ჟურნალისტი, ვახო სანაია:
ნინო წილოსანის ამბავი მარტივადაა და ამასთანავე – რთულად.
ხელისუფლებას წლების განმავლობაში მახვილივით ჰქონდა დაკიდებული მისი ოჯახის თავზე 65 მილიონის გაფლანგვა-მითვისების საქმე. ეს გამოძიება 2013 წლიდან მიმდინარეობს. 2016 წელს მოულოდნელად ჯემალ ჭკუასელის კანდიდატურა შეცვალეს და მის ნაცვლად გურიაში მაჟორიტარად ნინო წილოსანი დააყენეს. არადა ბანერებზე ჭკუასელი იყო გამოკრული.საინტერესო იყო ჭკუასელის განმარტება :ძალიან ბოლო მომენტში ქალბატონ ნინოსაც რაღაც საკითხები ჰქონდა გასარკვევი და მთხოვეს მე. შემდეგ გაირკვა ეს საკითხები და ქალბატონი ნინო წარადგინეს და მე, როგორც ვიყავი თავიდანვე მოაზრებული, გადავედი სიაში.მოკლედ, რა საკითხები გაარკვია ქალბატონი ნინოს ოჯახმა და ვისთან, ამაზე ვარაუდები რად გვინდა, ჩვენ ფაქტებით ვიმსჯელოთ – ივანიშვილმა სრულად მორჩილი დეპუტატი მიიღო პარლამენტში, ამასთან, ნინოს ოჯახზე 65-მილიონიანი გაფლანგვა-მითვისების საქმე ისევ დარჩა მახვილივით სრული მორჩილების გარანტად.შარშან, მარტში, რუსული კანონისთვის ხმის მიცემის, მერე ამავე კანონის იძულებითი ჩაგდებისთვის ხმის მიცემის შემდეგ – როცა წილოსანი ხან ისე აჭერდა თითს ღილაკს და ხან ასე, იმის მიხედვით, როგორც ბატონი უბრძანებდა, ჰოი, საოცრებავ, უკვე აპრილში საქალაქო სასამართლომ მოიფიქრა და 10-წლიანი პერიოდის მერე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა 65 მილიონის საქმეზე.მაგრამ ეს საჩუქარი მთლად საჩუქარი არ გამოდგა. ივანიშვილს მორჩილება დროებით კი არა, სამუდამოდ სჭირდება. ამიტომ შარშანვე, ოქტომბერში, პროკურატურამ საქმე მეორე ინსტანციაში შეიტანა. გამოხდა ხანი. ივანიშვილმა ისევ შემოაბრუნა რუსული კანონი და ნინომაც ისევ მიაჭირა ღილაკს თითი, ბატონის ბრძანებისამებრ.გავიდა რამდენიმე თვე და დადგა საარჩევნო სიის დაკომპლექტების დრო. პოლიტიკურად სრულად დისკრედიტირებული, მაგრამ ივანიშვილისადმი იძულებით ერთგულებაში მყოფი ნინო გადაისროლეს 61-ე ადგილზე. სამაგიეროდ, ამ სიის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე, აგერ ამ თვეს, სექტემბერში, მეორე ინსტანციამაც გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა 65 მილიონის გაფლანგვა-მითვისების საქმეზე. ალბათ ეს ერთგვარი კომპენსაცია იყო. არ გეწყინოს, მართალია, ყველაფერი იკადრე და ყველაფერს უსიტყვოდ ასრულებდი, მაგრამ სიის პირველ სამოცეულშიც კი ვერ იქნები, სამაგიეროდ, მეორე ინსტანციაში გაგიკეთეთ საჩუქარი.მაგრამ არც ეს საჩუქარია მთლად საჩუქარი. არსებობს საკასაციო ინსტანციაც. თუ პროკურატურა იქ წაიღებს საქმეს, მახვილი ისევ დაკიდებულ მდგომარეობაში დარჩება.ხომ ყველაფერი მარტივია. მაშ, რა არის სირთულე ? ის, რომ ხელისუფლება რომ შეიცვლება, ეს საქმე ისევ მართლმსაჯულების ხელში დარჩება – მესამე ინსტანციაში, ოღონდ რეალობა იქნება სხვა. თუ ნინო იმაზე ოცნებობს, რომ ივანიშვილმა ძალაუფლება შეინარჩუნოს, ეს საქმე, როგორც ბასრი მახვილი, ისევ მისი ოჯახის თავზე დარჩება ჩამოკიდებული.ასეთი ამბავია. ამიტომაა ნინო სიაში 61-ე. მოხვდება პარლამენტში თუ ვერ მოხვდება, ეს საკითხი არ წყდება მისთვის – რა ელოდება მომავალში მის წინააღმდეგ კომპრომატს, ესაა მთავარი.
ვნახოთ, რას უბრძანებს ბიძინა პროკურატურას – უჯიგრებს ბოლომდე და დაასრულებს ამ გოგოს წვალებას თუ დაუტოვებს ამ საქმეს დაუსრულებლად.
კომენტარები