ირანის სამთავრობო მედიამ გაავრცელა ქვეყნის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის განცხადება, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ორმხრივი შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.
ხამენეი ,,რეგიონში სამხედრო ესკალაციის გაგრძელების” შემთხვევაში, ირანისა და მისი პროქსი ძალების სახელით, ვაშინგტონს ძლიერი საპასუხო დარტყმებით ემუქრებაა.
,,დიდი სატანის მხრიდან ირანსა და აშშ-ს პრეზიდენტებს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის განმეორებით დარღვევა ყველასთვის კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რამდენად უსარგებლო და არასანდოა აშშ-ს პრეზიდენტის ხელმოწერა”, – ნათქვამია ხამენეის განცხადებაში.
მისივე მტკიცებით, ვაშინგტონს
,,ომის გამოწვევა სურს” და ამერიკული მხარე კიდევ უფრო მძიმე ფასს გადაიხდის.
პარალელურად, გამოცემა Axios-ი იუწყება, რომ ვაშინგტონმა ისრაელი რეგიონში დამატებითი სამხედრო ავიაციის, კერძოდ კი საჰაერო საწვავგამმართველი თვითმფრინავების გაგზავნის შესახებ გააფრთხილა.
მედიის ცნობით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მრჩევლების მიერ წარდგენილ ახალ სამხედრო გეგმებს განიხილავს, რაც ირანზე მასიურ თავდასხმას გულისხმობს, რათა თეირანმა ჰორმუზის სრუტე გახსნას და ბირთვულ მოთხოვნებს დათანხმდეს.
ისრაელელი მაღალჩინოსნების ვარაუდით, ტრამპმა ესკალაციის ბრძანება შესაძლოა უახლოეს დღეებში გასცეს.
დაპირისპირების მწვავე ფაზა აშშ-ს მიერ ირანული რეჟიმის სამიზნეებზე იერიშების განახლებას მოჰყვა, რასაც თეირანმა იორდანიაში, კატარში, ბაჰრეინში, ერაყსა და ქუვეითში მდებარე ამერიკულ ბაზებზე თავდასხმით უპასუხა.
აშშ-ს ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, იორდანიაში ირანული ბალისტიკური რაკეტების დარტყმის შედეგად ორი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, რაც მიმდინარე წლის მარტის შემდეგ აშშ-ის მხარეს მსხვერპლის პირველი შემთხვევაა.











კომენტარები