ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება სამხედრო პოლიტოლოგი, უსაფრთხოების ექსპერტი, ვახტანგ მაისაია.
– ბატონო ვახტანგ, რაც უკრაინის ფრონტის სარდლად, გენერალი სერგეი სუროვიკინი დანიშნა პუტინმა, უკრაინაში ომის ხასიათი შეიცვალა. მასირებული დაბომბვის შედეგად, განადგურდა კიევისა და სხვა დიდი ქალაქების კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ასეულობით დასახლებულ პუნქტს არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია. ბევრი ვარაუდობს, რომ რუსეთი „ლენინგრადის ბლოკადის“ მსგავსს უმზადებენ უკრაინელებს, რომ ზამთარში დაამთავრონ ომი მისთვის სასურველი შედეგით – რაც დაიპყრო,შეინარჩუნოს და ხარკოვი და კიდევ რამდენიმე დიდი უკრაინული ქალაქი დაიპყრონ.
– გენერალ სუროვიკინის დანიშვნის შემდეგ, იმით შეიცვალა ომის ხასიათი,რომ უკრაინის რამდენიმე ქალაქში, კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბეს და ამას უამრავი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. რაც დაიბომბა, მათი ნაწილი აღადგინეს უკრაინელებმა, ნაწილსაც აღადგენენ. კიდევ დაბომბავენ? კიდევ აღადგენენ. ამას ფსიქოლოგიური ეფექტიც უნდა ჰქონოდა, ასეთი იყო რუსეთის გათვლა, მაგრამ დიდი არაფერი ეფექტი ჰქონდა. უკრაინა აგრძელებს ბრძოლას. არავითარი „ლენინგრადის ბლოკადის“ მსგავსი არ იქნება უკრაინაში. რუსები ცდილობენ, შეინარჩუნონ ხერსონი, რომელიც ხელიდან ეცლებათ. ხალხი ხომ გაიყვანეს ხერსონიდან და საბჭოური პერიოდის ძეგლები და მონუმენტებიც გააქვთ, რომ შეურაცხყოფა არ მიაყენონ უკრაინელებმა, როდესაც ხერსონს აიღებენ. ფრონტის ხაზზე დიდად არაფერი შეცვლილა სუროვიკინის დანიშვნის შემდეგ. ერთადერთი რაც შეიცვალა, უკრაინელთა შეტევის ტემპი დავარდა ამ რამდენიმე დღიანი მასირებული დაბომბვების შედეგად, მაგრამ მუდმივად დაბომბვის ქვეშ ვერ ეყოლება უკრაინა რუსეთს, ეს არ შეუძლია. შესაბამისად, უკრაინელთა შეტევის ტემპიც მალე ძველებურად აქტიური იქნება. საკმაოდ ინტენსიურად ვარ ჩართული უკრაინის ომის ამბებში, უკვე უკრაინის სამხედრო ექსპერტის სტატუსი მაქვს და უკრაინულ მედიაში უფრო ხშირად მიწვევენ, უფრო ხშირად ვჩანვარ, ვიდრე ქართულ მედიაში. როგორც სამხედრო ანალიტიკოსი, ისე ვარ ჩართული პროცესებში და ჩემი ბევრი პროგნოზი ახდა, რასაც უკრანული მედია და სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ. მაგალითად, ჯერ კიდევ მაისში ვთქვი, რომ ამ წლის ბოლომდე ომში არ ჩაერთვებოდა ბელარუსი რუსეთის მხარეს, რაც დაადასტურა უკრაინის სამხედრო დაზვერვის შეფმა, კირილ ბუდანოვმა. უკრაინელმა სამხედრო ექსპერტებმა დამიდასტურეს, რომ ბუდანოვი, გარკვეულწილად, ჩემს პროგნოზსაც დაეყრდნო. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ამბავია. ჩვენთან სხვანაირად ხედავენ და აანალიზებენ ამ ომს, ომში მიმდინარე პროცესებს, პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავენ და მათთვის სასურველ პროგნოზებს აკეთებენ. „ქართული ოცნების“ მომხრები უკრაინელებს არ სწყალობენ, მისი მოწინააღმდეგეები რუსებს. მინდა ვუთხრა „ქართული ოცნების“ მომხრეებს, რომ უკრაინისთვის არც ისე ცუდად არის საქმე ფრონტზე, როგორც ამას რუსული მედია აშუქებს. უკრაინის არმია ინარჩუნებს სტრატეგიულ ინიციატივას, ხარკოვი უკვე გაათავისუფლეს, დღე-დღეზე გათავისუფლდება ხერსონი, რასაც რუსებიც აღიარებენ და თავად უკრაინის საოკუპაციო ჯარების სარდალი, გენერალი სუროვიკინიც ადასტურებს. ხერსონის მოკლე დროში გათავისუფლება ეს უკვე გარდაუვალია. ახლა მიდის ბრძოლა ლუგანსკის გასათავისუფლებლად და რუსებმა დღემდე ვერ მოახერხეს უკრაინული „მარენჰეიმის ხაზის“ გარღვევა – ბახმუტი-ავდეევკა-მარიინკას მიმართულებით. პირიქით, უკრაინა გადავიდა ტაქტიკურ შეტევაზე, ბახმუტში ორ დღეში დაიბრუნეს ასფალტის ქარხანა, რომელიც ვაგნერის დაჯგუფებამ ორ თვეში ძლივს აიღო. ამ კონკრეტული ფაქტით ბევრი რამ გასაგებია, ხომ? აშკარაა, უკრაინის არმია ძლიერია ურბანისტულ საბრძოლო მოქმედებებში, ამ მხრივ ბევრად სჯობიან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს. არავითარი გარდატეხა რუსეთის სამხედრო სტრატეგიაში, არც ნაწილობრივი მობილიზაციის, არც გენერალ სუროვიკინის დანიშვნის მერე, არ მომხდარა. უკრაინის არმია უტევს და რუსეთი გადავიდა სტრატეგიულ თავდაცვაზე, ეს ფაქტია.
– ამერიკამ ერთ თვეში ორჯერ გამოსცადა სტრატეგიული დანიშნულების ბალისტიკური რაკეტები, რუსეთმა კი 9 სტრატეგიული ბომბდამშენი, ტუ-160 ერთდროულად „ასწია“ ჰაერში. თითოეულ მათგანს ათეულობით რაკეტის გაშვება შეუძლია და მათ შორის, ბირთვული რაკეტებისა. რა ხდება? ეს ფსიქოლოგიური „თამაშია“, ერთმანეთს აშინებენ თუ მათ გამოყენებას მართლა აპირებენ ამერიკა და რუსეთი?
– აქ მიდის ბრძოლა სტრატეგიული დანიშნულების არაბირთვული შეიარაღების გამოყენებაზე. ამით გამოირჩევა უკრაინის კონფლიქტი სხვა კონფლიქტებისგან. ბირთვული ფონი უნდა გამოვრიცხოთ. ამ შემთხვევებს არ მოჰყვება სერიოზული გართულებები. ეს ერთგვარი კუნთების თამაშიც იყო, ორივე მხრიდან.
– ორ დღეში ერთხელ, პუტინი, მედვედევი, შოიგუ ან რუსეთის ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირები გამოდიოდნენ და ბირთვული ომით იმუქრებოდნენ. უფრო ხშირად, უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა იყო, ზოგჯერ ნატო-ს და მის წევრ ქვეყნებსაც ემუქრებოდნენ. ეს მუქარები შეწყდა და რა არის ამის მიზეზი? როგორ ფიქრობთ, იყო რაიმე ფარული შეხვედრები, სპეცსამსხურების დონეზე ან სხვა სახის ფარული მოლაპარაკებები?
– როგორც ჩანს, სპეცსამსახურების მეშვეობით მიდიოდა საუბარი. შოიგუს ჰქონდა მოლაპარაკებები ამერიკის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებთან. ორივემ ერთად, რუსეთისგან მომავალი ეს საფრთხე გაანეიტრალა. აქვე უნდა ვახსენოთ ინდოეთისა და ჩინეთის ხელისუფლებების ფაქტორები. ჩინეთი და ინდოეთი, როგორც რუსეთის არასამხედრო პარტნიორები, რუსეთის მხრიდან მოითხოვენ ომის მოკლე დროში დასრულებას. პუტინი ამ ქვეყნების ლიდერებს შეპირდა, რომ ყველაფერს იღონებდა,რომ ომი მალე დასრულებულიყო. თუნდაც უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება, ომის დასრულების ვადას გადასწევს. ამანაც განაპირობა ის, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, ბირთვულ ომს აღარ ახსენებენ. თუმცა, პუტინი მაინც ვერ შეუსრულებს დანაპირებს პარტნიორებს. ეს ომი 2-3 წელი მაინც გაგრძელდება. ეს არის სამწუხარო რეალობა. დანარჩენი მერე გამოჩნდება.
-კი, დადასტურდა თქვენი მოსაზრება, რომ ახალ წლამდე ბელარუსი ომში არ ჩაერთვება რუსეთის მხარეს. ახალი წლის მერე რა იქნება?
-დრო გვიჩვენებს, როგორ განვითარდება მოვლენები. მე კონკრეტულ ინფორმაციაზე, ფაქტებზე, არგუმენტებზე დაყრდნობით ვთქვი მაისში, რომ ბელარუსი არ ჩაებმებოდა ომში წელს. ამ ეტაპზე სხვა, საწინააღმდეგო ვარაუდის გამოთქმის საფუძველი არ გამაჩნია. ლელა კაკულია და მიხეილ ცაგარელი ვერ გეტყვით, რა მოხდება მერე. დეკემბრის ბოლომდე რომ არ შეიცვლება ამ მხრივ ვითარება, როგორც სამხედრო პოლიტოლოგი, ამის გარანტიას გაძლებთ.
– დავუშვათ, მომავალი წლიდან ჩაება ომში ბელარუსი. მისი დახმარებით, რუსები მოახერხებენ მათთვის სანუკვარი მიზნის მიღწევას – აღმოსავლეთ უკრაინის დაკავებას?
– რთულია, დეტალურად რაიმეს თქმა, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ ასეთ შემთხვევაში, დიდ გარდატეხას არ უნდა ჰქონდეს ადგილი. რატომ? უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე ისწავლეს და მაღალ დონეზე აიყვანეს ბრძოლის ხელოვნება, საბრძოლო სტრატეგია და ტაქტიკური შესაძლებლობები. ამ მხრივ რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე წინ წავიდნენ, რომლებიც ძველი, პიპინია ერისთავის დროინდელი, საბჭოური სტრატეგიებით იბრძვიან და არ ითვალისწინებენ, ახალ ტექნოლოგიურ და გეო-სტრატეგიულ რეალიებს.
კომენტარები