თამო კეშელავა
„ალიას“ ესაუბრება მწერალი, „ქართული ოცნების“ თანადამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი.
– 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში დაპირებებით, რომ ააყვავებდა სოფლებს, რომ დაგვიბრუნებდა ყოველი ლიტრი ბენიზინის გაყიდვიდან 1 ლარს, რომ კომუნალური გადასახადები არ გაძვირდებოდა, რომ უფასო ფულს გასცემდა, ააშენებდა 100 ქარხანას, აღადგენდა სამართლიანობას და ა.შ… აი, მაგ 2012 წელს, ვინმეს რომ ეთქვა, რომ 9–10 წლის მერე, გარდა იმისა, რომ დაპირებები არ შესრულდებოდა, ღიად დაიწყებოდა იმაზე მსჯელობა, დაბრუნდება, თუ არა საჯარო პოლიტიკაში ვანო მერაბიშვილი, ან დავით კეზერაშვილი – რას უპასუხებდით?
– ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც ემზადება პოლიტიკაში მოსასვლელად, გასცემს დაპირებებს უხვად არჩევნების წინ, ეს ასე ხდება ნებისმიერ ქვეყანაში, იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ დემოკრატიული ქვეყნები არიან. ყველა პოლიტიკური ძალა მანიპულირებს დაპირებებით. 2012 წლამდე დიდი უსამართლობა იყო ქვეყანაში, იყო დარბევები, ზეწოლა, მკვლელობები, წამება, ცოცხებს არ ვიტყვი, ობიექტური ვიქნები, ბოდიში მკითხველთან, ცოცხების უკანალში შეტენვა ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყო დაშინების კიდევ ერთი მცდელობა, მაგრამ წამების ფაქტები ნამდვილად იყო. 2012 წელს მე ვიდექი იქ, იმისათვის, რომ სამართლიანობა აღდგებოდა და პასუხს აგებდა დანაშაულის ჩამდენი. ეს დაპირება რომ შეესრულებინა „ოცნებას“, ნაშთი აღარ უნდა დაეტოვებინა „ნაციონალური მოძრაობის“ და შესაბამისად, ქართული პოლიტიკის მეორე მხარის, არ იყო არც მაშინ სხვა ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩაანაცვლებდა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც პოლიტიკური თამაშის ციებ–ცხელებაში გაუწევდა კონკურენციას „ოცნებას“, ამიტომ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ კოჰაბიტაცია და მე თავიდანვე ვიყავი ამის წინააღმდეგი.
– მეუბნებით, რომ ყველა პოლიტიკური პარტია გასცემს უხვად დაპირებებს და მანიპულირებს, თქვენ იყავით„ ქართული ოცნების“ თანადამფუძნებელი, 2012 წელს იცოდით, რომ ივანიშვილი და მისი პარტია გვატყუებდა და მაინც ედექით გვერდით? თქვენ, მერაბ შათირიშვილმა, იცოდით, რომ ივანიშვილი გვატყუებდა?
– კი არ ვიყავი, ახლაც ვარ პარტიის თანადამფუძნებელი. იმას სულ არ ვფიქრობდი, 2012 წელს, მატყუებს „ოცნება“–მეთქი, ვიდექი უსამართლობის წინააღმდეგ. 2012 წლის მერე ისე განვითარდა მოვლენები, ვერ ვიტყვი, რომ შესრულდა ის, რასაც ხალხს დაპირდნენ, არ შესრულდა. კობახიძემ 1 წლის წინ, ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადა, ჩვენ არ ვართ ანგელოზები, არ მოვწონვართ შეიძლება ზოგს, მაგრამ მაინც გვირჩევს, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა არსებობსო. მეორე მხარეს არის დისკრედიტირებული ძალა, უარყოფითი დივიდენდებით და სულ ვეუბნები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგებლებს, ვიდრე თქვენ არსებობთ, „ქართული ოცნება“ შეინარჩუნებს ხელისუფლებას–თქო.
–არ გეჩვენებათ, რომ უარყოფითი დივიდენდები „ქართულ ოცნებასაც“ დაუგროვდა ამ 10 წელიწადში? სწორედ მაგიტომ დაიწყო საუბარი მერაბიშვილისა და კეზერაშვილის ღიად შემოსვლაზე?
–კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, „ქართული ოცნება“ სარგებლობს ნაციონალური მოძრაობის გაუნულებელი ბიოგრაფიით.
–„ ნაციონალურ მოძრაობაშიც“ დაპირისპირებაა, იმას, რისი გაკეთებაც ვერ გაბედა მელიამ, გააკეთებს ხაბეიშვილი?
– არა, სისულელეა, გაცილებით ექსტრემალი იყო ნიკა მელია, ქარიზმატულიც, ნიკა მელია უფრო ჰგავს მიშა სააკაშვილს, თუნდაც თავისი რადიკალიზმით, ვიდრე ხაბეიშვილი… რაც შეეხება მელიას ფაქტორს – მელია არ წარმოადგენდა დიდ რისკს, როგორც პოლიტიკოსი, ხაბეიშვილის ფაქტორი კიდევ უფრო ითამაშებს „ქართული ოცნებაზე“ და კიდევ მეტ წყალს დაასახამს ხელისუფლების წისქვილზე. მელიამ არჩევნები მოიგო გლდანში, კინაღამ მოიგო არჩევნები მისი თავმჯდომარეობის დროს პარტიამ არაერთ ქალაქში, თუმცა, ცხადია, მეორე ტურში, ისევ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, სწორედ იმიტომ, რომ აბა, „ნაციონალური მოძრაობა“ გინდათ? მაგრამ ნიკა მელიას დროს, გაჩნდა იმის საფრთხე რომ პარტია აღარ ინარჩუნებდა მიშა სააკაშვილის ხაზს და ნიკა მელიას ხაზს კი არ ენდობიან. ხაბეიშვილის პერსონით კი შეინარჩუნებენ მიშა სააკაშვილის ხაზს.
– თქვენ მგონი, ციხეში ჩაჯდომამდე მელია გახსოვთ, ახლა ნიკა მელიაზე თავისი პარტიის წევრებიც კი ამბობენ, რომ ციხიდან გამოსვლის მერე ის აღარაა, რაც იყო.
– ახლა რაღაცას გეტყვით და შეგიძლია ეს დაბეჭდოთ – ხმას არ მივცემ არჩევნებში არასოდეს „ნაციონალური მოძრაობას“, მაგრამ მელია სიმპათიით განმაწყობდა, მას აქვს ქარიზმა, მამამისი ცნობილი ექიმია, უამრავი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი, სხვა გაქანების ოჯახია, ამით ისე კი არ მინდა გამოვიდეს, რომ ხაბეიშვილს ვაკნინებ რამით, არა. ხაბეიშვილსაც სათანადოდ გამოიყენებს „ქართული ოცნება“, ბუნებრივია. რამდენიც უნდა ვისაუბროთ „ქართული ოცნების“ შეუსრულებელ დაპირებებზე, შეფასებითი შეჯიბრისას, მეორე მხარეს „ნაცინალური მოძრაობაა“ და ამის გამო, სადღაც გავჩერდებით კრიტიკისას. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შედარებით, „ქართული ოცნება“ მაინც ჩანს უკეთესად, თორემ, უამრავ ხინჯს ვუპოვით, ცხადია. ჩემი აზრით, მელია, როგორც პოლიტიკური ფიგურა არ განადგურდება და თუ იგი გამოეყოფა „ნაციონალურ მოძრაობას“ და გაიყოლებს პოლიტიკურ მომხრეებს, გაეყოფა ნაციონალურ მოძრაობას ხმები კიდევ ერთხელ.
– ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილზე საუბარი არ გსურთ, ორჯერ ვახსენე უკვე კითხვაში…
– არა, როგორ არ მინდა (იცინის). ხაბეიშვილი თუ აირჩიეს პოლიტიკურ ლიდერად, ჩათვალეთ რომ რეიტინგი გაუნახევრდება პარტიას, დავუშვათ, პირობითად, დღეს თუ აქვთ 10 ერთეული, ხაბეიშვილის თავმჯდომარეობისას ექნებათ 5 ერთეული. ხაბეიშვილი არ არის მოაზროვნე პოლიტიკოსი, ის შემთხვევითაა მოხვედრილი მაგ პარტიაში და ბუნებრივი ინსტიქტებით ვითარდება… რაც შეეხება მერაბიშვილის ფაქტორს, მერაბიშვილმა გამოიარა ქართული „გულაგი“, იჯდა ციხეში, კულისებში მდგარი მერაბიშვილი, თავისი აზროვნებით იქნება რადიკალი, მაგრამ ავანსცენაზე გამოსული მერაბიშვილი ვერ იქნება რადიკალი. მერაბიშვილი ყველაზე საშიშია, მას მეტი ვატორიტეტი აქვს, ვიდრე მელიას, ვიდრე ხაბეიშვილს, ცხადია. მაგრამ თუ ის საჯაროდ გამოჩნდება, ის ვერ იქნება რადიკალი, მას უკვე აქვს კანონის მიმართ შიში. მერაბიშვილმა, კაცმა, რომელიც იყო შს მინისტრი და საიდანაც უნდოდა იქედან მიაკერებდა კანონს ყურს, ბოდიში და, ხეხა ციხე წლობით, ეს მისთვის ძალიან დამთრგუნველი იყო და არის. მერაბიშვილი რომ ღიად გახდეს პარტიის ლიდერი, მეტი რეზონი ექნება პარტიას, მეტი ამომრჩეველი მობილიზდება, მეტ დადებით მუხტს შეიტანს. მერაბიშვილმა რომ აიღოს თავის თავზე პარტიის ლიდერობა, მეტი შედეგი ექნება ნაციონალურ მოძრაობას, ვიდრე ხაბეიშვილის ფიგურით.
– თქვენ ლოგიკას რომ მივყვეთ, მერაბიშვილს რადიკალური მოქმედების შეეეშინდება, რადგან იჯდა ციხეში, თუმცა, კულისებიდან იქნება რადიკალური და გასცემს რადიკალურ ბრძანებებს? და წინა ხაზზე იქნება ხაბეიშვილი, რომელსაც არ შეეშინდება რადიკალური მოქმედებების, რადგან არ იჯდა ციხეში?
– არ ვთვლი, რომ რადიკალურ ქმედებებზე წავლენ და გეტყვით, რატომ. 90–იანი წლებში ზვიად გამსახურდია არჩეულ იქნა ერთხმად. მას შემდგომ დაუპირისპირდნენ ძალისმიერი მეთოდებით, ზვიად გამსახურდიამ, თავის მხრივ, დაუპირისპირა ასევე ძალა, ხელისუფლების შესანარჩუნებლად. ერი, რომელიც ერთხელ შეცდა, სამოქალაქო ომს, იგივე შეცდომას არ გაიმეორებს, თუკი უკვდავებაზე ფიქრობს და ქართველი ერი რომ ნამდვილად ფიქრობს უკვდავებაზე, ამას მტკიცება არ სჭირდება. ადამიანმა შეიძლება დაუშვას ერთი და იგივე შეცდომა და ერი არ დაუშვებს ერთი და იგივე შეცდომას. თუ ხალხმა დაინახა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებით ხელისუფლებაში მოსვლას, ერი ამას არ დაუშვებს.
– და თუ დაინახა ხალხმა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებით ხელისუფლებაში დარჩენას?
– როგორ ფიქრობთ, რატომ შეიცვალა 2003 წელს მშვიდობიანი გზით ხელისუფლება? სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე დაინახა ხელისუფლებამ და ამ საფრთხემ შეაშინა, ამ შიშით ისარგებლა სააკაშვილმა. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს, სააკაშვილის ხელში იყო ყველა სადავე, მიხვდა, რომ ხალხის ნებას წინ ვერ აღუდგებოდა და სწორედ არჩევნების გზით სურდა ხალხს ხელისუფლების შეცვლა. თუ შეცვლის არჩევნების გზით „ნაციონალური მოძრაობა„ „ქართულ ოცნებას“, კი, ბატონო, აჰა, შეცვალოს, მაგრამ არჩევნების გარეშე, ვეღარავინ შეცვლის ხელისუფლებას, ამის უფლებას არ მისცემს ხალხი.
– და მაინც, რომ გამოსულიყო სააკაშვილი 2012 წელს და ეთქვა, მე მოვიგე არჩევნებიო, რას იზამდა ხალხი?
– ფეხებით დაკიდებდა ხალხი.
– თქვენ თქვით, რომ მერაბიშვილი ყველაზე საშიშია და ყველაზე მეტი მომხრის მობილიზება შეუძლია, ლოგიკური იქნება ვივარაუდოთ, რომ მისი კავშირები სწორედ იქ იყოს ყველაზე ძლიერი, სადაც მუშაობდა წლობით, ძალოვან სისტემაში… არ ეცდება, თუნდაც კულისებიდან ამ რესურსის გამოყენებას?
– მერაბიშვილს გავლენები აქვს სტრუქტურებში და სიმპათიებიც, მაგრამ თუ არავინ გააღვივებს ამ სიმპათიებს და არავინ დაანთებს გაღვივებული სიმპათიებისგან კოცონს, დარჩება ისევ იმ სიმპათიად, რაც არის. თუ მერაბიშვილი კულისებში იჯდება, ეს არაფერის მოუტანს. მის ქმედებას შედეგი ექნებოდა პოლიტიკურ არენაზე ღიად გამოსვლის შემთხვევაში. თუ მერაბიშვილი გახდება პარტიის ლიდერი ამან შეიძლება იმუშაოს და თუ არ გახდება ლიდერი – არაფერი მოხდება. ლიდერი ვერ იქნება კულისებში, ლიდერი უნდა იდგეს პირველ ხაზზე, საცეცხლურებთან, ლიდერი უნდა იყოს მუდამ მიზანში, კულისებიდან მართვა – მცდარია. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომა, რომ აი, მერაბიშვილი და კეზერაშვილი გაიწია პოლიტიკიდან და აქეთ მიშა გაჩუმდა. ტყუილია ეგ ყველაფერი, ცხადია, ციხიდან თუ თავს დაიხსნის მიშა, იტყვის, სხვა გზა არ ჰქონდათო და არც გაჩუმებას აპირებს მერე, მაგრამ ვეღარასოდეს ექნება ის ძალა, რაც ჰქონდა, ცოტა სხვაგვარად უნდა ემოქმედა ციხეში ყოფნის დროს. ქართველ ხალხს აბრაგების მიმართა პატივისცემა მეტი ჰქონდათ, ინახავდნენ კიდეც…
– როგორ ითამაშებს მიშა აბრაგობას და კანონიერ ქურდობანას, როცა სულ მაგ ინსტიტუტს ებრძოდა?
– კანონიერ ქურდებს ნუ ვახსენებთ, არ დაგვიჭირონ. სხვა რამეს ვგულისხმობ – მიშა ჩამოიყვანეს და დაიჭირეს – პატიმრის მიმართ, განსაკუთრებით კი პოლიტიკური პატიმრის მიმართ ქართველ ხალხს ყოველთვის სხვა განწყობა ჰქონდა, მიშას დაკავება უნდა ყოფილიყო ფოიერვერკი, აფეთქებების ამოფრქვევა, არ მოხდა ეს, ქუჩაში უფრო სუსტი გამოჩნდებოდა მიშა, ვიდრე ციხეშია ჩანს, გამოსაშვები არ გამოუშვეს, არ გამოვიდა. ახლა გინდა გამოუშვან მიშა და გინდა – აღარ, პოლიტიკაში მისი ჩართვა დასრულებულია.
კომენტარები