რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა 9 წლის გიგა კახიშვილი საკლასო წერის ნამუშევრის ფოტო. თემის სათაურია „ქვეყნის სადარაჯოზე“. ნაწერმა უამრავი ადამიანის მოწონება დაიმსახურა.
„მე, გიგა კახიშვილი, ქვეყნის სადარაჯოზე იქამდე ვიდგები, სანამ სისხლი ბოლომდე არ დამეღვრება და პირში ჰაერი არ ამომელევა. ვიბრძოლებ ჩემი ქვეყნისთვის, ან გავიმარჯვებ, ან გმირულად მოვკვდები. მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ჩემმა ქვეყანამ არაკაცად ჩამთვალოს, მინდა მტერს ჩემი ქვეყნის წართმევის შანსი არ მივცე. მინდა თავისუფალი ქვეყანა გვქონდეს“
„ალია“ დაუკავშირდა გიგას ოჯახს და გაირკვა, რომ იგი პრეზიდენტი უნდა გახდეს, ეს უკვე მყარად აქვს გადაწყვეტილი. ასე რომ, გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს მომავალ პრეზიდენტთან, 9 წლის გიგა კახიშვილთან. საუბრის სტილი, სიტყვათა წყობა, სრულად არის დაცული. ყველაფერზე აქვს უკვე თავისი აზრი, რა შეცვალოს განათლების სისტემაში, როგორი უნდა იყოს პრეზიდენტი, როგორ აღმოფხვრას სიღატაკე, როგორ მოერიოს რიცხობრივად დიდ მტერსაც კი.
– მეოთხე კლასში ხარ, როგორც ვიცი, რით განსხვავდება ეს სასწავლო წელი, წინა წლისგან?
– საგნებია უფრო გართულებული და მეტი ენერგიაა საჭირო, მასწავლებელიც უფრო მეტს ითხოვს ჩემგან, ვიდრე მესამე კლასში. არ მომწონს, რომ წელს ყოველ გაკვეთილზე სპირტით მიწევს ხელის დამუშავება, რომ დაფასთანაც ჩემი ცარცით უნდა გავიდე და ასევე არ შემიძილია სხვებს ვათხოვო ნივთები.
– ისე, რომელი სწავლება სჯობს, დისტანციური თუ საკლასო ოთახში?
– კორონავირუსი რომ არ იყოს და ჩვეულებრივად გავაგრძელოთ სწავლა, როგორც ადრე, ის ჯობია! დისტანციური მე არ მინდა, არ შემიძლია მეგობრებთან ურთიერთობის გარეშე, ნორმალურად ვერ გამოველაპარაკები ონლაინ. კარგი ისაა, რომ პირბადეების გაკეთება არ გვიწევს კლასში.
– ეს თემა, საკლასო წერა იყო?
– დიახ. თავისუფალი თემა იყო.
– არ გეშინია, რომ ერთ დღეს ასეთი საპასუხისმგებლო საქმეს უნდა შეეჭიდო?
– არა, არ მეშინია იმიტომ, რომ თუ მე ჩემ ქვეყანას არ დავიცავ, არაკაცი ვიქნები. ისტორიიდან ვიცით, რომ ერთი ქართველი 10-20 მტერს ებროდა ერთდროულად. მირჩევნია, ქვეყნის ბედზე ვიზრუნო, ვიდრე სახლში დავრჩე და კარაქიანი პური ვჭამო
– არ გიფიქია, რომ ომის გარდა, სხვა გზითაც შეიძლება მტრის დამარცხება?
– დიახ. განათლებით შეიძლება მტრის დამარცხება. ჩვენ თუ არ გვაქვს ომისთვის საჭირო ნივთები, განათლება უნდა იყოს ჩვენი მთავარი იარაღი. ყველა მეთოდი უნდა გამოვიყენოთ და არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი ქვეყანა ვინმეს მონა გახდეს.
– კიდევ ვინ უნდა დაიცვა, როცა გაიზრდები?
– ჩემი ოჯახი, ჩემი სამშობლო, მე სადაც დავიბადე და ის ხალხი, ვინც ამ ჩემ სამშობლოში ცხოვრობს, მაგალითად, თქვენ!
– დაცულია დღეს ჩვენი ქვეყანა? დაცული ხარ?
– არა. აი, ასეთი ამბავია, სახლში შემოდის რუსეთი და საუკეთესო ოთახს გართმევს, გეუბნება, ეს შენი ოთახი არ არისო. შენ არ შეგიძლია სხვასთან მეგობრობა, არც ერთ ქვეყანასთან – შენ ხარ მხოლოდ იმ დანარჩენ ოთახებში ჩაკეტილიო – ასეა ახლა საქართველო. შანს არ გვიტოვებს რუსეთი.
– პრეზიდენტი რომ გახდები, რას შეცვლი სკოლებში?
– პირველ რიგში, მასწავლებლებს გავუზრდი ხელფასებს, მეტ შესაძლებლობას მივცემ, რომ ბავშვები უფრო წარმატებულად გაზრდონ. ის ბავშვები რომ გაიზრდებიან, წარმატებულები რომ იქნებიან და ფულიც ექნებათ, საქართველოში სიღარიბე და ფულის თხოვნა აღარ იქნება. რამდენი ადამიანი, რამდენი ბავშვი ზის ქუჩაში და პურის ფულს ვერ შოულობს…
– იცი, ვინ არის ახლა პრეზიდენტი?
– სალომე ზურაბიშვილი.
– რას ურჩევ ამჟამინდელ პრეზიდენტს?
– ეცადოს, საქართველო წინ წაწიოს და ყველაფერი გააკეთოს, რომ აღარ იყოს საქართველოში სიღარიბე, ყველა ღატაკს მივცეთ ბინა, რომ ყველამ იცხოვროს სახლში. კიდევ, ვურჩევ, არ იყოს თავის ოთახში ჩაკეტილი, გამოვიდეს, ხალხს ესაუბროს. ასევე მინდა, რომ კარგი პარლამენტი გვყავდეს, ძალიან გამიხარდება ეს თუ მოხდება.
– ვიცი, რომ პრეზიდენტი უნდა გამოხვიდე. როდის მიხვდი, რომ შენ პრეზიდენტი გახდები?
– 7 წლიდან დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ პრეზიდენტი გამოვიდე, ვიბრძვი ამ მიზნისთვის, კარგად ვსწავლობ. მინდა ჩემი პრეზიდენტობით ხალხს გული გავუხარო და შევქმნა ისეთი საქართველო, რომელიც არასოდეს დამარცხდება.
– რომელი პოლიტიკოსი მოგწონს?
– არც ერთი.
– და ყველაზე მეტად რომელი არ მოგწონს?
– ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც აქციებს ძალადობით შლის, რადგან ადამიანის სხეული შეუფასებელია.
– განათლების მინისტრს რას ურჩევ?
– სკოლებში შემოიყვანონ ისეთი მასწავლებლები, რომლებიც ბავშვებს გენიოსებად ზრდიან. ასევე, მინდა, ძირითად საგნებში ერთი მასწავლებელი გაჰყვეს კლასს მე-12 კლასამდე. მასწავლებლის შეცვლა ზოგჯერ ცუდად მოქმედებს და ბავშვები ისე კარგად აღარ სწავლობენ, თუ ცუდად არიან განწყობილნი. ჩემი მასწავლებელი, ისეთი წყნარია, ისე კარგად მიხსნის ყველაფერს, ცდილობს სასახელო კაცებად და ქალებად გაგვზარდოს. ჩემ მასწავლებელს უნდა, ისტორია კარგად ვისწავლო, არამარტო ჩემი ქვეყნის, მსოფლიო ქვეყნების და მე ამ სურვილს აუცილებლად შევუსრულებ. თუ ისტორია არ იცი, სამშობლო ვერ გეყვარება. თუ არ იცი, როგორ აგვაოხრეს სპარსელებმა, რამდენი სისხლი დავღვარეთ, როგორ გაიგებ, რუსეთი ჩვენი მტერია, თუ მოყვარე? განათლება ყველაზე მნიშვნელოვანია დედამიწაზე, განათლების გარეშე ადამიანი ვერ იცხოვრებს და იქნება ისე, როგორც ამ თბილისის ქუჩებში მათხოვრობს ხალხი.
– შეყვარებული თუ გყავს?
– დიახ, მყავს, თუმცა, ჯერ არ მითქვამს რომ მიყვარს, ჯერ ადრეა. ძალიან ჭკვიანია, თავდაჯერებულია, ჟესტიკულაციით გამოირჩევა და ლექსებს კითხულობს მხატვრულად.
– ჭკვიანი და თავდაჯერებული გოგოები მოგწონს?
– დიახ. ლექსი მივუძღვენი, წავიკითხავ, ლექსს ქვია „ჩემო სულის პეპელა“
„მახსოვს, როგორ დავდიოდით,
გაშლილ, ლამაზ ტბებზე.
როგორ დავდიოდით
გაგიჟებულ ზღვებზე
ჩემო სულის პეპელავ
კიდევ მინდა გნახო
ჩემი გულის ფსკერზე.“
– შენი ჰობი რა არის?
– ფეხბურთის თამაში, წიგნის კითხვა. ბოლოს წავიკითხე „ნუ მოკლავ ჯაფარას“. ჩემი ფავორიტი წიგნი გახდა დღესდღეისობით. თამაშებიდან ასევე, მომწონს ერთი ონლაინ თამაშია, ლექსებს ვწერთ და მეგობრებს ვუგზავნით, იმათ სახელი უნდა დაარქვან და ქულებით შეაფასონ.
– ბევრი შვილი უნდა გყავდეს?
– ოთხი შვილი მინდა, მაგრამ უფალმა თუ იმის ნება მომცა, რომ ოთხ შვილზე მეტი მყავდეს, მე შვილზე უარს არ ვიტყვი. ჩემი გვარის გამგრძელებელზე უარს არ ვიტყვი, არა აქვს მნიშვნელობა ბიჭი იქნება, თუ გოგო, მაინც ჩემი გვარის გამგრძელებელი იქნება, არ ვეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც შვილს მუცლიდან იშორებენ.
– რას ასწავლი შენ შვილებს პირველ რიგში?
– პატივისცემას, თავმდაბლობას, ზრდილობას. ვეცდები, რომ მე როგორიც ვიქნები, იმაზე უკეთესი გახდეს, იმაზე მეტი ჰქონდეს, ვიდრე მე მექნება, იმაზე მეტად მდიდარი იყო, ვიდრე მე ვიქნები.
– რა არის შენთვის სიმდიდრე?
– სიმდიდრე არის, პატარაობაში ნასწავლი. კარგი რამეა სიმდიდრე, მაგრამ ზოგჯერ ცუდიც არის, მაგალითად, როცა ფულის გამო ადამიანები ერთმანეთს კლავენ, აწამებენ. კარგი ის არის, რომ ფულით შეგილია განთლების მიღება, სწავლა, კარგი, ჯანსაღი საკვების ყიდვა, სხვების დახმარება.
– პრეზიდენტი რომ გახდები, ყველას ექნება საშუალება საკუთარი სახლის ჰქონდეს, ეგ უკვე გვითხარი, მაგრამ ხომ არ გაქვს სია უკვე, ვის დახმარებასაც პირველ რიგში ეცდები?
– პირდად არ ვიცნობ, მაგრამ ბევრია. ყოველ დღე 1 ლარი მიმაქვს, რომ ვინმეს მივცე და პურის ფული ჰქონდეს. თუ ისე მოხდა, რომ ერთი დღე გზაზე არავინ შემხვდა, ვისაც დავეხმარები, იმ ფულს არ ვხარჯავ, კატეგორიულად აკრძალული მაქვს იმ ფულის დახარჯვა, მეორე დღეს მიმაქვს ისევ და ვეხმარები გაჭირვებულებს.
თამო კეშელავა, ალია №37
კომენტარები