდოს ომის ქაოსით მოცული სივრცეების რაოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ამას წარმატების მოპოვებაში რაიმე სამხედრო მიზანშეწონილობა არა აქვს. თანაც, რუსეთს აღარ აქვს ომის სწრაფად დამთავრების არანაირი ბერკეტი, ამიტომ მან უნდა გაზარდოს ომის ღირებულება და სიმძიმე, იმდენად რომ რაც შეიძლება მეტი მიიღოს მოლაპარაკების დროს. თუნდაც პუტინის მხრიდან მართველობის შენარჩუნება რუსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში, შემდგომი რევანშის იმედად. ეს კი მხოლოდ დროის გაჭიმვისა და საბრძოლო მოქმედებების რაც შეიძლება დიდ სივრცეზე გადადინებით მიიღწევა.
მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარი:
უკრაინასთან ბრძოლებში გარდატეხის შეტანის ერთი ან რამდენიმე მცდელობის შემდეგ, რუსეთი დაიწყებს საბრძოლო მოქმედებების არეალის გაფართოებას, გადავა სამამულო ომის რიტორიკის რეჟიმში და ქაოსისა და ჰუმანიტარული კატასტროფების მრავალი პოტენციური კერის შექმნის შემდეგ დაიწყებს მოლაპარაკებას აშშ-თან, საკუთარ საბრძოლო ძალების რუსეთის საზღვრებში დაბრუნების სანაცვლოდ, პუტინის რეჟიმის შენარჩუნებისა და ეკონომიკური სანქციების შემსუბუქების გარანტიების მისაღებად ( მისაღწევად). ამისთვის შესაძლებელია უკრაინასთან დროებითი სეპარატისტული ზავის ან ცეცხლის შეწყვეტის დროებით შეთანხმებების დადებაც კი განახორციელოს.
საქართველო:
მაღალია რისკი საბრძოლო მოქმედებების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოდინების, თუ მოვლენები იმ სცენარით განვითარდა, რაც ზემოდ აღვწერე. დროის პროგნოზირება შეუძლებელია, რადგანაც საბრძოლო მოქმედებების ალბათობა არ ეფუძნება ოპერატიული ვითარების განვითარების ლოგიკას ან მიზანშეწონილობას. ომის გადადინების ალბათობა შემცირდება, თუ უკრაინა სწრაფად გადავა აქტიურ საბრძოლო მოქმედებებზე და იმაზე სწრაფად გაანადგურებს (ჩამოშლის) რუსეთის არმიას, ვიდრე ეს რუსეთს აქვს გათვალისწინებული თავის გეგმებში.”
კომენტარები